... ... ყაზბეგის ქუჩაზე მშენებლობა კანონიერია, მზად ვართ მოსახლეობას კორპუსის გამაგრებაში ან ჩანაცვლებაში დავეხმაროთ - კალაძე

ყაზბეგის ქუჩაზე მშენებლობა კანონიერია, მზად ვართ მოსახლეობას კორპუსის გამაგრებაში ან ჩანაცვლებაში დავეხმაროთ - კალაძე

ყაზბეგის ქუჩაზე მშენებლობა კანონიერია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ყაზბეგის N32-ის მოსახლეობის პროტესტს ეხებოდა, მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობის წინააღმდეგ.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, თბილისის მერია მზადაა, მოსახლეობას ავარიული კორპუსის გამაგრებაში ან სრულად ჩანაცვლებაში დაეხმაროს.

„სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ მშენებლობა მიმდინარეობს კანონიერად. მე ვიცნობ აღნიშნულ პრობლემას. რაც შეეხება იმ კორპუსის ავარიულობას, არაერთხელ დავაფიქსირეთ და კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მზაობას, რომ დავეხმაროთ ამ ადამიანებს, ხელი შევუწყოთ კორპუსის გამაგრებაში. თუ ეს წინადადება მათთვის მიუღებელია, შეგვიძლია მეორე პროექტი განვახორციელოთ – ეს არის კორპუსის ჩანაცვლება, ძველის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ მშენებლობასთან კავშირი ბიძინა ივანიშვილის ძმას არ აქვს.

„არანაირი კავშირი არ აქვს აღნიშნულ მშენებლობასთან ბატონი ბიძინა ივანიშვილის ძმას. ეს არის პოლიტიკური სპეკულაციები. ყველაფერია კანონიერი. ვინმეს რამე არ მოეწონება და გამოძალვის მიზნით დააშანტაჟებს სამშენებლო კომპანიას, ეს მიდგომები ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. არსებობს ქალაქგეგმარება, არსებობს გენერალური გეგმა, ქალაქში არსებობს ზონები, არსებობს პარამეტრები, რითაც უნდა მოხდეს ქალაქის განვითარება და მშენებლობა. ვინმეს რამეს თუ არ მოსწონს, ეს არ არის სწორი დამოკიდებულება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

 

YOU MAY LIKE