ევროკავშირის ქვეყნების ელჩები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ გეგმას, რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტის შესაწყვეტად
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 47
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ ბლოკის გეგმას, რომელიც რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტის სრულიად შეწყვეტას გულისხმობს.
„როიტერის“ ინფორმაციით, გაერთიანების წევრი ქვეყნები რუსულ ბუნებრივ რესურსებზე უარს სრულად 2028 წლის იანვარში იტყვიან.
გამოცემის ცნობით, 2028 წლამდე ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობისა და გაზის მიღებას თანდათანობით შეწყვეტას გააგრძელებენ, რითაც ცდილობენ, უკრაინაში ომის დასაფინანსებლად კრემლს შემოსავლები შეუმცირონ.
„როიტერს“ სამმა დიპლომატიურმა წყარომ განუცხადა, რომ ელჩები შეთანხმდნენ, კანონი დასამტკიცებლად თავიანთი ქვეყნების მინისტრებს გადაუგზავნია, ხოლო კენჭისყრა 20 ოქტომბერს დაგეგმილ შეხვედრაზე მოხდება.
დიპლომატები ამბობენ, რომ ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა, უნგრეთისა და სლოვაკეთის კრიტიკის მიუხედავად, მხარს უჭერს გეგმას, რაც ნიშნავს, რომ მისი დამტკიცება არ გართულდება.
გამოცემა წერს, რომ დამტკიცების შემთხვევაში, კანონი ათწლეულების განმავლობაში რუსულ ნავთობსა და გაზზე ევროპის დამოკიდებულებას დაასრულებს.
„როიტერი“ წერს, რომ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა უნგრეთი, საფრანგეთი და ბელგია, ნაწილობრივ რუსულ გაზს კვლავ იღებენ. ამჟამად რუსეთიდან ევროკავშირში გაზის იმპორტის წილი 12%-ს შეადგენს, მაშინ, როცა 2022 წელს 45%-ს შეადგენდა.

No article in the selected categories