როგორ აფასებს ფინანსთა მინისტრი აშშ-ის ეკონომიკურ მდგომარეობას?

აშშ-ის ფედერალური ხაზინის ხელმძღვანელი, ფინანსთა მინისტრი, სკოტ ბესენტი, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და პერსპექტივებს უკიდურესად ოპტიმისტურად აფასებს.

Fox Business-ის რედაქტორთან, მარია ბარტირომოსთან ინტერვიუში მან ხაზი გაუსვა, რომ ამერიკის ეკონომიკა იმაზე ძლიერია, ვიდრე ამას ბევრი ანალიტიკოსი მოელოდა და 2026 წელს მისი ზრდის ტემპი კიდევ უფრო დაჩქარდება.

ბესენტი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ გასული კვარტლის 4.3%-იანი ზრდა ძირითადად კერძო სექტორის დამსახურება იყო. მისი თქმით, პრეზიდენტ ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკა, რაც საგადასახადო შეღავათებს, დერეგულაციასა და ახალ სავაჭრო გარიგებებს მოიცავს, სწორედ ახლა იწყებს სრულფასოვნად ამოქმედებას. ამიტომ ფედერალური ხაზინის მდივანი პროგნოზირებს, რომ მშპ-ის ზრდა შეიძლება 5%-საც კი გადასცდეს, რასაც GDPNow ინდიკატორის ამჟამინდელი მონაცემებიც ადასტურებს.

ხაზინის მდივანი მიუთითებს კომპანიებში კაპიტალური დანახარჯების 12-14%-იან ზრდაზეც, რაც, მისი გამოცდილებით, გარდაუვლად გამოიწვევს დასაქმების ზრდას და რეალური შემოსავლების მატებას. ის ამერიკელებს ჰპირდება სოლიდურ საგადასახადო დაბრუნებებსაც, რაც თითოეულ დასაქმებულზე დაახლოებით 1,000 დოლარამდე შეადგენს, რომელიც მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას უფრო მეტად გაზრდის.

ბესენტი აღიარებს, რომ სამომხმარებლო ფასები კვლავ მაღალია, თუმცა ტრამპის ადმინისტრაციის ოპტიმიზმის საფუძვლად ის ენერგეტიკულ პოლიტიკას ასახელებს. როგორც ჩანს, "Drill, baby, drill" სტრატეგიით საწვავის გაიაფება და რეალური შემოსავლების ყოველთვიური ზრდა არის ის გზა, რომლითაც ადმინისტრაცია ცხოვრების გაძვირებასთან ბრძოლას აპირებს.

ბესენტის ხედვით, ეკონომიკური მდგრადობა პირდაპირ კავშირშია ეროვნულ უსაფრთხოებასთან. ის ამართლებს სახელმწიფოს საინვესტიციო მონაწილეობას ისეთ სტრატეგიულ ინდუსტრიებში, როგორებიცაა: ნახევარგამტარები და იშვიათი მინერალები. მისი თქმით, კრიტიკული მიწოდების ჯაჭვების ჩინეთიდან აშშ-ში დაბრუნება და პეკინზე დამოკიდებულების შემცირება 18-24 თვის ვადაშია შესაძლებელი და ამისთვის ქვეყნის მთავრობა ყველაფერს იზამს.

საერთო ჯამში, ბესენტი მიიჩნევს, რომ ამერიკა „გლობალური ინოვაციების დედაქალაქია“ და ის ყველა მიმართულებით გააგრძელებს დომინაციას.