შინაგან საქმეთა სამინისტროს „კამიტი“ არ შეუძენია და არ გამოუყენებია, ვერც გამოიყენებდა, ჩვენს სარგებლობაში არ არსებობს - ალექსანდრე დარახველიძე

საქართველოში მომიტინგეების დაშლისას გამოყენებული ნივთიერებების შესახებ „ბიბისის“ გამოძიება პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე კამათის მიზეზი გახდა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე იმყოფებოდა. კერძოდ, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, სოფიო ხორგუანმა ალექსანდრე დარახველიძის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „იარაღის შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით გააკრიტიკა და განაცხადა, რომ გაუგებარია თავდაცვის მიზნით შეძენილი, უწყინარი გაზის ბალონის და ელექტროშოკის აკრძალვა, მაშინ როდესაც თვითონ, ასევე აქციის მონაწილეები ისე მოწამლეს, რომ დღემდე ვერ გაიგო, რა ნივთიერება გაურიეს წყლის ჭავლში.

კომიტეტის თავმჯდომარემ „ბიბისის“ გამოძიებას ფეიკი უწოდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კი განაცხადა, რომ არანაირი „კამიტი“ პოლიციას არ გამოუყენებია. მისი თქმით, ეს არის მხოლოდ ჟურნალისტის ვარაუდები და მტკიცებულებას არ ეყრდნობა.

ალექსანდრე დარახველიძის თქმით, როდესაც სახეზეა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და შავდებიან პოლიციელები, პოლიციას უფლება და ვალდებულება აქვს გამოიყენოს კანონით დაშვებული ნივთიერებები.

„„ბიბისიზე“ გასულ ფილმში მოყვანილი ფაქტები არის მხოლოდ ჟურნალისტის ვარაუდები და არცერთ კონკრეტულ მტკიცებულებას არ ეყრდნობა. რაც შეეხება პოლიციას, მას აქვს უფლება, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა მასობრივი არეულობა, ტოტალური თავდასხმები პოლიციაზე, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, საქართველოს პარლამენტზე შტურმი, 171 პოლიციელი შავდება, ისვრიან ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს, ფოიერვერკების წვიმას, შავდებიან ადამიანები და პოლიციელები აქციის, „მშვიდობიანი მომიტინგეებისგან“, ამ შემთხვევაში პოლიციას აქვს არათუ უფლება, ვალდებულება აქვს გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები, რაც არის ჩამოთვლილი. ეს არის წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, ფიზიკური ძალა და სხვა საშუალებები, რისი ჩამონათვალიც კანონში ამომწურავად არის მითითებული. რაც შეეხება კონკრეტული ნივთიერების საკითხს, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ და ბატონმა მინისტრმაც აღნიშნა, რომ არანაირი „კამიტი“ შსს-ს არ შეუძენია და არ გამოუყენებია, ვერც გამოიყენებდა, ასეთი რამ ჩვენს, ასე ვთქვათ, სარგებლობაში არ არსებობს“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

რაც შეეხება კონკრეტულად, რა ნივთიერება იყო, დარახვალიძემ თქვა, რომ „არ დავასწრებთ მოვლენებს“.

„მიმდინარეობს გამოძიება და საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი და ნახავს, რომ არაფერი იქ ისეთი ნივთიერება არ იყო გამოყენებული, რომელსაც რომელიმე ევროპული ან ამერიკული პოლიცია არ იყენებს მსგავს შემთხვევებში. ყველა ხედავდა, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით რუსთაველის გამზირზე არ იყო მშვიდობიანი აქცია. ეს იყო ძალადობა, შტურმი, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მცდელობა. 171 პოლიციელი არის დაშავებული. პარლამენტის შენობის წინა ფასადი და დაახლოებით 60-მდე სამუშაო ოთახი იყო გადამწვარი“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.