ქვეყანაში არის სტაბილური მთავრობა, შესაბამისად, არანაირი პოლიტიკური კრიზისი არ არის - ირაკლი კობახიძე

რეალურად, ქალბატონმა კაია კალასმა სალომე ზურაბიშვილს ხაზი გადაუსვა, როდესაც აღნიშნა, რომ 29 დეკემბერს გადის მისი უფლებამოსილების ვადა,  -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 29 დეკემბერს მას მოუწევს თანამდებობის დატოვება და ჩაანაცვლებს არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი.
„უკვე დაიწყო სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების მე-7 წელი. მე-7 წელი დაიწყო, რაც ის არის პრეზიდენტის თანამდებობაზე. ასეთ დროს, ის რომ თავს აცხადებს ლეგიტიმურ პრეზიდენტად, არ ვიცი. ერთ ქვეყანაში არ შეიძლება, სამი დე-ფაქტო პრეზიდენტი გვყავდეს. თავს უთანაბრებს აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტს. სერიოზულადაც არ შეიძლება შევხედოთ ამ ყველაფერს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ კაია კალასის განცხადებამ მის ამ მცდელობას ხაზი გადაუსვა. არ მგონია, რომ რაიმე გართულებები მოჰყვეს სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს. 29 დეკემბერს მას მოუწევს თანამდებობის დატოვება და ჩაანაცვლებს არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი. მე მაინც მგონია, რომ გამოვა, არავითარი გართულება არ არის მოსალოდნელი“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, ყველა გაურბის დისკუსიას და მიზეზი არის ის, რომ მათ იციან, სად არის სიმართლე.

 

„ჩვენ ორ კვირაზე მეტია, ვთავაზობთ საზოგადოებას ღია,  თუ არა ღია, ნებისმიერი ფორმატის დისკუსიას, ყველა გაურბის დისკუსიას, ორ ადამიანს ჰქონდა მცდელობა, შემოსულიყო დისკუსიაში და ისე დააბულინგეს, რომ მათაც ვერ შეძლეს. ყველა გაურბის დისკუსიას. ყველას ეშინია საჯარო თუ არასაჯარო დისკუსიის. არასაჯაროსაც კი ვთავაზობთ. დახურულ კარს მიღმა მოვიდნენ და ვისაუბროთ. ამასაც კი გაურბიან. ამისაც ეშინიათ. საჯარო დისკუსიის კიდევ უფრო მეტად ეშინიათ. რატომ, მიზეზი არის პირველ რიგში ის, რომ მათ იციან, სად არის სიმართლე. არავითარი ევროინტეგრაცია ჩვენ რომ არ შეგვიჩერებია ესეც აბსოლუტურად ყველამ გაიგო. ღიად ვერ ითხოვენ ისინი რიგგარეშე არჩევნებს. ადამიანების უმეტესობას არ აქვს იმის სურვილი, რომ რიგგარეშე არჩევნები ასე საჯაროდ მოითხოვოს, მათ შორის, ოპოზიციური ამომრჩევლის უდიდესი ნაწილიც კი ღიად ვერ ბედავს რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას. მათ თვითონ ეთაკილებათ ის, რომ ხმა მისცეს იგივე სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის თუ გახარიას პარტიას. ამიტომ, ღიად მოთხოვნასაც კი ვერ აყენებენ. ამიტომ გაურბიან საჯარო დისკუსიას. ჩვენი შეთავაზება რჩება ძალაში. კონკრეტული ადამიანები გამოდიან ხოლმე აქციებზე განცხადებებით, რომ არავინ გველაპარაკება, რატომ არ ესაუბრებიან ამ ხალხს, გამოდიოდა თუ არ ვცდები, შოთა არველაძე აქციაზე. მან განაცხადა, რომ ხელისუფლება არ უსმენს და არ ელაპარაკება ხალხს, როცა ორი კვირაა, ვიმეორებთ იმას, რომ მზად ვიყავით ნებისმიერ ფორმატში, მათ შორის საჯარო ფორმატში საჯარო დისკუსიისთვის. მოვიდეს შოთა არველაძე, წამოიყვანოს, ვისი კომპეტენციისაც სჯერა, დავსხდეთ და ვილაპარაკოთ. აქვე ვაკეთებ ამ შეთავაზებას. რამდენჯერაც გავაკეთე ასეთი განცხადება, იმდენჯერ მივიღე დუმილი პასუხად. მიზეზი არის მარტივი - სიმართლე სადაც არის, ყველამ ძალიან კარგად იცის, უბრალოდ, ვიღაცებს აქვს ეს პოლიტიკური, რაღაც რელიგიური რწმენა, რომ სააკაშვილი, გვარამია, ხაზარაძე და გახარია არიან უკეთესები. ამ რწმენას რა შეიძლება ვუყოთ, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ კიდევ ერთხელ, საჯარო დისკუსია ეს არის ის, რასაც ვთავაზობთ ამ ადამიანებს, უკვე ორ კვირაზე მეტია, თუმცა, ვხედავთ, რომ ჩვენს ოპონენტებს ზუსტად ისე ეშინიათ ამ დისკუსიის, როგორც ეშმაკს ჯვრის“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 28 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება გრძელვადიან პერსპექტივაში აზღვევს ქვეყანას გამუდმებული შანტაჟისგან. 

„რაც შეეხება პროცესების განვითარებას, ჩვენ რეალურად დავასრულეთ შანტაჟი იმ გადაწყვეტილებით, რომელიც მიღებული იქნა 28 ნოემბერს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოკლევადიანი რყევა გვქონდა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს გადაწყვეტილება აზღვევს ქვეყანას გამუდმებული შანტაჟისგან. სამი წელი გრძელდებოდა შანტაჟი ამ ქვეყნის მიმართ ჯერ კანდიდატის სტატუსით, შემდეგ მოლაპარაკებების გახსნით - დამთავრდა, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, აფერხებდა ქვეყნის განვითარებას, როდესაც მუდმივად გაშანტაჟებენ გარედან. ეს არ არის ხელშემწყობი ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელმაც დაამთავრა შანტაჟი და მთავარი რაც ეწყინათ შესაბამის ევროპელ პოლიტიკოსებს და ჩინოვნიკებს, იყო სწორედ ეს - მათ ხელიდან გამოვაცალეთ შანტაჟის ბერკეტი, შესაბამისად, ყველაფერი იქნება ბევრად უკეთესად, ვიდრე შეიძლებოდა, ყოფილიყო“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, კანონი სწორედ უსაფრთხოებაზეა გათვლილი.

„როდესაც კანონები მზადდება, ჩვენ ვსწავლობთ ხოლმე საერთაშორისო პრაქტიკას და ამ შემთხვევაშიც ეს კანონპროექტი დაფუძნებული იქნება საერთაშორისო პრაქტიკაზე. კანონი არ მოქმედებს ერთი და ორი თვით, კანონს აქვს მრავალწლიანი მოქმედების ვადა. ამ ქვეყანას მუდმივ რეჟიმში სჭირდება საფრთხეების პრევენცია. ჩვენს ქვეყანას სჭირდება გამართული კანონები, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ დაცული იყოს მაქსიმალურად საზოგადოებრივი უსაფრთხოება ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ამაზეა გათვლილი კანონი, რომელიც იქნა მიღებული“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ესტონეთთან და ლიეტუვასთან საქართველო დარჩა ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. 

 

„ესტონეთის და ლიეტუვის ხელისუფლებას დაავალეს პროვოკაციის მოწყობა საქართველოს წინააღმდეგ. შესაბამის ძალებს ჰქონდათ გათვლა, რომ ავყვებოდით პროვოკაციას, თუმცა ჩვენ პროვოკაციას არ ავყევით და დავრჩით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. როგორი განცხადებებიც არ უნდა გააკეთოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩვენ შევინარჩუნებთ სწორედ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმს იმ ტრადიციული მეგობრობის გათვალისწინებით, რომელიც ქართველ ხალხს აკავშირებს ესტონელ და ლიეტუველ ხალხთან. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია აქ იქნება უცვლელი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს, აპირებენ ევროპარლამენტის სხდომაზე სალომე ზურაბიშვილის მიწვევას, სადაც პატარა პერფორმანსი უნდა შედგეს,  -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის მარტივი პერფორმანსი, რომელსაც ვერავითარი ეფექტი ვერ ექნება. 
„მას ფეხზე უნდა წამოუდგნენ, როგორც ზელენსკის და ოვაციებით უნდა დაასრულოს საკუთარი გამოსვლა.  რა თქმა უნდა, ასეთი მარტივი პერფორმანსებით ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენენ კონკრეტული ჩინოვნიკები და პოლიტიკოსები ჩვენს ქვეყანაში მოვლენების განვითარებაზე.“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას.

„მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კონკრეტულად განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა, შეძლეს ამ ქვეყანაში „მაიდნის“ ჩაშლა. მათი წვლილი ამ ყველაფერში არის განსაკუთრებული და კიდევ ერთხელ, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თითოეულ პოლიციელს, მათ შორის, გდდ-ს თანამშრომლებს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ამისთვის“, -  განაცხადა პრემიერმა.