დღეს, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება, რომელზედაც, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრებენ, - ინფორმაციას ევროპული საბჭო ავრცელებს. შეხვედრა საქართველოს დროით 13:00 საათზე დაიწყება.
„საგარეო საქმეთა საბჭო განიხილავს მიმდინარე საკითხებს, ყურადღებას გაამახვილებს ბოლოდროინდელ მოვლენებზე და უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში სწრაფად ცვლად ვითარებაზე. ამ პუნქტის ფარგლებში მინისტრები მოლდოვასა და საქართველოში განვითარებულ მოვლენებს შეეხებიან”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი უხელმძღვანელებს.
აღსანიშნავია, რომ მანამდე, 24 იანვარს, "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა, რიკარდ იოზვიაკმა დაწერა: "EU-ის ელჩებმა მწვანე შუქი აანთეს ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერებაზე".