შალვა ნათელაშვილი კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდა

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აშშ-ში კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში ჯო უილსონთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს წარწერით: „ამ წუთებში დამთავრდა შეხვედრა საქართველოს ეროვნულ გმირთან, კონგრესმენ ჯო უილსონთან. ივანიშვილს თუ ჭკუა შერჩა, უნდა უკვე გარბოდეს, თუ გაასწრებს, რა თქმა უნდა“.

მოგვიანებით შალვა ნათელაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ნათელაშვილმა ჯო უილსონს მიმართა:

„ქართველი ხალხი, რომელიც ბარიკადებზე დგას, თქვენთან უდიდეს მოკითხვებს გვაბარებს; უდიდეს მადლობას იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, დამოუკიდებლობისთვის. ქართველ ხალხს უცხოეთში ისეთი დიდი მეგობარი, როგორიც თქვენ ბრძანდებით, ათასწლოვანი ისტორიის მანძილზე არ ჰყოლია. ამიტომ, დიქტატურის მოცილების შემდეგ, ლეგიტიმური მთავრობის პირველი განკარგულება იქნება თქვენთვის ეროვნული გმირის წოდების მინიჭება. ეს ქართველი ხალხის ნებაა“