ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც რუსეთმა გამოცადა ახალი ჰიბრიდული სტრატეგია, თუ როგორ მიაღწიოს გამარჯვებას ქვეყანაზე ომის გარეშე, დემოკრატიული საშუალებების ბოროტად გამოყენების გზით, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„იმის თქმა მინდა, რომ ეს არ არის შიდა საკითხი. რუსეთის მიერ საქართველოში არჩევნებში გამარჯვება ჰიბრიდული მეთოდებით არ არის შიდა საკითხი. რასაც რუსეთი ტესტავს საქართველოში, ტესტავს რუმინეთში და მოლდოვაში და ხვალ ამას გააკეთებს უკრაინაში, მას შემდეგ რაც ომში ვერ გაიმარჯვა და ვერ გაიმარჯვებს სამშვიდობო მოლაპარაკებებში“,- აღნიშნა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუში თბილისში მიმდინარე აქციებზეც ისაუბრა.
„ჩვენ ვართ გაჩერებულები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. ქვეყნის შიგნით გაჩერებულები ვართ, რადგანაც გვყავს მარიონეტული რეჟიმი, რომელიც ახლა უკვე გახდა რუსული ყაიდის რეჟიმი, რეპრესიული კანონებით. არა მხოლოდ რუსული კანონით, არამედ ოფშორების შესახებ კანონით, მედიის რეპრესიებით. ყველა მიმართულებით ჩვენ გვყავს დიქტატორული რეჟიმი. ახლა ვართ გაჩერებულები ამ რეჟიმსა და ქუჩაში პროტესტებს შორის. არავინ არ თმობს. ისინი ზრდიან რეპრესიებს, ხოლო აქციის მონაწილეები 78 დღის შემდგე ისევ დგანან ქუჩებში და ისინი იქ იქნებიან, რადგანაც ძალიან მნიშვნელოვანია, გავიგოთ, რატომ არის ეს? იმიტომ, რომ ეს არ არის პოლიტიკური კრიზისი, რადგანაც ეს არ ეხება კითხვას, ვინ მოიგო ან წააგო არჩევნები. ეს ხდება, რადგან ეს არის გაცნობიერება იმისა, რომ რუსეთი ისევ ცდილობს, სხვა საშუალებებით საქართველოში დაამყაროს ბატონობა საქართველოზე. ამას საქართველოს მოსახლეობა არ მიიღებს. ეს არის ეგზისტენციალური ბრძოლა. და სწორედ ამიტომ თუ გამოჰკითხავთ ხალხს ქუჩაში, პასუხი იქნება – ბოლომდე.
გამოწვევა საქართველოში არ ეხება მხოლოდ არჩევნებს და რუსეთის ახალ ჰიბრიდულ სტრატეგიას. ეს არის პირდაპირი გამოწვევა ევროკავშირის და აშშ-ის ყოფნისთვის კავკასიაში. ეს ნიშნავს დიდი პროექტის ყველა შემდგომ ნაბიჯებს. ეს არის გამოწვევა შავი ზღვისთვის. „ქართულ ოცნებას“ რუსებთან ერთად, რადგანაც ასეთი რამ არ კეთდება რუსეთის მხარდაჭერის ან თანხმობის გარეშე, შემოჰყავს ჩინეთი შავ ზღვაში. ეს არის აშშ-ის ინტერესები და ევროკავშირის ინტერესები. ჩვენ საკუთარ თავს დავიცავთ ბოლომდე, მაგრამ ვფიქრობ, ევროპელებმა და ამერიკელებმა უკეთ უნდა დაიცვან საკუთარი ინტერესები“,- განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, მზად არის თუ არა სალომე ზურაბიშვილი, იყოს პროტესტის ლიდერი, ზურაბიშვილი პასუხობს: „მე ვარ იმ ქვეყნის ლიდერი, რომელიც იცავს დამოუკიდებლობას. მე ვარ ლიდერი ქვეყნის გარეთ და შიგნით. მე უშუალოდ საპროტესტო აქციების ლიდერი არ ვარ, რადგანაც ეს არის თვითორგანიზებული მოძრაობა, და სწორედ ამ გზით იცავს ეს მოძრაბა თავს ყველაზე უკეთ“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.