სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პარტნიორებს მიაწოდა გზავნილი, რომ საქართველოში დღეს მთავარი გამოწვევა მანიპულაციაა, რომელიც არჩევნებზე მოხდა.
ეს განცხადება მან ფორმულასთან ინტერვიუში გააკეთა. სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, ქართულმა ოცნებამ თავად ჩანიშნოს ხელახალი არჩევნები, რადგან ის ამბობს, რომ სიტუაციიდან გამოსავალი ან რეჟიმის ჩამოშლა ან ახალი არჩევნების ჩანიშვნაა.
მისი თქმით, ამ შემთხვევაში პარტნიორებთან მოთხოვნაა, დაგვეხმარონ ხელახალი და დაცული არჩევნების მომზადებაში, რათა არ განმეორდეს მანიპულაციები.
"ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თვითონ გაიგეს, ძალიან კარგად ის გზავნილი, რომელიც ეხება არჩევნების მანიპულირებას, იმიტომ რომ ეს ჩვენთვის არის მთავარი გამოწვევა დღეს. ერთია, რომ ვაჩვენოთ, რა მოხდა და დაგვეხმარონ იმის გაგებაში, რა მოხდა და მე ამაზე მქონდა საუბარი ესტონელებთან, ვინც გათვითცნობიერებული არიან ამ ტექნოლოგიურ სისტემებში და როგორ ჩატარდა ეს მრავალფორმიანი გაყალბება არჩევნების, რომელიც ჯერ ბოლომდე არაა შესწავლილი და მეორეა, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს არ განმეორდეს, იმიტომ რომ ჩვენ გველოდება არჩევნები, უნდათ, არ უნდათ ამას, არჩევნები დაინიშნება და მე არ გამოვრიცხავ, თვითონ დანიშნონ, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არავის გამოუგონია არსად.
ასეთ კრიზისში შესული ქვეყანა, სადაც 4 თვეა არავინ გაღიარებს, გარდა იმ ქვეყნებისა, რომლებიც გაღიარებენ იდეოლოგიური მიზეზების გამო, რეალურად აღიარება არ არსებობს, რეალურად, ქართული ოცნება არის მთლიანად იზოლირებული, გარეთ თუ გადიან ან ქვეყნის შიგნით თუ ვინმე მოდის, ეს იმისთვის, რომ ხელის ჩამორთმევის კადრები დადონ თავიანთი მომხრეებისთვის. ეს სიტუაცია ნიშნავს, რომ აქედან გამოსვლა ხდება მხოლოდ ან რეჟიმის ჩამოშლით, თუ ბოლომდე წავიდნენ ან დანიშნავენ თავად არჩევნებს. ამ შემთხვევაში, ჩვენი მთავარი მოთხოვნა პარტნიორებთან არის ის, დაგვეხმარონ იმაში, მოვამზადოთ ეს არჩევნები და დაცული იყოს ხელახლა არ მოხდეს იმ მასშტაბის მანიპულაცია, რაც მოხდა. ამისთვის გვჭირდება ყველას დახმარება და ეს ქვეყნები უკვე მუშაობენ ამ მიმართულებით", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
რეალურად, ხელი აიღეს ყველა სახელმწიფო ფუნქციაზე. სახელმწიფო ხომ ჩამოშალეს იმ მხრივ, რომ არც ერთი ინსტიტუტი დღეს აღარ არის, ვერ ჩაითვლება როგორც სახელმწიფოებრივი სტრუქტურა ან ინსტიტუტი, ყველა არის მხოლოდ პარტიის რაღაც ქვედანაყოფი, თუ არა ბიძინას რაღაც ხელქვეითი. ასე რომ, სახელმწიფოც ჩამოშალეს და ამავე დროს, უარს ამბობენ ყოველდღიურად სახელმწიფო ვალდებულებებზე, რაც არის ის, რომ მოქალაქე უნდა დაიცვა, პრევენცია, ჯანდაცვა, კულტურა.
საშინელება ხდება ყველა მიმართულებით, იმიტომ რომ სახელმწიფო როცა აღარ არის, როცა აღარ იცავს თავის მოქალაქეს - ყოველ დღე, როცა აცხადებენ, რომ მოიტაცეს კიდევ ერთი თუ კიდევ ორი, რამე რეაგირება არის? რუსეთის თვითმფრინავი სოხუმის აეროპორტში - რეაგირება არაა. საგარეო სამინისტრო, როგორც მეუბნებიან შიგნიდან, აღარ მუშაობს ფაქტობრივად. არც ერთი სამინისტრო არ მუშაობს, აღარ გვაქვს სახელმწიფო და ეს არის რეალობა. ეს ცხადია, ყველა მოქალაქეს ეხება და ყველა მოქალაქეს ექნება ამაზე რეაქცია.
ეს არის ის, რაც კვებავს ამ პროტესტს. რუსული რეჟიმი გვაქვს და სახელმწიფო აღარ გვყავს, ეს არის ის, რასაც ვაპროტესტებთ და რასაც ძალიან ძლიერად, ყველანი ერთად გავაპროტესტებთ 25 თებერვალს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ბოლომდე - ამბობენ ადამიანები ქუჩაში და მართლაც რომ, ბოლომდე, მეც მეხება ეს, არ დავუშვათ არც ერთ შემთხვევაში ის, რომ ახალი 25 თებერვალი დადგეს ამ ქვეყანაში, ამიტომ, მგონი, თუ ვინმე არ გამოდის და მეც არ გავდივარ პროტესტში ყოველ დღე, იმიტომ რომ ვთვლი, არ შეიძლება მე გავხდე აქტივისტი, 25 თებერვალს უთუოდ, უთუოდ ყველა [უნდა გავიდეს რუსთაველზე], ვინც თვლის, რომ საქართველო არ შეიძლება გახდეს რუსეთის ახალი საოკუპაციო ველი.