საქართველოში ე.წ. დიპლომატები „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები არიან- კახა კალაძე

საქართველოში, ზოგადად, ამ დიპლომატების ყოფნას არანაირი აზრი არ აქვს იმიტომ, რომ ისინი არიან ჩვეულებრივი მხარე და წარმოადგენენ „დიფ სთეითს“ ჩვენს ქვეყანაში. მათ დიპლომატებს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, გამომდინარე მათი განცხადებებიდან და ქმედებებიდან, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრის კომენტირებისას.

„წლების განმავლობაში, თუკი რაიმე მძიმე ფაქტი, უბედურება ხდებოდა ქვეყანაში, ეს მათი დამსახურებაა და იმ მიდგომებისა და დამოკიდებულების შედეგი, რაც ამ ადამიანებს ჰქონდათ. კერძოდ, თეთრზე შავს გვეუბნებოდნენ და ყოველთვის შენიღბულ-შეფუთული პერფორმანსების მოწმენი ვიყავით, თითქოს ეს იყო დემოკრატიის ნაწილი. რეალობაში კი, ზუსტად ეს ადამიანები არიან ისინი, ვინც ქვეყანაში აღვივებენ დაპირისპირებას, საზოგადოების გახლეჩას, ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსებას. კიდევ ბევრი რამე ამოტივტივდება. უკვე ყველაფერი ხელის გულზე დევს, თუ როგორ ხდებოდა სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობა, რევოლუციების დაფინანსება სხვადასხვა ქვეყანაში.

ქართველი ხალხი გონიერია და მოსახლეობის უმრავლესობამ ძალიან სწრაფად გაანალიზა, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში უცხოელი ე.წ. დიპლომატების ჩართულობით, თუ რას ემსახურებოდა მათი ქმედებები. შესაბამისად, ხალხმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიიღო სწორი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. არა მარტო ხელისუფლებამ, საზოგადოების დიდმა ნაწილმა, ჩვენთან ერთად, ქვეყანა აარიდა ძალიან დიდ უბედურებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.