„ინტერ მაიამის“ არგენტინელმა ფორვარდმა, ლიონელ მესიმ გამოცემა Mundo Deportivo-ს მისცა ინტერვიუ, რომლის დიდი ნაწილი მის ყოფილ გუნდს, „ბარსელონას“ დაეთმო.
მესიმ კატალონური გრანდის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები გაიხსენა.
„რა თქმა უნდა, იყო ძალიან მნიშვნელოვანი მომენტები, რომლებსაც მე არ მოვსწრებივარ. მაგალითად, გამპერის მიერ კლუბის დაარსება ან „კამპ ნოუს“ მშენებლობა. შემდეგ კრუიფის, როგორც ფეხბურთელის ეპოქა, 1992 წელს მისი ხელმძღვანელობით ჩემპიონთა თასის პირველი მოგება… რაც შეეხება ჩემი კლუბში თამაშისას მნიშვნელოვან მომენტებს, რა თქმა უნდა, გვარდიოლას ეპოქა, ყველაფერი, რაც იყო რონალდინიოსთან ერთად 2005-06 წლების ჩემპიონთა ლიგაზე და ტრებლი ლუის ენრიკესთან ერთად“.
გარდა ამისა, არგენტინელმა დაასახელა ორი ადამიანი, რომლებმაც ყველაზე დიდი გავლენა იქონიეს მასზე „ბარსელონაში თამაშის პერიოდში.
„ვფიქრობ, არის ორი ადამიანი, რომლებმაც, სხვადასხვა მიზეზის გამო, ყველაზე დიდი გავლენა იქონიეს ჩემზე. გვარდიოლა, რადგან ის მრავალი წლის განმავლობაში იყო ჩემი მწვრთნელი და ჩვენ ერთად დაუჯერებელ წარმატებებს მივაღწიეთ, რაზეც ვერც კი ვიოცნებებდი. და რონალდინიო, რადგან ის, თუ როგორ შემხვდა და მხარში დამიდგა, ძალიან დამეხმარა პირველ მომენტებში, როცა მთავარ გუნდში მივედი. გარდა ამისა, თბილად ვიხსენებ ინიესტასა და ჩავის, ასევე იმ სამს, რომლებიც დღეს ჩემთან ერთად თამაშობენ მაიამიში – ბუსკეტსი, ჟორდი ალბა და სუარესი, რომლებიც, ამასთან, ჩემი მეგობრებიც არიან. და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო ტიტო ვილანოვა, რომელიც ძალიან გვაკლია“.
ლიონელ მესი „ბარსელონაში“ 2005-21 წლებში თამაშობდა.