ბუდაპეშტში ჩატარებული ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ IJF-მა (ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია) გამოაქვეყნა განახლებული რეიტინგი, რომლის მიხედვითაც 25 წლის ეთერ ლიპარტელიანი 6321 ქულით 57 კილოგრამ წონითი კატეგორიის პირველი ნომერია. ეს პირველი შემთხვევაა, რომ ქართველი ქალი ძიუდოისტი IJF-ის კლასიფიკაციაში ლიდერის რანგში მოგვევლინა.
შეგახსენებთ, რომ ლიპარტელიანმა ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 5 მეტოქე ისე დაამარცხა, რომ ტატამზე სრული 4 წუთის გატარება არცერთ შემთხვევაში დასჭირვებია. შედეგად, ქართველმა ძიუდოისტმა რეიტინგის პირველი პოზიციიდან კანადელი კრისტა დეგუჩი (5 250) დააქვეითა, მოწინავე ხუთეულში კი, ასევე იმყოფებიან ფრანგი სარა ლეონი სისკე (4 895), გერმანელი სეია ბალჰაუსი (4 287) და სერბი მარიცა პერიშიჩი (4 105).
საპირისპიროდ, არცერთი ლიდერი არ გვყავს კაცთა კლასიფიკაციაში. პირველობასთან ყველაზე ახლოს ლაშა ბექაური (90 კგ.) რჩება, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე ინდივიდუალური მიმართულებით უმედლოდ დარჩა, თუმცა 4 490 ქულით მე-2 ადგილი შეინარჩუნა. ქართველი ძიუდოისტი ბუდაპეშტში გაჩემპიონებულ იაპონელ სანშირო მურაოს (6 895) დიდი სხვაობით ჩამორჩება, შემდეგ კი აზერბაიჯანელი ელჯან ჰაჯიევი (3 947), ბუდაპეშტში ბრინჯაოს მედლის მომგები ლუკა მაისურაძე (3 591) და ბრაზილიელი რაფაელ მასედო (3 566) მოდიან.
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგში მორიგ ცვლილებებს დაახლოებით ერთ თვეში მონღოლეთის გრანდ სლემის შემდეგ უნდა ველოდოთ. ტურნირი დედაქალაქ ულან-ბატორში 25-27 ივლისს არის დაგეგმილი.