სპორტის სამინისტრომ ეროვნულ ფედერაციებს სპორტული ინვენტარი გადასცა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ რვა ეროვნულ ფედერაციას 3 788 620 ლარი ღირებულების სპორტული ინვენტარი გადასცა.

ინვენტარის გადაცემის ღონისძიება სოფელ დიღომში მდებარე რეაბილიტირებულ მულტიფუნქციურ სპორტულ კომპლექსში გაიმართა და მას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ბაღათურია, შპს „სპორტმშენსერვისის“ დირექტორი გერონტი ცინდელიანი და ფედერაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საჭიროებების გათვალისწინებით, სპორტული ინვენტარი ჭიდაობის, ძიუდოს, კრივის, ჭადრაკის, ძალოსნობისა და ტანვარჯიშს ფედერაციებმა მიიღეს. სპორტული ინვენტარი მრავალფეროვანია მას ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებები, ასევე, დამწყები სპორტსმენები გამოიყენებენ.

მასობრივი სპორტის განვითარების მიზნით, ინვენტარი გადაეცა საქართველოს ეროვნულ ფედერაციას – „სპორტი ყველასათვის“ და საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციას.

სპორტის სამინისტრო ეროვნულ სპორტულ ფედერაციებს მათთვის საჭირო ინვენტარს სისტემატურად გადასცემს. შეგახსენებთ, რომ სპორტული ინვენტარი და ეკიპირება გადაეცა მაღალმთიან მუნიციპალიტეტებსაც.