... ... hotnews.ge - არჩევნები 2024

პარლამენტმა გიორგი კალანდარიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარედ აირჩია

პარლამენტმა გიორგი კალანდარიშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ აირჩია. კალანდარიშვილი უფლებამოსილებას ხუთი წლის ვადით განახორციელებს. ასევე, პარლამენტმა ცესკო-ს წევრებად აირჩია მაია ზარიძე, გიორგი შარაბიძე და გია ცაცაშვილი.

ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს პლენარულ სხდომაზე ცოტა ხნის წინ უყარეს კენჭი. რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 117-მა წევრმა.

დღევანდელ სხდომაზე ხმები ასე განაწილდა: გიორგი კალანდარიშვილი 85 მომხრე, 16 წინააღმდეგი; მაია ზარიძე –  81 მომხრე, შვიდი წინააღმდეგი; გიორგი შარაბიძე – 81 მომხრე, ორი წინააღმდეგი; გია ცაცაშვილი – 81 მომხრე, ხუთი წინააღმდეგი.

ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების ასარჩევად კენჭისყრა 16 აპრილსაც გაიმართა, თუმცა კანდიდატებმა საჭირო ხმები ვერ მოაგროვეს. როგორც მაშინ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, კანდიდატებს პარლამენტის 91 წევრის მხარდაჭერა ჰქონდათ, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო, უმრავლესობის რამდენიმე წევრი სხდომას ვერ ესწრებოდა. შალვა პაპუაშვილმა დღესაც განმარტა, რომ, მივლინების გამო, აღნიშნული 91 დეპუტატიდან ყველა ახლაც არ იმყოფება დარბაზში.

ცნობისთვის, „საარჩევნო კოდექსში“ დამტკიცებული ცვლილებები ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის სამეტაპიან პროცესს ითვალისწინებს. პირველ კენჭისყრაზე საჭიროა 90 ხმა; იმ შემთხვევაში, თუ 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, კანდიდატებს 76 ხმით აირჩევენ. წარდგენილი კანდიდატებისთვის შესაძლებელია 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ, რის შემდეგაც 76 ხმით არჩეული კანდიდატი უფლებამოსილებას ხუთი წლის ვადით განახორციელებს; იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტში 76 მხარდამჭერი ხმა ვერ მოგროვდება და პარლამენტი კანდიდატებს ვერცერთი კენჭისყრის შედეგად ვერ აირჩევს, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა.

 

„ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც საზღვრები საერთოდ არ იყო გახსნილი, იყო ორჯერ უარესი მაჩვენებელი მიგრაციის კუთხით - პრემიერი

„ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც საზღვრები საერთოდ არ იყო გახსნილი, იყო ორჯერ უარესი მაჩვენებელი მიგრაციის კუთხით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის მიერ მიგრაციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მიგრაციის კუთხით უარყოფით სტატისტიკას აქვს თავისი გამომწვევი მიზეზები და მათ შორისაა როგორც ეკონომიკური ჩამორჩენა, ისე გახსნილი საზღვრები ევროკავშირის ქვეყნებთან.

„ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან ბევრი გამოწვევა და მათ შორის დემოგრაფია არის უმთავრესი. ჩვენ გვაქვს უარყოფითი სტატისტიკა, როგორც შობადობის, ისე მიგრაციის კუთხით, რასაც აქვს თავისი მიზეზები.

მიგრაციას არსებითად აქვს ორი მიზეზი, პირველი არის ის, რომ ჯერ კიდევ დიდია ეკონომიკური ჩამორჩენა, ევროპის ქვეყნებთან და მეორე არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა. მაგალითად გერმანია რომ ავიღოთ, გერმანიასთან ჩვენი ჩამორჩენა ცხოვრების დონის კუთხით არის ჯერ კიდევ სამმაგი. 2012 წელს, ჩამორჩენა იყო ოთხნახევარმაგი ასე ვთქვათ, სწორედ ამიტომ წინა ხელისუფლების პირობებში მიგრაციის მაჩვენებლები იყო ბევრად უფრო მძიმე. ჩვენს პირობებშიც არის ცუდი დემოგრაფიული მონაცემები, მაგრამ კიდევ გავიმეორებ, ამას აქვს ორი მთავარი მიზეზი, ერთი არის ჯერ კიდევ არსებული ჩამორჩენა და მაგალითად მოვიყვანე გერმანია, რომელსაც სამჯერ ჩამოვრჩებით, საბერძნეთს ორჯერ და ა.შ. ასეთ დროს ცდუნება არსებობს რა თქმა უნდა, რომ ადამიანები გავიდნენ ქვეყნიდან და გადავიდნენ სხვა ქვეყანაში და მეორე - საზღვრები არის გახსნილი.

ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც საზღვრები საერთოდ არ იყო გახსნილი, იყო ორჯერ უარესი მაჩვენებელი მიგრაციის კუთხით. ჩვენ გვაქვს უარყოფითი მაჩვენებლები, მთავარი ამოცანა არის ეკონომიკის განვითარება, თუ ეკონომიკა წინ არ წაიწევს და თუ არ დავუახლოვდებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ეკონომიკური კუთხით, რა თქმა უნდა, უარყოფითი მაჩვენებლები შენარჩუნდება. ჩვენ დაგვჭირდება უახლოესი რამდენიმე წელი, რომ რაც შეიძლება მეტად დავუახლოვდეთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.