... ... hotnews.ge - დაიჯესტი

ლონდონში Uber-ის მძღოლები კომპანიისგან £250 მილიონის კომპენსაციას მოითხოვენ

ლონდონში 10 000-ზე მეტი მძღოლი Uber-ს სასამართლოში უჩივის და კომპენსაციის სახით £250 მილიონს ითხოვს. მიზეზი Uber-ის ლიცენზირებაა, რომელიც, მძღოლების თქმით, კომპანიამ არალეგალური გზებით მოიპოვა.

სარჩელის ავტორები აღნიშნავენ, რომ სასამართლო საქმის მოგების შემთხვევაში, თითოეული მძღოლის მიერ მიღებული კომპენსაცია, შესაძლოა, £25 000 იყოს. უცხოური მედიის ცნობით, მომჩივანი მხარე ამტკიცებს, რომ ლონდონის სატრანსპორტო კომპანიამ (TfL) Uber-ს კერძო დაქირავების ოპერატორის ლიცენზია შეცდომით მიანიჭა, რადგან კომპანიის ბიზნესმოდელი გამჭვირვალე არ არის. მათი ინფორმაციით, Uber-მა TfL-ი შეცდომაში შეიყვანა და უთხრა, რომ კომპანიის გავლით შეკვეთილ თითოეულ მგზავრობაზე პასუხისმგებლობას თავად იღებდა მაშინ, როცა, რეალურად, კომპანია ჯავშნებს ინდივიდუალურ მძღოლებს აძლევდა, რაც ლონდონის სატრანსპორტო კანონის თანახმად, არალეგალურია.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი სარჩელი Uber-ის წინააღმდეგ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის ავსტრალიაშიც შეიტანეს, სადაც 8 000 მძღოლი კომპანიისგან $178 მილიონის კომპენსაციას მიიღებს.

ლუვრი „მონა ლიზას“ სარდაფში გადატანას აპირებს

ლუვრის ხელმძღვანელობა ლეონარდო და ვინჩის „მონა ლიზას“ სარდაფში, სპეციალურ ოთახი გადატანას აპირებს. ამის შესახებ The Telegraph-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ლუვრის დირექტორმა ლოურენს დე კარმა ეს ინიციატივა მუზეუმის დამთვალიერებლების უკმაყოფილების შესამცირებლად წამოაყენა.

თებერვალში სერვისმა CouponBirds მუზეუმების საიტებზე დამთვალიერებლების 18 ათასი შეფასება შეისწავლა და „მონა ლიზას“ „მსოფლიოში ყველაზე იმედგამაცრუებელი შედევრი“ უწოდა.

ყოველწლიურად ლუვრს დაახლოებით 9 მილიონი ადამიანი სტუმრობს, აქედან 80%-ს და ვინჩის საკულტო ტილოს ნახვა სურს. თუმცა ტყვიაგაუმტარი შუშის უკან მოთავსებული „ჯოკონდათი“ ტკბობისთვის თითოეულ მათგანს საშუალოდ 50 წამი აქვს, მანამდე კი გრძელ რიგში დგომა უწევთ.

მუზეუმის ხელმძღვანელობა შექმნილი ვითარებით შეშფოთებულია.

„მიგვაჩნია, რომ ჩვენს საქმეს სათანადოდ ვერ ვასრულებთ, იმიტომ რომ მნახველებს ნამდვილად კარგად ვერ ვიღებთ. „მონა ლიზას“ გადატანამ სხვა ოთახში შესაძლოა ბოლო მოუღოს საზოგადოების იმედგაცრუებას“, - აცხადებს დე კარი. აღსანიშნავია, რომ ახალი ოთახი მუზეუმის რეკონსტრუქციის ფარგლებში მოეწყობა, რომლის საერთო ღირებულება დაახლოებით 500 მილიონ ევროს შეადგენს.

ჯულიეტას მკერდი გაუხვრიტეს

ტურისტებმა იტალიის ქალაქ ვერონაში კვლავ დააზიანეს ჯულიეტას ქანდაკება, - წერს ადგილობრივი გამოცემა Il Mattino di Padova. შექსპირის ჯულიეტას ბრინჯაოს ქანდაკება მყუდრო ეზოში, აივნის ქვეშ დგას, სადაც გადმოცემის მიხედვით, რომეო სიყვარულში გამოუტყდა გოგონას. ყოვედღიურად, ათასობით ტურისტი მიდის ქანდაკებასთან, იღებს „სელფს“ და ტრადიციისამებრ, ნამდვილი სიყვარულის პოვნის იმედით, მის მკერდს ეხება. წლების განმავლობაში, ამგვარმა „მომლოცველობამ“ ანუ უამრავი ადამიანის ხელის შეხებამ, ჯულიეტას მკერდი გახვრიტა. 2014 წელს, ორიგინალი ქანდაკება, რომელიც ამ ეზოში თითქმის 40 წლის განმავლობაში იდგა, მისი 15-ათასევროიანი ასლით შეცვალეს. როგორც ჩანს, ახლო მომავალში, ვერონელებს ჯულიეტას ქანდაკების კიდევ ერთი ასლის შეკვეთა მოუწევთ. 

ბავშვის სახელში ფულს იხდიან

იტალიაში, ქალაქ მატერას სამოქალაქო ასოციაცია მშობლებს ფულად ანაზღაურებას სთავაზობს, თუკი საკუთარ შვილს სახელს ქალაქის მფარველი წმინდანის, ეუსტაკიოს პატივსაცემად დაარქმევენ. ასოციაციის წევრების თქმით, ადრე იტალიელები ხშირად არქმევდნენ შვილებს სხვადასხვა წმინდანის სახელს, თუმცა დღეს ეს ტრადიცია წარსულში რჩება. ამ ნაბიჯით კი, ასოციაციას სურს, მომავალ თაობას წმინდანის სახელი შემოუნახონ. თანხის რაოდენობა, ჯერჯერობით, არ დაზუსტებულა. 

 

ჟურნალი ოთხ წელიწადში ერთხელ გამოდის

ცოტა ხნის წინ, საფრანგეთში, უნიკალური სატირული გაზეთის - La Bougi du Sapeur მორიგი ნომერი გამოვიდა. გამოცემა ოთხ წელიწადში ერთხელ, ნაკიანი წლის 29 თებერვალს ახარებს მკითხველს. გაზეთი პირველად 1980 წელს დაიბეჭდა, წელს კი მისი მე-12 ნომერი გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ ეს ერთადერთი გაზეთია მსოფლიოში, რომელიც ასეთი ინტერვალით გამოიცემა და ის მეგობრების ჯგუფმა დააფუძნა. გამოცემის ტირაჟი 200 ათასი ეგზემპლარია, მისი ფასი კი 4.90 ევროა. 
„გაზეთის პირველი ნომერი ორ დღეში სრულად გაიყიდა. შემდეგზე მოთხოვნა ძალიან დიდი იყო, მაგრამ გადავწყვიტეთ, ახალი ნომერი მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ დაგვებეჭდა“, - იხსენებს გამოცემის რედაქტორი. მას დღესაც რამდენიმე მეგობარი აკეთებს - ისინი ბარში იკრიბებიან და იდეებს იქ ამუშავებენ. გამოცემას არ აქვს ონლაინ-ვერსია, ის მხოლოდ ჯიხურებში იყიდება. 

3D-ბოტასები წონას გაგიკონტროლებთ

ბრიტანელმა სწავლულებმა სამგანზომილებიან პრინტერზე სპორტული ფეხსაცმელი დაბეჭდეს, რომელიც ადამიანის ფეხის ზომას თავად ერგება. გარდა ამისა, ბოტასები მომხმარებელს აცნობებს წონის მატებას და ოფლის გამოყოფასაც არეგულირებს. მის ძირებზე ჩამაგრებულია სპეციალური სენსორები, რათა ინფორმაცია მოაგროვონ. ამის შემდეგ, ის ავტომატურად გადადის კლიენტის ვირტუალურ ღრუბელში. ამასთან, სიახლე გარემო პირობებსაც აფასებს და მისი დაბინძურების ხარისხზეც იძლევა ინფორმაციას. 3D-ბოტასები ამჟამად დუბაის მომავლის მუზეუმშია გამოფენილი. მისი ავტორები გეგმავენ, ფეხსაცმელი წარმოებაში მალე ჩაუშვან და სამი წლის შემდეგ, გასაყიდად გამოტანასაც ვარაუდობენ. მოდელები ორ ვერსიად გამოვა - სტანდარტული და პრემიალური. ბოტასების ღირებულება, დაახლოებით, 200-დან 500 ევრომდე იქნება. 

 

უხუცესმა ქალმა კიდევ ერთი იუბილე იზეიმა

დღეისთვის, მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანმა ქალბატონმა, ესპანელმა მარია მორერამ 117-ე დაბადების დღე იზეიმა. ის 1907 წელს, სან-ფრანცისკოში დაიბადა, თუმცა რვა წლის ასაკში, ოჯახი ევროპაში გადავიდა და კატალონიაში დასახლდა. ბოლო 23 წელია, ყველაზე ხანდაზმული ქალი მოხუცთა პანსიონში ცხოვრობს. მარია მორერას ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს, გარდა სუსტი სმენისა და გადაადგილების სირთულისა. უხუცესი ქალბატონი მკვლევარებს დათანხმდა, სამეცნიერო ტესტირება გაიაროს, რომლითაც მისი დღეგრძელობის საიდუმლოს ამოხსნას შეეცდებიან.  

პარიზში ველოტაქსითაც იმგზავრებთ

საფრანგეთის დედაქალაქში ველოტაქსის სერვისი - Heetch Bike ამოქმედდა. ელექტროველოსიპედზე ამხედრებული მძღოლი მგზავრებს სპეციალური, მისაბმელი კაბინით გადაიყვანს. როგორც სერვისის იდეის ავტორები ამტკიცებენ, გადაადგილების ასეთი საშუალება ეგრეთ წოდებული ტუკ-ტუკებისგან განსხვავდება. თანაც, ველოტაქსით მგზავრი დანიშნულების ადგილას 40%-ით სწრაფად და 20%-ით იაფად მივა, ვიდრე პოპულარული  Uber-ის სერვისით სარგებლობისას. მიბმული კაბინა წინ და გვერდებზე შუშით არის დაცული, ასე რომ, ველოტაქსით ცუდ ამინდშიც შესაძლებელი იქნება მგზავრობა. ახალი სერვისით სარგებლობა, ჯერჯერობით, მხოლოდ შაბათ-კვირას იქნება შესაძლებელი. 

დიეტური ლუდი სპორტსმენებისთვის

სტარტაპი La Orange იტალიური ვერონადან, პროექტ Biova-სა და კომპანია Riso Gallo-თან ერთად, ლუდის საფუძველზე ენერგეტიკულ სასმელს აწარმოებს, რომელიც ტრადიციულ, ქარვისფერ სასმელთან შედარებით, ორჯერ მეტ კალორიას შეიცავს. ის სპეციალურად, სპორტით დაკავებული ადამიანებისთვის შექმნეს. დიეტური ლუდი, რომელიც Action Biova-ის სახელით გამოდის, მზადდება დამტვრეული წითელი ბრინჯისგან, რომელიც მისი წარმოების დროს იყრება. ამ გზით კომპანია საკვები ნარჩენების შემცირებასაც მოახერხებს. დიეტური ბრინჯის ლუდი სულ სამგრადუსიანი, გაუფილტრავი, არაპასტერიზებული სასმელია, მდიდარია მინერალური მარილებითა და ანტიოქსიდანტებით. ამიტომ, იდეალურია მათთვის, რომლებიც ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევენ. ჯერჯერობით, ახალი სასმელის დაგემოვნება მხოლოდ მათ შეუძლიათ, რომლებიც მონაწილეობენ სპორტულ ღონისძიებებში. მწარმოებელი კომპანიის განცხადებით, ლუდი უახლოეს მომავალში გამოჩნდება ჩრდილოეთ იტალიის სუპერმარკეტებში. 

დედა 2 წლის შვილის გაყიდვის მცდელობის დროს დააკავეს

ქალაქ დნიპროში, სამართალდამცველებმა, შვილის გაყიდვის მცდელობის დროს, უკრაინელი ქალი დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 19 წლის დედა საკუთარი ორი წლის შვილის გაყიდვას დაახლოებით 25 ათას დოლარად ცდილობდა.

ახალგაზრდა ქალის აყვანა უშუალოდ ბავშვის გაყიდვის მცდელობის დროს მოხდა. დაკავებულს ბრალი ოფიციალურად არასრულწლოვანით ვაჭრობაში წაუყენეს. ეს მუხლი, ქონების კონფისკაციასთან ერთად, 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა

ჰარი სტაილსის სტალკერი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მირა კარვალიოს ვარსკვლავის ადევნებისთვის 14 კვირა ადევნებისთვის თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. მას შემაკავებელი ორდერიც გამოუწერეს, რითაც 10 წლის განმავლობაში მომღერლის კონცერტზე დასწრება და სტაილსთან პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით დაკავშირება აეკრძალა.

მირამ მომღერალს 1 თვეზე ნაკლებ დროში 8000-ზე მეტი წერილი გაუგზავნა, წერილების ნაწილი მან თავისი ხელით დაწერა და მომღერლის მისამართზე მიიტანა, ნაწილი კი ინტერნეტით შეუკვეთა და სტაილსის სახლში გააგზავნა.

როგორც ირკვევა, ბრაზილიელი მირა ჩრდილოეთ ლონდონის ჰოსტელში დეკემბრიდან რჩება, რის შესახებაც მის ოჯახს წარმოდგენა არ ჰქონდა. განაჩენის მოხდის შემდეგ კარვალიოს ამ ტერიტორიაზე გაჩერება აღარ შეეძლება. ასევე, მან ჰარის 134 ფუნტი უნდა გადაუხადოს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჰარის აედევნნენ. მაგალითად, 2019 წელს სტაილსის სტალკერი ახალგაზრდა კაცი თვეების განმავლობაში მომღერლის სახლთან იყო დაბანაკებული და იქ ცხოვრობდა. როდესაც ვარსკვლავმა ის პირველად შენიშნა, ჩათვალა, რომ დახმარება სჭირდებოდა და საკვებისა და სასტუმროსთვის თანხა შესთავაზა, დროთა განმავლობაში კი მან კაცის შემჩნევა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხშირად დაიწყო. კვირაში 3-4 ჯერ სტაილსი პაბში მიდიოდა ხოლმე, სადაც კაცი ჰარის მისვლიდან რამდენიმე წუთში ჩნდებოდა. მომღერლის თქმით, თავს უსაფრთხოდ არ გრძნობდა, რის გამოც ღამის დარაჯის დაქირავება დასჭირდა. სასამართლომ კაცი დამნაშავედ ცნო. 

ჩანთა მარტინის ბოკალით

შვედურმა ალკოჰოლურმა ბრენდმა Absolut Vodka-მ, Pasta Bag-ის დიზაინერ ნიკოლას ბენტელესთან ერთად, შექმნა ჩანთა Absolut Espresso Martini, რომელსაც კოქტეილის ბოკალის ფორმა აქვს. აქსესუარი ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც პირამდე გავსებული ესპრესსო მარტინის ჭიქა - ყავის მარცვლებით. ჩანთა ტყავის, ქრომირებული ფოლადისა და მტკიცე ტრიტანის პლასტმასისგან არის დამზადებული. აქსესუარი შეზღუდული რაოდენობით გამოუშვეს და ის უკვე გაყიდვაშია, მისი ფასი 200 დოლარამდეა.