... ... hotnews.ge - საზოგადოება

პრემიერმა ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

მთავრობის მეთაური ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

ირაკლი კობახიძემ პარკში შეკრებილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავი მიულოცა.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით - 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები  1000 ლარს მიიღებენ.

ნახეთ როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში

9 მაისს ქუთაისში +25 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც დარია. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12. ბათუმში დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა ფოთშიც. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი. ანალოგიური ამინდია ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი. +23 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ჭიათურაში უნალექო დღეა. დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +4 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +21 იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 0 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +22 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში იწვიმებს, დღე +12 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +14, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ლაგოდეხში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით წვიმიანი ამინდი და +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

რუსთავში დღისით +23 გრადუსი და უნალექო მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

 

 

 

 

 

 

9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა

დღეს 9 მაისია - ფაშიზმზე გამარჯვების დღე. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 79 წელი გავიდა. მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან, 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი, უკან არ დაბრუნებულა.

1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

ვეტერანების ნაწილი დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად კიკვიძის პარკში შეიკრიბება .მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივს მიაგებენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომდგენლები. ადგილზე მისულები მემორიალს ტრადიციულად გვირგვინით შეამკობენ

 

ევროვიზია 2024-ის პირველ ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა

დღეს ევროვიზია 2024-ის პირველი ნახევარფინალი გაიმართა, სადაც 15 ქვეყნის წარმომადგენელი წარდგა მაყურებლის წინაშე.

მაყურებლის გადაწყვეტილებით, ფინალში 10 ქვეყანა გადავიდა: სერბეთი, პორტუგალია, სლოვენია, უკრაინა, ლიეტუვა, ფინეთი, კვიპროსი, ხორვატია, ირლანდია და ლუქსემბურგი.

კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ჟიური არ მონაწილეობს ხმის მიცემაში.

პირველი ნახევარფინალური შოუდან ფინალში გადასული ქვეყნები მაყურებლის წინაშე 11 მაისს მეორე ნახევარფინალიდან გადასულ 10 ქვეყანასა და დიდი ხუთეულის ქვეყნებთან ერთად წარდგება. ფინალში ავტომატურად კონკურსის მასპინძელი ქვეყანა შვედეთიც გადადის.

ევროვიზია 2024-ის ფინალურ კონკურსზე 26 ქვეყანა იმღერებს.

საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე 9 მაისს მე-11 ნომრად მეორე ნახევარფინალში იმღერებს.

ევროვიზია 2024-ის ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. უკრაინაში მებრძოლი ქართული სპეცდანიშნულების რაზმის "შავი არწივის" ცნობით, დავით გოგაძე და ბესო ლომიძე ავდეევკას მიმართულებაზე დაიღუპნენ. 

არსებული ინფორმაციით, ისინი ფრონტის ხაზიდან ქართველი მებრძოლის, სოსო გუგუტიშვილის ცხედრის გამოყვანას ცდილობდნენ. გუგუტიშვილი იმავე მიმართულებაზე, საბრძოლო მოქმედებების დროს, 6 მაისს დაიღუპა. 

"ავდეევკის მიმართულებაზე საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპნენ ქვედანაყოფი შავი არწივის მებრძოლები დავით ღოღაძე და ბესო ლომიძე. ქვედანაყოფი შავი არწივი ოჯახებს უსამძიმრებს ამ დიდი დანაკარგს. ბრძოლა გრძელდება სისხლის ბოლო წვეთამდე, ბოლო ამოსუნთქვამდე!!!!" - წერს “შავი არწივი".

უცნობია როდის იქნება შესაძლებელი ფრონტის ხაზიდან დაღუპულთა ცხედრების გადმოსვენება. 

უკრაინაში ქართველი მოხალისეები ომის დაწყების პირველივე დღეებიდან იბრძვიან. დღემდე საომარ ოპერაციებს 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

დღეს და ხვალ საქართველოს მასშტაბით წვიმაა მოსალოდნელი, როგორც დასავლეთ ასევე აღმოსავლეთ საქართველოში. სინოპტიკოსების ცნობით, დღეს ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში 12-17 გრადუსი ხოლო დასავლეთ საქართველოში 13-18 გრადუსამდე იქნება.

უნალექო ამინდს ვარაუდობენ დედაქალაქში, ჰაერის ტემპერატურა 21 გრადუსამდე მოიმატებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უნალექო ამინდი, 10 მაისამდე შენარჩუნდება .

რა ვითარებაა გუდაური-კობის მონაკვეთზე - გზების დეპარტამენტის განცხადება

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო თოვლის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

 

მაშველებმა მდინარე ნაკრაში მესამე მოზარდის ცხედარიც იპოვეს

მაშველებმა მდინარე ნაკრაში მესამე მოზარდის ცხედარიც იპოვეს. გარდაცვლილი მე-12 კლასის მოსწავლეა.

დღეს დილით მაშველებმა მდინარიდან ამოასვენებს კიდევ ერთი ბავშვის ცხედარი. მანამდე, 5 მაისს, ნაკრაში იპოვეს კიდევ ერთი მოზარდის ცხედარი.

შეგახსენებთ, რომ 2 მაისს, მესტიის სოფელ ნაკრაში, სამი ახალგაზრდა მდინარეში ავტომობილით გადავარდა. შემთხვევა მდინარე ნაკრასა და ენგურის შესართავთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, მანქანაში ისხდნენ ორი მე-12 კლასელი და ერთი 14 წლის მოზარდი

მაშველებმა მდინარე ნაკრაში დაკარგული მეორე მოზარდის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა მდინარე ნაკრაში დაკარგული მეორე მოზარდის ცხედარი იპოვეს. მანამდე, 5 მაისს იპოვეს კიდევ ერთი მოზარდის ცხედარი.

ძებნა-შველის ოპერაცია გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ 2 მაისს, მესტიის სოფელ ნაკრაში, სამი ახალგაზრდა მდინარეში ავტომობილით გადავარდა. შემთხვევა მდინარე ნაკრასა და ენგურის შესართავთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, მანქანაში ისხდნენ ორი მე-12 კლასელი და ერთი 14 წლის მოზარდი.

 

რატომ არის პასკა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო - გიორგი ღოღობერიძის განმარტება

ექიმი, გიორგი ღოღობერიძე განმარტავს, რატომ არის პასკა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო.

„ის ყურძნის მარცვლები, რომელიც პასკაშია, ცნობილია ბევრი სახელით – ზოგიერთი ქიშმიშს (თურქულად) უწოდებს, ეს ყურძნის მარცვლები საკმაოდ მდიდარია ბევრი სასარგებლო ნივთიერებით, მათ შორის, სამს გამოვყოფდი – საკმაოდ ბევრს შეიცავს ვიტამინ B2 – რიბოფლავინს, ასევე ვიტამინი B6, ბევრი კალიუმია მასში.

ვიტამინი B2 არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, რომელიც ჩვენს სხეულს სჭირდება, განსაკუთრებით, ჩვენს მიტოქონდრიებს. ამის ნაკლებობა ორგანიზმში ტუჩის კუთხეების სილურჯით, ნახეთქებით გამოიხატება.

რიბოფლავინის ნაკლებობის დროს პირის ღრუს ანთებაც ემართება, სტომატიტი, ასევე, დამახასიათებელია ელექტროციტების რაოდენობა, იმ წითელი ბურთულების რაოდენობა, რომელსაც ჟანგბადი გადააქვს. როცა ადამიანი იღებს ქიშმიშს, ფაქტობრივად, ის იღებს დღიურ ვიტამინ B2-ს დოზას.

ვიტამინი B6 გარდა მიტოქონდრიებისა, ასევე გამოიყენება თავის ტვინის მედიატორების სინთეზისთვისაც. თავის ტვინში ბევრი მედიატორია – ცელტონი, დოპამინი, აქედან ნაწილი ბედნიერების ჰორმონია. ამიტომ ქიშმიშიდან მიღებული ვიტამინი B6 ჩვენ ნამდვილად არ გვაწყენდა. ასევე, ის ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რომ ჩვენს ორგანიზმში ჰემოგლობინის სინთეზი დაიწყოს.

როცა ადამიანს ორგანიზმში ვიტამინი B6 აკლდება, ის ნიშნები ჩნდება, რაც ახლავს ვიტამინ B2-ს. ადამიანი ხდება მიდრეკილი ძილიანობისკენ.

როცა ადამიანი ხშირად იღებს ქიშმიშს, ორივე ვიტამინს მარტივად ივსებს. როგორც გითხარით, ქიშმიშში კალიუმის მაღალი ჩემცველობაა, ვისაც მაღალი წნევა აქვს, კალიუმით მდიდარი საკვები ძალიან მაგარი საშუალებაა წნევის დასაწევადაც“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

 

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი აცხადებს, რომ ამის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მანამდე აღნიშნულ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

შეგვაძლებინოს უფალმა, რომ სული არ ჩავაქროთ, რაშიც შეგვეწიოს წმინდა ძლევაშემოსილი, საკვირველმოქმედი გიორგი, რომელმაც დღეს ჩვენ შეგვკრიბა - მეუფე შიო

გავიდა დიდი მარხვა და დადგა აღდგომის ბრწყინვალე დღეები, აღდგომის შემდგომი პერიოდი და შეგვაძლებინოს უფალმა, სული არ ჩავაქროთ, რაშიც შეგვეწიოს ჩვენ წმინდა ძლევაშემოსილი, საკვირველმოქმედი, დიდი მოწამე გიორგი, რომელმაც დღეს ჩვენ აქ შეგვკრიბა, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს, გიორგობას განაცხადა.

ქაშვეთში საღმრთო ლიტურგია საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა ჩაატარა. ქადაგებისას მიტროპოლიტმა რწმენის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და მრევლს მოუწოდა, დიდმარხვის დასრულების შემდეგ, ისევ არ მიუბრუნდნენ იმ ცოდვებს, რომელიც უკვე მოინანიეს.

„როდესაც ვკითხულობთ ძველი თუ ახალი აღთქმის წიგნებში, რომ წმინდანებმა იხილეს ღმერთი, მათ ჰქონდათ ღმერთის გამოცხადება, ეს არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს მათ ღმერთის არსება იხილეს, არამედ ეს ადგილები ისე უნდა გვესმოდეს, რომ ღმერთმა აღირსა ამა თუ იმ წმინდანს ხილვა და გამოცხადება და მისი რწმენის მიხედვით გამოუცხადა ცოდნა ღმერთზე იმდენად, რამდენადაც შესაძლებელი იყო ამა თუ იმ წმინდანისთვის. ამიტომ, ჩვენ ვცხოვრობთ რწმენით, რომლითაც შესაძლებელია უხილავი ღმერთის დანახვა. ეს რწმენა ჩვენ მოგვცა განკაცებულმა ძე ღმერთმა, რომელმაც იხილა ღმერთი და რომელიც თვითონ ღმერთია. სწორედ მასზე ამბობს მამაზეციერი, რომ ,,ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ“ (მთ. 3, 17).

და აი, რაც დაფარული იყო მამაში, ეს გამოავლინა ძემ, გამოავლინა განცხადების სისავსე, ნება ღვთისა და ჩვენი გადარჩენის გზა. სწორედ ეს არის აღდგომის მადლი, ბრწყინვალება და ჭეშმარიტება.

დიდი მარხვის პერიოდში დედაეკლესია მოგვიწოდებდა სინანულისკენ. მრავალმა შეისმინა ეს მოწოდება, მოვიდა აღსარებაზე და განიწმინდა, მაგრამ ახლა ჩვენი საზრუნავი უნდა იყოს, ისევ არ მივუბრუნდეთ იმ ცოდვებს, რომლებზეც უარი ვთქვით, რომ ისევ არ დარჩეს ჩვენი სული მზრუნველობისა და სულიერი საზრდოს გარეშე. როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული: ,,სულს ნუ ჩააქრობთ!“.

ამგვარად, გავიდა დიდი მარხვა და დადგა აღდგომის ბრწყინვალე დღეები, აღდგომის შემდგომი პერიოდი და შეგვაძლებინოს უფალმა, სული არ ჩავაქროთ, რაშიც შეგვეწიოს ჩვენ წმინდა ძლევაშემოსილი, საკვირველმოქმედი, დიდი მოწამე გიორგი, რომელმაც დღეს ჩვენ აქ შეგვკრიბა“, - განაცხადა მეუფე შიომ.