... ... hotnews.ge - ყვითელი News

Deadline-მა გასული წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმები დაასახელა

გამოცემამ Deadline 2023 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმების ათეული შეადგინა. სიის შედგენისას ავტორებმა გაითვალისწინეს არა მხოლოდ გაქირავების ღია მონაცემები, არამედ ინსაიდერული ინფორმაცია კინოსტუდიებისგან და ჰოლივუდში მომუშავე წყაროებისგან. ამასთან, ისინი თვლიდნენ როგორ გაქირავებაში მიღებულ შემოსავალს, ასევე სუფთა მოგებას.

შედეგად, რეიტინგის სათავეში მოხვდა მულტფილმი „ძმები სუპერ მარიო კინოში“. სტუდიებმა Universal, Illumination და Nintendo და პროექტის ავტორებმა სუფთა მოგების სახით $559 მილიონი მიიღეს. გაქირავებაში კი სურათმა $1,36 მილიარდი მოაგროვა.

გრეტა გერვიგის „ბარბის“ შემოსავალი უფრო მაღალი იყო - $1,44 მილიარდი - მაგრამ სურათი მეორე ადგილზე აღმოჩნდა, რადგან სუფთა მოგებამ $421 მილიონი შეადგინა. მესამე ადგილზეა „ადამიანი ობობა: სამყაროს მიღმა“ ($328 მილიონი).

ათეულში ასევე მოხვდნენ: „ოპენჰაიმერი“, „ვონკა“, კუ-ნინძები“, „ლეკვების პატრული: მეგაფილმი“, „ტეილორ სვიფტი: The Eras Tour“, „5 ღამე ფრედისთან“, „გალაქტიკის მცველები 3“.

მარადონას მოპარულ „ოქროს ბურთს“ აუქციონზე გაყიდიან

დიეგო მარადონას კუთვნილი „ოქროს ბურთი“, რომელიც მან მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის მიიღო, თითქმის მეოთხედი საუკუნე დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ ახლა, ეს პრიზი ახალი მფლობელის ხელში გადავა.

სააუქციონო სახლმა Aguttes-მა გამოაცხადა, რომ ლეგენდარული არგენტინელის „ოქროს ბურთი“ გასაყიდად გამოიტანა. სასტარტო ღირებულება არ დაუსახელებიათ, მაგრამ ვარაუდობენ, რომ პრიზი რამდენიმე მილიონ ევროდ არის შეფასებული. ამგვარი ღირებულება ამ ლოტის არა მხოლოდ მნიშვნელობიდან, არამედ ასევე იმ კრიმინალური ისტორიიდან მომდინარეობს, რომელიც მას უკავშირდება.

როგორც ჟურნალი France Football ყვება, მარადონას „ოქროს ბურთი“ 1989 წელს ნეაპოლის ბანკიდან მოიპარეს. სწორედ იქ ინახავდა არგენტინელი თავის პრიზს. მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის „ოქროს ბურთი“ მხოლოდ 2016 წელს იპოვნეს, როცა კოლექციონერმა აბდელჰამიდმა აღიარა, რომ ის რამდენიმე ასეულ ევროდ შეიძინა ისე, რომ არ იცოდა რა ჯილდოსთან ჰქონდა საქმე.

ფრანგული კანონმდებლობის თანახმად, კოლექციონერს ყველანაირი საფუძველი გააჩნია იმისთვის, რომ „ოქროს ბურთის“ მფლობელად ითვლებოდეს, რადგან მისი შეძენისას არ იცოდა, რომ ის მოპარული იყო, ხოლო მარადონამ ან მისმა მემკვიდრეებმა შეძენიდან სამი წლის განმავლობაში არ განაცხადეს პრიზზე საკუთარი უფლებების შესახებ.

ასე რომ, „ოქროს ბურთის“ გაყიდვიდან მიღებული რამდენიმე მილიონი აბდელჰამიდის ჯიბეში აღმოჩნდება.

პოლ პოგბამ კინომსახიობის კარიერა დაიწყო

ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა, რომელიც დოპინგის გამოყენებისთვის ოთხი წლით არის დისკვალიფიცირებული, ახალ პროფესიას ეუფლება.

გამოცემა Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, პოგბამ, რომელზეც უფლებები ჯერაც ტურინის „იუვენტუსს“ ეკუთვნის, კინომსახიობის კარიერა დაიწყო.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონს იღებენ ფილმში, რომლის სახელწოდებაა „4 ნული“. პოგბა ახალგაზრდა ფეხბურთელების მწვრთნელის როლს თამაშობს. ფილმი ეკრანებზე 2025 წლის ზაფხულში უნდა გამოვიდეს.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბას გასული წლის აგვისტოში „უდინეზესთან“ მატჩის შემდეგ აღმოუჩინეს აკრძალული პრეპარატი ტესტოსტერონი და ოთხი წლით ჩამოაშორეს ფეხბურთს.

ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმი „მეტ გალა 2024“-ს მასპინძლობს

ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმი „მეტ გალა 2024“-ს მასპინძლობს. მოდის სამყაროს წარმომადგენლები, მსახიობები და მუსიკოსები კოსტიუმების წლევანდელ გამოფენაზე ყველაზე ორიგინალურ სამოსში გამოწყობილები მიდიან.

კოსტიუმების მუზეუმის საქველმოქმედო მეჯლისის წლევანდელი თემაა „მძინარე მზეთუნახავი, მოდის აღორძინება“.

 

კემბრიჯის პროფესორმა 250 წლის წინანდელი ფრანგული სასიყვარულო წერილები აღმოაჩინა

კემბრიჯის პროფესორმა 250 წლის წინანდელი ფრანგული სასიყვარულო წერილები აღმოაჩინა. თითქმის 3 საუკუნის განმავლობაში წერილები ბრიტანეთის სამხედრო არქივებში ინახებოდა. მათი ავტორები მე-18 საუკუნის ფრანგი მეზღვაურები არიან.

როგორც დათარიღებიდან ირკვევა, წერილებს მეზღვაურები 7 წლის განმავლობაში წერდნენ. ჩანაწერების საერთო რაოდენობა 104-ს აღწევს. კემბრიჯის პროფესორი ამბობს, რომ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის მე-18 საუკუნის 70-იან წლებში გაჩაღებული ომის დამთავრებისთანავე, წერილები ბრიტანულ სამხედრო არქივში აღმოჩნდა. იქიდან გამომდინარე, რომ ისინი უმნიშვნელო დოკუმენტებად მიიჩნიეს, დიდი ხნის განმავლობაში წერილები დალუქულ მდგომარეობაში, ოთახის ბნელ კუთხეში ინახებოდა.

„მხოლოდ ცნობისმოყვარეობის გამო ვითხოვე ამ ყუთის გახსნა. მივხვდი, პირველი ადამიანი ვიყავი, ვინც ამ ძალიან პირადულ და ემოციურ ხელნაწერებს კითხულობდა. სამწუხაროდ, ადრესატებს არ გაუმართლათ, რადგან წერილები დანიშნულების ადგილამდე არასდროს მისულა", - ამბობს პროფესორი რენო მორიე.

გარდა იმისა, რომ წერილების შინაარსი, ძირითადად, სასიყვარულოა, “ისინი აჩვენებენ, თუ როგორ ცდილობდნენ ჯარისკაცები ყოველდღიურ ცხოვრებისეულ გამოწვევებთან გამკლავებას; როგორც ენატრებოდათ ოჯახი და მეგობრები; რამდენად დაღლილები იყვნენ ომით და რომ ზოგჯერ მათი ერთადერთი სურვილი მხოლოდ სახლში დაბრუნება იყო”. 

 

მსახიობი ბერნარდ ჰილი გარდაიცვალა

ინგლისელი მსახიობი, „ბეჭდების მბრძანებლის“ და „ტიტანიკის“ ვარსკვლავი ბერნარდ ჰილი გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ჰილი 79 წლის იყო. მისი გარდაცვალების ფაქტი მსახიობის აგენტმა ლუ კოულსონმა დაადასტურა.

ჰილი 1944 წელს, მანჩესტერში დაიბადა. პირველი როლი, რომელმაც პოპულარობა მოუტანა მან BBC-ს დრამაში „ბიჭები ბლექსტაფიდან“ შეასრულა. თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი როლები კი ჰილმა ოსკარების რაოდენობით რეკორდსმენ ფილმებში - „ტიტანიკსა“ და „ბეჭდების მბრძანებელში“ შეასრულა. 1997 წლის „ტიტანიკში“ მან ლეგენდარული გემის კაპიტანი განასახიერა, ტოლკინის ლეგენდარული ნაწარმოების ეკრანიზაციაში კი როჰანის მეფე თეოდენი.

"დავასრულე სააღდგომო მზადება … ყველაფრის მიუხედავად..." - პრეზიდენტი

"ამ წუთში დავასრულე სააღდგომო მზადება … ყველაფრის მიუხედავად. 
აღდგომისთვის ვემზადებით, აღდგომა რომელიც გაგვიახლებს იმედსა და  შემართებას. 
ქაშვეთთან ახალგაზრდების ხმამაღალი მამაო ჩვენო  კიდევ ერთხელ ისმის, და გვამხნევებს!" - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში. 

მარტინ სკორსეზე ფრენკ სინატრას შესახებ ფილმის გადაღებას გეგმავს - მთავარ როლებს ლეონარდო დიკაპრიო და ჯენიფერ ლოურენსი შეასრულებენ

მარტინ სკორსეზე ფრენკ სინატრას შესახებ ფილმის გადაღებას გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა Variety წერს.

გამოცემის წყაროების ცნობით, 81 წლის რეჟისორს სურს, რომ სინატრას როლი ლეონარდო დიკაპრიომ, სინატრას მეორე ცოლის, მსახიობ ავა გარდნერის როლი კი ჯენიფერ ლოურენსმა შეასრულოს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ფრენკ სინატრას შვილს, ტინას, რომელიც ლეგენდარული მომღერლის მემკვიდრეობას აკონტროლებს, ფილმის გადაღების ნებართვა ჯერ არ გაუცია.

ტეილორ სვიფტმა Billboard-ის მორიგი რეკორდი დაამყარა

ტეილორ სვიფტი ისტორიაში პირველი მომღერალი გახდა, რომლის სიმღერებიც Billboard Hot 100-ის ტოპ 14 ადგილს ერთდროულად იკავებს.

ყველა კომპოზიცია შემსრულებლის ახალი ალბომიდან The Tortured Poets Department არის. ჩარტში პირველ ადგილს პოსტ მელოუნთან კოლაბორაცია Fortnight იკავებს.

ემინემმა ახალი ალბომი დააანონსა

ამერიკელმა რეპერმა ემინემმა თავისი მეთორმეტე სტუდიური ალბომის გამოშვება დააანონსა. ამის შესახებ Variety წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ჩანაწერი სახელწოდებით The Death of Slim Shady (Coup de Grace) 2024 წლის ზაფხულში გამოვა. ალბომის თრეილერის მიხედვით, ის ემინემის მუსიკალური ალტერ-ეგოს, სლიმ შეიდის სიკვდილზე მოგვითხრობს.

თრეილერში მონაწილეობა 50 Cent-მაც მიიღო, რგოლის ფინალში კი თვითონ ემინემი ამბობს: „ვიცოდი, რომ სლიმის სიკვდილი მხოლოდ დროის საკითხი იყო“.

ემინემის ბოლო ალბომი Music to Be Murdered By 2020 წელს გამოვიდა და Billboard 200-ის სათავეში მოხვდა.

ჟერარ დეპარდიე სექსუალური ძალადობის საქმეზე ოქტომბერში სასამართლოს წინაშე წარდგება

ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე ოქტომბერში სასამართლოს წინაშე წარდგება. მას ბრალი ედება 2021 წელს ფილმის გადაღების პერიოდში ორი ქალის მიმართ სექსუალურ ძალადობაში. ამ ინფორმაციას პარიზის პროკურატურა ავრცელებს.

დეპარტიე, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრანგი მსახიობი, ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მსგავსი ბრალდების გამო მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. დეპარდიე ბრალდებებს გამუდმებით უარყოფს. ერთ-ერთმა მისმა ადვოკატმა თქვა, რომ მას პოლიცია დიდი ხნის განმავლობაში კითხავდა, მაგრამ ბრალი არ წარუდგენიათ. 

პროკურატურა აცხადებს, რომ მსახიობის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმეა აღძრული, რომელიც სავარაუდოდ 2018 წლის აგვისტოში მოხდა. ამ შემთხვევაში საუბარია გაუპატიურებაზე. მოსამართლემ ამ საქმის განხილვები საზოგადოებისთვის დახურულად გამოაცხადა და პარიზის პროკურატურას გადასცა. გამოცემა "როიტერი" წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დეპარდიეს 2014 წელს გადასაღებ მოედანზე არასასურველ სექსუალურ შეხებაშიც ადანაშაულებენ.

დეპარდიეს მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე საზოგადოებაში განსხვავებული მოსაზრებებია. ფრანგების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს საქმე მნიშვნელოვანი სიმბოლოა იმისა, რომ ქვეყანა ვერ ახერხებს გავლენიანი კაცების მხრიდან სექსუალური ძალადობისა თუ შევიწროების აღკვეთას. საზოგადოების მეორე ნაწილი კი, მათ შორის პრეზიდენტი მაკრონიც, დეპარდიეს დასაცავ განცხადებებს აკეთებენ. "ის დიდებული მსახიობია, მისი ხელოვნება გენიალურია. საფრანგეთი მისით ამაყობს", - თქვა მაკრონმა გასული წლის ბოლოს.

კრისტინა აგილერა კონცერტზე ქართველი დიზაინერის წითელი ტყავის პალტოთი გამოჩნდა

 მომღერალი კრისტინა აგილერა, ჩილეში გამართულ კონცერტზე ქართველი დიზაინერის, თაკო მექვაბიძის ულამაზესი წითელი ტყავის პალტოთი გამოჩნდა.

ინფორმაციას და ფოტოებს კონცერტიდან დიზაინერი სოციალურ ქსელში ავრცელებს.