... ... hotnews.ge - პოლიტიკა

გამოვხატე მზაობა, ყურადღებით მოვისმინოთ და განვიხილოთ ყველა კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნა - პრემიერი

ძალიან საქმიანი შეხვედრა მქონდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან და სხვა წამყვან თანამდებობის პირებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საუბრის ძირითადი თემა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი იყო. „ვისაუბრეთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. ასამბლეის პრეზიდენტს განვუმარტე კანონპროექტის შინაარსი და კონტექსტი. გამოვხატე მზაობა, ყურადღებით მოვისმინოთ და განვიხილოთ ყველა კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, რისთვისაც შეგვიძლია, გამოვიყენოთ კანონის განხილვის შესაბამისი პროცედურა“, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

"გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები" - შსს-ს გაფრთხილება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თემურ კუპატაძის განცხადებით, როცა პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, ისევე როგორც აშშ-ის და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული.

აღნიშნულის შესახებ კუპატაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია იმ საერთაშორისო საპოლიციო ღონისძიებების პრაქტიკის შესახებ, რომელთა გამოყენებითაც როგორც ევროპის წამყვან ქვეყნებში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიციის მიერ ხდება შეკრება-მანიფესტაციის დროს მასების მართვა და საჭიროების შემთხვევაში კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებების გამოყენება.

ბოლო პერიოდში, სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერისა და აქციის ორგანიზატორების მხრიდან, მედიასაშუალებებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა არაერთი დეზინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალას გადაამეტეს და განახორციელეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.

გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ პოლიცია შეკრება-მანიფესტაციების დროს, ყოველთვის მოქმედებს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. შინაგან საქმეთა სამინისტროში შემუშავებული ინსტრუქციები, რომელიც არეგულირებს შეკრება-მანიფესტაციების მართვას, სრულ შესაბამისობაშია ეუთო/ოდირის სახელმძღვანელო პრინციპებთან. შესაბამისად, სამართალდამცველების მხრიდან სპეციალური ღონისძიებების განხორციელება ხდება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად- თანმიმდევრულად და განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, ანალოგიურად მოქმედებდა პოლიცია ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციების დროსაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს, დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში, სხვადასხვა საერთაშორისო სწავლებაში აქვთ მონაწილეობა მიღებული და ისინი გადამზადებულნი არიან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

მათ საერთაშორისო დონის სწავლებები გავლილი აქვთ, როგორც საქართველოში, ასევე, გერმანიაში, ბულგარეთში, ნიდერლანდებში, იტალიაში, საფრანგეთსა და თურქეთის რესპუბლიკაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს გადამზადება გავლილი აქვთ: კრიზისულ სიტუაციაზე რეაგირებისა და მოლაპარაკებების, შეკრებისა და მანიფესტაციის ეფექტიანი მართვისა და საჯარო დემონსტრაციების დროს საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით ძალის გამოყენების შესახებ.

ეკიპირება, სპეციალური ტექნიკა, აღჭურვილობა და სპეციალური საშუალებები, რომელთაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები გამოიყენებენ, არის საერთაშორისო სტანდარტის და მათი უმეტესი ნაწილი შეძენილია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

აქვე, გვსურს საზოგადოებას გავაცნოთ სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა დროს, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების ამსახველი ვიდეომასალა.

განვითარებული სამყარო თანხმდება, რომ ნებისმიერ სახელმწიფოში მართლწესრიგის დაცვა არის პოლიციის უმთავრესი ამოცანა და ეს კადრებიც ადასტურებს იმას, რომ ყველა ქვეყანაში პოლიციას აქვს უფლება კანონის შესაბამისად იმოქმედოს და უფლებამოსილების ფარგლებში, საზოგადოებისთვის ხშირად მიუღებელი და უმკაცრესი ზომები გამოიყენოს.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში, კერძოდ თბილისში მიმდინარე შეკრება-მანიფესტაციები არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონმდებლობით მიღებულ ზომებს. ვნახეთ შტურმი საკანონმდებლო ორგანოზე, პიკეტირების მცდელობა პარლამენტზე და ასევე, ძალადობის არაერთი შემთხვევა სამართალდამცველების მისამართით.

ეს კადრები არა მარტო ქართული მედიის, არამედ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა და ჩემი ევროპელი კოლეგებიც დამეთანხმებიან, რომ ეს იყო პროპორციული ძალა და საკმაოდ ლმობიერი ქმედებები, რაც ქართველმა სამართალდამცველებმა გამოიყენეს.

ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, იმ დროს როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, ისევე როგორც ამერიკის და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული",- განაცხადა კუპატაძემ.

ვინ არის ილია ღამბაშიძე, რომელსაც აშშ-ს სანქციები შეეხო

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების დასკვნით, ფართომასშტაბიანი დეზინფორმაციული კამპანიის უკან, რომლის მიზანიც აშშ-ში და მის ფარგლებს გარეთ დემოკრატიული პროცესებისა და ინსტიტუტების მიმართ ნდობის დაკარგვაა, რუსი პოლიტიკური სტრატეგი ილია ღამბაშიძე დგას.

"ამერიკის ხმის" ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ღამბაშიძის ციფრული მარკეტინგის სააგენტო, კრემლთან თანამშრომლობით, ქმნის ყალბი ამბების საიტებს, ზოგჯერ კი რეალური მედიის საიტების კლონებს.

თუ იქ გამოქვეყნებული პუბლიკაციების შინაარსით ვიმსჯელებთ, ამ საიტების მიზანი ხშირად და ძირითადად უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერის შემცირებაა.

2024 წლის მარტში, ევროკავშირის სანქციების დაწესების შემდეგ, ღამბაშიძე, მისი ბიზნესპარტნიორი და მათი კომპანია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს სანქციების სიაშიც მოხვდა.

სწორედ ამით მიიპყრო ყურადღება ნაკლებად ცნობილმა პოლიტიკურმა სტრატეგმა, რომელიც ადრე რუს დეპუტატებსა და რეგიონალურ პოლიტიკოსებზე მუშაობდა.

2013 წლიდან 2020 წლამდე, ღამბაშიძის ან მისი ახლო ნათესავის მთლიან ან ნაწილობრივ მფლობელობაში მყოფმა კომპანიებმა დაახლოებით 180 მილიონი რუბლის (2,7 მილიონი აშშ დოლარი 2016 წლის საშუალო კურსით) ღირებულების სახელმწიფო კონტრაქტები მიიღეს. და ეს არ არის ღამბაშიძის საკუთრებაში არსებული ყველა კომპანია...

სტატიის სრულად სანახავად გადადით ბმულზე: 

ბრიუსელში იყო დებატები საქართველოზე, შესაძლოა, გამოქვეყნდეს განცხადებები - იოზვიაკი

"რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ ბრიუსელში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა. მისი ინფორმაციით, შესაძლოა მალე გავრცელდეს ევროკავშირის განცხადება, ასევე, იყოს ევროკომისიის განახლებული შეფასება რუსული კანონის EU-ის კრიტერიუმებთან მიმართებაში.

„საქართველოს შესახებ ბრიუსელში ელჩების დონეზე დებატები შედგა. 26-მა წევრმა გამოხატა თავისი შეშფოთება. უნგრეთი დუმს. შესაძლოა, მალე იყოს ევროკავშირის განცხადება და ევროკომისიის შესაძლო განახლებული შეფასება იმის შესახებ, რამდენად მიემართება აგენტების კანონი ევროკავშირში გაწევრების კრიტერიუმებს”, – წერს ის.ა

დღეს შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, რომ პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, შეიქმნება მონაცემთა ბაზა იმ პირთა შესახებ, რომლებიც „ძალადობაში, მუქარასა და შანტაჟია ჩართული“ ან ამ ქმედებებს „საჯაროდ იწონებს“.

 

ვხედავთ პირდაპირ პარალელებს მაიდანთან, მექორწილე წყვილი, იგივე ფოტოები, იგივე რიტუალები - პაპუაშვილი

სუსის განცხადება ასახავს იმას, რასაც ჩვენ ვხედავთ რეალურად, რომ მიდის ძალადობრივი პროცესების ინსპირირება. ჩვენ ვნახეთ რამდენიმე თვის წინ, როდესაც „კანვასის“ ტრენინგებთან დაკავშირებით იყო გამოძიება დაწყებული, რასაც ასწავლიდნენ აქტივისტებს. ვხედავთ საქართველოს ქუჩებში ამ სცენარების პირდაპირ ასრულებას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპალაშვილმა განაცხადა.

„ვხედავთ პირდაპირ პარალელებს მაიდანთან, მექორწილე წყვილი, იგივე ფოტოები, აბსოლუტურად იგივე რიტუალების ჩატარება და ვიზუალის დადგმა. დაქორწინებული წყვილი, ადამიანი, რომელიც ფორტეპიანოზე უკრავს და სხვადასხვა ვიზუალები, რომლებსაც ისინი ქმნიან იმისთვის, რომ შეიფუთოს ეს ძალადობრივი აქციები, რომლებიც სინამდვილეში ტარდება. გულდასაწყვეტია, რომ როდესაც ვიხილეთ პარლამენტის შენობაზე თავდასხმა და შტურმი პირდაპირ ეთერში, მოვისმინეთ ზოგიერთი უცხოელი აქტორის შეფასება, რომ ეს იყო მშვიდობიანი აქცია, რომ პოლიციას ძალა არ უნდა გამოეყენებინა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მნიშვნელოვანია ზიზღის, მუქარის, შანტაჟისა და ზეწოლის კამპანიის მორალური შეფასება, რომელიც , ნაცმოძრაობამ დაიწყო - პაპუაშვილი

მნიშვნელოვანია ზიზღის, მუქარის, შანტაჟის, ზეწოლის კამპანიის მორალური შეფასება, რომელიც ცალკეულ ადამიანების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს დაწყებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე საპროტესტო აქციები უკვე გასცდა იმ მშვიდობიანი პროტესტის კულტურას, რომელიც საქართველოში იყო დამკვიდრებული და, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ანგრევს.

„პროტესტების დროს ხიდან ერთი ფოთოლიც არ ჩამოვარდებოდა ხოლმე, ამით ვამაყობდით. რასაც ახლა ვხედავთ, მათ შორის საქართველოს პარლამენტზე ძალადობრივ თავდასხმას და შტურმს, უკანონო პიკეტირებას, არის 2019 წლის 20 ივნისის, 2019 წლის ნოემბრის აქციების გამეორებაა, რომელიც ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებული იყო. ვხედავთ უკვე არა მხოლოდ სამართალდამცავებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმას, არამედ მოქალაქეებზე თავდასხმას. შეგახსენებთ გმირთა მოედნის გადაკეტვის დროს კონფლიქტებს მოქალაქეებთან, მათ შორის მათთან, ვინც არ იყო ჩართული პროტესტში, მათ მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობა ვიხილეთ”,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, არსებობს ფაქტები საზოგადოების წვერებზე ზეწოლის, მათ შორის სპორტსმენებზე, ხელოვანებზე, რომ დაფიქსირდეს ის პოზიცია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არის სასურველი.

„ცენზურაზე არიან გადასული და რაიმე სიტყვა თუ არ ემთხვევა, დამატებით, მორალურ ტერორზე გადადიან, როგორც ამ ადამიანებზე, ისე ამ ადამიანების ოჯახის წევრებზე. ამიტომ მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ შეაფასოს ეს. ეს ეწინააღმდეგება თავად საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ კულტურას, მათ შორის პროტესტის უფლებას. პარტიამ და პოლიტსაბჭომ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, შეიქმნას ბაზა, ვებგვერდი, სადაც ყველა ეს ადამიანი იქნება მხილებული. საზოგადოება შემდეგ თავისთავად განსჯის და ჩამოაყალიბებს თავის აზრს ამ ადამიანებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ადამიანები საჯაროდ რასაც ერიდებიან, არ ერიდებიან კერძო საუბრებში და ასეთი შთაბეჭდილება აქვთ ჩამოყალიბებული, თითქოს სოციალურ ქსელში ზიზღის ენა, მათ შორის ფაშისტური მოწოდებებიც კი არის კერძო საუბარი. მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ, რომ ეს არის საჯარო განცხადებები, რომელიც აღვივებს ზიზღს, აღვივებს დაპირისპირებას საზოგადოებაში, ახდენს მორალურ ტერორს სხვა ადამიანებზე, მათი ოჯახის წევრებზე. საზოგადოებას როდესაც ექნება ამაზე რეაქცია, მორალური შეფასება, ეს ადამიანებიც მოერიდებიან ასეთი სახის ქმედებებს და განცხადებებს. მნიშვნელოვანია, მორალური შეფასება იმ კამპანიისა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს წამოწყებული, ზიზღის კამპანია, მუქარის, შანტაჟის, ზეწოლის, როგორც ცალკეულ ადამიანებზე, ისე მათი ოჯახის წევრებზე. გვახსოვს, რომ ამ აქტივისტების მხრიდან სპორტსმენებზე და მათი ოჯახის წევრებზე მიდიოდა ზეწოლა, ქვეყნდებოდა მათი პერსონალური ინფორმაცია. მნიშვნელოვანია, გამჭვირვალე იყოს ყველაფერი, ვინ დგას ამის უკან, ვინ არიან კონკრეტულად ის ადამიანები, ვინც ამ ზიზღის კამპანიას იწყებენ, აღვივებენ, მხარს უჭერენ, ახალისებენ“, – განმარტა შალვა პაპუაშვილმა.

შევქმნით მონაცემთა ბაზას, სადაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩართულ ყველა პირს შევიტანთ -პაპუაშვილი

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიული სტრუქტურების მეშვეობით, ვიწყებთ, მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს, – აღნიშნულის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

პაპუაშვილის თქმით, ეს მონაცემთა ბაზა განთავსდება სპეციალურ ვებგვერდზე, იქნება საჯარო და გამჭვირვალე საქართველოს მოქალაქეებისთვის.

„ამ პირთა წინააღმდეგ კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში მიღებული იქნება ყველა ზომა, რათა კანონდარღვევა, ძალადობა და მუქარა არ დარჩეს სახელმწიფოს თუ საზოგადოების რეაგირების გარეშე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცდილობენ, პარლამენტთან მოაწყონ პროვოკაციები, რომელიც იმართება უცხო ქვეყნებიდან, აქ ჩართულია უკრაინაში მებრძოლი ქართველების ნაწილი - სუს-ი

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მიღებული ინფორმაციით, პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას, რომელიც იმართება უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ, – ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

როგორც სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ დანაშაულებრივ გეგმებში აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, კერძოდ, უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი, რომლებიც აცხადებენ მზადყოფნას, ჩამოვიდნენ საქართველოში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიციის წინააღმდეგ დაგეგმილ ძალადობაში.

„ზემოთ აღნიშნული პირები აქტიურ კომუნიკაციაში არიან საქართველოში მყოფ თავის თანამოაზრეებთან და განიხილავენ პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციისა და სხვა სამთავრობო შენობების ბლოკირების და პარალიზების გეგმებს.

კონკრეტული პირები აქტიურად განიხილავენ საჭიროების შემთხვევაში სპეციალური დანიშნულების რაზმზე იერიშის მიტანის გეგმებს, რასაც მოჰყვება სიტუაციის სრული დაძაბვა. სპეციალური დანიშნულების რაზმის და პოლიციის განეიტრალების მიზნით, დანაშაულებრივი ქმედების ორგანიზატორები, ხშირ შემთხვევაში რეალური მიზეზების გამხელის გარეშე, საპროტესტო მუხტის მატარებელ ახალგაზრდებს ავალებენ, პარლამენტის წინ მიიტანონ ადვილად აალებადი ნივთიერებები, რაც შემდგომში გამოყენებული იქნება ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ დამზადების მიზნით, აგრეთვე, სამართალდამცავებთან დაპირისპირებისთვის გამოსაყენებლად გაცემული აქვთ აქციაზე ქვების და რკინის ხელკეტების ფარულად მიტანის დავალება.

მიმდინარე საპროტესტო აქციების მსვლელობისას მისი ორგანიზატორები მასობრივი არეულობის, ქაოსის და სამართალდამცავი ორგანოების პროვოცირების მიზნით, იმართებიან უცხოეთის ინსტრუქტორების მიერ გაცემული დავალებებით და აქტიურად იყენებენ ორგანიზაცია CANVAS-ის და პიტერ აკერმანის მიერ ჩატარებული ძალადობრივი სწავლებების მეთოდებს, რომლის მიზანია მიმდინარე პროცესების ე.წ. „მაიდანიზაცია“ და ქვეყანაში 90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირების მსგავსი მოვლენების პროვოცირება. აღნიშნული დესტრუქციული გეგმის ნაწილად, ცალკეული პოლიტიკოსები და აქციის რადიკალი ორგანიზატორები აუცილებლად მიიჩნევენ თბილისის სატრანსპორტო კვანძების პარალიზებას, სამთავრობო დაწესებულებებთან მისასვლელი და სტრატეგიული ობიექტების გზების ბლოკირება-ბარიკადირებას, რკინიგზის ბლოკირებას, ცენტრალურ გამზირებზე ე.წ. კარვების ქალაქების მოწყობას, სამართალდამცავი ორგანოების დისლოკაციის ბაზების ბლოკირებას. აღნიშნული დანაშაულებრივი გეგმების რეალიზებისთვის გამოიყენება უცხოეთიდან შემოსული ფინანსები, ხოლო მათი აზრით, კვალის დაფარვის მიზნით ხშირ შემთხვევაში იყენებენ კრიპტოვალუტას. კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ტრანზაქციების შესახებ, უცხოელი ინსტრუქტორების მიერ, საქართველოში მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს ჩატარდა ტრენინგები, სადაც აქციის ორგანიზატორებმა მიიღეს ინსტრუქციები რადიკალური ქმედებების დაფინანსების ფარულად მიღების თაობაზე.

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ხელშესაწყობად და წარმატების მისაღწევად მიიჩნევენ, რომ უნდა მოხდეს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა პროვოცირება. უფრო მეტიც, დაინტერესებული მხარის მხრიდან ერთი გასროლაც კი გამოიწვევს პანიკას, ჭყლეტას და შესაბამისად დემონსტრანტთა შორის მძიმედ დაშავებულ პირებსა და მსხვერპლს. აქციის ორგანიზატორებისთვის სასურველია საპროტესტო აქციებს მოჰყვეს ადამიანური მსხვერპლი. მათი აზრით, აღნიშნული სავალალო შედეგები გაზრდის საპროტესტო მუხტს და რადიკალიზმს.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორების აგრესიის განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები. მათი დემორალიზების და პროვოცირების მიზნით გამოიყენება ე.წ. „ფერადი რევოლუციების“ მოწყობასთან დაკავშირებული ისეთი მეთოდები, როგორიც არის მათ მიმართ მუქარა, მოსყიდვა, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მხარეს მათი გადასვლის ინსცენირება, რაც საბოლოო ჯამში, მიზნად ისახავს სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოშლას და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას.

მოვუწოდებთ საპროტესტო აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, არ აჰყვნენ პროვოკაციებს, ხოლო ორგანიზატორებს მივმართავთ, რომ მათი დესტრუქციული გეგმების განხორციელების შემთხვევაში, სამართალდამცავი უწყებების მიერ, გატარდება მყისიერი სამართლებრივი ღონისძიებები, რათა არ მოხდეს მოვლენათა ესკალაცია, გამოირიცხოს ქვეყანაში არეულობა, სამოქალაქო დაპირისპირება და შენარჩუნებული იქნეს მშვიდობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

II მსოფლიო ომის მონაწილეები - 2 000, ხოლო II მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახები 1 000 ლარს მიიღებენ - მთავრობა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით – 2 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, თბილისის მუნიციპალიტეტის გარდა, ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების გაცემას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ მიწოდებული სიის საფუძველზე.

თბილისში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებისთვის ფულადი დახმარების გაცემის მიზნით შესაბამისი სახსრების გამოყოფა, მთავრობის განკარგულებით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ეთხოვა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.

რუსთაველის გამზირი გადაკეტილია - ახალგაზრდები "ოცნების" ოფისისკენ მიემართებიან

რუსთაველის გამზირი გადაიკეტა, ახალგაზრდები კი საპროტესტო მსვლელობით "ქართული ოცნების" ოფისისკენ გაემართებიან. 

არა რუსულ კანონს! წინ ევროპისკენ -  ეპიცენტრი, რა თქმა უნდა, კვლავ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაა. 

 გრანდიოზული აქცია 11 მაისს ევროპის დღეს იგეგმება. 

ფოტო: მთავარი არხი

თელავში, ქუთაისსა და ფოთში "რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

თელავში, ქუთაისსა და ფოთში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებს მიტანილი ჰქონდათ პლაკატი წარწერით: „არა რუსულ კანონს“.

აქციაში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე ლიდერიც მონაწილეობდა.

ქუთაისში, ახალგაზრდები  მთავარ მოედანზე შეიკრიბნენ, რის შემდეგაც, მსვლელობით ჯერ "ქართული ოცნების" ოფისთან, შემდეგ კი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან გაემართნენ.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას კვლავ რუსული კანონის უკან გაწვევას და ევროპულ გზაზე დაბრუნებისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, ისინი "ოცნებას" არ მისცემენ საშუალებას, რომ რუსული კანონპროექტი კანონად იქცეს.

 

 

ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ფულად დახმარებას მიიღებენ

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით - 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები  1000 ლარს მიიღებენ.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, თბილისის მუნიციპალიტეტის გარდა, ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების გაცემას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ მიწოდებული სიის საფუძველზე.

თბილისში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებისთვის ფულადი დახმარების გაცემის მიზნით შესაბამისი სახსრების გამოყოფა, მთავრობის განკარგულებით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ეთხოვა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.