... ... hotnews.ge - ეკონომიკა

რომელ სექტორშია საქართველოში ყველაზე მაღალი ხელფასი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის IV კვარტალში საქართველოში ყველზე მაღალი საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში იყო და ის წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17.3%-ით გაიზარდა.

ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 309.2 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 17.3%-ით);
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 110.0 ლარი (გაიზარდა 14.1%-ით);
მშენებლობა - 3 062.5 ლარი (გაიზარდა 20.8%-ით);
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 920.5 ლარი (გაიზარდა 19%-ით).
რაც შეეხება ბიზნეს სექტორში საშუალო ნომინალურ ხელფასს, 2023 წლის IV კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.3%-ით გაიზარდა და 2 044.5 ლარი შეადგინა. ზრდა 270.9 ლარია.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის IV კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 285.1 ლარით (14.9%) გაიზარდა და 2 196.2 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (4 420.5 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 17.1%-ით) და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (3 393.5 ლარი, გაიზარდა 22.4%-ით) სფეროებში ფიქსირდება.

2023 წლის IV კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 242.7 ლარით (15.9%) გაიზარდა და 1 765.7 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.

 

საქართველოს ტურიზმის პოტენციალს ვენის Ferien Messe Wien გამოფენაზე ეცნობიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავსტრიაში, ვენაში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში, Ferien Messe Wien-ში მონაწილეობს. გამოფენაზე წარმოდგენილია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოფენის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ავსტრიის ტურიზმის სახელმწიფო მდივანსა და ავსტრიის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დირექტორთან. შეხვედრას დაესწრო ავსტრიაში საქართველოს ელჩი ქეთევან ციხელაშვილი.

„Ferien Messe Wien-ის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ავსტრიის ეკონომიკის სამინისტროში. შეხვედრები შედგა ტურისტული მედიაგამოცემის, T.A.I-სა და ტურისტული სააგენტოს, Ruefa-ს დირექტორებთან, ასევე  ავსტრიის ტურიზმის ასოციაციისა და ავსტრიის ავიახაზების ხელმძღვანელ პირებთან. შეხვედრებზე საუბარი შეეხო ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას, ტურების გამართვას და საქართველოს ცნობადობის გაზრდას ავსტრიაში. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი  ავსტრიის ავიახაზებთან საქართველოში პრეს და გაცნობითი ტურის მოწყობას განიხილავენ.

ვენის ტურისტულ გამოფენაზე 850 კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს, გამოფენას 11 ათასი ვიზიტორი ჰყავს“, – ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

"ივნისიდან ვგეგმავთ კონკრეტული სამუშაოების დაწყებას ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით" - კობახიძე

ივნისიდან ვგეგმავთ კონკრეტული სამუშაოების დაწყებას ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

პრემიერის თქმით, მაისის ბოლოს გამოვლინდება ის კომპანია, რომელიც სათავეში ჩაუდგება სამუშაოებს.

 

„ანაკლიას რაც შეეხება, პროცედურები უკვე დაწყებულია. მაისის ბოლოსთვის სავარაუდოდ, გამოვლინდება ის კომპანია, რომელიც სათავეში ჩაუდგება სამუშაოებს. უფრო მეტიც, ჩვენ  ვგეგმავთ, რომ უკვე ივნისიდან დავიწყოთ ინფრასტრუქტურული სამუშაოები. როგორც მოგეხსენებათ, მთავრობაც ახორციელებს ინვესტიციებს ანაკლიის პორტის განვითარების კუთხით, შესაბამისად, არა მხოლოდ პროცედურებს დავასრულებთ, არამედ ივნისიდან ვგეგმავთ კონკრეტული სამუშაოების დაწყებას ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. პროცედურები დაიწყება მარტში. მარტი, აპრილი და მაისი დასჭირდება ტენდერის დასრულებას. მაისის ბოლოსთვის უკვე დასრულებული იქნება ტენდერის პროცედურა და ივნისიდან უკვე იქნება შესაძლებელი სამუშაოების დაწყება. ეს არის მკაფიო გეგმა, რომელიც აქვს მთავრობას და ამ გეგმას რა თქმა უნდა, გავყვებით“, - განაცხადა პრემიერმა.

 

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 15 მარტს - ვალუტის კურსი

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 15 მარტს - ეროვნული ბანკის ოფიციალური, განახლებული მონაცემებით:

  • 1 აშშ დოლარი - 2.6758;
  • 1 ევრო - 2.9271;
  • 1 ფუნტი - 3.4282;
  • 1 ლირა კი 0.0833 ლარი ეღირება.

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქ.ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება გახსნეს და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის რეგიონში ზვიად შალამბერიძემ, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა, ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აკადემიური წრის, არასამთავრობო ორგანიზაციების, კომპანიების წარმომადგენლები და სხვადასხვა სექტორის მომხმარებლები. 6 მარეგულირებელი უწყების წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს მომხმარებელთა უფლებები და უფლებების დარღვევის შემთხვევაში უწყებების მიერ რეაგირების ბერკეტები.

11-15 მარტს, საქართველოს მასშტაბით მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეული მიმდინარეობს. კვირეულის ორგანიზატორები არიან კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი), დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, ეროვნული ბანკი, კომუნიკაციების კომისია და სურსათის ეროვნული სააგენტო. კვირეულის მიზანია მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება.
 

 

დავით ნარმანია: „სემეკის მიზანია ქ. რუსთავში მინიმუმამდე შემცირდეს წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები“

ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში,  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მეგობრობის გამზირისა და გაგარინის ქუჩის წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაცია დაიწყო. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) შეთანხმებული საინვესტიციო პროექტების შესაბამისად, კომპანია ამ მიზნით ჯამში 5,5 მილიონ ლარამდე ინვესტიციას განახორციელებს.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესს ადგილზე გაეცნენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარე დავით ნარმანია, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ხელმძღვანელი პირები.

 

დავით ნარმანიას თქმით, სემეკის მიზანია, რომ ქ. რუსთავში მინიმუმამდე შემცირდეს წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები: „სემეკმა გაზრდილი საინვესტიციო გეგმა დაუმტკიცა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ იმისათვის, რომ ქ. რუსთავში არსებული მდგომარეობა სწრაფად მოგვარდეს. დღეს, ადგილზე შევამოწმეთ წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა. ამ ეტაპისთვის, კომპანია დაგეგმილ სამუშაოებს ინტენსიურად ახორციელებს. ჩვენ გავაგრძელებთ მუდმივ მონიტორინგს, დავაკვირდებით სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულების პროცესს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.   

 

სემეკთან შეთანხმებული საინვესტიციო პროექტების შესაბამისად, ქ. რუსთავში, მეგობრობის გამზირის სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება 1700 მეტრამდე სიგრძის წყალსადენის ქსელი, დამონტაჟდება 15 ერთეული ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და  მოეწყობა 11  საკვანძო  ჭა. სარეაბილიტაციო სამუშაოები პარალელურად შესრულდება გაგარინის ქუჩაზე, სადაც განახლდება 1800 მეტრამდე სიგრძის წყალსადენის ქსელი,  დამონტაჟდება 17 ერთეული ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და მოეწყობა 15  საკვანძო  ჭა.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე კვირას დაიწყო და მისი დასრულება გაგარინის ქაჩაზე მაისში, მეგობრობის გამზირზე კი ივნისშია დაგეგმილი.

 

2024 წლის განმავლობაში ქ. რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  ჯამში 18 მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს, მეგობრობის გამზირზე და გაგარინის ქუჩაზე ქსელების რეაბილიტაცია  მიმდინარე წლის საინვესტიციო გეგმის ნაწილია. მასშტაბური სამუშაოების შედეგად, წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება ქალაქ რუსთავის 40 000-ზე მეტ აბონენტს.

 

 

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია
 ,,ბათუმის შემოვლითი გზის ურთულესი პროექტი, რომლის მშენებლობა მიმდინარეობს რთულ გეოლოგიურ პირობებში, ბევრი გამოწვევის მიუხედავად წელს დასრულდება. კიდევ უფრო დიდი ძალისხმევის და გაზრდილი რესურსების პირობებში, შესაძლებელი იქნება აღნიშნული გზის სეზონისთვის გახსნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბათუმისთვის. ხუთივე გვირაბი გაჭრილია, სამ გვირაბში უკვე დასრულებულია მოსახვა, საფარის დაგება. მიმდინარეობს საინჟინრო ქსელების მონტაჟი, დარჩენილ ორ გვირაბში გრძელდება მოსახვის სამუშაოები. 20 ხიდიდიდან 19 - აშენებულია. გარდა ამისა, ეწყობა საფარი და ეს ყველაფერი ხელშესახებს ხდის იმას, რომ წელს ნამდვილად დასრულდება ბათუმის შემოვლითი გზის ურთულესი პროექტი“ - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ბათუმის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა
 ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში, 14 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 20 სახიდე გადასასვლელი და 5 გვირაბი შენდება
 ამ დროისათვის, პროექტით გათვალისწინებული ხუთივე გვირაბი გაჭრილია და 20 ხიდიდან აშენებულია 19 ხიდი
 შემოვლითი გზის შინაარსიდან გამომდინარე გათვალისწინებულია ორი კვანძი, რომლითაც ქალაქში შესვლა იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, ახალი გზით ქალაქი მაქსიმალურად განიტვირთება
 ახალი შემოვლითი გზა გაივლის სოფლებს: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს
 ამჟამად არსებული გზა ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში გადის, პროექტის განხორციელების შედეგად, ბათუმის შემოვლითი გზა (ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად) სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში
 პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, აზიის განვითარების ბანკისა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის 329 630 734 ლარის ფინანსური მხარდაჭრით ახორციელებს

უახლოეს ხანებში შეირჩევა მშენებელი, რომელიც ანაკლიის პორტისთვის დაიწყებს მუშაობას - დავითაშვილი

უახლოეს ხანებში შეირჩევა მშენებელი, რომელიც ანაკლიის პორტისთვის დაიწყებს საზღვაო ინფრასტრუქტურაზე მუშაობას, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ორი მიმართულებით მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა.

„პროცესების დაჩქარებისთვის გვყავს აყვანილი მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ტექნოლოგიურ ნაწილში გვიწევს დახმარებას. შესაბამისად, საკონკურსო, სატენდერო წინადადება მომზადდა „ჰადესთან“ ერთად, ეს არის ბელგიური წამყვანი კომპანია და ჩვენ ახლა ვიწყებთ უკვე სამშენებლო კონკურსის გამოცხადებას. ეს უახლოეს დღეებში დაიწყება, ასე რომ, ეს სამუშაო მთელი ნახევარი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა 2023 წელს. ბოლო დეტალები დაზუსტდა. მთავრობის ბოლო სხდომაზეც გვქონდა საბოლოო დეტალები შეთანხმებული და უახლოეს ხანებში შეირჩევა მშენებელი, რომელიც დაიწყებს საზღვაო ინფრასტრუქტურაზე მუშაობას. ასევე, პარალელურად მიმდინარეობს კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი. ეს არის კერძო და საჯარო თანამშრომლობის კანონმდებლობის შესაბამისად. აქაც გვყავს ჩვენ ორი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია ჩართული. იცით, რომ უკვე ვართ წინადადებების მიღების ეტაპზე გადასული. შარშან იყო ინტერესთა გამოხატვა, რომელიც წარმატებით ჩატარდა და ჩვენ ორი მაღალი კვალიფიკაციის პრეტენდენტი მივიღეთ და ორ კონსორციუმთან მიდის ახლა მუშაობა. იცით, რომ ორივე კომპანიის თხოვნა იყო, ჩვენ ვადები გაგვეხანგრძლივებინა, რადგან დოკუმენტების მომზადებისთვის მათ მეტი დრო დასჭირდათ. ვადები გახანგრძლივებულია მაისის ბოლომდე“, – განაცხადა დავითაშვილმა.

ვალუტის ოფიციალური კურსი 13 მარტისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 13 მარტისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6570 ლარი ეღირება, ევრო – 2.9052 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3999 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6573 ლარი ღირდა, ევრო – 2.9068 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.4125 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 13 მარტს ამოქმედდება.

დავით ნარმანიამ მომხმარებელთა უფლებების შესახებ გურჯაანში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქალაქ გურჯაანში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა გახსნეს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი მაჭავარიანმა, სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთის რეგიონში, გიორგი ალადაშვილმა. 

შეხვედრაზე სიტყვით წარდგნენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარე, დავით ნარმანია, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, დავით ონოფრიშვილი. 

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ სიტყვით გამოსვლისას მონაწილეებს კომისიის  მიერ რეგულირებად სექტორებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის პრინციპები გააცნო. 

სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა მარეგულირებელი კომისიის როლზე ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით. დავით ნარმანიამ ყურადღება გაამახვილა სემეკთან არსებული ენერგოომბუდსმენის სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობაზე.  მისი თქმით, ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც თვლის, რომ კომუნალური მომსახურების კომპანიის მიერ დაირღვა მისი უფლება, შეუძლია მომართოს სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. 

შეხვედრას ესწრებოდნენ საჯარო უწყებების, მარეგულირებელი კომისიების, უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები, სხვადასხვა სექტორის მომხმარებლები.  

11-15 მარტს ექვსი მარეგულირებელი უწყების - კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით მომხმარებელთა უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეული იმართება. კვირეულის მიზანია მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება.  

 

 

ეროვნული ბანკის ახალი გაცვლითი კურსი - რა ღირს 1 აშშ დოლარი და ევრო

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6573 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6576 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9068 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8949 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0119 ლარი შეადგინა.

დავით ნარმანია: სემეკის რეგულაციები ორიენტირებულია მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კონფერენციაზე სიტყვით წარდგა. კონფერენცია გაიმართა მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში. 

 

დავით ნარმანიას თქმით, სემეკის რეგულაციები ორიენტირებულია მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე:

 

            „6 მარეგულირებელი უწყების მიერ უკვე მეორედ იმართება მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო კვირეული, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მონაწილე ორგანიზაციებისთვის მომხმარებელთა უფლებების დაცვა.

სემეკის  ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია დაიცვას ბალანსი ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების კომპანიებსა და მომხმარებლებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ სემეკის მიერ მიმდინარეობს კომპანიების საქმიანობის მუდმივი მონიტორინგი, რიგ შემთხვევებში ფიქსირდება მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტები, რაზეც კომისია მკაცრად რეაგირებს. მხოლოდ 2023 წელს სემეკმა მოქალაქეებს კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული  1,5 მილიონ ლარზე მეტი ჩამოაწერა.  ამასთანავე, არასწორად განხორციელებული დარიცხვის გამო, სემეკმა წყალმომარაგების კომპანიას დაავალა ჯამში 6 მილიონი ლარის უკან დაბრუნება 11 ათასზე მეტი მოქალაქისთვის. 

სემეკი, დროის პირდაპირ რეჟიმში, ელექტრონული ჟურნალის საშუალებით აკვირდება კომპანიების რეაგირებას მოქალაქეთა განცხადებებზე. კომპანიების მიერ მომსახურების სტანდარტების დარღვევის გამო, სემეკის გადაწყვეტილებებით, 2017 წლიდან დღემდე მოქალაქეებზე კომპენსაციის სახით გაცემულია 13 მილიონ ლარზე მეტი.

ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც თვლის, რომ კომუნალური მომსახურების კომპანიის მიერ დაირღვა მისი უფლება, შეუძლია მომართოს სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს, დეტალურად შევისწავლით ყველა საკითხს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ სიტყვით გამოსვლისას.

სემეკის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით განხორციელებული პროექტების ეფექტიანობას. ისაუბრა სემეკში მომხმარებელთა განახლებული მისაღების მუშაობის სპეციფიკაზე, კომისიის მიერ მიღებულ გამარტივებულ რეგულაციებზე. 

„კომისიაში მოქმედებს დავების განხილვის გამარტივებული წესი, რომლის საფუძველზეც მარტივ და სტანდარტულ საკითხებზე გადაწყვეტილებები მიიღება საჯარო სხდომაზე ზეპირი მოსმენის გარეშე. აღნიშნული ხელს უწყობს მომხმარებლებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე კომისიის მიერ დროულ რეაგირებას.  უნდა აღნიშნოს, რომ სემეკის მიერ შემუშავებული და სექტორებში მოქმედი მარეგულირებელი წესები მკაფიოდ განსაზღვრავს როგორც კომპანიების, ასევე მომხმარებლების უფლება-მოვალეობებს. ელექტროენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციის მიზნით, ამოქმედებულია ახალი, ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესები, რომელშიც სხვა სიახლეებთან ერთად გათვალისწინებულია გადასახადის გადახდის შეღავათიანი პერიოდები პენსიონერებისა და სხვადასხვა ჯგუფებისთვის. მელიორაციის სექტორის რეგულირების მიზნით, შევიმუშავეთ საირიგაციო წყლის მიწოდების წესები - წესები არეგულირებს მიმწოდებლის მიერ საირიგაციო სისტემიდან გარანტირებული და საპროგნოზო წყლის მიწოდებას, მის მიღებასთან დაკავშირებულ მომსახურების პირობებსა და პროცედურებს.

მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისათვის დავნერგეთ ციფრული სერვისები. მათ შორის, *303#-ის მომსახურებით ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია კომუნალური მომსახურებების შესახებ ინფორმაციის მიღება მობილური ტელეფონის საშუალებით. დღემდე, ამ სერვისზე 5 მილიონზე მეტი ტრანზაქცია განხორციელდა.

ეტაპობრივად იზრდება მოთხოვნა იუსტიციის სახლში გადატანილ კომუნალურ მომსახურებებზე. ბოლო მონაცემებით, ამ მიმართულებით 88 368 განაცხადია დაფიქსირებული იუსტიციის სახლში. ამჟამად, ვმუშაობთ ქოლცენტრში ხელოვნური ინტელექტის დანერგვაზე. საწყის ეტაპზე ხელოვნური ინტელექტი დაინერგება ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომსახურების ნაწილში. აღნიშნული სიახლე ხელს შეუწყობს კომუნალური კომპანიების ქოლცენტრებში ლოდინის ხანგრძლივობას შემცირებას,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

11-15 მარტს ექვსი მარეგულირებელი უწყების - კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით მომხმარებელთა უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეული იმართება. კვირეულის მიზანია მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება.  

კვირეულის ფარგლებში გამართულ პირველ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის წევრებმა, მომხმარებელთა უფლებების დაცვის სექტორის წარმომადგენლებმა, ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა. საჯარო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, აკადემიური წრისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა.