... ... hotnews.ge - საზოგადოება

როგორია მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22 მარტიდან 24 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი.

უწყება ამბობს, რომ მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.

გარდა ამისა, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

საქართველოში დღეს მესაზღვრის დღე აღინიშნება

21 მარტი ქართველი მესაზღვრის დღეა. საქართველოს სახელმწიფო საზღვარს იცავს სასაზღვრო პოლიცია, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური სამსახური და სამართალდამცველი ორგანოა.

სასაზღვრო პოლიციის მისიაა, დაიცვას საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, სასაზღვრო ზოლი, სასაზღვრო ზონა და საქართველოს საზღვაო სივრცე, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, უზრუნველყოს ქვეყნისა და მოსახლეობის უსაფრთხოება.

ქართველი მესაზღვრის დღე 1999 წელს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ დააწესა.

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო საერთაშორისო დღეა

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა.

21 მარტი, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში 600-800 ახალშობილიდან, ერთი დაუნის სინდრომით იბადება. ამ დაავადების მქონე ბავშვი, შესაძლებელია ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდეს. ის არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები. სინდრომი გოგონებსა და ბიჭებში, ერთნაირი სიხშირით ვლინდება.

დაუნის სინდრომი არის ადამიანის გენეტიკური მდგომარეობა, როდესაც ყველა უჯრედში 46 ქრომოსომის ნაცვლად, 47 ქრომოსომაა. ეს მისი ბუნებრივი მდგომარეობაა, აქედან გამომდინარე, დაუნის სინდრომი დაავადება არ არის.

2006 წლის 21 მარტს, პირველად აღინიშნა დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღე. დღე და თვე შემთხვევით არ აურჩევიათ, 21-ე ქრომოსომას აღნიშნავს თარიღი, ხოლო მარტი, როგორც წელიწადის მესამე თვე ტრისომიულ მოვლენას.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება, მათ რიცხვშია საქართელოც.

21 მარტს ეს დღე საქართველოშიც აღნიშნება, ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

დაუნის საერთაშორის დღის მიზანია, საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია დაავადების შესახებ, მოხდეს დაავადებულთა უფლებების დაცვა და მათი მონაწილეობა აქტიურ ცხოვრებაში.

21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა

21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება. თარიღი საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 1993 წელს დააწესეს.

ეს დღე პირველი ქართული გაზეთის დაარსებას უკავშირდება. „ქართული გაზეთი"-ს პირველი ნომერი 1819 წლის 8 მარტს, ახალი სტილით 21 მარტს გამოიცა.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად "ცინცაბაძის ჯგუფის" საქმეებს შევისწავლით - საგამოძიებო

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად "ცინცაბაძის ჯგუფის" საქმეებს შეისწავლის. 

უწყება ამბობს, რომ სიცრუეა ზოგიერთი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციით მაჩალიკაშვილი და სხვების საქმეზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ხელახალი გამოძიების დაწყება დაევალა.

"ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, ,,ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხი განიხილა, რომელშიც სხვა საქმეებთან ერთად გაერთიანებულია გადაწყვეტილებები „მაჩალიკაშვილის და სხვების” და “ოჩიგავას“ სარჩელებთან დაკავშირებით. კომიტეტმა გასცა რეკომენდაცია, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სტრასბურგის სასამართლოს დასკვნების გათვალისწინებით, შეისწავლოს მაჩალიკაშვილისა და ოჩიგავას სისხლის სამართლის საქმეთა მასალები და ხელახალი გამოძიების ჩატარების მიზანშეწონილობის საკითხი.

შესაბამისად, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სპეციალური საგამოძიებო სამსახური მინისტრთა კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, საქმის მასალებსა და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზის საფუძველზე, ,,ცინცაბაძის ჯგუფის“ მითითებულ საქმეებთან დაკავშირებით მიიღებს სამართლებრივ და ობიექტურ გადაწყვეტილებას", - წერია განცხადებაში.

2023 წლის 19 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ საქმეზე პროცედურულ ნაწილში დაადგინა კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა. რაც შეეხება ოჩიგავას საქმეს, 2023 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2011 წელს ციხის თანამშრომლების მიერ ოჩიგავას მიმართ ჩადენილ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის (წამება) არსებით და პროცედურულ დარღვევას. 

 

ნახეთ, სად შეიზღუდება მოძრაობა 10 დღით

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობიტ, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა მიმართულება),  დაზიანებული კონსტრუქციული ნაწილის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, ამის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე 10 დღის განმავლობაში ერთ სამოძრაო ზოლზე, დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებაზე, მოძრაობა შეიზღუდება.

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ყველა ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

უწყება წერს, რომ ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

Facebook ხარვეზებით მუშაობს

Facebook ხარვეზებით მუშაობს - როგორც Downdetector-ზე მომხმარებელთა 45% წერს, მათ აპლიკაციაში შესვლის პრობლემა აქვთ, 32%-ს ხარვეზები ვებგვერდის ვერსიაში უფიქსირდება, 23% კი სოციალურ ქსელში იდენტიფიკაციის გავლას ვერ ახერებს. 

კომპანიას ამ დროისთვის ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.

ქობულეთში, კორპუსის ხარაჩოდან მუშა ჩამოვარდა

ქობულეთში, კორპუსის ხარაჩოდან მუშა ჩამოვარდა - ინფორმაციას რეგიონული გამოცემა TV25 ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა დასაქმებული ფასადის სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა. 

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. მას ჭრილობა თავის არეში აღენიშნება.  

ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი უწყებები.  ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ნორმები სამშენებლო ობიექტზე.

Silknet-დან მონაცემებმა გაჟონა - საუბარია 33 000 ადამიანის პირადობის მოწმობის ასლზე

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სატელეკომუნიკაციო კომპანია Silknet-დან დიდი მოცულობის მონაცემებმა გაჟონა. კერძოდ, მათი ცნობით, საუბარია 33 000 ადამიანის პირადობის მოწმობის ასლზე, რომლებიც ინტერნეტში არალეგალური გზით გავრცელდა.

ფორმულა დაუკავშირდა კომპანიას, თუმცა გვითხრეს, რომ საკითხთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ინფორმაციას არ ფლობენ. 

რადიო თავისუფლება წერს, რომ Silknet-დან გაჟონილი მონაცემები პლატფორმაზე, სადაც თავდაპირველად აიტვირთა, უკვე წაშლილია, თუმცა უცნობია, არსებობს თუ არა მონაცემთა ასლები.  

ფორმულას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში უთხრეს, რომ საკითხის შესწავლა დაიწყეს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ამბობენ, რომ საკითხს ორი მიმართულებით სწავლობენ: მონაცემთა უსაფრთხოების ზომების დაცვასთან დაკავშირებით და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის ინციდენტის შეტყობინების ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით.

ფორმულა დეტალების გარკვევას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ცდილობს, თუმცა უწყებაში არ გვპასუხობენ.

მონაცემთა გაჟონვა არის შემთხვევა, როცა კომპანიის შიგნით დაცული ინფორმაცია მესამე პირს კომპანიის გვერდის ავლით, ავტორიზაციის გარეშე გააქვს. ეს მონაცემები შეიძლება შეიცავდეს პერსონალურ, საკრედიტო-საფინანსო ან სხვა საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციასაც.

 

Tbilisi Open Air 2024-ის შემსრულებელთა სია ცნობილია

Tbilisi Open Air 2024-ის შემსრულებელთა სია ცნობილი გახდა. წელს სცენაზე ისეთ შემსრულებლებსa და ჯგუფებს ვიხილავთ, როგორებიცაა Aurora, M.I.A, Masego, La Femme და სხვები. ფესტივალი, 21-დან 23 ივნისამდე, ისევ ლისი Wonderland-ში გაიმართება.

უცხოელ მუსიკოსებთან ერთად, ფესტივალში მონაწილეობას ქართველი შემსრულებლებიც მიიღებენ, რომელთა შორის არიან: MokuMoku, AVARA, Killages, Loudspeakers და სხვები.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

20 მარტს ქუთაისში +12 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმს. დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5. ბათუმში დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

ფოთში დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს. ნალექიანი დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი. +11 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში თოვლიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ჭიათურაშიც წვიმს. დღე +10 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -4 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია ნალექი.

ბორჯომშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +6 იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -8 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს.

გორში დღისით +11 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გუდაურში მოთოვს, დღე +5 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +4, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.

ლაგოდეხში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით წვიმიანი ამინდი და +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით +12 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

რუსთავში დღისით +13 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.