... ... hotnews.ge - ეკონომიკა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6797 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6797 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6797 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6800 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8812 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8848 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0036 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

აბასთუმნის განვითარება 101.7 მლნ ლარზე მეტი გვიჯდება - როდის დასრულდება პროექტები

აბასთუმნის ტურისტული განვითარების პროგრამა რამდენიმე წელია მიმდინარეობს. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, 2025 წლის ზაფხულის სეზონზე აბასთუმანმა შიდა და საერთაშორისო დამსვენებლებს უნდა უმასპინძლოს.

ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, რომ 2025 წლისთვის აბასთუმნის კურორტს შეემატება 12 ახალი სასტუმრო 1 200 ნომრით. მათივე ცნობით, მოსალოდნელია, რომ აღნიშნულის შედეგად 2000-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა პროექტები განხორციელდა აბასთუმანში, რა პროექტები მიმდინარეობს და რა ღონისძიებების გატარება იგეგმება სამომავლოდ. ამასთანავე, საინტერესოა, რა გვიჯდება აბასთუმნის ტურისტული განვითარება.

როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, აბასთუმნის განვითარების ფარგლებში დაგეგმილი პროექტები 2024 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. განსახორციელებელი პროექტების ჯამური ღირებულება 101 716 954 ლარია, საიდანაც 69 556 893 ლარი უკვე გადახდილია.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ცნობით, აბასთუმანში ამ ეტაპზე მიმდინარეობს 18 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება.

„ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის ცენტრალური ნაწილის განახლების პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს როშა პარკის 18 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია“, - აღნიშნულია „ბიზნესპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილ პასუხში.

ამავე მონაცემების თანახმად, აბასთუმანში დასრულებული პროექტები და მათი ღირებულება ასე გამოიყურება:

  • 2018-2019 წლები აბასთუმანში ასტროფიზიკის ობსერვატორიის რეაბილიტაცია - ჯამური ღირებულება 4 527 341 ლარი;
  • 2018-2020 წლები აბასთუმნის ისტორიული ხის სახლების რეაბილიტაცია - 5 747 370 ლარი;
  • 2020-2021 წლები აბასთუმნის ობსერვატორიისთვის საოფისე და გარე სივრცის ავეჯის შესყიდვა - 89 160 ლარი;
  • 2020 წელი აბასთუმანში ასტროფიზიკური ობსერვატორიისთვის თოვლსაწმენდი სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვა - 189 900 ლარი;
  • 2020-2021 წლები აბასთუმნის ობსერვატორიისთვის კომპიუტერული ტექნიკის და ქსელური მოწყობილობების მიწოდება/მოწყობა - 104 228 ლარი;
  • 2020 წელი აბასთუმნის ობსერვატორიისთვის ვიდეო და აუდიო სისტემების მოწყობილობების მიწოდება/მოწყობა - 107 512 ლარი;
  • 2021-2022 წლები აბასთუმნის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიისათვის თოვლსაწმენდი მანქანისთვის დამატებითი აღჭურვილობის მიწოდება - 39 600 ლარი.

ამასთანავე, ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, აბასთუმანში ამჟამად მიმდინარეობს შემდეგ პროექტები:

  • ელექტრო ქვესადგურის აღჭურვილობის მიწოდება აბასთუმანში ახალი ელექტრო ქვესადგურის მოწყობის მიზნით: დაიწყო 2024 წლის თებერვალში, დასრულდება მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს - ჯამური ღირებულება 3 603 231 ლარი (გადახდილია 1 080 969 ლარი)
  • აბასთუმანში მწვანე და ლურჯი კორიდორის რეაბილიტაცია პროექტირება/მშენებლობა: დაიწყო 2021 წელს, დასრულდება მიმდინარე წლის მაისის ბოლოს - 45 539 288 ლარი (გადახდილია 38 815 952 ლარი);
  • აბასთუმნის ობსერვატორიის ტელესკოპის და გუმბათის მიწოდება/ინსტალაცია: დაიწყო 2022 წელს, უნდა დასრულდეს მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს - ღირებულება 8 080 687 ლარი (გადახდილია 2 367 489 ლარი).

რაც შეეხება დაგეგმილ ღონისძიებებს, მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, აბასთუმნის ობსერვატორიაში იგეგმება ასტრონომიული მულტიმედიის სივრცის მოწყობა. პროექტისთვის ჯამში განსაზღვრულია 1 მლნ ლარი.

 
ავტორი: მერი ტაბატაძე 
წყარო: ბიზნეს პრეს ნიუსი 

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა 20 მაისს გაიხსნება

აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალი - ბაქო-თბილისი-ყარსი - რეკონსტრუქციის შემდეგ დაახლოებით, ორ კვირაში გაიხსნება. აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელის როვშან რუსტამოვის თქმით, სარკინიგზო ხაზი სრული დატვირთვით 20 მაისიდან ამოქმედდება..

შეგახსენებთ, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. პროექტის ფარგლებში 98 კმ სიგრძის ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა აშენდა, საიდანაც 68 კმ თურქეთის, 30 კმ კი საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ამასთან, პროექტის ფარგლებში ახალქალაქი-თბილისის 183-კილომეტრიანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა. მაგისტრალის ქართულ ნაწილზე სამუშაოები აზერბაიჯანმა დააფინანსა, რომელმაც 775 მლნ დოლარის ოდენობით საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი მისცა.

გასულ წლის გაზაფხულზე მოდერნიზაციის გამო აღნიშნული რკინიგზის მაგისტრალზე მოძრაობა შეწყდა. მოდერნიზაციის შემდეგ ტვირთების გადაზიდვის მოცულობის ხუთჯერ ზრდაა მოსალოდნელი. ამასთან, ვარაუდობენ, რომ პირველ ეტაპზე ტვირთბრუნვა წელიწადში 6,5 მილიონ ტონას, მგზავრთა მოცულობა კი მილიონამდე ადამიანს მიაღწევს.

Georgian Wings-მა თბილისი-პრაღის მიმართულებით რეგულარული ფრენები დაიწყო

2024 წლის 7 მაისს ქართული ავიაკომპანია Geosky-ის სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-მა, თბილისი-პრაღა-თბილისის მიმართულებით პირველი საინაუგურაციო ფრენა შეასრულა.

Georgian Wings-ი პირდაპირ რეგულარულ ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, პრაღის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს 148 მგზავრზე გათვლილი ბოინგ 737-ით შეასრულებს.

საინაუგურაციო ფრენის ღონისძიებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში  ავიაკომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პეტრ კუბერნატი ესწრებოდა. მან მგზავრებთან ჩეხეთსა და საქართველოს შორის არსებულ ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

საქართველოს საელჩოს და პრაღის საერთაშორისო აეროპორტის ორგანიზებით, საინაუგურაციო ფრენის ღონისძიება ქართული ტრადიციების შესაბამისად საზეიმო ვითარებაში წარიმართა. ღონისძიებას, როგორც Georgian Wings-ის ხელმძღვანელი პირები, ასევე საქართველოს პრაღის საერთაშორისო აეროპორტის და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„Georgian Wings-ი დღეს ასრულებს პირველ რეგულარულ რეისს თბილისი-პრაღა-თბილისის მიმართულებით. აღნიშნული მიმართულების დანიშვნა განპირობებულია ბაზარზე არსებული მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე. პრაღა საქართველოში ერთ-ერთი ტურისტულად ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა და არსებული ფრენები საშუალებას მისცემს მგზავრებს, დაგეგმონ მოგზაურობა და დასვენება პირდაპირი ფრენებით“, – განაცხადა ავიაკომპანიის პრეზიდენტმა, შალვა კიკნაძემ.

მგზავრებს და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჩეხეთის რესპუბლიკაში, თეა მაისურაძემ.

,,ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან სასიხარულოა, რომ განახლდა პირდაპირი ავიამიმოსვლა თბილისსა და პრაღას შორის. დაახლოებით ხუთ წლიანი შუალედის შემდეგ ავიაკომპანია Georgian Wings-მა მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს ფრენები ამ მიმართულებით, რაც თავისთავად ძალიან კარგია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების კუთხით. ხელს შეუწყობს ტურიზმს, ეკონომიკურ ურთიერთობებს, ინვესტიციებს და მოსახლეობას შორის კიდევ უფრო დაახლოებას. მე, როგორც ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში, ძალიან მოხარული ვარ ამ ფაქტით. პოლიტიკურ განზომილებაშიც ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ჩეხეთი ნატო-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, ყოველთვის იყო და არის საქართველოს აქტიური მხარდამჭერი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, გამოცდილების გამზიარებელი, რაც ასევე მნიშვნელოვანია. მადლობა კიდევ ერთხელ ქართულ ავიაკომპანიას, რომ სწორედ ჩეხეთი განსაზღვრა ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად, რათა შესრულდეს აღნიშნული ფრენები. საკმაოდ აქტიური ეკონომიკური ურთიერთობები და სამომავლოდ, დიდი პოტენციალი აქვს ჩვენს ქვეყნებს შორი ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებას. ჩეხეთი ასევე ერთ-ერთი მთავარი ინვესტორია საქართველოში და ვფიქრობ, ამ ფრენების აღდგენა თბილისსა და პრაღას შორის კიდევ უფრო გააძლიერებს და ხელს შეუწყობს ურთიერთობებს“, – აღნიშნა ელჩმა.

ავიაკომპანია მგზავრებს მაისის განმავლობაში თბილისი-პრაღა-თბილისის მიმართულებით, ავიაბილეთებზე სპეციალურ ფასს სთავაზობს. ავიაბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია, როგორც ავიაკომპანიის ოფიციალური საიტის მეშვეობით, ასევე ტურისტულ სააგენტოებსა და ავია სალაროებში.

შეგახსენებთ, რომ Georgian Wings-ი უკვე 7 საერთაშორისო მიმართულებით ახორციელებს ფრენებს.

ინფორმაციას ქართული ავიაკომპანია Geosky ავრცელებს.

 

 

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 8 მაისისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 8 მაისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6800 ლარი ეღირება, ევრო – 2.8848 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3605 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6797 ლარი ღირდა, ევრო – 2.8777 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3636 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 8 მაისს ამოქმედდება.

პრემიერ-მინისტრი შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის და საგარეო ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შვედეთის სამეფოს საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის და საგარეო ვაჭრობის მინისტრს იოჰან ფორსელს შეხვდა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობებს, რომელმაც ხელშესახები შედეგები მოიტანა როგორც პოლიტიკურ, ისე სავაჭრო-ეკონომიკურ, თავდაცვისა და უსაფრთხოების, განათლებისა და კულტურის სფეროებში.

საუბრის ერთ-ერთი თემა იყო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. პრემიერმა აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების მიერ წელიწადში ერთხელ ფინანსური დეკლარაციების წარდგენა, რაც საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ამ გზაზე საქართველოს მთავრობის ძალისხმევას და დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას.

სემეკმა “ენერგო პრო ჯორჯია” უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის ნორმების დარღვევის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო სს “ენერგო პრო ჯორჯია” დააჯარიმა. კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 75 000 ლარის გადახდა დაეკისრა და გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად ვადა განესაზღვრა. 

სემეკის მიერ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას" დარღვეული ჰქონდა საინვესტიციო გეგმითა და გამანაწილებელ ქსელთან ახალი მომხმარებლების მიერთების მიზნით გათვალისწინებული სამუშაოების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმები, რაც წარმოადგენს სალიცენზიო პირობების დარღვევას. 

სემეკის მიერ 1-ელ მაისს, საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, სს “ენერგო პრო ჯორჯიას” მიერ ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევების განმეორებით დაფიქსირების შემთხვევაში, კომპანიის წინააღმდეგ გამოყენებული იქნება გაორმაგებული ჯარიმა.

 

ქართველმა მილიარდერმა ინგლისური საფეხბურთო გუნდი იყიდა

ქართველმა მილიარდერმა ინგლისური საფეხბურთო კლუბი იყიდა

ქართველმა მილიარდერმა მიხეილ ლომთაძემ Wycombe Wanderers-ს აქციების 90% იყიდა. კერძოდ, Feliciana EFL Ltd-მა მის მფლობელობაში არსებული აქციები მიხეილ ლომთაძის საკუთრებაში არსებულ კომპანია Blue Ocean Partners II Limited-ს გადასცა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია კლუბი ვებგვერდზე თავად ავრცელებს. ამავე ინფორმაციის თანახმად, ლომთაძე, ედუარდ ვიშნიაკოვსა და დენ რაისთან ერთად კლუბის დირექტორთა საბჭოს შეუერთდა.

„დიდი პატივია, რომ მერგო შესაძლებლობა, კლუბი წინ წავიწიო და Wycombe Wanderers-ის წარმატებული მომავლის ნაწილი ვიყო. ჩვენი მიზანია მივაღწიოთ გრძელვადიან წარმატებებს როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ, ფინანსურად მდგრადი კლუბის აშენებით. საფეხბურთო სამყარო ძალიან სწრაფად ვითარდება და ჩვენი პრიორიტეტი იქნება მონაცემთა ანალიტიკისა და ტექნოლოგიების ინტეგრირება კლუბის მუშაობის ახალ დონეზე გადასაყვანად. მე ასევე მჯერა ახალგაზრდების განვითარების - ეს იქნება კლუბის ძირითადი ხედვა“, - განაცხადა მიხეილ ლომთაძემ.

Forbes-ის 2024 წლის მილიარდერების სიის მიხედვით, 48 წლის ქართველი ბიზნესმენი, მიხეილ ლომთაძე 581-ე ადგილს  იკავებს,  მისი ქონების ღირებულება 2023 წლის შემდეგ $3.7 მილიარდიდან $5.2 მილიარდამდე გაიზარდა.

ამავე სიაში ქართული ოცნების დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი 624-ე ადგილს იკავებს, ხოლო მისი ქონების ღირებულება $4.9 მილიარდია.

ლომთაძე ყაზახური საფინანსო ტექნოლოგიური [ფინტექ] კომპანიის, Kaspi-ს მმართველი საბჭოს ხელმძღვანელი და კომპანია Kaspi Bank-ის ერთ-ერთი მფლობელია. 

2020 წლის ოქტომბერში კომპანიის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმატებით განთავსდა [IPO] და ის 6.5 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. კომპანიის აქციების საწყისი ფასი 33.7 დოლარი იყო, თუმცა ამჟამად ერთი აქციის ღირებულება $120-ია, ხოლო მისი ბაზრის მოცულობა $23.3 მილიარდს აღემატება.

Kaspi ყაზახეთის უდიდესი საფინანსო სერვისების მიმწოდებელი კომპანიაა, რომელსაც 18.5-მილიონიანი მოსახლეობიდან 7 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. 

2020 წელს Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ლომთაძემ ყაზახეთის პრეზიდენტისგან "ხალხის მადლიერების" საპატიო მედალი მიიღო. 

მიხეილ ლომთაძე ბათუმში 1975 წლის 17 ოქტომბერს დაიბადა. ბაკალავრის ხარისხი თბილისში, საქართველოს მენეჯმენტის ევროპულ სკოლაში [ESM] მიიღო, შემდეგ კი სწავლა აშშ-ში, ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში განაგრძო და 2002 წელს სწავლა MBA აკადემიური ხარისხით დაასრულა. 

მარტში საქართველოში მშენებლობა გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის მარტში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.0 პროცენტით გაიზარდა.

საქსტატის ცნობით, აღნიშნული ცვლილება ძირითადად განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 5.9 პროცენტიანი ზრდით, რამაც 0.84 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

უწყების ანგარიშის მიხედვით, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 9.1 პროცენტით. ინდექსის ზრდა უმეტესწილად გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 35.3 პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 3.4 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც, შესაბამისად, 6.65 და 1.99 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 16.2 პროცენტით.

“გაზპრომის” ზარალი რეკორდულ მაჩვენებელზეა - მიზეზი

კრემლის დაქვემდებარებაში მყოფმა ენერგოგიგანტმა 2023 წელს, 20-წლაინ შუალედში, რეკორდულად დიდი თანხა დაკარგა. უცხოური მედიის ცნობით, “გაზპრომის” ზარალი, გასულ წელს, 629 მილიარდი რუბლი, ანუ 6.38 მილიარდი ევრო იყო - ეს არის პირველი ფინანსური წლიური ზარალი, რომელიც კომპანიამ 1990-იანი წლების შემდეგ დააფიქსირა.

ფინანსური ზარალის მთავარი მიზეზი ევროპის ბაზარზე შემცირებული ვაჭრობაა. ანგარიში აჩვენებს, რომ რუსეთის ერთ-ერთი უძლიერესი კომპანია დრამატულ დაღმასვლას განიცდის. აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 წლის ზარალს წინ უძღოდა “გაზპრომის” მიერ 2022 წელს მიღებული სუფთა მოგება - 1.2 ტრილიონი რუბლი.

ცნობისთვის, მედიასააგენტო Interfax-ის ინფორმაციით, ანალიტიკოსები 2023 წელს “გაზპრომს” 447 მილიარდი რუბლის სუფთა მოგებას უწინასწარმეტყველებდნენ. თუმცა, რუსული გაზის მთავარ საექსპორტო ბაზარზე - ევროპაში - ბუნებრივი აირით მომარაგება მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც უკრაინაში წამოწყებული ომის გამო მონოპოლისტური კომპანია დასავლეთმა დაასანქცირა.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია საკუთარ საექსპორტო სტატისტიკას არ აქვეყნებს, Reuters-ის გამოთვლებით, “გაზპრომის” ბუნებრივი აირის მიწოდება ევროპაში 2023 წელს 55.6%-ით შემცირდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მოსკოვის საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციებზე ფასი 3.3%-ით დავარდა.

თურქეთში ინფლაცია 70%-მდე გაიზარდა - Euronews

თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტის ინფორმაციის, აპრილში ქვეყნის წლიური ინფლაცია 70%-მდე გაიზარდა. Euronews-ის ინფორმაციით, სამომხმარებლო ფასები ყველაზე მეტად საგანმანათლებლო, სარესტორნო და სასტუმრო სექტორებში გაიზარდა.

თურქეთის პრემიერ-მინისტრის, მეჰმედ სიმსეკის თქმით, ქვეყანაში თვიური ინფლაცია მოსალოდნელ მაჩვენებელზე, 3.18%-ზეა, მაშინ, როცა, მარტში ანალოგიური მაჩვენებელი 3.16% იყო.

მისივე თქმით, წლიური ინფლაცია პიკს მაისის თვეში მიაღწევს, რის შემდეგაც ის მკვეთრად შემცირდება.

ინფლაციასთან ბრძოლის პარალელურად, თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი მარტში 50%-მდე გაზარდა. მაშინ ბანკი თავის განცხადებაში ამბობდა, რომ, მიუხედავად სამომხმარებლო საქონლისა და ოქროს იმპორტის შემცირებისა, სხვადასხვა ფაქტორიდან ჩანს, რომ ადგილობრივი მოთხოვნა მდგრადია. მათივე თქმით, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა თურქეთში იქამდე შენარჩუნდება, ვიდრე ინფლაცია, თვიურ ჭრილში, კლების ტენდენციას არ დააფიქსირებს.

ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის სტუმრებს ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტს, მასაცუგუ ასაკავას და ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის დელეგატებს ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის მეთაურმა პრეზიდენტ ასაკავას და აზიის განვითარების ბანკის გუნდს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ღონისძიების საქართველოში ჩატარების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„ჩვენთვის დიდი პატივია აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის და ასეთი საპატიო სტუმრების მასპინძლობა საქართველოში, თბილისში. სტუმარმასპინძლობა ქართული ხასიათის მთავარი მახასიათებელია და ქართველები ხშირად ვამბობთ, რომ სტუმარი ღვთისაა. ამიტომ ვფიქრობთ, რომ თქვენ მრავალ წარმატებას მოუტანთ ჩვენ ქვეყანას.

ბედნიერი ვართ ჩვენი მეგობრობითა და თანამშრომლობით, რომელსაც ძალიან ძლიერი საფუძველი აქვს. ვიმედოვნებ, საქართველოში სასიამოვნო დროს გაატარებთ. მადლობას ვუხდი აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის ორგანიზატორებს და ამ პროცესში ჩართულ ყველა ადამიანს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშომლობას გაუსვა ხაზი ADB-ის პრეზიდენტმა. მასაცუგუ ასაკავამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ღონისძიების მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„საქართველო პირველად მასპინძლობს აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრას და დიდ მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის და ამ სასიამოვნო საღამოსთვის.

ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო წარმოადგენს ხიდს კონტინენტებს შორის, საქონლის, მომსახურებისა და ინფორმაციის გასაცვლელად.

ეს წლიური შეხვედრა მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის ქვეყნის საუკეთესო რესურსების წარმოსაჩენად და შესათავაზებლად. ეს არის დინამიური  ეკონომიკა, მდიდარი ისტორია, გასაოცარი ბუნება, თბილი და კეთილგანწყობილი ხალხი“, – განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა.

აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიურ შეხვედრაში, რომელსაც თბილისი 2-5 მაისს მასპინძლობს, 68 ქვეყნის 4 000-მდე სტუმარი მონაწილეობს.