... ... hotnews.ge - სპორტი

სამართლიანობა აღდგენილია - გიორგი მიქაუტაძეს ფრანგმა დისციპლინარებმა წითელი ბარათი გაუუქმეს

რამდენიმედღიანი კამათის შემდეგ ოფიციალურად გადაწყდა და „მეცის“ ქართველ თავდამსხმელს, გიორგი მიქაუტაძეს „რენთან“ ბოლო ტურში ნაჩვენები წითელი ბარათი გაუუქმეს, – ინფორმაციას Onefootball-ი ავრცელებს.

„საფრანგეთის პროფესიული ლიგის დისციპლინურმა კომიტეტმა გააუქმა რუდი ბუკეს გადაწყვეტილება და მიქაუტაძის წითელი ბარათი გააბათილა. გადაწყვეტილება არ არის გასაკვირი მას შემდეგ, რაც გაზეთ L’Equipe-ში გუშინ გამოქვეყნდა, რომ რუდი ბუკემ წერილი გაუგზავნა საფრანგეთის პროფესიული ლიგის სადისციპლინო კომიტეტს მიქაუტაძის წითელი ბარათის გაუქმების მოთხოვნით. ახლა ოფიციალურად ცნობილია, რომ ქართველი თავდამსხმელი კვირას „სტრასბურგის“ წინააღმდეგ თამაშს შეძლებს. მიქაუტაძეს წითელი ბარათი გააუქმეს და ყვითელი ბარათით შეუცვალეს.

გიორგი მიქაუტაძე სადისციპლინო კომიტეტმა შეიწყალა, რაც „მეცისთვის“ მთავარი უპირატესობაა ლიგა 1-ში დარჩენისთვის ბრძოლაში. გუნდი ამჟამად სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა, რაც პლეი ოფში თამაშის უფლებას იძლევა. თუ „მეცს“ ელიტაში დარჩენა სურს, „ლორიანმა“ და „კლერმონმა“ ბოლო ტურებში უნდა წააგონ.

ამდენად, მიქაუტაძის დისკვალიფიკაციის გაბათილება „მეცისთვის“ შანსია, რადგან ბოლო კვირებში გუნდის მიერ მოპოვებულ ქულებში ქართველი თავდამსხმელის წვლილი უზარმაზარი იყო. მიქაუტაძემ ბოლო ხუთ მატჩში შვიდი გოლი გაიტანა და, უდავოდ, „მეცის“ წარმატებების დიდი არქიტექტორი გახდა. შეიძლება, მისი ყოფნა ბოლო ორ მატჩში და პლეი ოფის შესაძლო დაპირისპირებაში გადამწვეტი გამოდგეს“, – წერს Onefootball-ი.

მიქაუტაძე მპაბესთან ერთად თვის საუკეთესო გოლის ნომინანტია

საფრანგეთის ლიგა 1-ის ვებგვერდმა დაიწყო გამოკითხვა აპრილის თვის საუკეთესო გოლის ასარჩევად, ნომინანტებს შორის კი გიორგი მიქაუტაძეა.

აპრილის საუკეთესო გოლისთვის, საქართველოს ნაკრების და „მეცის“ თავდამსხმელის გარდა, დასახელებულია კილიან მბაპეს (პსჟ), კრისტიან კასერესის (ტულუზა), ფარის მუმბანიას (ოლიმპიკი მარსელი) და პჟემისლავ ფრანკოვსკის (ლანსი) გოლები.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ამ პრესტიჟულ განაცხადში საფრანგეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში „ლანსის“ წინააღმდეგ „სენ-სიმფორიენის სტადიონზე“ გატანილი გოლის წყალობით მოხვდა.

ფეხბურთის მოყვარულებს შეუძლიათ, საპატიო ჯილდოს გამარჯვებულის გამოსავლენად ხმა ამ ბმულზე მისცენ. ცხადია, „მეცის“ ქართველი თავდამსხმელის მხარდამჭერებმა იციან, რა უნდა გააკეთონ.

აპრილის საუკეთესო გოლის ნომინანტმა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა და „მეცის“ ლიდერმა გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში 18 მატჩი ჩაატარა. მას უკვე 12 გოლი და 4 საგოლე პასი დაუგროვდა.

ფოდენი ინგლისში წლის ფეხბურთელი გახდა

ინგლისის ჟურნალისტთა ასოციაციის (FWA) ვერსიით, „მანჩესტერ სიტის“ გარემარბი ფილ ფოდენი წლის ფეხბურთელად დასახელდა.

FWA-ს თითქმის 900 წევრის გამოკითხვის შემდეგ ფოდენმა ხმების 42 პროცენტი მიიღო. პირველ სამეულში მოხვდნენ „არსენალის“ ნახევარმცველი დეკლან რაისი და „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი როდრი.

2023-24 წლების სეზონში ფოდენმა 48 მატჩი ჩაატარა, 24 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

FWA-ის ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი პრემიერლიგაში სამი ძირითადი ჯილდოდან ერთ-ერთია. სეზონის შედეგების მიხედვით ასევე საუკეთესოებს ასახელებენ პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაცია (PFA) და თავად ინგლისური ლიგა. გასულ სეზონში FWA-ის ვერსიით საუკეთესო გახდა „მანჩესტერ სიტის” ფორვარდი ერლინგ ჰალანდი.

„რეალი“ 36-ედ გახდა ესპანეთის ჩემპიონი

ლა ლიგის 34-ე ტურში ჩემპიონი გაირკვა – ტურნირის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე.

შაბათს „რეალმა“ შინ 3:0 დაამარცხა „კადისი“, მისმა უახლოესმა მდევარმა „ბარსელონამ“ კი სტუმრად 2:4 დათმო შეხვედრა „ჟირონასთან“. შესაბამისად, კატალონელებმა დაკარგეს „რეალის“ დაწევის შანსი.

„რეალის“ ჩემპიონობისა და ისტორიის მთავარი ციფრები:

* „რეალი“ 36-ედ გახდა ჩემპიონი. დანარჩენები ძალიან ჩამორჩენილები არიან: 27 – „ბარსელონა“, 11 – „ატლეტიკო“, სხვებს 10-ზე ნაკლები აქვთ. ბოლო 12 სეზონში „რეალმა“ ოთხჯერ მოიგო ჩემპიონობა, მაგრამ ზედიზედ ორჯერ ტიტული 2008 წლის შემდეგ არ მოუგია.

* „რეალმა“ ჩემპიონატში მხოლოდ ერთი მატჩი წააგო – „ატლეტიკოსთან“ (1:3) გასული წლის სექტემბერში. ბოლოს „რეალმა“ ერთი წაგებით სეზონი 1989 წელს დაასრულა – წააგო მხოლოდ „სელტასთან“.

* „რეალი“ შესანიშნავად თამაშობს შინ – ერთადერთია წაგების გარეშე საკუთარ მოედანზე და მხოლოდ ორ მატჩში დაკარგა ქულები (0:0 „რაიო ვალეკანოსთან“ და 1:1 „ატლეტიკოსთან“).

* სამმა ფეხბურთელმა გაიტანა სეზონში, მინიმუმ, 10 გოლი: 18 აქვს ჯუდ ბელინგემს, 13 – ვინისიუსს და 10 – როდრიგოს. „გოლი+პასი“ სისტემით ლიდერობს ბელინგემი – მას 18+4 აქვს.

* ლუკა მოდრიჩმა 25-ე ტიტული მოიგო „რეალთან“ ერთად, დანი კარვახალმა და ნაჩო ფერნანდესმა – 24-ე, ტონი კროოსმა – 21-ე.

* კარლო ანჩელოტიმ სამწვრთნელო კარიერაში 27-ე ტიტული მოიგო.

გიორგი მიქაუტაძე „მეცში“ აპრილის თვის საუკეთესო მოთამაშეა

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე „მეცის“ გულშემატკივრებმა აპრილის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„გიორგი მიქაუტაძე, რომელიც „მეცის“ ვებგვერდის მომხმარებლებმა ორჯერ უკვე აღიარეს გუნდში თვის ფეხბურთელად, ახალ ჯილდოს იღებს – Flitbix-ის მიერ წარდგენილ გამოკითხვაში ის აპრილის საუკეთესო მოთამაშედაც აირჩიეს.

მიქაუტაძე ასწრებს მატიე უდოლს, პაპა ამადუ დიალოს და ალექსანდრე ოკიჯას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ნაკრების ბრწყინვალე ფეხბურთელმა ლიგა 1-ში ექვსი გოლი გაიტანა. გილოცავთ, გიორგი!“ – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

აღსანიშნავია, რომ გიორგი მიმდინარე სეზონში ფრანგულ კლუბში მხოლოდ 5 თვეა თამაშობს და საუკეთესო ფეხბურთელად მესამედ (აგვისტოში, თებერვალსა და აპრილში) დაასახელეს. აპრილში „მეცმა“ სულ 7 გოლი გაიტანა, მათგან 6 ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზეა.

“არა ყველაფერს, რაც გვაპირისპირებს! - ხვიჩა კვარაცხელია პოსტს აქვეყნებს

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, სოციალურ ქსელში ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ეხმაურება :

"მე ყოველთვის იქ ვდგავარ და მუდამ ვიდგები სადაც ჩემი საქართველოა

ძალიან განვიცდი იმას რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება, მიჭირს ამ ყველაფრის ყურება. მინდა მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი აზრი და ვთქვა რომ ჩვენ ვიმსახურებთ ვიყოთ ევროპის ნაწილი და ამაში ხელი არაფერმა უნდა შეგვიშალოს. მინდა ყველა ისეთი ერთიანი და ბედნიერი ვიყოთ როგორც 26 მარტს! არმინდა ჩემი სიტყვები ვინმემ სასიკეთოთ გამოიყენოს, მითუმეტეს იმ ხალხმა ვინც ჩემს ყოველ ნაბიჭს აკრიტიკებდა და დამცინავად უყურებდა! მე მიყვარს თითოეული ქართველი, მე მიყვარს ჩემი საქართველო და მთელი ჩემი საქმიანობა და მიღწევებიც ჩემს ქვეყნისთვისაა, მისი წარმატებისთვის და ევროპული მომავლისთვის და ჩემი სიცოცხლის ბოლომდე ასე იქნება მწყდება გული რო დღეს სიტყვებით უფრო ვაფასებთ ადამიანის პატრიოტიზმს, ვიდრე საქციელით. არა ყველაფერს, რაც გვაპირისპირებს! კი საქართველოს წინსვლას და გამარჯვებას! მე ვარ საქართველო" - წერს კვარაცხელია.

I არხი 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის სარეკლამო დროზე აუქციონს აცხადებს

პირველი არხი 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ტრანსლაციის პერიოდში სარეკლამო დროის გაყიდვაზე აუქციონს აცხადებს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩებს საზოგადოებას ექსკლუზიურად შესთავაზებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატზე ქართული სპორტის ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენაა.

26 მარტს საქართველო – საბერძნეთს შორის გამართულ საფეხბურთო მატჩს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში წუთში საშუალოდ 1,061,767 ნახვა ჰქონდა და ბაზრის წილის 60% შეადგინა, რაც ტელეეთერის ყურების ისტორიული მაჩვენებელია. გამომდინარე იქიდან, რომ 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩების ტრანსლაციის დროს რეკლამის შესყიდვაზე კომპანიების მხრიდან დიდი მოთხოვნაა, საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც გამჭვირვალე და პასუხისმგებლიანი მედია, ყველასთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ პერიოდში სარეკლამო დროის გაყიდვაზე აუქციონს აცხადებს.

აუქციონის დეტალების ნახვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე:

https://www.eauction.ge/Home/EntityAdminView/983070

https://www.eauction.ge/Home/EntityAdminView/983059

https://www.eauction.ge/Home/EntityAdminView/982680

https://www.eauction.ge/Home/EntityAdminView/982678

https://www.eauction.ge/Home/EntityAdminView/982673

საქართველოს ნაკრები 156.9 მილიონი ღირს

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ორ თვეზე ნაკლები დარჩა და რაღა თქმა უნდა, შევეცდებით, საქართველოს ნაკრებზე მოგაწოდოთ ყველა ინფორმაცია, რომელიც კი ევროპულ სააგენტოებსა თუ პრესაში დაიწერება. მოგეხსენებათ, საქართველო ევროპის ჩემპიონატის ერთადერთი დებიუტანტია და მას გამადიდებელი შუშით აკვირდებიან. გასულ კვირას, ნაკრებების საერთო ღირებულება გამოქვეყნდა ანუ რომელი ნაკრები რა ღირს და ფეხბურთელების ფასები ცალ-ცალკე იყო ჩაშლილი. ალბათ, გაინტერესებთ, რა თანხად აფასებენ ევროპელები ქართველ ფეხბურთელებს და, შესაბამისად, ნაკრებს:

 

ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია) - 80 მილიონი ევრო;

გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი) - 35 მილიონი;

გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი) - 9 მილიონი;

ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა) - 3.5 მილიონი;

ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია) - 3 მილიონი;

საბა საზონოვი (ტორინო, იტალია) - 3 მილიონი;

გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი) - 2.5 მილიონი;

ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი) - 2.5 მილიონი;

გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა) - 2.5 მილიონი;

გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია) - 2.5 მილიონი;

საბა ლობჟანიძე (ატალანტა, აშშ) - 2.0 მილიონი;

გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი) - 1.7 მილიონი;

ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია) - 1.2 მილიონი;

გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი) - 1.0 მილიონი;

ანზორ მექვაბიშვილი (უნივერსიტატეა, რუმინეთი) - 1.0 მილიონი;

გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი) - 0.8 მილიონი;

ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი) - 0.75 მილიონი;

ლევან შენგელია (პანეტოლიკოსი, საბერძნეთი) - 0.75 მილიონი;

საბა კვირკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი) - 0.7 მილიონი;

ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია) - 0.7 მილიონი;

ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი) - 0.6 მილიონი;

ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბახი, აზერბაიჯანი) - 0.6 მილიონი;

ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი) - 0.5 მილიონი;

ჯაბა კანკავა (სლოვანი, სლოვაკეთი) - 0.3 მილიონი;

გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი) - 0.3 მილიონი;

გიორგი ლორია (დინამო თბილისი) - 0.1 მილიონი.

 

ნაკრების ჯამური ღირებულება 156.9 მილიონი ევრო გახლავთ და ალბათ, საინტერესოა, რა ღირს ჩვენი ჯგუფის სხვა ნაკრებები. პორტუგალია 1.06 მილიარდ ევროდ შეფასდა, თურქეთი - 303.4 მილიონად, საქართველოზე უკვე გითხარით - 156.9 მილიონი ევრო, ჩეხეთი - 146.6 მილიონი ევრო.

რაც შეეხება ჩვენი ჯგუფის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების ხუთეულს, ის ასე გამოიყურება:

 

კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია) - 120 მილიონი ევრო;

ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო) - 80 მილიონი ევრო;

ჰაკან ჩალჰანოღლუ (თურქეთი) - 40 მილიონი ევრო;

გიორგი მამარდაშვილი (საქართველო) - 35 მილიონი ევრო;

ტომაშ სოუჩეკი (ჩეხეთი) - 35 მილიონი ევრო.

ხავი დარჩა და კვარაცხელიას ითხოვს

კატალონიური „ბარსელონა“ წელს ტიტულის გარეშე დარჩა. გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა, ესპანეთის ჩემპიონატში კი, საუკეთესო შემთხვევაში, მეორე ადგილზე თუ გავა, რადგან პირველადგილოსან მადრიდის „რეალთან“ სხვაობა ძალიან დიდია. ორიოდე თვის წინ, „ბარსას“ ლეგენდამ და ამჟამად მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა განაცხადა, სეზონის დასრულების შემდეგ, გუნდიდან მივდივარო, მაგრამ ისე ჩანს, მას გადადგომა კლუბის პრეზიდენტმა, ხუან ლაპორტამ გადააფიქრებინა და დაპირდა, რომ მომავალი სეზონისთვის, გუნდი საკმარისად გაძლიერდება.

ჰოდა, ესპანური მედია წერს, ხავის მთავარი სამიზნე ხვიჩა კვარაცხელიაა და მის დასამატებლად, ლაპორტა ყველაფერს გააკეთებსო. ოფიციალურად, კვარას ამჟამინდელი ფასი 80 მილიონი ევროა, რაც ერთი შეხედვით, ძვირი არ არის, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ უკვე მერამდენე წელია, კატალონიელებს სერიოზული ფუნანსური კრიზისი უდგათ და ქართველის ყიდვის შემთხვევაში, ვინმეს გაყიდვა მოუწევთ.

ისე, ინგლისური პრემიერლიგის გასულ ტურში, გუნდის ლიდერ მოჰამედ სალაჰსა და მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს შორის შელაპარაკება მოხდა, რაც სერიოზული განხილვის საგანი გახდა. სეზონის ბოლოს, კლოპი „ლივერპულიდან“ მიდის და დიდი შანსია, გუნდი სალაჰმაც დატოვოს. შესაბამისად, როცა სალაჰის წასვლა ახსენეს, ჟურნალისტებმა მიანიშნეს, რომ ეგვიპტელის ადგილზე, იდეალური კანდიდატურა... ხვიჩა კვარაცხელია იქნებოდა.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე

ლაშა ბექაურმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს ლაშა ბექაურმა (90 კგ) ბრინჯაოს მედალი მიიღო. ქართველმა ძიუდოისტმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელი მურად ფატიევი დაამარცხა, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ლაშა ბექაურმა ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე კარიერაში პირველად მოიპოვა. ბექაურმა კონტინენტის პირველობაზე ოქრო 2021 წელს, ვერცხლი კი 2023 წელს მიიღო.

ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებიან.

მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ბრინჯაოს მედლები კი ლაშა შავდათუაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს მონპელიეში გამართული ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა ოთხი ვერცხლის მედლით დაასრულა.

„ნაპოლის“ ანტონიო კონტე გაწვრთნის

იტალიური ტელეკომპანია Rai იუწყება, რომ „ნაპოლიმ“ ანტონიო კონტესთან შეთანხმებას მიაღწია და ცნობილი მწვრთნელი გუნდთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

„კონტე მზად არის, „ნაპოლიში“ იმუშაოს. მხარეები სამწლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ, ფინანსური საკითხიც შეთანხმებულია, მაგრამ დეტალები ჯერ უცნობია“, – აცხადებს Rai Sport-ის ტრანსფერების სპეციალისტი ჩირო ვენერატო.

სხვა გამოცემები, მათ შორის Calcionapoli24, ვარაუდობენ, რომ ახალი მწვრთნელი ნეაპოლში სეზონში, დაახლოებით, 6,5 მილიონ ევროს მიიღებს.

„ნაპოლის“ ამ სეზონში სამი დამრიგებელი ჰყავდა: რუდი გარსია, ვალტერ მაცარი და ახლა ფრანჩესკო კალცონა, ხოლო კონტემდე განიხილებოდა ვინჩენცო იტალიონოსა და სტეფანო პიოლის კანდიდატურები, მაგრამ კონტე დე ლაურენტისის ფავორიტად დარჩა.

იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი უმუშევარია მას შემდეგ, რაც „ტოტენჰემი“ მოულოდნელად დატოვა პრემიერლიგის 2022-23 წლების სეზონის მეორე ნახევარში. ლონდონში გადასვლამდე კონტემ მოიგო ჩემპიონის ტიტული ბოლო სამ გუნდთან – მილანის „ინტერთან“, „ჩელსისა“ და „იუვენტუსთან“ ერთად.

 

"პირველი არხი"

საქართველოს ნაკრების 15 მოთამაშის სატრანსფერო ფასი 1 მილიონ ევროს აღემატება

ცნობილმა სამენეჯერო პორტალმა, Transfermarkt-მა საქართველოს ნაკრების განახლებული შეფასება გამოაქვეყნა და ცნობილი გახდა, რომ „ჯვაროსნების“ შემადგენლობის 15 წევრის სატრანსფერო ფასი ერთ მილიონ ევროს აღემატება.

ნაკრების ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიაა (80 მილიონი ევრო).

საქართველოს ნაკრები:

საშუალო ასაკი: 26.8 წელი

ლეგიონერები: 24 (92.3%)

ფიფა-ს რეიტინგი: 75

ნაკრების ჯამური საბაზრო ღირებულება: 156,50 მილიონი ევრო

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე დებიუტანტია, მაგრამ F ჯგუფში ყველაზე დაბალი შეფასება არ აქვს.

პორტუგალია: 1,06 მილიარდი ევრო

თურქეთი: 303,45 მილიონი ევრო

საქართველო: 156,50 მილიონი ევრო

ჩეხეთი: 146,65 მილიონი ევრო