... ... hotnews.ge - მსოფლიო

შოტლანდიის მთავრობას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

შოტლანდიის მთავრობას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ქვეყნის პირველი მინისტრის პოსტზე პარლამენტმა ჯონ სუინი აირჩია.

პოლიტიკოსი შოტლანდიის სრულ დამოუკიდებლობას ემხრობა და მიიჩნევს, რომ დიდი ბრიტანეთის შემადგენლობიდან გასვლა ეტაპობრივად, ყოველგვარი ხისტი მოქმედებების გარეშე უნდა მოხდეს.

ახლად არჩეული მინისტრი, მოვალეობის შესრულებას დღეიდან, ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ შეუდგება.

ზელენსკის მკვლელობა აღკვეთეს, დაკავებულია სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ორი პოლკოვნიკი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ქვეყნის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის და ქვეყნის სხვა ხელმძღვანელების მკვლელობის გეგმა გახსნეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, უკრაინული მხარე თავდასხმის მომზადებაში რუსეთის ხელისუფლებას ადანაშაულებს. უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ზელენსკისთან ერთად უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის კირილ ბუდანოვისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ივან მალიუკის მკვლელობა იგეგმებოდა.

ოპერაციის ფარგლებში დაკავებულია უკრაინის სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ორი პოლკოვნიკი, რომლებიც პრეზიდენტის უსაფრთხოებაზე აგებდნენ პასუხს.

უსაფრთხოების სამსახურში განმარტავენ, რომ „ეფ ეს ბეს“ აგენტების ქსელის ერთ-ერთი დავალება პრეზიდენტის დაცვასთან მიახლოებულ სამხედროებს შორის ისეთი შემსრულებლების პოვნა იყო, ვისაც შეეძლო ზელენსკის ჯერ მძევლად აყვანა, შემდეგ კი მოკვლა. მათივე ცნობით, ბუდანოვის მკვლელობა აღდგომამდე იგეგმებოდა. არსებული ინფორმაციით, იგეგმებოდა სარაკეტო დარტყმა იმ შენობაზე, სადაც ბუდანოვი უნდა ყოფილიყო.

რუსეთის მთავრობას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

გერმანიის კანცლერს მოუწოდებენ, ქვეყანაში შაურმების ფასი დაარეგულიროს

გერმანიის კანცლერს მოუწოდებენ, შაურმების ფასი დაარეგულიროს. როგორც ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ წერს, გერმანიის მოქალაქეები სულ უფრო მეტად არიან უკმაყოფილო სწრაფი კვების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ფართოდ გავრცელებული საჭმელის გაძვირებით.

გერმანიის კანცლერს შაურმების ფასის მატების შესახებ იმდენად ხშირად ეკითხებიან, რომ მთავრობამ სოციალური მედიით სპეციალური განცხადებაც კი გაავრცელა, სადაც მოქალაქეებს განუმარტა, რომ შაურმის გაძვირება ნაწილობრივ ხელფასების ზრდას და ენერგომატარებლების ფასის მატებას უკავშირდება.

ამ ფონზე გერმანელი მემარცხენე პარტიის წევრები გამოდიან ინიციატივით, რომ შაურმებზე ზღვრული ფასი დაწესდეს. შესაბამისი ინიციატივით პარტია პარლამენტისთვის მიმართვას აპირებს.

როგორც მემარცხენეები ამბობენ, გერმანიაში შაურმის ფასი ორი წლის წინ 4 ევრო იყო, ხოლო წელს ის 10 ევროა. მათი ინიციატივით, შაურმის ზღვრული ფასი 4,90 ევრო უნდა იყოს, ხოლო ახალგაზრდებისა და დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის 2,90 ევრო უნდა ღირდეს. მათივე რეკომენდაციაა, რომ მოქალაქეებს შაურმის შესაძენად ვაუჩერები გადაეცეს.

„გარდიანის“ ცნობით, შაურმის გაყიდვები გერმანიაში წელიწადში დაახლოებით 7 მილიარდ ევროს აღწევს. ყოველ წელს ქვეყანაში 1,3 მილიარდი შაურმა იყიდება. მემარცხენეთა გათვლით, შაურმის ფასების სახელმწიფო სუბსიდიით დარეგულირება გერმანიას წელიწადში 4 მილიარდი ევრო დაუჯდება.

როგორც „გარდიანი“ წერს, გერმანიის კანცლერი ფასების დარეგულირების წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს, რომ ასეთი მიდგომა თავისუფალი ბაზრის პირობებში არ იმუშავებს.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ სოციალურ მედიაში ზოგიერთი ახალ კანცლერად ანგელა მერკელის დაბრუნებას ითხოვს, რადგან „ის შაურმის ფასს კარგად აკონტროლებდა“.

სი ძინპინი სერბეთში ჩავიდა

სი ძინპინი საფრანგეთიდან სერბეთში ჩავიდა.

სერბეთის აეროპორტში მას ქვეყნის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი და მთავრობის წარმომადგენლები დახვდნენ.

სი ძინპინის ბელგრადში ვიზიტი, ნატო-ს მიერ ბელგარდში ჩინეთის საელჩოს დაბომბვის 25-ე წლისთავს ეძღვნება. ამ დაბომბვის დროს სამი ჩინელი ჟურნალისტი დაიღუპა.

შეგახსენებთ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩინეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია ევროპაში. სი ძინპინი ბელგარდიდან უნგრეთში მიემგზავრება.

კიშინეუს სააპელაციო სასამართლოს ოცმა მოსამართლემ თანამდებობა დატოვა

კიშინეუს სააპელაციო სასამართლოს ოცმა მოსამართლემ, რომელმაც ე.წ. ვეტინგის პროცედურაში მონაწილეობაზე უარი თქვა, თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ მოლდოვური მედია ავრცელებს.

12 აპრილს ვეტინგის კომისიამ კიშინეუს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა პროფესიული ეთიკისა და კეთილსინდისიერების შეფასების დაწყება გამოაცხადა.

კომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ექსპერტები 40 მოსამართლეს შეამოწმებენ.

მოსამართლეებმა უნდა შეავსონ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შემოსავლების შესახებ ანგარიში და მიაწოდონ ახლო ნათესავების სია, რომლებიც მუშაობენ სასამართლო სისტემაში ან საჯარო თანამდებობა უკავიათ.

გარდა ამისა, მოსამართლეებმა უნდა შეავსონ პროფესიული ეთიკის კითხვარი.

პუტინის ინაუგურაციამდე 1 დღით ადრე, გერმანიამ რუსეთიდან ელჩი გაიწვია

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციამდე 1 დღით ადრე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში გერმანიის ელჩი ალექსანდრ გრაფ ლამბსდორფი კონსულტაციებისთვის ქვეყნიდან გაიწვია. ის გერმანიაში 1 კვირის განმავლობაში იქნება, შესაბამისად, ვერ დაესწრება ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციას.

გადაწყვეტილება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მას შემდეგ მიიღო, ბერლინმა მოსკოვი ჰაკერულ თავდასხმების წარმოებაში დაადანაშაულა.

გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის მონაცემებზე ჰაკერული შეტევის განხორციელებაში ბერლინმა რუსეთი 3 მაისს დაადანაშაულა. საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ამბობდა, რომ მოსკოვის ნაბიჯები "მიუღებელია და არ დარჩება უშედეგოდ".

ბერლინის ბრალდებებს მოსკოვი უარყოფს.

ხვალ, 7 მაისს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია გაიმართება. ღონისძიებაზე მოსაწვევები მიიღეს ევროკავშირის წარმომადგენლებმა. მონაწილეობაზე უარი ღიად თქვეს ბალტიის ქვეყნებმა, ჩეხეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ.

 

„ჰამასმა“ განაცხადა, რომ გადაწყვიტა, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას - მედია

ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ ორშაბათს საღამოს განაცხადა, რომ გადაწყვიტა, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას.

ტერორისტული ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ჰამასის“ ლიდერი ისმაილ ჰანია ესაუბრა კატარის პრემიერ-მინისტრსა და ეგვიპტის დაზვერვის ხელმძღვანელს და აცნობა მათ „ჰამასის“ თანხმობის შესახებ ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე“.

განცხადებაში არ არის ნათქვამი, თუ რა პირობებზეა საუბარი.

გერმანია მტკიცედ დგას ბალტიისპირეთის ქვეყნების გვერდით - ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, გერმანია დაიცავს ბალტიისპირეთის მოკავშირეებს. შოლცის თქმით, ლიეტუვაში მუდმივად დისლოცირებული ბრიგადის შექმნა 2027 წლის ბოლომდე დასრულდება.

„გერმანია მტკიცედ დგას ბალტიისპირეთის ქვეყნების გვერდით. ჩვენ ერთმანეთის ერთგულნი ვართ, ეს არის ნატოს ფარგლებში არსებული შეთანხმების ნაწილი. და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ერთმანეთს ვიცავთ და ყველა სახელმწიფოს შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს მათი ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრის დაცვაში“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

ევროპასა და ჩინეთს მშვიდობისა და უსაფრთხოების საერთო ინტერესი აქვთ - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროპასა და ჩინეთს მშვიდობისა და უსაფრთხოების საერთო ინტერესი აქვთ, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან გამართული შეხვედრის შემდეგ:

„[საფრანგეთის] პრეზიდენტ მაკრონთან ერთად, პირველი თემა, რომელზეც აზრები გავცვალეთ, იყო გეოპოლიტიკური სიტუაცია. ჩვენ განსაკუთრებით განვიხილეთ უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტები. ჩვენ ვეთანხმებით, რომ ევროპასა და ჩინეთს მშვიდობისა და უსაფრთხოების საერთო ინტერესი აქვთ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩინეთი გამოიყენებს თავის გავლენას რუსეთზე, რათა დაასრულოს რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. ჩინეთის პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკის დეესკალაციაში და დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი სი გააგრძელებს ამას

ჩვენ ასევე განვიხილეთ ჩინეთის ვალდებულება არ მიაწოდოს რუსეთს ლეტალური აღჭურვილობა. მეტი ძალისხმევაა საჭირო რუსეთში ორმაგი დანიშნულების საქონლის მიწოდების შესამცირებლად, რომელიც ბრძოლის ველზე ხვდება. და თუ გავითვალისწინებთ ამ ომიდან მომდინარე საფრთხეების ეგზისტენციალურ ბუნებას როგორც უკრაინისთვის, ასევე ევროპისთვის, ეს გავლენას ახდენს ევროკავშირისა და ჩინეთის ურთიერთობებზე“

ღაზაში ომის დასრულება „ჰამასს“ ძალაუფლებას შეუნარჩუნებს, რაც ისრაელის მხრიდან კაპიტულაცია იქნება - ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ღაზაში ომის დასრულება „ჰამასს“ ძალაუფლებას შეუნარჩუნებს, რაც ისრაელის მხრიდან კაპიტულაცია იქნება.ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი მზადაა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ცეცხლი შეწყვიტოს, თუმცა „ჰამასი“ საკუთარ პირობებს აყენებს, რაც ისრაელისთვის სრულად მიუღებელია.

„ჰამასია“ ის, ვინც ხელს უშლის მძევლების გათავისუფლებას. ჩვენ ვმუშაობთ მძევლების გათავისუფლების ყველა შესაძლო გზაზე, ეს ჩვენი პრიორიტეტია. ისრაელი იყო და კვლავ არის მზად ცეცხლის შეწყვეტისთვის მძევლების გასათავისუფლებლად, მაგრამ „ჰამასი“ კვლავ რჩება თავის მკაცრ პოზიციაზე, რომ გავიყვანოთ ჩვენი ძალები, დასრულდეს ომი და ხელუხლებელი დავტოვოთ „ჰამასი“. ისრაელს არ სურს ამის მიღება. „ჰამასის“ მოთხოვნებისადმი კაპიტულაცია იქნება ისრაელის სახელმწიფოს საშინელი დამარცხება. ეს იქნება „ჰამასის“, ირანის და მთელი ბოროტების დიდი გამარჯვება. ეს იქნება საშინელი სისუსტის დემონსტრირება, როგორც ჩვენი მეგობრების, ასევე ჩვენი მტრების მიმართ“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ჩინეთის პრეზიდენტი საფრანგეთში ჩავიდა

ჩინეთის პრეზიდენტი საფრანგეთში ჩავიდა. პარიზში ის ემანუელ მაკრონს შეხვდება. ფრანგული მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტი შეეცდება დაარწმუნოს ჩინეთის ლიდერი, უკრაინის საკითხზე რუსეთის მიმართ ზეწოლა გააძლიეროს.

მაკრონის გარდა, სი ძინპინი მოლაპარაკებას ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთანაც გამართავს. საფრანგეთის შემდეგ ის სერბეთსა და უნგრეთს ეწვევა.

რუსეთის შსს-მ ვოლოდიმირ ზელენსკიზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვოლოდიმირ ზელენსკიზე ძებნა გამოაცხადა.

როგორც უკრაინული მედია წერს, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაში აღნიშნულია, რომ უკრაინის პრეზიდენტზე ძებნა სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით გამოცხადდა, თუმცა კონკრეტულად რომელი მუხლით, დაზუსტებული არ არის.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილთა ბაზაში ასევე შეყვანილია უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც.

რუსეთს არაერთ ყოფილ და მოქმედ უკრაინელ მაღალჩინოსანზე აქვს ძებნა გამოცხადებული, მათ შორის უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამმართველოს უფროსზე, კირილ ბუდანოვზე, უკრაინის ფინანსთა ყოფილ მინისტრზე, ალექსანდრე შალაპაკზე და უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანზე, ალექსანდრე ლიტვინენკოზე.