... ... hotnews.ge - კრიმინალი

პროკურატურამ ლადო აფხაზავას მიმართ ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ ლადო აფხაზავასა და კიდევ ერთ პირზე განხორციელებულ თავდასხმაზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„საქართველოს პროკურატურამ ორი პირის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე კ.ფ.-ს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 5 მაისს, ქალაქ ლანჩხუთში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა კ.ფ.-მ მეზობლად მცხოვრები ორი პირის მიმართ ფიზიკურად იძალადა, კერძოდ, ორივე მათგანს სახის არეში ხელი დაარტყა.

კ.ფ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარედგინა, რაც ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

კავთისხევში მდინარემ მანქანა გაიტაცა , არის მსხვერპლი

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში ადიდებულმა მდინარემ მანქანა გაიტაცა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად ერთი მამაკაცი გარდაიცვალა. მანქანის მძღოლს, 35წლამდე მამაკაცს კი მაშველები ამ დრომდე ეძებენ. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური .

„ჩემი ინფორმაციით, ერთი ადამიანი მაშველებმა ცოცხალი ამოიყვანეს და მისი გადარჩენა მოხერხდა. ერთი გარდაიცვალა. ახლა მაშველები ეძებენ მანქანის მძღოლს, რომელიც წყალმა გაიტაცა. მანქანაში მჯდომი სამივე პირი ადგილობრივია, კავთისხეველები არიან”, – განაცხადა კასპის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა, მიხეილ კელაპტრიშვილმა.

როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამაშველო ოპერაცია გრძელდება, ადგილზე იმყოფება ცოცხალი ძალა და მიმდინარეობს ტერიტორიის მონიტორინგი და დრონებით დათვალიერება.

შემზარავ ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

კახეთში 34 წლის მამაკაცს ავტომობილი შეეჯახა, ის ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბანთან მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულე მამაკაცს გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მერსედესის მარკის ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად მიღებული ტრავმებით, ქვეითი დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

საგამოძიებომ ფორმულას გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დღეს, შვედეთის საელჩოსთან ფორმულას გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელის შეშლის ფაქტზე დაიწყო.

შვედეთის საელჩოსთან IDFI-ის დირექტორ გიორგი კლდიაშვილს, ფორმულას მძღოლსა და ოპერატორს უცნობი პირი თავს დაესხა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მათზე თავდამსხმელი რეზო ვაშაყმაძეა. 

ის შვედეთის საელჩოსთან კლდიაშვილს, ფორმულას მძღოლსა და ოპერატორს თავს მაშინ დაესხა, როდესაც კლდიაშვილი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა.

ვაშაყმაძემ კლდიაშვილს, ფორმულას მძღოლსა და ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ის მანქანით იმყოფებოდა და ხელში მინის ბოთლი ეჭირა. ვაშაყმაძე ჟურნალისტებს სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდა.

"ფორმულას" გადამღებ ჯგუფსა და IDFI-ის დირექტორს თავს დაესხნენ

შვედეთის საელჩოსთან ფორმულას გადამღებ ჯგუფსა და IDFI-ის დირექტორს, გიორგი კლდიაშვილს თავს დაესხნენ.  

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც კლდიაშვილი მედიასთან კომენტარს აკეთებდა. უცნობმა პირმა კლდიაშვილს და ფორმულას მძღოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

თავდამსხმელი მანქანით იმყოფებოდა და მას ხელში მინის ბოთლი ეჭირა.

ფოტო: მთავარი არხი

სვანეთში მდინარე ნაკრაში დაკარგული ერთ-ერთი მოზარდის ცხედარი იპოვეს

სვანეთში მაშველებმა მდინარე ნაკრაში დაკარგული მოზარდის ცხედარი იპოვეს, ინფორმაცია ამის შესახებ ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უდასტურებენ.

ცნობილია, რომ მაშველებმა, სამ-დღიანი ძებნის შემდეგ, სკოლის მოსწავლის ცხედარი მდინარე ენგურთან იპოვეს.

ამ დრომდე გრძელდება ორი დაკარგული მოზარდის სამძებრო სამუშაოები.

ავტოსაგზაო შემთხვევა 2 მაისს, სოფელ ნაკრასთან მოხდა. სკოლის მოსწავლეები ჭუბერიდან ბრუნდებოდნენ. სამივე დაკარგული ერთმანეთის ნათესავია.

სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს ენგურშიც, რომელსაც მდინარე ნაკრა უერთდება. ორივე მდინარე ადიდებულია, რაც სკოლის მოსწავლეების სამძებრო სამუშაოებს ართულებს.  

სვანეთში, მდინარეში ნაკრასში სამი არასრულწლოვანი გადავარდა

 

 
 

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი წლის ბავშვი ემსხვერპლა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი გარდაიცვალა, ხოლო ოთხი დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

შემთხვევა ბაგრატიონის ქუჩაზე მოხდა. ერთმანეთს რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 4 წლის ბავშვი, რომელიც ტაქსიში დედასთან ერთად იმყოფებოდა.

ავარია ქუთაისი-სამტრედიის გზაზე - დაშავებულია 4 ადამიანი

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ორი სატრანსპორტო საშუალების შეჯახების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.

ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის, მეორე ნაწილით დაიწყო.

სვანეთში, მდინარეში ნაკრასში სამი არასრულწლოვანი გადავარდა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრას მონაკვეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მანქანა მოცურდა და მდინარეში გადავარდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

მაშველები სამივე მათგანს ამ დრომდე, მდინარე ენგურში ეძებენ. ნაპოვნია ავტომობილი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

როგორც ცნობილია, სამივე ახალგაზრდა სკოლის მოსწავლეა.

"ლილო მოლის" ბაზრობაზე შეკვეთით განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

გენერალური პროკურატურის განცხადებით, საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და "ლილო მოლის" ტერიტორიაზე მომხდარი შეკვეთით განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. 

უწყების ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. შემთხვევა 2023 წლის 3 აგვისტოს მოხდა. 

"სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მსჯავრდებულმა საზღვარგარეთ მყოფი პირისგან, რომელიც ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების სახელით „ლილო მოლის“ მოვაჭრეებს თანხას სძალავდა, მიიღო დაზარალებულის მოკვლის შეკვეთა, რადგან ეს უკანასკნელი თანხის გადახდაზე უარს აცხადებდა. მსჯავრდებულმა მკვლელობისთვის ცეცხლსასროლი იარაღი და თანხა დამკვეთის მეგობრის საშუალებით მიიღო.

2023 წლის 3 აგვისტოს მსჯავრდებულმა დაკვეთის შესასრულებლად, “ლილო მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაზარალებულს, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში ორი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული 17 აგვისტოს გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა შეკვეთით) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - წერია განცხადებაში.

"ლილო მოლის" ტერიტორიაზე მომხდარი შეკვეთით განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს აქვს წარდგენილი, ერთ პირს შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის, ხოლო მეორეს შეკვეთით განზრახ მკვლელობაში დახმარების მუხლებით. თბილისის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეების არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

ფსიქოტროპული წამლების უნებართვოდ რეალიზაცია - დაკავებულია 2 პირი

უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე ორი ადამიანი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულები, მათი კუთვნილი სილამაზის სალონიდან და ტანსაცმლის მაღაზიიდან, შესაბამისი ნებართვისა და რეცეპტის გარეშე, ეწეოდნენ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციას.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი ამოიღეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შიდა ქართლის რეგიონში მდებარე მათი კუთვნილი სილამაზის სალონიდან და ტანსაცმლის მაღაზიიდან, შესაბამისი ნებართვისა და რეცეპტის გარეშე, ახორციელებდნენ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციას.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით“, - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავებულია აქციის 63 მონაწილე - შსს-ს განცხადება

გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობების მიმდებარე ტერიტორიებზე განვითარებული მოვლენების შესახებ.

2024 წლის 30 აპრილს, აქციის მონაწილეებმა, დაახლოებით დილის 11:00 საათიდან დაიწყეს შეკრება პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან, სადაც მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა აქცია.

სამართალდამცველები, როგორც ყველა შეკრებისა და მანიფესტაციის დროს, ადგილზე იმყოფებოდნენ და იცავდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და მოქალაქეების უსაფრთხოებას.

დღის მეორე ნახევარში, დაახლოებით 18:00 საათიდან, აქცია პარალელურად დაიწყო პარლამენტის შენობის წინ რუსთაველის გამზირზე, სადაც აქციის მონაწილეებმა განათავსეს სცენა. აქციას სხვადასხვა ადგილიდან მსვლელობით შეუერთდნენ მოქალაქეები, პოლიციამ უზრუნველყო მათი მშვიდობიანი გადაადგილება ასევე, საჭიროებისამებრ რუსთაველის გამზირზე შეიზღუდა საავტომობილო მოძრაობა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აქციის პარალელურად საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი, მათ შორის, იმართებოდა პლენარული სხდომა.

ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, მთელი დღის განმავლობაში ჰქონდათ შესაძლებლობა, მშვიდ ვითარებაში გამოეხატათ საკუთარი პროტესტი, თუმცა დღის ბოლოს დაახლოებით 21:00 საათზე, მას შემდეგ, რაც პლენარული სხდომა მიუახლოვდა დასასრულს, აქციის მონაწილეებმა მოახდინეს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება, რაც გამოიხატა იმაში, რომ პოლიტიკური ლიდერები და აქციის მონაწილეები განთავსდნენ ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე მდებარე შენობის გამოსასვლელებთან.

ისინი ხელოვნურად ბლოკავდნენ გამოსასვლელებს და აცხადებდნენ, რომ არ მისცემდნენ პარლამენტის წევრებს საკანონმდებლო ორგანოს შენობის დატოვების შესაძლებლობას.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირება და მათი საქმიანობის შეფერხება. მიუხედავად პოლიციის მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებებისა, რომ არ მოეხდინათ ადმინისტრაციული შენობის ბლოკირება და პროტესტის გამოხატვა გაეგრძელებინათ კანონით დადგენილ ფარგლებში, აქციის ორგანიზატორები არ დაემორჩილნენ სამართალდამცველთა მითითებებს და განაგრძობდნენ შესასვლელების განზრახ ბლოკირებას, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, პოლიციამ უზრუნველყო პარლამენტის შენობის გამოსასვლელის გათავისუფლება და ადგილზე პოლიციის კორდონის განთავსება, რათა პარლამენტის წევრებსა და თანამშრომლებს უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონოდათ.

პოლიციამ უზრუნველყო დეპუტატების უსაფრთხო გაყვანა, ამასთან, აქციის მონაწილეებს სრულად ჰქონდათ შესაძლებლობა კანონის ფარგლებში, მშვიდობიანად გაეგრძელებინათ პროტესტის გამოხატვა. მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეებს საშუალება ჰქონდა მშვიდობიანად გამოეხატათ საკუთარი პროტესტი რუსთაველის გამზირზე და პარლამენტის უკანა შესასვლელთან, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ თავდასხმებს პოლიციელებზე და ცდილობდნენ კორდონების გარღვევას.

საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ აქციამ სრულად მიიღო ძალადობრივი ხასიათი.

ყველამ კარგად ვნახეთ, როგორ უპირისპირდებოდნენ აქციის მონაწილეები პოლიციელებს. ისინი მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, სამართალდამცველების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა მძიმე საგნებს, მათ შორის ქვებს, ბოთლებს.

ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზიანებები მიიღო ექვსმა პოლიციელმა, რომლებიც შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, გადაყვანილები არიან კლინიკებში.

საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენისა და სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, სათანადო გაფრთხილების შემდგომ, დაახლოებით, 22:15 საათზე, პოლიციამ თანმიმდევრულად დაიწყო „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებების გამოყენება, კერძოდ, ე.წ. წიწაკის სპრეის, ცრემლსადენი გაზის და წყლის ჭავლის.

სამართალდამცველების მიერ, სპეციალური საშუალების, წიწაკის სპრეის გამოყენების შემდეგ, ვითარება მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა, თუმცა, აქციის მონაწილეთა ქმედებები მალევე გადაიზარდა კვლავ ძალადობაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების, ასევე, ადგილზე სპეციალური ხმოვანი საშუალებით აქციის მონაწილეთა გაფრთხილების შემდგომ, დაახლოებით 23:40 საათზე, კანონსაწინააღმდეგო ქმედებების აღკვეთისა და მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვა სპეციალური საშუალებებთან ერთად გამოიყენეს წყლის ჭავლი.

რუსთაველის გამზირზე და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიებზე ძალადობრივი ქმედებები, რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა, რის გამოც სპეციალური საშუალების გამოყენება პოლიციას არაერთხელ მოუხდა. აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში, არაერთხელ გახდნენ აგრესიულები სამართალდამცველების მიმართ, მათ პოლიციის მისამართით სშირად ისროლეს სხვადასხვა ნივთებს და საგნებს, მოახდინეს რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვა სხვადასხვა კონსტრუქციების გამოყენებით და დააზიანეს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურა.

საზოგადოებამ კარგად ნახა, და ეს სხვადასხვა არხების პირდაპირ ეთერებშიც კარგად ჩანდა, რომ არა მხოლოდ აქციის მონაწილეების, არამედ ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც მუდმივად სჩადიოდნენ ძალადობრივ ქმედებებს. კადრებშიც კარგად ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის ქმედება, როდესაც ის პოლიციელებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია მათ წინააღმდეგობა, რა დროსაც მიიღო სხეულის დაზიანება.

ლევან ხაბეიშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ საჭირო საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის პარალელურად, აქციის მონაწილეებმა დაახლოებით 00:30 საათისთვის თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე გადაინაცვლეს და მიუხედავად მათი მცირე რაოდენობისა ხელოვნურად, საგნებისა და ტექნიკისა და სხვადასხვა კონსტრუქციის გამოყენებით რამდენიმე საათით ჩაკეტეს თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე, კერძოდ, მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე მოძრაობა.

აქციის მონაწილეები გამოხატავდნენ აგრესიას ავტომობილების მძღოლების მიმართ, მათ ასევე დააზიანეს კერძო პირების ავტომობილები. რუსთაველის გამზირზე დაახლოებით 04:30 საათიდან საპოლიციო დანაყოფებმა სრულად გაათავისუფლეს რუსთაველის გამზირი და პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ დაუშვებელია სამართალდამცველების შეურაცხყოფა, მათზე თავდასხმა და ნებისმიერი სახის ძალადობა, ყველა ასეთ ფაქტზე სამინისტროს ექნება შესაბამისი რეაგირება.

ასევე, დაუშვებელია საავტომობილო გზების პარალიზება. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ საავტომობილო გზებზე განზრახ შექმნან დაბრკოლებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად 63 პირი დააკავეს.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად, სხვადასხვა მძიმე დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვსმა თანამშრომელმა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.