... ... hotnews.ge - პოლიტიკა

რაც არ უნდა მიუღებელი იყოს განსხვავებული აზრი, მოქალაქეებთან ფიზიკური ანგარიშსწორება წარმოადგენს დანაშაულებრივ ქმედებას - სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი აპარატი 8 მაისს ცალკეული მოქალაქეების მიმართ განხორციელებულ თავდასხმებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

„სახალხო დამცველი ხაზგასმით შეახსენებს ყველას, რომ რაც არ უნდა მიუღებელი იყოს განსხვავებული და კრიტიკული აზრი, ადამიანების დევნა, მათი ოჯახის წევრების, არასრულწლოვანი შვილების დაშინება, მოქალაქეებთან ფიზიკური ანგარიშსწორება წარმოადგენს დანაშაულებრივ ქმედებას, რაც შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოებისგან მოითხოვს მყისიერ და ეფექტურ რეაგირებას. მნიშვნელოვანია ყოველ ასეთ ძალადობას სახელმწიფოს მხრიდან გაეცეს მკაცრი და სათანადო პასუხი და ასეთმა შემთხვევებმა არ მიიღოს მასობრივი ორგანიზებული დევნისა და ძალადობის სახე, რაც შეუთავსებელია ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდეს სამართალდამცავ ორგანოებს მოახდინონ მყისიერი რეაგირება და განხორციელებულ ღონისძიებებზე ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას“

არჩევნები უნდა ჩაატაროს დროებითმა მთავრობამ... - მიხეილ სააკაშვილის განცხადება

შეცდომა იქნება არჩევნებზე ზედმეტი იმედების დამყარება, არჩევნებს თუ ივანიშვილი ჩაატარებს, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი გადაყლაპავს საქართველოს, არჩევნები უნდა ჩაატაროს დროებითმა მთავრობამ, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი წერს:

„ამ რთულ დღეებში საჭიროა შემდეგი მომენტების გათვალისწინება: შეცდომა იქნება არჩევნებზე ზედმეტი იმედების დამყარება, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც 29 აპრილს ივანიშვილმა მათი გაყალბება დააანონსა. არჩევნებს თუ ივანიშვილი ჩაატარებს, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი გადაყლაპავს საქართველოს. არჩევნები უნდა ჩაატაროს დროებითმა (გარდამავალმა, ტექნიკურმა) მთავრობამ. შემოდგომაზე არჩევნებია აშშ-ში და საქართველოსთვის აღარავის ეცლება. ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში ივანიშვილს აქვს იმედი, რომ ის მოუხსნის მას სანქციებს, თუ კიდევაც სახ. დეპარტამენტი მანამდე მას დაასანქცირებს.

რუსეთი უფრო სუსტია მოკლე დისტანციაზე, მას აბნევს და აშინებს მოულოდნელობა, სპონტანურად შექმნილი ვითარება, ისეთი, ჩვენთან რომ არის ახლა. გრძელ დისტანციაზე, სხვადასხვა ხერხის გამოყენებით, ინფორმაციის გაყალბებით, ადამიანების მოსყიდვით რუსეთი ძალას იკრებს და მისი გამარჯვების შანსი იზრდება. ჩვენთვის ეს წაგებულ თამაშში შესვლაა. არ უნდა მივცეთ ეს შანსი რუსეთს.

თავის დროზე იანუკოვიჩმა დასავლეთს მიმართა თხოვნით, მიეცათ მისთვის არჩევნების ექვსი თვით გადავადების უფლება. დასავლეთი დათანხმდა, დათანხმდა უკრაინის ხელისუფლებაც. ერთადერთი, ვინც არ დათანხმდა, იყო აჯანყებული მაიდანი და შედეგად იანუკოვიჩი გაიქცა. ასე რომ არ მომხდარიყო, უკრაინა დიდი ხნის უკან, იმ ექვს თვეში, გადაყლაპული ექნებოდა პუტინს. აუცილებელია ყველა ამ პროცესმა მშვიდობიანად ჩაიაროს. ხალხს დიდი ძალა აქვს“

წარმატებული ადამიანების მიმართ მიმდინარეობს მიზანმიმართული ბულინგი, შეურაცხყოფა, ძალადობა...- კახა კალაძე

წარმატებული ადამიანების მიმართ მიმდინარეობს მიზანმიმართული ბულინგი, შეურაცხყოფა, ძალადობა, ეს დასაგმობი და კატეგორიულად მიუღებელია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარშ განაცხადა.

„ჩვენ ვნახეთ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ გაკეთებული განცხადებები, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ. ხვიჩა არის ჩვენი საამაყო ადამიანი, ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ამომავალი ვარსკვლავი. ზოგადად, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების მიმართ ეს დამოკიდებულება და განცხადებები, როგორი მიდგომა აქვთ, რომ თუ შენ არ ემხრობი მათ მოსაზრებას ხარ ქვეყნის მოღალატე, მტერი, ეს წარმოუდგენელია. ამ დამოკიდებულებას და მიდგომებს არავითარი კავშირი არ აქვს ევროპულ ღირებულებებთან და დემოკრატიასთან, ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი. როგორც 9 მაისს იქნა გამარჯვება ფაშიზმზე, ისე იქნება ყოველთვის, გამარჯვება რადიკალიზმზე და და იმ სიბინძურეზე, რომელიც ბოლო დღეებისა და თვეების განმავლობაში ხდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თავდასხმა მოხდა, სამწუხაროდ, ადამიანებმა მიიღეს დაზიანებები, დაწყებულია გამოძიება - ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებზე თავდასხმის ყველა ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო:

„გამოძიება გუშინ მყისიერად დავიწყეთ ყველა ფაქტზე, რაც მოხდა და მივყვებით გამოძიებას. ვნახავთ, რა იყო, რა მოხდა, ვინ დაესხა თავს. არ შემიძლია პირდაპირ ვილაპარაკო, ან ეს მოხდა, ან ის. თავდასხმა მოხდა, სამწუხაროდ, ადამიანებმა მიიღეს დაზიანებები, დაწყებულია გამოძიება“

შეგახსენებთ, რომ გვიან ღამით, დიმიტრი ჩიქოვანს, ლაშა ღვინიანიძესა და გია ჯაფარიძეს რამდენიმე ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა. ჩიქოვანი და ჯაფარიძე ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმის განცხადებით, ჯაფარიძის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება დიმიტრი ჩიქოვანს, მას ქალა-ტვინის ტრავმა აღენიშნება.

გვსურს, საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით ევროკავშირის ნაწილი გახდეს - ჰერჩინსკი

დღეს ევროპის დღეა! ყოველწლიურად, სწორედ ამ დღეს, ჩვენ ვფიქრობთ იმ გზაზე, რომელიც მშვიდობისა და თანამშრომლობის ხედვით დაიწყო და 27 ქვეყნის ყველაზე წარმატებულ და აყვავებულ კავშირში გადაიზარდა; მათ განსხვავებული ისტორია და კულტურა აქვთ, მაგრამ ყველა საერთო ღირებულებებითა და მისწრაფებებით არის გაერთიანებული, - ამის შესახებ პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველო ამ დღეს პირველად აღნიშნავს კანდიდატის სტატუსით და რომ ევროკავშირს სურს ქვეყანა გახდეს მისი ნაწილი თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით.

„საქართველო პირველად აღნიშნავს ამ დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით. ეს მართლაც ისტორიული მოვლენაა ჩვენს საერთო ევროპულ გზაზე.

საქართველოსთვის მიზანია ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს, ისარგებლოს წევრობის ყველა პრივილეგიით და ასევე ამ წევრობიდან გამომდინარე ყველა პასუხისმგებლობა იკისროს. ამისთვის საქართველომ ევროკავშირის ღირებულებების ძლიერი ერთგულება უნდა გამოავლინოს და საჭირო რეფორმები განახორციელოს.

წლის ბოლოს ევროკავშირი გადაწყვეტს, გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს მისი წევრობისკენ. ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა. არ გაუშვათ ის ხელიდან. ჩვენი კავშირის კარი საბოლოოდ ფართოდ ღიაა! გელოდებით! ჩვენ გვსურს, რომ საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით, ჩვენი ოჯახის, ევროკავშირის ნაწილი გახდეს. დარჩით ევროკავშირის გზაზე და დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ ამ გზაზე თქვენს გვერდით ვართ.

ასე რომ, მოდით აღვნიშნოთ ევროპის დღე და საქართველო ევროკავშირის წევრობას ხელიხელჩაკიდებულებმა მივუახლოოთ“, - განაცხადა ელჩმა.

“როცა კეზერაშვილი და მისი მეუღლე აშშ-ს შავ სიაში მოხვდნენ…” - გიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე

ვიცით, რომ შემოსულია „შავი ფული“ კვიპროსიდან, მეტსაც გეტყვით, როდესაც კეზერაშვილი და მისი მეუღლე აშშ-მა შავ სიაში მოახვედრა, გაქანდნენ და კვიპროსში ამერიკის საკონსულოში შეეცადნენ ვიზის მიღებას - რაღაც არხი აქვთ იქ დალაგებული, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ გიორგი გამსახურდიამ განაცხადა.

„ჩემი მოლოდინი არის ისეთი, რომ კიდევ უფრო მეტად დაძაბავენ, შეეცდებიან, რომ მსხვერპლიც იყოს, რადგან მათთვის ადამიანი რამდენად ღირებულია, ეს მათი მმართველობის წლებმაც დაგვიდასტურა და დღესაც ვხედავთ - ერთი თვალს დაკარგავს, ერთი დაშავდება, ერთი ციხეში წავაო. ადამიანის ბედი და მდგომარეობა მათთვის საერთოდ არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს. ამიტომ მე კიდევ უფრო მეტ რადიკალიზაციას ველოდები.

ვიცით, რომ შემოსულია „შავი ფული“ კვიპროსიდან. რატომღაც, როგორც ბუზები თაფლს და სხვა პროდუქტს, ასე დასტრიალებენ კვიპროსს. იქ რაღაც არხი არის, გავიგეთ, რომ იქიდან შემოვიდა რაღაც თანხა. უფრო მეტსაც მოგახსენებთ, ეს ექსკლუზივია - როდესაც დავით კეზერაშვილი მის მეუღლესთან ერთად ამერიკამ შავ სიაში მოახვედრა და უფრო მეტიც, watchlist-ში ჰყავთ - გაქანდნენ და კვიპროსში ამერიკის საკონსულოში შეეცადნენ ვიზის მიღებას. რატომ წავიდნენ უცებ ბრიტანეთიდან კვიპროსზე? იქ რაღაცას ელოდებოდნენ, რაღაც არხი აქვთ იქ დალაგებული. იქაც ცივი უარის სტკიცეს, იმიტომ რომ ამერიკის სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე და მისნაირ ქურდბაცაცებს ასე გვერდის ავლით დერეფნებს ვერ გაუხსნის“, - აღნიშნა გამსახურდიამ.

 

რა ბრალდებით დააკავეს აქციის 6 მონაწილე - ბრიფინგი შსს-ში

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის სულხან თამაზაშვილის ბრიფინგი: გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციებზე მომხდარი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ, რომლის საფუძველზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით 6 პირი დააკავა. საზოგადოება სხვადასხვა ტელეარხების პირდაპირი ეთერების საშუალებით ადევნებდა თვალს, რომ მიმდინარე აქციების პერიოდში, პოლიტიკური ლიდერები, აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები არაერთხელ გასცდნენ შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს. აქციის მონაწილეები, სხვადასხვა დროს, ძალადობრივი ქმედებებით, სხვადასხვა ნივთებისა და კონსტრუქციების ასევე, გაურკვეველი წარმოშობის ცრემლსადენი აირის გამოყენებით ახორციელებდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას და თავდასხმებს ადგილზე მყოფ პოლიციელებზე. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები სხვადასხვა მძიმე საგანს, მათ შორის, ბოთლებს, ქვებს, მხუთავ და ცრემლსადენ ნივთიერებას და რკინის ნაჭრებს ისროდნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობის ეზოში, სადაც იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და ასევე, განთავსებული იყო სამინისტროს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები. საზოგადოებამ კარგად იხილა, როგორ აზიანებდნენ აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ შენობაზე განთავსებულ ვიდეო სამეთვალყურეო კამერებსა და თბილისის მერიის საკუთრებაში არსებულ სხვადასხვა ნივთს. აქციის მონაწილეთა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმების შედეგად, დაზიანებები მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს შვიდმა თანამშრომელმა, აქედან ერთს გაუკეთდა ოპერაცია და ამ დრომდე აგრძელებს მკურნალობას. მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ მყისიერად დაიწყო გამოძიება და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 8-9 მაისს 6 პირი დააკავა. კერძოდ, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 16 აპრილს, აქციის მიმდინარეობისას, ერთ-ერთმა დაკავებულმა, სამართალდამცველთა მიმართულებით ისროლა ბლაგვი საგანი, რის შედეგად განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა, თვალის არეში დაზიანება მიიღო. ერთ-ერთმა დაკავებულმა პირმა, მიმდინარე წლის 16 აპრილს, დააზიანა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ავტომობილი. 1-2 მაისს, მიმდინარე აქციის დროს, დაკავებულთაგან ორმა პირმა დააზიანა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ის ვიდეო სამეთვალყურეო კამერები. 1 მაისს, ერთ-ერთმა დაკავებულმა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციის დროს, დააზიანა პარლამენტის ჭიშკარი, ასევე, ისროლა ქვა პარლამენტის ეზოში მყოფი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართულებით, რის შედეგად დაზიანება მიიღო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველმა. ასევე, 1 მაისს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ერთ-ერთმა პირმა დააზიანა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობაზე დამონტაჟებული გარე სამეთვალყურეო კამერა. აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187- ე მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ყველა შესაბამის საგამოძიებო მოქმედებას იმ პირების დადგენისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც მიმდინარე აქციების დროს განახორციელეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. აქვე გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარე გამოძიების შესახებ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებით, 2024 წლის 15 აპრილიდან დღემდე საპროტესტო აქციებზე მოქალაქეების მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 8 მაისს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით: სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლით, რაც გულისხმობს სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირებას. ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს და ამავე კოდექსის 226-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან, ან რომელმაც ტრანსპორტის, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება გამოიწვია. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს, მათ შორის, ახორციელებს ყველა იმ მოწოდების, საჯარო გამოსვლისა და მიმართვის, ასევე, ვიდეომასალების შესწავლას, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მხრიდან, საგამოძიებო ორგანოში მოხდება აქციის ორგანიზატორების, პოლიტიკური ლიდერებისა და ყველა იმ პირის გამოკითხვა, რომლებსაც შესაძლოა რაიმე სახის კავშირი ჰქონდეს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება და შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ, მოუწოდებს აქციის მონაწილეებს დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი, არ გასცდნენ შეკრების და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს და არ დაუშვან კანონსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება.

გამოვხატე მზაობა, ყურადღებით მოვისმინოთ და განვიხილოთ ყველა კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნა - პრემიერი

ძალიან საქმიანი შეხვედრა მქონდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან და სხვა წამყვან თანამდებობის პირებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საუბრის ძირითადი თემა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი იყო. „ვისაუბრეთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. ასამბლეის პრეზიდენტს განვუმარტე კანონპროექტის შინაარსი და კონტექსტი. გამოვხატე მზაობა, ყურადღებით მოვისმინოთ და განვიხილოთ ყველა კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, რისთვისაც შეგვიძლია, გამოვიყენოთ კანონის განხილვის შესაბამისი პროცედურა“, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

"გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები" - შსს-ს გაფრთხილება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თემურ კუპატაძის განცხადებით, როცა პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, ისევე როგორც აშშ-ის და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული.

აღნიშნულის შესახებ კუპატაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია იმ საერთაშორისო საპოლიციო ღონისძიებების პრაქტიკის შესახებ, რომელთა გამოყენებითაც როგორც ევროპის წამყვან ქვეყნებში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიციის მიერ ხდება შეკრება-მანიფესტაციის დროს მასების მართვა და საჭიროების შემთხვევაში კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებების გამოყენება.

ბოლო პერიოდში, სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერისა და აქციის ორგანიზატორების მხრიდან, მედიასაშუალებებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა არაერთი დეზინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალას გადაამეტეს და განახორციელეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.

გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ პოლიცია შეკრება-მანიფესტაციების დროს, ყოველთვის მოქმედებს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. შინაგან საქმეთა სამინისტროში შემუშავებული ინსტრუქციები, რომელიც არეგულირებს შეკრება-მანიფესტაციების მართვას, სრულ შესაბამისობაშია ეუთო/ოდირის სახელმძღვანელო პრინციპებთან. შესაბამისად, სამართალდამცველების მხრიდან სპეციალური ღონისძიებების განხორციელება ხდება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად- თანმიმდევრულად და განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, ანალოგიურად მოქმედებდა პოლიცია ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციების დროსაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს, დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში, სხვადასხვა საერთაშორისო სწავლებაში აქვთ მონაწილეობა მიღებული და ისინი გადამზადებულნი არიან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

მათ საერთაშორისო დონის სწავლებები გავლილი აქვთ, როგორც საქართველოში, ასევე, გერმანიაში, ბულგარეთში, ნიდერლანდებში, იტალიაში, საფრანგეთსა და თურქეთის რესპუბლიკაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს გადამზადება გავლილი აქვთ: კრიზისულ სიტუაციაზე რეაგირებისა და მოლაპარაკებების, შეკრებისა და მანიფესტაციის ეფექტიანი მართვისა და საჯარო დემონსტრაციების დროს საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით ძალის გამოყენების შესახებ.

ეკიპირება, სპეციალური ტექნიკა, აღჭურვილობა და სპეციალური საშუალებები, რომელთაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები გამოიყენებენ, არის საერთაშორისო სტანდარტის და მათი უმეტესი ნაწილი შეძენილია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

აქვე, გვსურს საზოგადოებას გავაცნოთ სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა დროს, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების ამსახველი ვიდეომასალა.

განვითარებული სამყარო თანხმდება, რომ ნებისმიერ სახელმწიფოში მართლწესრიგის დაცვა არის პოლიციის უმთავრესი ამოცანა და ეს კადრებიც ადასტურებს იმას, რომ ყველა ქვეყანაში პოლიციას აქვს უფლება კანონის შესაბამისად იმოქმედოს და უფლებამოსილების ფარგლებში, საზოგადოებისთვის ხშირად მიუღებელი და უმკაცრესი ზომები გამოიყენოს.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში, კერძოდ თბილისში მიმდინარე შეკრება-მანიფესტაციები არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონმდებლობით მიღებულ ზომებს. ვნახეთ შტურმი საკანონმდებლო ორგანოზე, პიკეტირების მცდელობა პარლამენტზე და ასევე, ძალადობის არაერთი შემთხვევა სამართალდამცველების მისამართით.

ეს კადრები არა მარტო ქართული მედიის, არამედ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა და ჩემი ევროპელი კოლეგებიც დამეთანხმებიან, რომ ეს იყო პროპორციული ძალა და საკმაოდ ლმობიერი ქმედებები, რაც ქართველმა სამართალდამცველებმა გამოიყენეს.

ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, იმ დროს როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, ისევე როგორც ამერიკის და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული",- განაცხადა კუპატაძემ.

ვინ არის ილია ღამბაშიძე, რომელსაც აშშ-ს სანქციები შეეხო

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების დასკვნით, ფართომასშტაბიანი დეზინფორმაციული კამპანიის უკან, რომლის მიზანიც აშშ-ში და მის ფარგლებს გარეთ დემოკრატიული პროცესებისა და ინსტიტუტების მიმართ ნდობის დაკარგვაა, რუსი პოლიტიკური სტრატეგი ილია ღამბაშიძე დგას.

"ამერიკის ხმის" ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ღამბაშიძის ციფრული მარკეტინგის სააგენტო, კრემლთან თანამშრომლობით, ქმნის ყალბი ამბების საიტებს, ზოგჯერ კი რეალური მედიის საიტების კლონებს.

თუ იქ გამოქვეყნებული პუბლიკაციების შინაარსით ვიმსჯელებთ, ამ საიტების მიზანი ხშირად და ძირითადად უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერის შემცირებაა.

2024 წლის მარტში, ევროკავშირის სანქციების დაწესების შემდეგ, ღამბაშიძე, მისი ბიზნესპარტნიორი და მათი კომპანია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს სანქციების სიაშიც მოხვდა.

სწორედ ამით მიიპყრო ყურადღება ნაკლებად ცნობილმა პოლიტიკურმა სტრატეგმა, რომელიც ადრე რუს დეპუტატებსა და რეგიონალურ პოლიტიკოსებზე მუშაობდა.

2013 წლიდან 2020 წლამდე, ღამბაშიძის ან მისი ახლო ნათესავის მთლიან ან ნაწილობრივ მფლობელობაში მყოფმა კომპანიებმა დაახლოებით 180 მილიონი რუბლის (2,7 მილიონი აშშ დოლარი 2016 წლის საშუალო კურსით) ღირებულების სახელმწიფო კონტრაქტები მიიღეს. და ეს არ არის ღამბაშიძის საკუთრებაში არსებული ყველა კომპანია...

სტატიის სრულად სანახავად გადადით ბმულზე: 

ბრიუსელში იყო დებატები საქართველოზე, შესაძლოა, გამოქვეყნდეს განცხადებები - იოზვიაკი

"რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ ბრიუსელში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა. მისი ინფორმაციით, შესაძლოა მალე გავრცელდეს ევროკავშირის განცხადება, ასევე, იყოს ევროკომისიის განახლებული შეფასება რუსული კანონის EU-ის კრიტერიუმებთან მიმართებაში.

„საქართველოს შესახებ ბრიუსელში ელჩების დონეზე დებატები შედგა. 26-მა წევრმა გამოხატა თავისი შეშფოთება. უნგრეთი დუმს. შესაძლოა, მალე იყოს ევროკავშირის განცხადება და ევროკომისიის შესაძლო განახლებული შეფასება იმის შესახებ, რამდენად მიემართება აგენტების კანონი ევროკავშირში გაწევრების კრიტერიუმებს”, – წერს ის.ა

დღეს შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, რომ პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, შეიქმნება მონაცემთა ბაზა იმ პირთა შესახებ, რომლებიც „ძალადობაში, მუქარასა და შანტაჟია ჩართული“ ან ამ ქმედებებს „საჯაროდ იწონებს“.

 

ვხედავთ პირდაპირ პარალელებს მაიდანთან, მექორწილე წყვილი, იგივე ფოტოები, იგივე რიტუალები - პაპუაშვილი

სუსის განცხადება ასახავს იმას, რასაც ჩვენ ვხედავთ რეალურად, რომ მიდის ძალადობრივი პროცესების ინსპირირება. ჩვენ ვნახეთ რამდენიმე თვის წინ, როდესაც „კანვასის“ ტრენინგებთან დაკავშირებით იყო გამოძიება დაწყებული, რასაც ასწავლიდნენ აქტივისტებს. ვხედავთ საქართველოს ქუჩებში ამ სცენარების პირდაპირ ასრულებას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპალაშვილმა განაცხადა.

„ვხედავთ პირდაპირ პარალელებს მაიდანთან, მექორწილე წყვილი, იგივე ფოტოები, აბსოლუტურად იგივე რიტუალების ჩატარება და ვიზუალის დადგმა. დაქორწინებული წყვილი, ადამიანი, რომელიც ფორტეპიანოზე უკრავს და სხვადასხვა ვიზუალები, რომლებსაც ისინი ქმნიან იმისთვის, რომ შეიფუთოს ეს ძალადობრივი აქციები, რომლებიც სინამდვილეში ტარდება. გულდასაწყვეტია, რომ როდესაც ვიხილეთ პარლამენტის შენობაზე თავდასხმა და შტურმი პირდაპირ ეთერში, მოვისმინეთ ზოგიერთი უცხოელი აქტორის შეფასება, რომ ეს იყო მშვიდობიანი აქცია, რომ პოლიციას ძალა არ უნდა გამოეყენებინა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.