... ... hotnews.ge - სპორტი

საბერძნეთის ნაკრების ქომაგები მწვრთნელის გადადგომას ითხოვენ

საბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საქართველოს ნაკრებთან გუშინდელი მარცხის შემდეგ, ბერძენი გულშემატკივრები უკმაყოფილებას ვერ მალავენ და საბერძნეთის საფეხბურთო ნაკრების ოფიციალურ "ფეისბუქ" გვერდზე, მთავარი მწვრთნელის, გუსტავო პოიეტის გადადგომას ითხოვენ.

"წაგება საწყენია, რადგან ჩვენ ყოველ დღე არ გვექნება იმის შანსი, რომ "ევრო 2024-ზე" წავიდეთ. მოვიდა დრო, შევცვალოთ მთავარი მწვრთნელი და გუნდის შენება ნულიდან დავიწყოთ";

"მატჩი მწვრთნელმა წააგო, თამაში პენალტების სერიამდე არ უნდა მისულიყო. მას უფრო აზარტული ფეხბურთი უნდა ეთამაშა";

"ნახვამდის პოიეტ, გუშინდელი შენი ფიასკო წასვლის დოკუმენტზე ხელმოწერაა";

"დამნაშავე მხოლოდ მწვრთნელია, მან ფეხბურთელები აიძულა 90 წუთის განმავლობაში არაფერი ეკეთებინათ. ის უნდა წავიდეს",- წერენ საბერძნეთის ნაკრების გულშემატკივრები

"UEFA-სთან" კომუნიკაცია დაწყებულია - სად შეიძლება გაიყიდოს ევრო 2024-ის ბილეთები ქართველი გულშემატკივრისთვის?

ახლო მომავალში გვეცოდინება და საჯაროდ განვაცხადებთ, რა ფორმით მოხდება ჩვენი გულშემატკივრისთვის ბილეთების გაცემა, - ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა "რუსთავი 2-ის" ეთერში "ევრო 2024"-ის მატჩზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, "UEFA-სთან" კომუნიკაცია დაწყებულია და დეტალები უახლოეს მომავალში გავრცელდება.

"თამაშის შემდეგ უამრავი მესიჯი, ზარი და ინფორმაცია შემოდიოდა. "UEFA-სთან" კომუნიკაცია დაწყებული გვაქვს და ახლო მომავალში გვეცოდინება და ამას, საჯაროდ განვაცხადებთ, თუ რა ფორმით მოხდება ჩვენი გულშემატკივრისთვის ბილეთების გაცემა, რა პლატფორმებზე იქნება ამის საშუალება. სავარაუდოდ, თავად UEFA აორგანიზებს და ალბათ, ბილეთებს თავიანთ პლატფორმებზე გაყიდიან. დღეს გამიჭირდება რამე კონკრეტული გითხრათ, თუმცა შემიძლია ვთქვა ის, რომ ყველა თამაშზე როგორც ერთი, ისე მეორე გუნდის გულშემატკივრებს, თანაბრად უნაწილდება ბილეთები. რაღაც ნაწილი საჯარო სივრცეში გადის, სავარაუდოდ, გაიყიდება, რაღაც ნაწილს თავად UEFA იტოვებს თავიანთი პარტნიორებისა და სპონსორებისთვის. ამ ყველაფერზე ფეხბურთის ფედერაცია უახლოეს მომავალში გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას და ნებისმიერ გულშემატკივარს ექნება სრული ინფორმაცია,"- აცხადებს ლევან კობიაშვილი.

ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. 26 მარტს, საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია. ანგარიშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა და საქართველოს სასარგებლოდ - 4:2 დასრულდა. ისტორიული შეხვედრა თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართა.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს დორტმუნდში, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ, 18 ივნისს ჩაატარებს.

ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს

საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებისა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე თამაშის აღსანიშნავად, ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს

"შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ მიიღო. საკოლექციო მონეტის დიზაინზე სებ-ი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად იმუშავებს," - წერია განცხადებაში.

მანამდე 2022 წელს სებ-მა საქართველოში ევრობასკეტის მასპინძლობასთან დაკავშირებით "ევრობასკეტი 2022"-ის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოუშვა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ თამაშში საბერძნეთს, პენალტების სერიაში 4:2 მოუგო. საქართველო ევროპა 2024-ში ითამაშებს.

"30 წლის თავზე პირველად შევძელით და გავედით უმაღლესი რანგის ტურნირზე" - პრემიერი

30 წლის წინ დაიწყო ჩვენი ეროვნული ნაკრების ისტორია და 30 წლის თავზე ჩვენ პირველად მოვახერხეთ, შევძელით და გავედით უმაღლესი რანგის ტურნირზე - ევროპის ჩემპიონატზე, რაც არის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული სიამაყის საგანი, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

პრემიერმა ყველა მიულოცა ისტორიული გამარჯვება და წარმატება.

 

„დღეს გვაქვს განსაკუთრებული, ემოციური დღე და შესაბამისად, განსაკუთრებული სხდომა. მინდა ყველას მოგილოცოთ გუშინდელი ისტორიული გამარჯვება, ისტორიული წარმატება. ყველას, ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს ემიგრანტებს და რაც მთავარია, ჩვენს ფეხბურთელებს ვულოცავ, ბუნებრივია, ამ გამარჯვებას. გუშინ ნამდვილად ისტორია დაიწერა, ეს თამამად შეიძლება ითქვას. 30 წლის წინ დაიწყო ჩვენი ეროვნული ნაკრების ისტორია და 30 წლის თავზე ჩვენ პირველად მოვახერხეთ, შევძელით და გავედით უმაღლესი რანგის ტურნირზე - ევროპის ჩემპიონატზე, რაც არის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული სიამაყის საგანი. სიტყვებით შეუძლებელია ამ ბედნიერებისა და სიამაყის განცდის აღწერა, რაც გუშინდელმა დღემ მოგვანიჭა და რამაც მთელი ქვეყანა გააერთიანა. ესეც ძალიან თამამად შეიძლება ითქვას.

მინდა მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ფეხბურთელებს, ჩვენი ეროვნული ნაკრების წევრებს, რომლებმაც მართლა სული და გული ჩადეს გუშინდელ გამარჯვებაში, ასევე -  რა თქმა უნდა, სამწვრთნელო შტაბს ვილი სანიოლის, ჩვენი საამაყო ფრანგი მწვრთნელის ხელმძღვანელობით და ასევე განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს, პრეზიდენტს, გენერალურ მდივანს, ვიცე პრეზიდენტებს, თითოეულ მათგანს განსაკუთრებული მადლობა. წლების მანძილზე იქმნებოდა ის წარმატება, რომელსაც ჩვენ საბოლოო ჯამში გუშინ მივაღწიეთ. ასევე მინდა მივულოცო ეს ისტორიული გამარჯვება ჩვენს ვეტერან ფეხბურთელებს, მათ ათწლეულების მანძილზე შექმნეს ეს გამარჯვება, ჩვენს ვეტერანებს ვულოცავ, 13 მაისის გმირებს, ჩვენს ვეტერან ფეხბურთელებს განსაკუთრებით მინდა მივულოცო. მინდა მივულოცო, რა თქმა უნდა, ნაკრების ყველა თაობის ფეხბურთელებს, თითოეული მათგანის წვლილი ამ გამარჯვებაში არის განსაკუთრებული. მათ მოიტანეს ეს გამარჯვება, რომელიც ჩვენ გუშინ შევქმენით და რომელიც მოგვიტანეს ჩვენმა ბიჭებმა“, -  განაცხადა პრემიერმა.

 

ვისთან ითამაშებს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე - განრიგი

გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთთან, ჩეხეთსა და პორტუგალიასთან ერთად ითამაშებს.

„ჯვაროსნების“ კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე ასეთია:

18 ივნისი, დორტმუნდი, „სიგნალ იდუნა პარკი“ | თურქეთი – საქართველო

22 ივნისი, ჰამბურგი, „ვოლკსპარშტადიონი“ | საქართველო – ჩეხეთი

26 ივნისი, გელზენკირხენი, „არენა აუფ შალკე“ | საქართველო-პორტუგალია

სანდრო ბაზაძემ ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა

მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა სანდრო ბაზაძემ ოლიმპიური ლიცენზია მიიღო. იგი ხმლით ფარიკაობაში საქართველოს ზედიზედ მესამედ წარადგენს ოლიმპიურ თამაშებზე, ამჯერად უკვე პარიზი 2024-ზე. ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირების დასრულების შემდეგ, ქართველი მოფარიკავე საერთაშორისო რეიტინგს 242 ქულით კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს.

სანდრო ბაზაძე არის მსოფლიო ჩემპიონატების ვერცხლის და ბრინჯაოსმედალოსანი, ევროპული თამაშების ჩემპიონი, ევროპის ორგზის ჩემპიონი და სამი ბრინჯაოს მედლის, აგრეთვე მსოფლიო თასის მრავალგზის მფლობელი.

2016 წელს, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე სანდრო ბაზაძემ მე-13 ადგილი დაიკავა, მომდევნო თამაშებზე, ტოკიოში კი ნახევარფინალში დამარცხდა და მე-4 ადგილი ერგო.

"როცა გვანადგურებენ, ვამტკიცებთ, რომ ვართ და ვიქნებით" - ზელენსკი უკრაინის ნაკრებს ულოცავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს.

დღეს უკრაინამ საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ თამაშში ისლანდია ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

"მადლობა ბიჭებო! მადლობა ნაკრებს!

მთელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ემოციებისთვის. უმნიშვნელოვანესი გამარჯვებისთვის და ევროპაზე გასვლისთვის.

იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ: როცა უკრაინელებს უჭირთ, მაგრამ არ ნებდებიან და ბრძოლას აგრძელებენ, აუცილებლად იმარჯვებენ.

იმ დროს, რაცა ყოველდღე ჩვენს განადგურებას ცდილობენ, ჩვენ ყოველდღე ვამტკიცებთ: უკრაინელები არიან და იქნებიან! უკრაინა არის და იქნება ! მადლობა გამარჯვებისთვის! დიდება უკრაინას!", - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. 

“არც ახლა ვფიქრობ წასვლაზე” - ვილი სანიოლი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა საბერძნეთთან ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალის მოგების შემდეგ სიხარული ვერ დამალა, რომ „ჯვაროსნები“ ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა.

„ბევრი ფიქრობდა, რომ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან უნდა წავსულიყავი, არც ახლა ვფიქრობ წასვლაზე, რადგან კარგი ხალხში, ქვეყანაში და პროფესიონალებში მოვხდი, აქ მუშაობა მიხარია.

რა შეგრძნება მაქვს, რომ ასეთი შედეგს მივაღწიეთ? სასიხარულოა, როცა შედეგს იღებ, მაგრამ გჭირდება დიდი მოთმინება და იმედი. საქმე ხან გამოდის, ხან – არა, მოთმინება ამიტომაა საჭირო.

მწვრთნელის წარმატება ფეხბურთელის მიღწევისგან განსხვავებულია. ფეხბურთელი პასუხს საკუთარ თამაშზე აგებს, მწვრთნელი კი – გუნდის შედეგზე. ეს სულ სხვა შეგრძნებაა, რაც დიდ შრომას მოაქვს.

პენალტებზე ბევრი ვივარჯიშეთ. როდესაც სერია იწყებოდა, უნდა შეგვერჩია, ვინ დაარტყამდა, ფეხბურთელებს გავესაუბრე და პირველი პენალტის შესრულება ქოჩორაშვილმა ისურვა. ის დიდი ხანია არაა, რაც ნაკრებში თამაშობს, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს წლებია, გუნდის წევრია. იგივე დვალი, რომელმაც ისე კარგად შეასრულა პენალტი. არავის გამოყოფა არ მსურს, დღეს ყველამ ფანტასტიკურად ითამაშა“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.

 

 

UEFA საქართველოს ნაკრების გამარჯვებას ეხმაურება

„ასეთია გრძნობა, როცა პირველად ხვდები მთავარ ტურნირზე“, - ამ სიტყვებით ულოცავს UEFA საქართველოს ნაკრებს, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატში გასვლას და გამარჯვებული ქართველი ფეხბურთელების ემოციურ ფოტოებს აქვეყნებს.

საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

რას წერს BBC საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისტორიულ გამარჯვებაზე

საქართველო ისტორიაში შევიდა უმსხვილეს ტურნირზე პირველად გასვლით, საქართველომ ევრო 2024-ის პლეი-ოფში საბერძნეთი პენალტების სერიით დაამარცხა, - ამ სათაურით სტატიას თბილისში გუშინ გამართულ ისტორიულ საფეხბურთო მატჩს BBC-ი უძღვნის და აღნიშნავს, რომ გადამწყვეტი 11-მეტრიანი ბერძნების კარში ცვლილებაზე შესულმა ნიკა კვეკვესკირმა გაიტანა.

„პენალტების სერიაში მოპოვებული გამარჯვება თბილისში ზეიმის მიზეზი გახდა“, - აღნიშნავს გამოცემის სპორტული განყოფილება და იმასაც წერს, რომ ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში საქართველო თურქეთის, ჩეხეთისა და პორტუგალიის გუნდებთან ერთად იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

“ამას ახლა გავამხელ, ბიჭს ველოდები” - ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე ბიჭის მშობლები გახდებიან- სასიხარულო ამბავი კვარაცხელიამ ცოტა ხნის წინ თავად გააჟღერა. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები ანგარიშით 4:2 დაამარცხა. 

ვილი სანიოლმა ​დისკვალიფიკაციის შემდეგ დაბრუნებული ხვიჩა კვარაცხელია შემადგენლობაში გიორგი მიქაუტაძის ნაცვლად დააყენა. ბერძნებმა ხვიჩა კვარაცხელიას მარწუხებში მოქცევა და მაღალი პრესინგით თამაში სცადეს. ასეთი თამაშის სტილი ბერძნებისთვის დამახასიათებელია. სწორედ ასეთი თამაშით მოიგეს 2004 წელს ევროპის ჩემპიონატი.

მეორე დამატებულ წუთზე ხვიჩა კვარაცხელია დაშავდა და მოედანი დატოვა, მაგრამ გუნდის განწყობა ისევ საბრძოლო იყო. გიორგი წიტაიშვილმა შესანიშნავი დრიბლინგით სცადა დაცვის გარღვევა და საჯარიმოში შევარდნილმა კარში დაარტყა, მაგრამ მცველი გადაეღობა და ხიფათი განმუხტა. ბოლო წუთზე კი გიორგი მიქაუტაძემ სცადა გოლის გატანა, ისევ ააცილა და პენალტების სერია დაინიშნა.

გიორგი მამარდაშვილმა ერთი მოიგერია, ერთიც ბერძნებმა ააცილეს და ისტორია დაიწერა – საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა!

საბერძნეთი დამარცხებულია - საქართველო ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს!

საქართველო ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეა - ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში ეროვნულმა საფეხბურთო გუნდმა საბერძნეთი დაამარცხა. 

ისტორიული შეხვედრა თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართა.

ეროვნულმა ნაკრებმა, საბერძნეთი პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა.

შეგახსენებთ, ბერძენ მეტოქეებთან გამართულ მატჩამდე, ნახევარფინალში "ჯვაროსნებმა" ლუქსემბურგის ნაკრებს 2:0 სძლიეს, ხოლო საბერძნეთმა ყაზახეთს 5:0 მოუგო.