... ... hotnews.ge - კრიმინალი

კახეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული თ.თ. ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, მეუღლე - 1981 წელს დაბადებული თ.ო. და მეუღლის ნათესავი - 2009 წელს დაბადებული გ.მ. ცივი იარაღით დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, თ.თ. ცხელ კვალზე დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებდ ამოიღო.
ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს.

სოფელ ალვანში კაცმა ცოლი დაჭრა - როგორია ქალის მდგომარეობა

დაკავებულია კაცი, რომელმაც ცოლის მკვლელობა სცადა - მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში ქმარმა ცოლს ჭრილობები დანით მიაყენა.

ყველაზე მძიმე დაზიანება ქალს ზურგის არეში აღენიშნება. ექიმები მის გადარჩენას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ. 

რა გახდა სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი, უცნობია. სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ უკვე დააკავა.

დაზარალებულს მას შემდეგ გამოკითხავენ, როდესაც პოლიციას ამის საშუალებას დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მისცემს.

ბორჯომში ავარიას სატვირთოს მძღოლი ემსხვერპლა

ავარია ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ კორტანეთთან, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტრაილერის მძღოლი დაიღუპა.

ტელეკომპანია ბორჯომის ინფორმაციით, შემთხვევა 20 მარტს, ღამით მოხდა. თვითმხილველების თქმით, სატვირთო მანქანა სავარაუდოდ მტკვარში გადავარდა. 

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს ჩინეთიდან ნივთების გამოწერას დაჰპირდა და თანხა მიითვისა - პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბრალი წარუდგინეს ერთ პირს, რომელიც სოციალურ ქსელ ფეისბუქის მეშვეობით მოქალაქეების დიდი ოდენობით თანხას თაღლითურად დაეუფლა.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებული მოქალაქეებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ჩინეთიდან სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ავეჯისა და ტექნიკის დაბალ ფასში გამოწერას დაჰპირდა, თუმცა ნივთები არ გამოწერა და 14 მოქალაქის კუთვნილ 149 259 ლარს მოტყუებით დაეუფლა.

პროკურატურის ცნობითვე, სამართალდამცველებმა იგი 20 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვრცლად სტატია იხილეთ აქ.

ბათუმის სუროგაციის ცენტრში ტრანსნაციონალური დანაშაულის საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა

საქართველოს პროკურატურისა და ისრაელის სამართალდამცავთა ერთობლივი მონაწილეობით, ისრაელის სახელმწიფოდან შემოსული სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის საფუძველზე, ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში, ქალაქ ბათუმში მდებარე ხელოვნური განაყოფიერების, დონაციისა და სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში (სამედიცინო კლინიკა) საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სამედიცინო კლინიკიდან დოკუმენტაცია და ელექტრონული ინფორმაცია ამოიღეს.

„ამ ეტაპზე, საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები გრძელდება, მათ შორის დაგეგმილია საქართველოსა და ისრაელის მოქალაქეების მოწმის სახით გამოკითხვა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

ამავე თემაზე:

ისრაელი საქართველოდან შეტანილი დაავადებული ემბრიონების საქმეს იძიებს

პოლიციამ ზუგდიდში დააკავა მამაკაცი, რომელმაც ასაკოვანი ქალის გაუპატიურება სცადა

ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში ასაკოვანი ქალის გაუპატიურების მცდელობისთვის შუახნის მამაკაცი დააკავეს. თანასოფლელი მარტოხელა ქალთან საღამოს საათებში შეიჭრა.

მამაკაცისთვის ნიღბის ჩამოხსნა ქალმა შეძლო, პოლიცია კი მისმა შვილმა გამოიძახა. შემთხვევის შემდეგ მამაკაცი მიიმალა, თუმცა მალევე დააკავეს.

გამოძიება 19-137-ე მუხლით მიმდინარეობს.

გორის ერთ-ერთ სოფელში ახალგაზრდა კაცი ხელის ტრაქტორმა ჩაითრია და გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტში - სოფელ ახრისში კაცი ხელის ტრაქტორმა ჩაითრია, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილი 40 წლამდე ასაკისაა. 

ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "მოზაიკა" ავრცელებს.

"ხელის ტრაქტორმა მთლიანად ჩაითრია და მოკლა"-  უთხრეს გამოცემას.

ხაშურში კაცმა ბანკომატიდან 64 000 ლარზე მეტი მიითვისა - მას 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ხაშურში კაცმა ბანკომატიდან 64 000 ლარზე მეტი მიითვისა - სასამართლომ მას 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამ გადაწყვეტილებით უზენაესმა სასამართლომ, ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

პროკურორის ცნობით, ბრალდებულმა კაცმა სოფელ გომში, იუსტიციის სახლის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი ბანკის ბანკომატის კომპიუტერულ სისტემაში შეღწევა საკუთარი კომპიუტერითა და ტელეფონით შეძლო. ბრალდებულის ადვოკატი დანაშაულის შემცირებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ განმარტა, რომ სასჯელი მინიმალურია, რადგან ბრალდებულმა დანაშაული აღიარა.

"2022 წლის 14 აპრილს, სოფელ გომში, მ.ე-მ, თავისთვის ფინანსური სარგებლობის მიღების მიზნით, თან ნაქონი პორტატიული კომპიუტერით და მობილური ტელეფონით უნებართვოდ შეაღწია ხსენებულ სოფელში არსებულ სს "ბანკის" ბანკომატის კომპიუტერულ სისტემაში, მ.ე. დაეუფლა 64 450 ლარს. შეეცადა დაუფლებოდა აღნიშნულ ბანკომატში განთავსებულ 74 305 ლარს. დანაშაულებრივი ქმედების ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლო, რადგან შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ შს ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები, რომელთა მიერ მიმალვის მცდელობისას დაკავებული იქნა მ. ე.'' - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

 

ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა და თავდასხმა პოლიციელებზე - 3 პირს პატიმრობა მიესაჯა

ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა და თავდასხმა პოლიციელებზე - ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამი პირი დამნაშავედ ცნო და ორს 10-10 წლით, ერთს კი 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. საქმე ეხება ქობულეთში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც სამი პირი საცხოვრებელ სახლში დაზარალებულებს დაესხა თავს და იარაღის მუქარით ოქროსა და თანხის გამოძალვას ითხოვდნენ. მოგვიანებით კი პოლიციამ ისინი ბათუმში გააჩერა, ბრალდებულებმა კი მათი მიმართულებით ისროლეს.

"ბათუმის საქალაქო სასამართლომ, სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარების, ასევე პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტებზე ბრალდებული სამი პირი დამნაშავედ ცნო. 

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული ბრალდებულები ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავში მდებარე საცხოვრებელ სახლში თავს დაესხნენ დაზარალებულებს, ერთ-ერთ დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით თავის არეში ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს, რის შემდეგაც სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, დაეუფლნენ მათ კუთვნილ ოქროს სამკაულებს და 300 000 ლარის გადაცემას ითხოვდნენ.

გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ 2023 წლის 17 ივნისს, ბათუმში შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აღნიშნული პირები ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შეაჩერეს, რა დროსაც ბრალდებულებმა პოლიციელების მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღებიდან გასროლები განახორციელეს. სროლის შედეგად ერთ-ერთმა პოლიციელმა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.

სამართალდამცველებმა სამივე პირი იმავე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით), 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით და მეექვსე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, ჩადენილი იმის მიერ ვინც ნასამართლევია ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისა და ტარებისთვის) და 353-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (პოლიციელზე თავდასხმა) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდათ.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და ორ პირს 10-10 წლით, ხოლო ერთს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა." - წერია განცხადებაში. 

"სარფის" და "ნინოწმინდის" საბაჟოზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

მიმდინარე წლის, 1-16 მარტის მონაცემებით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“ და "ნინოწმინდა“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 13 140 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

"საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, ფულადი ჯარიმა, 1000 ლარის ოდენობით შეეფარდათ, ხოლო საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-31 ნაწილის შესაბამისად, 5 კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, სრულად ჩამოერთვა საქონელი და ვინაიდან ქმედება განმეორებით იყო ჩადენილი, თითოეულს, ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით შეეფარდა", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

დააკავეს 2 პირი, რომლებიც ევროპის ქვეყნების ყალბ ოფიციალურ დოკუმენტებს ამზადებდნენ და ასაღებდნენ

პროკურატურის ცნობით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გასაღების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარედგინა.

როგორც უწყება წერს, გამოძიებით დადგინდა, რომ 2022-2024 წლებში, ბრალდებულები დანაშაულში ჩართულ სხვა პირებთან ერთად, ევროპული სახელმწიფოების ყალბ ოფიციალურ დოკუმენტებს ამზადებდნენ და საქართველოში, მოქალაქეებზე ასაღებდნენ.

"ათეულობით ყალბი დოკუმენტის, ავტომობილის მართვის მოწმობის, ბინადრობის და მუშაობის უფლების დამადასტურებელი მოწმობის დამზადების და გასაღების გზით, დანაშაულებრივ სქემაში მონაწილე პირებმა დაახლოებით 141 000 ევრო და 36 000 აშშ დოლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს. მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზების მიზნით, ბრალდებულებმა  ქალაქ თბილისში უძრავი ქონება, კერძოდ საცხოვრებელი  ბინა შეიძინეს და სხვა პირის სახელზე დაარეგისტრირეს.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის  პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გასაღება) და 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

130 000 ლარზე მეტის ღირებულების ნაკეთობები შემოიტანეს - ოქროს კონტრაბანდის გამო 2 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ოქროს კონტრაბანდის ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ორივე შემთხვევაში დაკავებულებს მანქანაში მოწყობილი სამალავით შემოჰქონდათ ოქროს ნაკეთობები. ამოღებული ძვირფასეულობის ჯამური ღირებულება 130 000 ლარს აღემატება.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში ბრალდებულმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი "სარფი"-ს გავლით, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის სალონში მოწყობილი სამალავით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 706 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები, ხოლო, მეორე შემთხვევაში ბრალდებულის მიერ, ასევე ავტომანქანაში მოწყობილი სამალავით, შემოტანილ იქნა არადეკლარირებული 507 გრამი ოქროს ნაკეთობები", - წერია უწყების განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7-წლამდე ვადით.