... ... hotnews.ge - კრიმინალი

ახალგაზრდა, რომელსაც თბილისში 5 აპრილიდან ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

29 წლის ნოდარ რუსაძე, რომელსაც ოჯახი  თბილისში 5 აპრილის შემდეგ ეძებდა, გარდაცვლილი იპოვეს . ინფორმაციას სოციალურ ქსელში ახლობლები ავრცელებენ. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია

ნასვამი მძღოლი პოლიციელებს ცივი იარაღით ემუქრებოდა - შსს-ს განცხადება

მიმდინარე წლის 8 აპრილს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც გზის სავალი ნაწილის გვერდულზე შენიშნეს ავტომობილი, რომლის მძღოლმაც პოლიციის ეკიპაჟის დანახვისას დაძრა ავტომობილი, შეეჯახა სავალი ნაწილის გვერდულს და სცადა მიმალვა.

პატრულ-ინსპექტორებმა არაერთხელ მოუწოდეს ავტომობილის მძღოლს დამორჩილებოდა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას. მიუხედავად პოლიციის მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, რომ აღნიშნულ პიროვნებას შეენარჩუნებინა სიმშვიდე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი იქცეოდა აგრესიულად.

მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ, ცივი იარაღის დემონსტრირებით, პატრულ-ინსპექტორებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ასევე, მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადგილზე მყოფ ერთ-ერთ პოლიციელს.

აღნიშნული პირი, რომელიც სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის არაერთხელაა ნასამართლევი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ იქნა დაკავებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს.

ადამიანებით ვაჭრობის სქემა - დაკავებულია პირი, რომელიც ფერმაში 4 ადამიანს იძულებით ამუშავებდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს, გენერალური პროკურატურისა და სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტრეფიკინგის ბრალდებით 1981 წელს დაბადებული ნ.გ. დააკავეს.
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნ.გ.-მ ადამიანებით ვაჭრობის სქემა შეიმუშავა და აღნიშნულის სისრულეში მოყვანისა და შრომითი ექსპლუატაციის გაწევის მიზნით, ოთხ პირს ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, მის კუთვნილ ფერმაში ამუშავებდა. ბრალდებული დაზარალებულებს ტერიტორიის დატოვებასა და მობილური ტელეფონით სარგებლობას უკრძალავდა.
ნ.გ. ოთხივე მათგანს აიძულებდა შეესრულებინათ მისი ნებისმიერი მითითება, თუნდაც ეს არ ყოფილიყო დაკავშირებული მათ ფერმაში მუშაობასთან.
იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულები ბრალდებულის მოთხოვნების შესრულებაზე უარს იტყოდნენ, ან ის უკმაყოფილო დარჩებოდა შესრულებული სამუშაოთი, მათ ფიზიკურად უსწორდებოდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მეორე და მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

{youtube}https://www.youtube.com/watch?v=b6sw9L45IqE&t=32s{/youtube}

მარნეულში კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა

მარნეულში კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა. შემთხვევა გუშინ მოხდა.  კაცი ცხელ კვალზე დააკავეს.  არსებული ინფორმაციით, ქალი კლინიკაში რჩება.

გამოძიება მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

სასროლეთში აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაღუპული კოდორის სპეცოპერაციის მონაწილეა

დივერსია თუ უსაფრთხოების წესების დარღვევა - ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა. სასროლეთში აფეთქების შედეგად ერთ-ერთი გარდაცვლილი  კოდორის სპეცოპერაციის მონაწილე, პოლკოვნიკი იური ლომიძეა, რომელიც ამავე დაწესებულების თანამშრომელი იყო.

გარდაცვლილებს შორის არის  შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველი მიზანში სროლაში ვარჯიშობდა, როცა აფეთქება მოხდა. ცეცხლი შენობის ნულ სართულზე გაჩნდა. მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან ოთხი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს, მაგრამ ოთხიდან ერთი კლინიკაში შეყვანისთანავე გარდაიცვალა.  

მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო. 

კოდორის სპეცოპერაცია

2007 წლის 15 სექტემბერს საქართველოს უშიშროებამ მიიღო ინფორმაცია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე "გრუს" მიერ დაგეგმილი სპეცოპერაცია მზადდებოდა. კოდორის ხეობაში რუსი ოფიცრები და აფხაზეთის "უშიშროების სპეცდანიშნულების რაზმის" წევრები გადმოსვეს. მათ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე კონკრეტული დივერსიული აქტების განხორციელება ევალებოდათ. ქართველმა სპეცრაზმელებმა მათი განეიტრალება შეძლეს - ორი რუსი ოფიცერი ადგილზე გაანადგურეს, საიდუმლო ჯგუფის წევრები კი ტყვედ აიყვანეს. ჯერ კიდევ მაშინ რუსეთი საქართველოს ხელისუფლებას ამ სპეცოპერციაში მონაწილე ქართველების სიას სთხოვდა, თუმცა ინფორმაცია კრემლმა მაშინ ვერ მიიღო.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვების შემდეგ კი ქართველი სპეცრაზმელები პროკურატურაში დაკითხვებზე დაიბარეს.

სპეცოპერაცია "კოდორი 2007"-ში დაახლოებით 15 სპეცრაზმელი მონაწილეობდა. მათგან ხუთი 2014 წელს საეჭვო ვითარებაში დაიღუპა. ერთ-ერთი შალვა თათუხაშვილია, რომლის გარდაცვალების შესახებ რამდენიმე დღის წინ, ექსპერტიზის ახალი დასკვნა გახდა ცნობილი. 

"გუშინ სამწუხაროდ, საქართველოში მოხდა ტერაქტი. ეს ტერაქტი მოაწყვეს "გრუზინებმა". ის, რომ გაზი აფეთქდა, ეგ არის ზღაპარი. ტყვია-წამალი უცებ არ ფეთქდება, მანდ იყო მიზანმიმართული აფეთქება. პროფესიონალი მებრძოლი მოგვიკლეს ეგ კაცი იყო გმირი" ამბობს გენერალი გოგი თათუხაშვილი, შალვა თათუხაშვილის მამა.

უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროს, ვანო ნადირაძის შეფასებით, გუშინ მომხდარი აფეთქება, მინიმუმ 1 კგ ტროტილის აფეთქების ეკვივალენტი იყო. ნადირაძე ხაზს უსვამს, რომ აფეთქების ადგილას სწორედ კოდორის სპეცოპერაციის მონაწილე იმყოფებოდა - "როგორც სპეციალისტმა, ვერ მივამსგავსე გაზის აფეთქებას, ეჭვი მაქვს, რომ ტროტილი ან სი-4 იყო გამოყენებული, ასაფეთქებელი ნივთიერება" - ამბობს ნადირაძე. 

 

წყარო:მთავარი არხი

მარტში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 111 ფაქტი გამოვლინდა - როგორია 3 თვის სტატისტიკა?

2024 წლის იანვრიდან მარტის თვის ბოლომდე პერიოდში, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 209 ფაქტია გამოვლენილი, „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 232,349 კუბური მეტრი შეადგინა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის მარტში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 111 ფაქტი გამოავლინეს.

რეგიონების მიხედვით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 10 სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 4 - მცხეთა-მთიანეთის, 35 - ქვემო ქართლის, 18 - შიდა ქართლის, 4 - სამცხე-ჯავახეთის, 18 - გურიის, 17 - იმერეთის, ხოლო 5 კანონდარღვევის ფაქტი სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ გამოვლინდა.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დალუქულია და გადაყვანილია სააგენტოს „საქმიან ეზოებში“. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში.

მიმდინარე წლის მარტის თვეში, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 65,115 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომლებიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.

 

​თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ერთმანეთს 2 ავტომობილი შეეჯახა - დაშავდა 5 ადამიანი

​თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო დახმარების სამსახური. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

რატომ დაიბრალა ქალმა ძმის ნაცვლად ქმრის მკვლელობა

საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, დამამძიმებელ გარემოებებში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ჯგუფური ძალადობის და ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტებზე, გამოძიებით დადგენილი ახალი გარემოებების და მტკიცებულებების საფუძველზე, 4 პირს ბრალდება წარუდგინა და 1 პირს ბრალდება დაუზუსტა, - ამის შესახებ აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიების ფარგლებში, პირველ ეტაპზე ბრალდება ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობისთვის მოკლული მამაკაცის მეუღლეს წარედგინა, თუმცა გამოძიების მიერ მოპოვებული ახალი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2 აპრილს, სამტრედიაში, საკუთარ სახლში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე დაზარალებული სამმა პირმა, კერძოდ მეუღლის ძმებმა და ნათესავმა სცემეს.

„აღნიშნულის შესახებ ნაცემი მამაკაცი სამართალდამცავი ორგანოებისთვის შეტყობინებას აპირებდა, რის გამოც მეუღლის ძმამ მას მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მყოფმა კიდევ ორმა პირმა, მათ შორის მოკლულის მეუღლემ მომხდარის თაობაზე გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიწოდეს. გარდაცვლილის მეუღლემ პირველ ჩვენებაში მის მიერ არჩადენილი დანაშაული - მეუღლის მკვლელობა დაიბრალა და თავად აღიარა.

სამართალდამცავებმა, მოპოვებული ახალი მტკიცებულებების საფუძველზე, 4 პირი 5 აპრილს დააკავეს. განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა პირმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „გ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, განსაკუთრებული სისასტიკით) და 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ორ პირს ბრალდება სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა ჯგუფურად) და 370-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (პირადი მოტივით ცრუ ინფორმაციის მიწოდება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის საქმეზე), ხოლო კიდევ ერთ პირს - ასევე 370-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (პირადი მოტივით ცრუ ინფორმაციის მიწოდება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის საქმეზე) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

რაც შეეხება აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულ მოკლული პირის მეუღლეს, მას სსკ-ის 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა) წარდგენილი ბრალდება მოეხსნა და მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 370-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (პირადი მოტივით ცრუ ინფორმაციის მიწოდება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის საქმეზე) გრძელდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აცხადებენ პროკურატურაში.

ზუგდიდში დაყაჩაღების ფაქტი მკვლელობით დასრულდა - ცოლი მოკლულია, ქმარი დაჭრილი.

ზუგდიდში ოჯახის დაყაჩაღების მცდელობა მკვლელობით და დაჭრით დასრულდა.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა მოკლეს ცოლი, ქმარი კი დაჭრილია და საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

მომხდართან დაკავშირებით ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ჯერჯერობით მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.

თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 14 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის, ქვემო ქართლის, აჭარის, იმერეთის და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავეს, მათ შორის 7 ნარკორეალიზატორია.
დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან კი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განხორციელდა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მომზადებისა და გასაღების მცდელობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების და გასაღების მომზადების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1986 წელს დაბადებული ს.მ., 2006 წელს დაბადებული გ.ხ., 1993 წელს დაბადებული თ.ხ., 1986 წელს დაბადებული ზ.შ. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1999 წელს დაბადებული დ.ე., 1979 წელს დაბადებული მ.მ., 1967 წელს დაბადებული დ.ლ., 1982 წელს დაბადებული დ.ჟ., 1970 წელს დაბადებული პ.ჯ. ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 2003 წელს დაბადებული ბ.შ., 2002 წელს დაბადებული დ.ხ. და 1985 წელს დაბადებული მ.ე., 1966 წელს დაბადებული ს.თ. და 2003 წელს დაბადებული კ.პ.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე, ასევე, დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შეძენა - შენახვის და გასაღების ფაქტზე დაკავებულია დ.ე. ამოღებულია მის მიერ უკანონოდ გასაღებული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ „მდმა“ და „ჰაშიში“.
ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღების ფაქტზე დაკავებული ს.მ.-სგან და მ.მ.-სგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო გადაღება. ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას კი სამართალდამცველების მიერ, ნივთმტკიცებად, „მარიხუანა“ და ელექტრო სასწორია ამოღებული.
ასევე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებულები არიან დ.ჟ. და თ.ხ. გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ხ.-მ რეალიზაციის მიზნით შეიძინა ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“. ხოლო, დ.ჟ.-ს პირადი და კუთვნილი ავტომობილის ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ ამოიღეს.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე - ბ.შ., დ.ხ. და მ.ე. დააკავეს. ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი ბინის და ავტომანქანის ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ლოკაციიდან, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები - 62 შეკვრა ,,მარიხუანა”, 65 შეკვრა ,,ალფა პვპ” და მცირე ზომის ელექტრო სასწორი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქე კ.პ.-სთან განხორციელებული საკონტროლო შესყიდვების, ასევე პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოიღეს „მარიხუანა“.
ხოლო, ამავე მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ბრალდებული გ.ხ.-ს მიერ მითითებული სხვადასხვა ლოკაციიდან სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ზ.შ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ნარკორეალიზაციის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა ზ.შ.-სგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სხვადასხვა დროს, განახორციელეს ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო გადაღება.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქის ს.თ.-ს პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.
იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პ.ჯ.-სთან განახორციელეს საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო გადაღება. ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“.
გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულ დ.ლ.-ს ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ნარკოტიკული საშუალებები „მეტადონი“ „სუბოტექსი“ და „მარიხუანა" ამოიღეს. ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია პისტოლეტი, მჭიდი და 3 ვაზნა.
ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე, 19-260-ე, 273-ე პრიმა, 18-273-ე პრიმა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

{youtube}https://https://www.youtube.com/watch?v=QRXKxQBg4ZA{/youtube}

 

ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო რეალიზაცია - დააკავეს 5 ადამიანი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, აჭარაში გამოვლინდა კანონდარღვევით მოქმედი აფთიაქი, საიდანაც უკანონოდ ხდებოდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია.

უწყების თქმით, აფთიაქის ხელმძღვანელებმა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად, ჯამში დაახლოებით 1 მილიონი ლარი მიიღეს.

უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 3 იურიდიული პირი, ხოლო, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 6 ფიზიკური პირის მიმართ, რომელთაგან 5 უკვე დააკავეს. 

"გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის რეგიონში, გამოვლენილ იქნა კანონდარღვევით მოქმედი აფთიაქი, საიდანაც რიგ შემთხვევაში უნებართვოდ, ანდა შესაბამისი სანებართვო პირობების დარღვევით, რეცეპტის გარეშე, ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია.

გამოძიებით დადგინდა, რომ აფთიაქის კანონდარღვევით საქმიანობის დაფარვის მიზნით, ობიექტი ფუნქციონირებდა სამი სხვადასხვა იურიდიული პირის სახელით, რომელთაც ფაქტობრივად ერთი და იგივე პირები მართავდნენ.

გამოძიების პროცესში, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა სამი იურიდიული პირი, ხოლო, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ექვსი ფიზიკური პირის მიმართ, რომელთაგან დაკავებულ იქნა ხუთი პირი.

დადგინდა, რომ აფთიაქის ხელმძღვანელებმა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად, ჯამში მიიღეს დაახლოებით 1 მილიონი ლარის ოდენობის უკანონო შემოსავალი, რომელსაც შემდგომ, სხვადასხვა პირის საბანკო ანგარიშებზე გადარიცხვის გზით, მისცეს კანონიერი სახე და მოახდინეს მისი ლეგალიზაცია.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი, ასევე, ბრალდებულების მფლობელობაში არსებული ორი ძვირადღირებული ავტომანქანა," - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე და 194-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

საბერძნეთში საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს - დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მილიონ ევრომდე ღირებულების ქონება მოიპარეს

საბერძნეთში სამართალდამცავებმა დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი დააკავეს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან. დაკავებულთა შორის ერთი ქალია.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები 2021 წლიდან ატიკას სხვადასხვა რაიონში სისტემატურად ძარცვავდნენ სახლებს. ჯამში გატეხეს 16 სახლი, ზარალი კი 690 000 ევროს აღემატება.