... ... hotnews.ge - კრიმინალი

3 ნარკომოვაჭრეს უვადო, 2 კი 17 და 18-წლით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებული 5 პირი დამნაშავედ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით დანაშაულებრივი ჯგუფის 3 ხელმძღვანელს სასჯელის უმაღლესი ზომა - უვადო თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 2 წევრს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საქართველოს, თურქეთისა და ბულგარეთის 3 მოქალაქის ხელმძღვანელობით მოქმედი დანაშაულებრივი ჯგუფი, სხვადასხვა საკომუნიკაციო ქსელით, დისტანციურად იღებდა ნარკოტიკული საშუალების ე.წ. შეკვეთას, სპეციალურად გახსნილ საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემდგომ კი ე.წ. დამდების მეშვეობით სასურველი ნარკოტიკული საშუალების წინასწარ შერჩეულ ადგილზე განთავსებას უზრუნველყოფდა, რის შემდეგაც შემძენს ლოკაციის და ადგილმდებარეობის ფოტოები ეგზავნებოდა. აღნიშნულმა პირებმა დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობაში საქართველოს 2 მოქალაქე ჩართეს, რომლებიც ნარკოვაჭრობის შედეგად მიღებული თანხების საქართველოში შეგროვებას, გადარიცხვა/კონვერტაციის გზით წარმომავლობის შენიღბვას და დანაშაულის ორგანიზატორებისთვის საზღვარგარეთ მიწოდებას, ასევე საბანკო დაწესებულებებთან წამოჭრილი პრობლემების მოგვარებას უზრუნველყოფდნენ. პარალელურად, საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს, როგორც ადვოკატს, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დაკავების შემთხვევაში თითქოსდა იურიდიული დახმარების გაწევის გზით ორგანიზატორებთან დაკავშირებული, გამოძიებისთვის ცნობილი ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზატორებისთვის მიწოდება უნდა განეხორციელებინა.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ ორგანიზებულმა ჯგუფმა საქართველოში 2021-2023 წლებში ზემოაღწერილი სქემით ნარკორეალიზაციის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობის, 17 367 263 ლარის, 2 523 302 აშშ დოლარისა და 24 030 ევროს უკანონო შემოსავალი მიიღო, რომლის ლეგალიზაციაც  რამდენიმე ხერხით განხორციელდა. დანაშაულებრივი წარმომავლობის თანხების ნაწილი ქართულ საბანკო ანგარიშებზე უმიზნო ტრანზაქციებისა და კონვერტაციის შემდეგ ჯგუფის ხელმძღვანელ პირთა უცხოურ ანგარიშებზე ირიცხებოდა. თანხის ნაწილის განაღდება კი საქართველოში ხორციელდებოდა და სხვადასხვა პირის სახელით ფულადი გზავნილის სახით საზღვარგარეთ იგზავნებოდა, ასევე საქართველოში და კვიპროსში შეძენილ იქნა ძვირადღირებული უძრავ-მოძრავი ქონება. 

დანაშაულის ჩამდენ პირებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით, მეშვიდე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით და 194-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) წარედგინათ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ასევე მსჯავრდებულებს სახელმწიფოს სასარგებლოდ დანაშაულებრივი გზით მიღებული 2 ავტომანქანა და 310 000 ლარზე მეტი ჩამოერთვათ. 

სამი პირის დაჭრა ვაკეში - პროკურატურამ ერთ დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქმე ეხება 17 აპრილს, ტაბიძის ქუჩის მიმდებარედ მომხდარ შემხვევას, რა დროსაც სამი ადამიანი დაჭრეს. 

უწყების ცნობით, ცეცხლი თავდაპირველად ს.ქ.-მ გახსნა, მას დაზარალებულების თანმხლები პირი - ბრალდებული ვ.ს. დაედევნა და თავის არეში დაჭრა. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 აპრილს, თბილისში, ტაბიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ს.ქ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა გ.რ-ს და კ.ბ-ს. აღნიშნულის შემდეგ იგი შემთხვევის ადგილის დატოვებას ცდილობდა, რა დროსაც დაზარალებულების თანმხლები პირი, ამჟამად ბრალდებული ვ.ს. დაედევნა მას და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სიცოცხლისთვის სახითაფო დაზიანება მიაყენა თავის არეში. სამივე დაჭრილი გადაყვანილია საავადმყოფოში, ორი პირის, მათ შორის ს.ქ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და იგი რეანიმაციაში გადის მკურნალობას.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ვ.ს. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე სასამართლომ ორი სპეცრაზმელი და გამომძიებელი დამნაშავედ ცნო

თავდაცვის სამინისტროს სერჟანტის, როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე სასამართლომ კიდევ ორი ყოფილი სპეცრაზმელი ცნო დამნაშავედ.

მკვლელობის მუხლით ბრალდებულ ყოფილ სპეცრაზმელს, თემურ მგელაძეს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თემურ მგელაძე საპატიმრო დაწესებულებას ორ თვეში დატოვებს, რადგან თითქმის ათი თვეა, პატიმრობაში იმყოფება. მგელაძემ აღიარა შავაძის მკვლელობა, ითანამშრომლა გამოძიებასთან და სასამართლოში სხვა ბრალდებულების წინააღმდეგ ჩვენება მისცა.

რაც შეეხება მეორე ყოფილ სპეცრაზმელს, რომელიც სასამართლომ შავაძის მკვლელობაში ცნო დამნაშავედ, ზვიად ნურიძემ ასევე აღიარა შავაძის მკვლელობა, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ჩვენება მისცა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სხვა ბრალდებულების წინააღმდეგ და მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ორი სპეცრაზმელის გარდა, საპროცესო შეთანხმებით გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა მოსამართლემ შავაძის საქმის ყოფილი გამომძიებლის, სულიკო ვარშანიძის მიმართაც. მას ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რომელიც უკვე მოხდილი აქვს.

რაც შეეხება სხვა ბრალდებულებს, რომლებმაც დანაშაული არ აღიარეს, მათ შორის აჭარის კუდ-ის ყოფილ უფროსს, თეიუმურაზ პატარიძეს და ყოფილ სპეცრაზმელს, გიორგი არაბულს, მათ საქმეზე განაჩენი, სავარაუდოდ, ხვალ გამოცხადდება.

მანამდე ორი ბრალდებულის – ყოფილი სპეცრაზმელისა და აჭარის კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს და მათ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ორი ბრალდებულის საქმე, რომლებიც გვიან დააკავეს, ჯერ კიდევ გამოძიებაშია.

ავარიას სენაკში მსხვერპლი მოყვა - დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს

სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოსირთან ავტოავარიას მსხვერპლი მოყვა. ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა შეეჯახა.

დაიღუპა ერთი ადამიანი, ოთხი დაშავებული კი, კლინიკებში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

როგორც "რუსთავი 2-ს" შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს

ამბავი, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა - 31 წლის ქალის სასტიკი მკვლელობის საქმე

ასტანაში, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის კუანდიკ ბიშიმბაევის სასამართლო გრძელდება, კაცი ბრალდებულია მეუღლის, სალტანატ ნუკენოვას უკიდურესი სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში.

სასამართლოს ჩვენება მისცა მეორე დაკავებულმა, ბიშიმბაევის ნათესავმა და BAU რესტორნის დირექტორმა, სადაც მკვლელობა მოხდა. ბაიჯანოვს ბრალად  დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება.

ბაიჯანოვმა თქვა, რომ ახალგაზრდა ქალს პირადად იცნობდა.

მისი თქმით, 9 ნოემბერს მან რამდენჯერმე ნახა სალტანატი. დილით, ბრალდებულმა ის მხოლოდ შორიდან დაინახა, როცა რესტორნის VIP კაბინაში კარი შეაღო. თავდახრილ სალტანატს მარცხენა თვალი ჰქონდა შეშუპებული.

როგორც ბახიტჯან ბაიჯანოვმა ამბობს, მას 9 ნოემბერს, დილით, დაცვის თანამშრომელმა დაურეკა და უთხრა, რომ ბიშიმბაევი და ნუკენოვა მანქანით ცდილობდნენ წასვლას, თუმცა ნასვამმა ბიშიმბაევმა მანქანის მართვა ვერ შეძლო.

8:00 საათის შემდეგ, რესტორნის მენეჯერმა კარლიგაშ ალმაგამბეტოვამ დაურეკა ბაიჯანოვს და თქვა, რომ ბიშიმბაევი მთელი ღამე ყვიროდა და მუშაობის საშუალებას არ  აძლევდა იმ ადამიანებს, რომლებიც რესტორანში რემონტს აკეთებდნენ.

დაახლოებით 9:30 საათზე ბიშიმბაევმა დაურეკა და რესტორანში დაიბარა. მეორე სართულზე რომ ავიდა, შეამჩნია, რომ ერთ-ერთ VIP ჯიხურში შუქი ენთო.  ბრალდებულის მონაყოლის მიხედვით, ბიშიმბაევმა სთხოვა პლედის მოტანა.

მისი თქმით, ის VIP კაბინაში მხოლოდ მას შემდეგ შევიდა, რაც ბიშიმბაევმა დარეკა და უთხრა, რომ სახლში წასვლას აპირებდნენ. VIP კაბინაში შესვლის შემდეგ, ბაიჯანოვმა ბიშიმბაევთან ერთად სალტანატის ფეხზე წამოყენება სცადეს, ამ დროს, ქალმა, ბაიჯანოვის თქმით, ფეხზე წამოდგომა სცადა და ბაიჯანოვს ხელი მაგრად მოუჭირა,

"ალბათ, შველას მთხოვდა, მაშინ ამას ვერ მივხვდი, ახლა ასე ვფიქრობ,"- თქვა ბრალდებულმა.

მან ასევე თქვა, რომ მოგვიანებით, ბიშიმბაევის მითითებით, წაშალა ჩანაწერები რესტორანში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერებიდან.

დღის განმავლობაში, ბაიჯანოვმა, მისი თქმით, შესთავაზა ნუკენოვასთვის სასწრაფოს გამოძახება, მაგრამ ბიშიმბაევმა თქვა, რომ მას მხოლოდ ეძინა და დახმარება არ სჭირდებოდა.

თუმცა, საღამოს, როცა ბიშიმბაევმა დაუძახა და უთხრა , რომ სალტა აღარ სუნთქავდა, ბაიჟანოვმა გამოიძახა სასწრაფო. ამ დროს, ბიშიმბაევი ნათელმხილველს ესაუბრებოდა.

"ვცადე, მისთვის ხელოვნურად ამემუშავებინა გული, ტელეფონით რჩევას მაძლევდა ექიმი, შემდეგ ექიმმა გვირჩია ხელოვნური სუნთქვა გაგვეკეთებინა, მაგრამ ბიშიმბაევმა პირი ვერ გაუხსნა, უკვე გაშეშებული იყო..."- თქვა ბაიჯანოვმა.

ცნობისთვის, სასამართლო განხილვა მალე დასრულდება და განაჩენს ნაფიცი მსაჯულები გამოიტანენ.

სალტანატი 2023 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა. იმ დღეს ის და მისი მეუღლე კონცერტზე იმყოფებოდნენ, როგორც ცნობილია, მათ იკამათეს და საკონცერტო დარბაზი მალევე დატოვეს. შემდეგ კი ოჯახის კუთვნილ რესტორანში წავიდნენ და ვიაიპი-ოთახში შევიდნენ.

სასამართლოზე წარმოდგენილი მასალებით, სალტანატი ქმართან გაშორებას გეგმავდა, ამბობდა, რომ მუდმივი ბულინგითა და ქმრის მხრიდან ძალადობით დაიღალა. როგორც ქალის ახლობლები ამბობენ, კუანდიკი ცოლს გამუდმებით სცემდა.

მათივე თქმით, ყოფილი მინისტრი ცოლს რამდენიმე საათის განმავლობაში ჩაკეტილ ოთახში სცემდა და მხოლოდ მაშინ გაჩერდა, როდესაც გოგონამ გონება დაკარგა და ძირს დაეცა. როცა მამაკაცმა გააცნობიერა, რაც მოხდა, რესტორნის თანამშრომლები დაითხოვა და რესტორნის დირექტორს დაურეკა, რომელიც ასევე დაკავებული, მან ბიშიმბაევის მოთხოვნით, სალტანატის ტელეფონს ლოკაცია გამოურთო, რომ ოჯახს მისი მოძებნა ვერ შეძლებოდა.

გოგონას ახლობლები ამბობენ, რომ ტრაგედიამდე რამდენიმე თვით ადრე ნათესავს ფოტოებიც კი გადაუგზავნა, როგორ იყო ნაცემი, ხოლო, როცა  ქმარმა ამის შესახებ გაიგო, კიდევ უფრო მეტად სცემა და აიძულა, ინტიმური შინაარსის ვიდეო გადაეღო.

8 აპრილს სასამართლოში ჩვენება მისცა ორმა მოწმემ - სასწრაფო დახმარების ექიმმა და საპატრულო პოლიციელმა.

1 აპრილს კუანდიკ ბიშიმბაევი სასამართლოში სიტყვით გამოვიდა. მან პატიება სთხოვა სალტანატ ნუკენოვას ახლობლებს. თუმცა, მან თქვა, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

9 აპრილს სასამართლოში ისაუბრა მოწმემ, რომელიც ნუკენოვას მკვლელობის ღამეს რესტორანში იმყოფებოდა. სასამართლოზე ჩვენება მისცა სამედიცინო ექსპერტმაც, რომელმაც დეტალურად აღწერა, რა დაზიანებები მიაყენა ბიშიმბაევმა სალტანატ ნუკენოვას და რამ გამოიწვია მისი სიკვდილი.

11 აპრილს მეორე ბრალდებულმა ბახიტჯან ბაიჯანოვმა მოუყვა თავისი ვერსია იმ დღის მოვლენების შესახებ, როდესაც სალტანატ ნუკენოვა გარდაიცვალა.

სასამართლო სხდომები პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

სროლა ტაბიძის ქუჩაზე - დაჭრილია 3 ადამიანი

თბილისში, ტიციან ტაბიძის ქუჩაზე, სროლა იყო. გავრცელებული ცნობით, დაჭრილია 3 ადამიანი. "კურიერის" ინფორმაციით, თავს დაესხნენ ავტომობილში მჯდომ პირს - გიორგი რუხაძეს, რომელიც ძმები კაკულიების ახლო ნათესავია.

თავდამსხმელმა ადგილიდან მიმალვა სცადა, რომელსაც დაცვა აედევნა და ცხვედაძის ქუჩაზე ორივე მხარე დაიჭრა. როგორც თვითმხილველები განმარტავენ, ჭრილობები ერთს თავის არეში აქვს მიყენებული, ორს კი - მხარში.

შემთხვევა დღეს, 12:00 საათისთვის მოხდა.

აქციაზე დაკავებულია 11 პირი - შსს-ს განცხადება

რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის დროს, მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან არაერთი მოწოდებისა აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ, პროტესტი გამოეხატათ კანონით დადგენილ ფორმებში და არ განეხორციელებინათ ძალადობრივი ქმედებები, აქციის წევრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ პოლიციელებს და მათი მიმართულებით ისროლეს სხვადასხვა ბლაგვი საგანი, მათ შორის, ქვები და ბოთლები.
აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი რომელიც გადაყვანილია კავკასიის მედიცინის ცენტრში. ასევე, დაზიანებულია სამინისტროს კუთვნილი ავტომობილი. ფიზიკური დაპირისპირების აღსაკვეთადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა სპეციალური საშუალება - ე.წ. წიწაკის სპრეი.
სამართალდამცველების მიერ კანონდარღვევისათვის ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 11 პირი.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და წევრებს, უზრუნველყონ პროტესტის კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოებში გამოხატვა. თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, სამართალდამცავი უწყების მხრიდან მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

აქციაზე დაკავებულების შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას დამატებით მივაწოდოთ ინფორმაცია 2024 წლის 15 აპრილს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების შესახებ.
საპროტესტო აქციის მსვლელობისას, სამართალდამცავების მიერ გაკეთებული არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეებს პროტესტი გამოეხატათ მშვიდობიანი ფორმით და არ გასცდენოდნენ კანონით დადგენილი წესით შეკრების ფარგლებს, აქციის მონაწილეთა ნაწილი არ დაემორჩილა პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას, წინააღმდეგობა გაუწიეს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის საფუძველზეც პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა 14 პირი.
შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების შემდეგ, პოლიციამ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა 4 პირი, ხოლო რაც შეეხება 10 დაკავებულს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაყვანილია დროებითი მოთავსების იზოლატორში.


დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებული პირების შეყვანისთანავე ექიმების მიერ კონფიდენციალურ გარემოში მოხდა მათი სამედიცინო შემოწმება და შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იზოლატორში ყოფნის პერიოდში დაკავებული პირებისთვის დამატებითი სამედიცინო დახმარების გაწევის საჭიროება არ დამდგარა.
აქვე აღსანიშნავია, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნის პირობებში დაკავებულებს საშუალება ჰქონდათ კონფიდენციალურ გარემოში შეხვედროდნენ და გასაუბრებოდნენ სახალხო დამცველის რწმუნებულს.
ყველა დაკავებულს შეუზღუდავად აქვს წვდომა საკუთარი ინტერესების დამცველ ადვოკატებთან, სახალხო დამცველის აპარატისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელთან.

 

ოკუპანტებმა საქართველოს სამი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს-ის განცხადება

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული სოფლების, ზემო არცევისა და ოტრევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“.

„ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.

საბჭოთა კავშირის გაუხმაურებელი ნარკოსკანდალი

ახლა ყველაფერი თითქოს მარტივია, თუნდაც საიდუმლო დოკუმენტაციის გაგზავნა მკაცრად დაცული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შეიძლება, აუცილებელი არ არის, ქვეყნიდან ქვეყანაში მოგზაურობა და სპეციალური კურიერების გაგზავნა. ადრე კი ასე არ იყო. თუნდაც, მხოლოდ საბჭოთა კავშირი რომ ავიღოთ, საიდუმლო ბრძანება, რომელსაც, მაგალითად, მოსკოვში გამოსცემდნენ და აუცილებელი იყო ყველა რესპუბლიკისთვის, ადგილამდე ვინმეს უნდა ჩაეტანა. ჰოდა, კავკასიაში ერთი კურიერი მოდიოდა, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში არიგებდა ბრძანებებს, ბალტიისპირეთშიც ერთი - ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს სტუმრობდა, ერთიც - შუა აზიაში, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი დაუზბეკეთი უნდა მოეარა და ა.შ. რა თქმა უნდა, კურიერი არ იყო რიგითი ადამიანი, ის წოდებით, ყველაზე ცოტა, კაპიტანი უნდა ყოფილიყო და რაც მთავარია, უდიდესი ნდობა ჰქონოდა. ასეთ კურიერებს დაჰქონდათ სპეციალურად დალუქული კონვერტები, სპეციალურ დიპლომატებში ჩადებული, გარდა ამისა, ყველა დიპლომატს ცალკე შიფრი ჰქონდა. საინტერესო ის გახლდათ, რომ ყველა დიპლომატში წერილი ცალ-ცალკე იდო ანუ კავკასიაში მომავალ კურიერს თან სამი დიპლომატი ჰქონდა...

 

მცხეთაში, რესტორანში, ჩხუბი მოხდა, რის შემდეგაც ერთერთმა მიმტანმა „02“ აკრიფა, მილიციაში დარეკა და ადგილზე მისულ სამართალდამცავებს 40 წლამდე მამაკაცი დახვდათ გარდაცვლილი. უფრო სწორად, ის მოკლული იყო და ეტყობოდა კიდეც, მუცელში დანით ორი ჭრილობა რომ ჰქონდა. ჩხუბში მონაწილეეებიც იქვე იყვნენ, არც გაქცეულან, რადგან... იმდენად გახლდნენ ნასვამები, რომ გაქცევის თავი აღარ ჰქონდათ. შესაბამისად, ოპერმუშაკებს საქმე გაუიოლდათ, იქვე დაკაავეს მთავარი ეჭვმიტანილები და მკვლელის სავარაუდო იარაღიც იატაკზე ეგდო. საქმეს ეტყობოდა, რომ მარტივი იქნებოდა და გაიხსნებოდა, მაგრამ როცა გარდაცვლილის საბუთები ნახეს, მიხვდნენ, საქმე ბევრად რთულად იქნებოდა. გარდაცვლილი სამხედრო კურიერი გახლდათ და მივლინების ბარათებით თუ იმსჯელებდნენ, სომხეთი და აზერბაიჯანი უკვე მოვლილი ჰქონდა და საქართველოში სამი დღის ჩამოსული იყო. რა თქმა უნდა, საქმეს მაშინვე გრიფით საიდუმლო დაედო. სტატია სრულად იხილეთ აქ

სარფის საბაჟოზე 300.000 ლარის ოქრო დააკავეს

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესის დარღვევით გადმოტანის ფაქტები გამოავლინა.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესის დარღვევით გადმოტანის ხუთი ფაქტი გამოავლინეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, ტანსაცმლის ქვეშ, სხეულზე მიმაგრებული სახით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანეს ჯამში 2 618 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული კონტრაბანდული ძვირფასეულობის ღირებულება 300 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7-წლამდე ვადით", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას ქართველი ქალი ემსხვერპლა

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას ქართველი ქალი ემსხვერპლა - 50 წლამდე ფიქრია დარჩია სიდნეის სავაჭრო ცენტრში იმ დროს იმყოფებოდა, როცა შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა.

შეგახსენებთ, რომ სიდნეის სავაჭრო ცენტრში 13 აპრილს დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი. სულ მცირე, 11 კი დაშავდა. ​მათ შორის, ბავშვიც. დაშავებულები კლინიკაში იმყოფებიან.

ავსტრალიის პოლიციის თქმით, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა და მალევე გაანეიტრალეს. ის სავაჭრო ცენტრში მყოფმა პოლიციელმა მოკლა, რომელიც თავდასხმის ადგილას მარტო იმყოფებოდა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები კვლავ გრძელდება.