... ... hotnews.ge - სპორტი

თოფურია მესის შეხვდა

MMA-ს ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია ამერიკაში იმყოფება. ის შტატებში ყველაზე პოპულარული კლუბის, „ინტერ მაიამის“ ბაზას ეწვია და ამ გუნდის ლეგენდებს - ლიონელ მესის, ხორდი ალბას, ლუის სუარესს და სერხიო ბუსკეტს შეხვდა. მოგეხსენებათ, აღნიშნული კლუბის მფლობელი დევიდ ბექჰემია, ხოლო კარიერის დასრულების შემდეგ, აქციების 10%-ს ლიონელ მესიც მიიღებს.

„მესისთან შეხვედრა ოცნება იყო. ეს ადამიანი ლეგენდაა და ჩემთვის მისაბაძი მაგალითია“, - დაწერა ქართველმა მებრძოლმა სოციალურ ქსელში.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე

ხვიჩა კვარაცხელია საგოლე პასით დაბრუნდა - „ნაპოლიმ“ „მონცას“ მოუგო და ევროზონას მიუახლოვდა

ხვიჩა კვარაცხელია მცირე ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა, „ნაპოლი“ კი სერია A-ში „მონცას“ დაუპირისპირდა და მეორე ტაიმში ნაჩვენები კარგი ფეხბურთის ხარჯზე 4:2 გაიმარჯვა.

იტალიის ჩემპიონატის 31-ე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ლიდერი ძირითად შემადგენლობაში იყო და 68 წუთი ითამაშა. ხვიჩამ პირველ ტაიმში სცადა გატანა, მაგრამ მცველები გადაეფარნენ და მისი დარტყმა დაბლოკეს.

„მონცა“ მე-9 წუთზე ბოსნიელი თავდამსხმელის, მილან ჯურიჩის გოლით დაწინაურდა. „ნაპოლის“ მე-40 წუთზე ანგარიშის გათანაბრების მშვენიერი შანსი მიეცა – ვიქტორ ოსიმენმა მეკარესთან იბრძოლა, ბურთი კვარაცხელიასთან მივიდა, მაგრამ მისი დარტყმა მიკელე დი გრეგორიომ მოიგერია და მასპინძლები გადაარჩინა.

მეორე ტაიმში „ნაპოლიმ“ თამაში შემოატრიალა. 55-ე წუთზე ოსიმენი მაღლა ახტა და შესანიშნავი თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, ორ წუთში მატეო პოლიტანომ ნეაპოლელები დააწინაურა, ხოლო 61-ე წუთზე კვარაცხელიას ასისტით პიოტრ ჟელინსკიმ სტუმართა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.

მართალია, ანდრეა კოლპანიმ (62) სხვაობა შეამცირა, თუმცა ჯაკომო რასპადორიმ (68) „ნაპოლის“ ორბურთიანი სხვაობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ნაპოლიმ“ სერია A-ში გამართული 31 ტურის შემდეგ 48 ქულა დააგროვა და ევროზონასთან ჩამორჩენა ორ ქულამდე შეამცირა, ხოლო ჩემპიონთა ლიგამდე 10 ქულა აშორებს. ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე კი 10 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

UFC-ის ჩემპიონი ჯონ ჯონსი პოლიციამ დააკავა

მძიმე წონაში UFC-ის მოქმედი ჩემპიონი ჯონ ჯონსი მორიგ სკანდალში გაეხვია. ამერიკულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ჩემპიონი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო, როცა დოპინგტესტის ოფიცერს მოკვლით დაემუქრა და მობილური ტელეფონი წაართვა. ქალაქ ალბუკერკეს პოლიცია მომხდარ ფაქტს იძიებს.

აღსანიშნავია, რომ ჯონ ჯონსს წარსულშიც არაერთხელ დაურღვევია კანონი და დოპონგტესტების ჩატარებაზეც ხშირად ამბობდა უარს.

ჯონ ჯონსს 27 ორთბრძოლა აქვს მოგებული და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. თუმცა ჯონსი რეალურად არავის დაუმარცხებია და სტატისტიკის გრაფაში ერთადერთი წაგება დისკვალიფიკაციის გამო აქვს.

გუდაური სნოუბორდში ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს

პირველად საქართველოს ისტორიაში, 6-7 აპრილს გუდაურში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება სნოუბორდში. ღონისძიება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS) გაიმართება, რომელშიც მსოფლიოს წამყვანი 18 ქვეყნის (შვეიცარია, ავსტრალია, კანადა, ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, საფრანგეთი გერმანია, უნგრეთი, იტალია, იაპონია, ნიდერლანდები, ნორვეგია, რუმინეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, აშშ და საქართველო) 21 წლამდე ასაკის 80 სპორტსმენი იასპარეზებს.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მხრიდან ღონისძიებას დაესწრებიან და საორგანიზაციო პროცესებში მონაწილეობას მიიღებენ შეჯიბრის დირექტორი პიტერ კროგელი და ტექნიკური დელეგატი რიკარდო კიმინაცო.

ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში პირველად ტარდება. მიმდინარე წლის 3-4 თებერვალს, გუდაურმა, მსოფლიო თასის ეტაპს სნოუბორდ კროსის დისციპლინაში წარმატებით უმასპინძლა. საქართველო მსოფლიოს ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა და მსოფლიო სპორტულ რუკაზე კვლავ საპატიო ადგილი დაიკავა. სნოუბორდ კროსის დისციპლინაში წარმატებით ჩატარებულმა მსოფლიო თასმა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ყურადღება ჩვენი ქვეყნისადმი ისევ მიიპყრო. სწორედ ამიტომ, გუდაური საერთაშორისო დონის შეჯიბრების ჩასატარებლად კიდევ ერთხელ შეირჩა, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე საორგანიზაციო კუთხით.

ღონისძიება პირველად 1997 წელს, იტალიაში ჩატარდა. შემდეგ კი მასპინძლები იყვნენ ისეთ ქვეყნები, როგორიცაა: ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, შვეიცარია, შვედეთი და სხვა, 2024 წელს კი საქართველომ მოიპოვა ახალგზარდული მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელობის უფლება.

 

ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერთან დაკავშირებით „ნაპოლის“ პრეზიდენტი პროკურატურამ დაკითხა

იტალიური „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი რომის პროკურატურაში ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერთან დაკავშირებით დაკითხეს, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

პროკურატურას ეჭვი აქვს, რომ 2020 წელს ფრანგული „ლილიდან“ „ნაპოლიში“ ნიგერიელი თავდამსხმელის ტრანსფერი რამდენიმე რეგულაციის დარღვევით განხორციელდა და იტალიურმა კლუბმა კანონდარღვევით სცადა ფინანსური სარგებლის მიღება.

ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერი „ნაპოლის“ ოფიციალურად 71 მილიონი ევრო დაუჯდა. 50 მილიონი „ლილმა“ პირდაპირ მიიღო, ხოლო დარჩენილი თანხა რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელის ტრანსფერში უნდა დაბანდებულიყო, თუმცა მათ პროფესიონალურ დონეზე არ უთამაშიათ.

ჯერ უცნობია, დაისჯება თუ არა „ნაპოლი“. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ფინანსური დანაშაულის გამო ტურინის „იუვენტუსს“ ქულები დააკლეს, ხოლო კლუბის რამდენიმე წარმომადგენელს საფეხბურთო საქმიანობა დროებით აეკრძალა.

კობი ბრაიანტის 2000 წელს მოგებული საჩემპიონო ბეჭედი რეკორდულ ფასად გაიყიდა

2000 წელს NBA-ის ფინალებში “Los Angeles Lakers-მა” “Indiana Pacers-ი” 4-2 დაამარცხა, შედეგად კი ლეგენდარულმა კობი ბრაიანტმა თავისი პირველი საჩემპიონო ბეჭედი მიიღო. დაახლოებით ორი კვირის წინ, სააუქციონო სახლმა Goldin-მა გასაყიდად სწორედ აღნიშნული ბეჭდის ორიგინალი ვერსია გამოიტანა, რომელიც კობი ბრაიანტმა საკუთარ მამას, ჯო ბრაიანტს უსახსოვრა.

თავდაპირველად ჯომ ბეჭედი 2013 წელს 173 ათას დოლარად გაყიდა, რაც მაშინ რეკორდულ თანხად მიიჩნეოდა. 26 მარტს ცხადი გახდა, რომ ხელახლა გასაყიდად გამოტანილი ბეჭედი საკუთარ რეკორდს გააუმჯობესებდა, რადგან სააუქციონო სახლმა 184 ათასიანი შეთავაზება მიიღო.


აუქციონის უკანასკნელ დღეს Goldin-მა 19 შეთავაზება მიიღო, საიდანაც უკანასკნელი გამარჯვებული მყიდველის შეთავაზებულმა თანხამ 927 ათასი დოლარი შეადგინა.შედეგად ბეჭედი გახდა ყველაზე ძვირად გასხვისებული კობი ბრაიანტის ნივთი, რაც კი ოდესმე საჯაროდ გასაყიდად გამოუტანიათ.
აქამდე რეკორდის მფლობელი ბილ რასელი იყო, რომლის 1957 წელს მოგებული საჩემპიონო ბეჭედი 2021 წელს 705 ათას დოლარად გაიყიდა.

თუკი მხედველობაში ყველა სპორტის სახეობას მივიღებთ, რეკორდის მფლობელი ნიუ იორკული ბეისბოლის კლუბ “Yankees” მოთამაშე ბეიბ რუთია. 2017 წელს ბეისბოლის ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშის 1927 წლის საჩემპიონო ბეჭედი სააუქციონო სახლმა Lelands-მა 2,1 მილიონ დოლარად გაყიდა.

ბრაიანტის ბეჭედზე, რომელიც 14 კარატიანი ოქროსგანაა დამზადებული და რომელშიც 40 ბრილიანტის თვალია განთავსებული, ჯამში 43 შეთავაზება შევიდა, თუმცა მყიდველმა საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა.

EURO 2024-ისთვის Georgian Airways-ის ავიაბილეთების გაყიდვა იწყება

Georgian Airways-მა დღეს, 13:00 საათიდან ევრო 2024-ისთვის დანიშნულ სპეციალურ პირდაპირ ფრენებზე ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყო – ბილეთების ფასი 295 ევროდან იწყება. როგორც „პუბლიკას” ავიაკომპანიაში უთხრეს, ეს ერთი ბილეთის ფასია.

პირდაპირი ფრენები შესრულდება შემდეგი განრიგით:

  • თბილისიდან დორტმუნდში 17 ივნისს (გამოფრენა დორტმუნდიდან თბილისში 19 ივნისს);
  • თბილისიდან ჰამბურგში – 21 ივნისს (გამოფრენა ჰამბურგიდან თბილისში 23 ივნისს);
  • თბილისიდან დუსელდორფში 25 ივნისს (გამოფრენა დუსელდორფიდან თბილისში 27 ივნისს).

ავიაკომპანიის ცნობით, ავიაბილეთები ხელმისაწვდომი იქნება ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე, გაყიდვების ოფისებსა და პარტნიორ სააგენტოებში – სპეციალურ რეისებზე ავიაბილეთები დაბრუნებას არ ექვემდებარება.

 

წყარო: "პუბლიკა"

ქართველი გულშემატკივრებისთვის გამოყოფილი ბილეთების გაყიდვა უეფას ბილეთების ოფიციალური პორტალის საშუალებით წარიმართება

ქართველი გულშემატკივრებისთვის გამოყოფილი ბილეთების გაყიდვა უეფას ბილეთების ოფიციალური პორტალის საშუალებით წარიმართება. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

„უპირველესად, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას! როგორც იცით, ევროპის ჩემპიონატზე საქართველო ერთადერთი დებიუტანტი ქვეყანაა. ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ, უეფას ევროპის ჩემპიონატის წარმომადგენლებთან აქტიურ ფაზაში გადავიდა სამუშაო პროცესი სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხთან დაკავშირებით.

როგორც მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატი უეფას ეგიდით ტარდება. შესაბამისად, ბილეთების რეალიზაცია მათი უშუალო ჩართულობით იმართება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საბოლოო დეტალების დაზუსტება ბილეთების გაყიდვის პროცედურასთან დაკავშირებით.

ბილეთების გაყიდვა უეფას ბილეთების ოფიციალური პორტალის საშუალებით წარიმართება. უახლოეს დღეებში, უეფასგან დეტალური ინფორმაციის მიღების შემდეგ, ფეხბურთის ფედერაცია სრულ ინფორმაციას მიაწოდებს გულშემატკივარს საქართველოსთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაციასთან და თარიღთან დაკავშირებით.

მადლობა მხარდაჭერისთვის, კიდევ ერთხელ გილოცავთ ისტორიულ გამარჯვებას და შევხვდებით გერმანიაში!“ - აღნიშნულია განცხადებაში.

თუ კვარაცხელია კონტრაქტს გაახანგრძლივებს, მისი ხელფასი გასამმაგდება-Forbes

ამერიკული გამოცემა Forbes-ის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ იტალიური ნაპოლის ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია კლუბთან ახალ კონტრაქტს ხელს მოაწერს, მისი ხელფასი გასამმაგდება.

"ამჟამად, ნაპოლიში ხვიჩა კვარაცხელიას წლიური ანაზღაურება 1.6 მილიონი დოლარია, რომელიც, შესაძლოა, 4.8 მილიონ დოლარამდე გაიზარდოს, თუ ის კონტრაქტს გაახანგრძლივებს". - წერს Forbes.

კვარაცხელიას ნაპოლისთან კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს, თუმცა, გამოცემის ინფორმაციით, სავარაუდოა, რომ ამ შეთანხმებას კიდევ 1 ან 2 წელი დაემატება.

ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიში 2022 წელს გადავიდა. ამ დრომდე, მან კლუბში 61 მატჩი ჩაატარა და 22 გოლის გატანა მოახერხა.

 

კვარაცხელია „ატალანტასთან“ მატჩს გამოტოვებს - “ნაპოლი”

საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების მატჩისას მიღებული ტრავმის გამო ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატში „ატალანტასთან“ ვერ ითამაშებს – ინფორმაციას „ნაპოლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

„სანაკრებო თამაშებიდან დაბრუნების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა. გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა მარცხენა ბარძაყის კუნთის კონტრაქტურა. კვარაცხელია ინდივიდუალურად ვარჯიშობს და პარალელურად მკურნალობს. თამაშის სურვილის მიუხედავად, „ნაპოლის“ ექიმებმა ამჯობინეს, ფეხბურთელის ჯანმრთელობით არ გაერისკათ და მას „ატალანტასთან“ თამაშის უფლება არ მისცეს“, – ვკითხულობთ „ნაპოლის“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ნაპოლი“– „ატალანტას“ მატჩში ქართველი თავდამსხმელის შემცვლელი შერჩეულია – ინფორმაციას Sky Sport Italia აქვეყნებს.

„შაბათს, 30 მარტს, 15:30 საათზე, „სტადიო მარადონაზე“ „ნაპოლი“ „ატალანტას“ უმასპინძლებს. ეს, შესაძლოა, გადამწყვეტი დღე იყოს გუნდისთვის, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად იბრძვის. ხვიჩა ბარძაყის კუნთის ტრავმის გამო „ატალანტასთან“ თამაშს გამოტოვებს – გუნდის ექიმებმა შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად ფეხბურთელს თამაშის უფლება არ მისცეს.

მთავარმა მწვრთნელმა, ფრანჩესკო კალცონამ კი კვარაცხელიას შემცვლელზე ფიქრი უნდა დაიწყოს, მას ​რასპადორისა და ლინდსტრიომს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება – ამ ეტაპზე ბერგამოელებთან თამაშის მეტი შანსი ჯაკომო რასპადორის აქვს“, – ამტკიცებს Sky Sport Italia.

 

რამდენ მილიონ ევროს მიიღებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია “უეფასგან”

საქართველომ საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია “უეფასგან” პრიზის სახით 9.25 მილიონ ევროს მიიღებს.

აქვე გეტყვით, რომ ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფურ ეტაპზე თითოეული გამარჯვება 1 მილიონ ევროდ ფასდება.

საქართველოს მეტოქეები ჯგუფში პორტუგალია, ჩეხეთი და თურქეთი იქნებიან

გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მეკარეებს შორის მე-7 ადგილზეა

გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მეკარეებს შორის მე-7 ადგილზეა. ვებგვერდ Transfermarkt-ის მონაცემებით, მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება 5 მილიონი ევროთი გაიზარდა და 35 მილიონი ევრო შეადგინა.

„ვალენსიისა“ და საქართველოს ნაკრების მეკარე მე-7 ადგილს იყოფს იტალიელ გულიელმო ვიკარიოსთან („ტოტენჰემი“) და ესპანელ დავიდ რაიასთან („არსენალი“).

რეიტინგის სათავეში „პორტუს“ 24 წლის მეკარე დიოგო კოშტაა (45 მილიონი ევრო), პირველი ათეული კი ასე გამოიყურება:

  1. დიოგო კოშტა („პორტუ“) - €45 მილიონი
  2. ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ) - €40 მილიონი
  3. გრეგორ კობელი („დორტმუნდი“) - €40 მილიონი
  4. ედერსონი („მანჩესტერ სითი“) - €40 მილიონი
  5. ანდრე ონანა („მანჩესტერ იუნაიტედი“) - €40 მილიონი
  6. მაიკ მენიო („მილანი“) - €40 მილიონი
  7. გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“) - €35 მილიონი
  8. გულიელმო ვიკარიო („ტოტენჰემი“) - €35 მილიონი
  9. დავიდ რაია („არსენალი“) - €35 მილიონი
  10. ალისონი („ლივერპული“) - €32 მილიონი