... ... hotnews.ge - კრიმინალი

ფსიქოტროპული წამლების უნებართვოდ რეალიზაცია - დაკავებულია 2 პირი

უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე ორი ადამიანი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულები, მათი კუთვნილი სილამაზის სალონიდან და ტანსაცმლის მაღაზიიდან, შესაბამისი ნებართვისა და რეცეპტის გარეშე, ეწეოდნენ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციას.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი ამოიღეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შიდა ქართლის რეგიონში მდებარე მათი კუთვნილი სილამაზის სალონიდან და ტანსაცმლის მაღაზიიდან, შესაბამისი ნებართვისა და რეცეპტის გარეშე, ახორციელებდნენ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციას.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით“, - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავებულია აქციის 63 მონაწილე - შსს-ს განცხადება

გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობების მიმდებარე ტერიტორიებზე განვითარებული მოვლენების შესახებ.

2024 წლის 30 აპრილს, აქციის მონაწილეებმა, დაახლოებით დილის 11:00 საათიდან დაიწყეს შეკრება პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან, სადაც მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა აქცია.

სამართალდამცველები, როგორც ყველა შეკრებისა და მანიფესტაციის დროს, ადგილზე იმყოფებოდნენ და იცავდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და მოქალაქეების უსაფრთხოებას.

დღის მეორე ნახევარში, დაახლოებით 18:00 საათიდან, აქცია პარალელურად დაიწყო პარლამენტის შენობის წინ რუსთაველის გამზირზე, სადაც აქციის მონაწილეებმა განათავსეს სცენა. აქციას სხვადასხვა ადგილიდან მსვლელობით შეუერთდნენ მოქალაქეები, პოლიციამ უზრუნველყო მათი მშვიდობიანი გადაადგილება ასევე, საჭიროებისამებრ რუსთაველის გამზირზე შეიზღუდა საავტომობილო მოძრაობა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აქციის პარალელურად საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი, მათ შორის, იმართებოდა პლენარული სხდომა.

ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, მთელი დღის განმავლობაში ჰქონდათ შესაძლებლობა, მშვიდ ვითარებაში გამოეხატათ საკუთარი პროტესტი, თუმცა დღის ბოლოს დაახლოებით 21:00 საათზე, მას შემდეგ, რაც პლენარული სხდომა მიუახლოვდა დასასრულს, აქციის მონაწილეებმა მოახდინეს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება, რაც გამოიხატა იმაში, რომ პოლიტიკური ლიდერები და აქციის მონაწილეები განთავსდნენ ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე მდებარე შენობის გამოსასვლელებთან.

ისინი ხელოვნურად ბლოკავდნენ გამოსასვლელებს და აცხადებდნენ, რომ არ მისცემდნენ პარლამენტის წევრებს საკანონმდებლო ორგანოს შენობის დატოვების შესაძლებლობას.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირება და მათი საქმიანობის შეფერხება. მიუხედავად პოლიციის მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებებისა, რომ არ მოეხდინათ ადმინისტრაციული შენობის ბლოკირება და პროტესტის გამოხატვა გაეგრძელებინათ კანონით დადგენილ ფარგლებში, აქციის ორგანიზატორები არ დაემორჩილნენ სამართალდამცველთა მითითებებს და განაგრძობდნენ შესასვლელების განზრახ ბლოკირებას, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, პოლიციამ უზრუნველყო პარლამენტის შენობის გამოსასვლელის გათავისუფლება და ადგილზე პოლიციის კორდონის განთავსება, რათა პარლამენტის წევრებსა და თანამშრომლებს უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონოდათ.

პოლიციამ უზრუნველყო დეპუტატების უსაფრთხო გაყვანა, ამასთან, აქციის მონაწილეებს სრულად ჰქონდათ შესაძლებლობა კანონის ფარგლებში, მშვიდობიანად გაეგრძელებინათ პროტესტის გამოხატვა. მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეებს საშუალება ჰქონდა მშვიდობიანად გამოეხატათ საკუთარი პროტესტი რუსთაველის გამზირზე და პარლამენტის უკანა შესასვლელთან, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ თავდასხმებს პოლიციელებზე და ცდილობდნენ კორდონების გარღვევას.

საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ აქციამ სრულად მიიღო ძალადობრივი ხასიათი.

ყველამ კარგად ვნახეთ, როგორ უპირისპირდებოდნენ აქციის მონაწილეები პოლიციელებს. ისინი მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, სამართალდამცველების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა მძიმე საგნებს, მათ შორის ქვებს, ბოთლებს.

ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზიანებები მიიღო ექვსმა პოლიციელმა, რომლებიც შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, გადაყვანილები არიან კლინიკებში.

საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენისა და სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, სათანადო გაფრთხილების შემდგომ, დაახლოებით, 22:15 საათზე, პოლიციამ თანმიმდევრულად დაიწყო „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებების გამოყენება, კერძოდ, ე.წ. წიწაკის სპრეის, ცრემლსადენი გაზის და წყლის ჭავლის.

სამართალდამცველების მიერ, სპეციალური საშუალების, წიწაკის სპრეის გამოყენების შემდეგ, ვითარება მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა, თუმცა, აქციის მონაწილეთა ქმედებები მალევე გადაიზარდა კვლავ ძალადობაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების, ასევე, ადგილზე სპეციალური ხმოვანი საშუალებით აქციის მონაწილეთა გაფრთხილების შემდგომ, დაახლოებით 23:40 საათზე, კანონსაწინააღმდეგო ქმედებების აღკვეთისა და მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვა სპეციალური საშუალებებთან ერთად გამოიყენეს წყლის ჭავლი.

რუსთაველის გამზირზე და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიებზე ძალადობრივი ქმედებები, რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა, რის გამოც სპეციალური საშუალების გამოყენება პოლიციას არაერთხელ მოუხდა. აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში, არაერთხელ გახდნენ აგრესიულები სამართალდამცველების მიმართ, მათ პოლიციის მისამართით სშირად ისროლეს სხვადასხვა ნივთებს და საგნებს, მოახდინეს რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვა სხვადასხვა კონსტრუქციების გამოყენებით და დააზიანეს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურა.

საზოგადოებამ კარგად ნახა, და ეს სხვადასხვა არხების პირდაპირ ეთერებშიც კარგად ჩანდა, რომ არა მხოლოდ აქციის მონაწილეების, არამედ ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც მუდმივად სჩადიოდნენ ძალადობრივ ქმედებებს. კადრებშიც კარგად ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის ქმედება, როდესაც ის პოლიციელებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია მათ წინააღმდეგობა, რა დროსაც მიიღო სხეულის დაზიანება.

ლევან ხაბეიშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ საჭირო საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის პარალელურად, აქციის მონაწილეებმა დაახლოებით 00:30 საათისთვის თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე გადაინაცვლეს და მიუხედავად მათი მცირე რაოდენობისა ხელოვნურად, საგნებისა და ტექნიკისა და სხვადასხვა კონსტრუქციის გამოყენებით რამდენიმე საათით ჩაკეტეს თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე, კერძოდ, მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე მოძრაობა.

აქციის მონაწილეები გამოხატავდნენ აგრესიას ავტომობილების მძღოლების მიმართ, მათ ასევე დააზიანეს კერძო პირების ავტომობილები. რუსთაველის გამზირზე დაახლოებით 04:30 საათიდან საპოლიციო დანაყოფებმა სრულად გაათავისუფლეს რუსთაველის გამზირი და პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ დაუშვებელია სამართალდამცველების შეურაცხყოფა, მათზე თავდასხმა და ნებისმიერი სახის ძალადობა, ყველა ასეთ ფაქტზე სამინისტროს ექნება შესაბამისი რეაგირება.

ასევე, დაუშვებელია საავტომობილო გზების პარალიზება. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ საავტომობილო გზებზე განზრახ შექმნან დაბრკოლებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად 63 პირი დააკავეს.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად, სხვადასხვა მძიმე დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვსმა თანამშრომელმა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

სასამართლომ 14 წლის აითაჯ შახმაროვას დედას და ბიძას პატიმრობა მიუსაჯა

14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული დედა, ეგანა მაგარამოვა და ბიძა ნატიკ მაგარამოვი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მაია შოშიაშვილის გადაწყვეტილებით, ეგანა მამედოვას 3 წლის ვადით, ნატიკ მაგარამოვს კი 3,6 წლით პატიმრობა მიესაჯა. აითაჯ შახმაროვას დედაც და ბიძაც დამნაშავედ ცნეს ქორწინების იძულებაში, ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობაში. 

შეგახსენებთ, საგარეჯოს სოფელ ლამბალოში, 14 წლის აითაჯ შახმაროვა 2023 წლის 6 ოქტომბერს მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით 28 წლის ალიმ სადიკოვია დაკავებული, რომელმაც რამდენიმე თვით ადრე, არასრულწლოვანი ბავშვი ქორწინების მიზნით მოიტაცა. 

14 წლის არასრულწლოვნის საქმეზე ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულები არიან და ბრალი აქვთ წარდგენილი ბავშვის დედასა და ბიძას. ხოლო მკვლელობაში ბრალდებულ "ქმარს" ბრალდება არასრულწლოვნის გაუპატიურების მუხლითაც დაუმძიმდა.

ბათუმში ზღვაში 17 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

ბათუმში ზღვაში 17 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ბიჭი ზღვაში 22 აპრილს შევიდა და მას შემდეგ ძებნის სამუშაოები მიმდინარეობდა.

 

 

90-იან წლებში დაწყებული ისტორია ინდური ფილმის ფინალით

90-იანმა წლებმა საქართველოს ბევრი მოუშუშებელი იარა დაუტოვა. ომი სამაჩაბლოსა და აფხაზეთში, ძმათამკვლელი ომი თბილისში, ბანდების, შეიარაღებული ფორმირებებისა თუ საძმოების თარეში... ამას გარდა, არცთუ იშვიათი იყო გაუპატიურების შემთხვევები. ღამით, ქუჩაში მარტო გასვლა სახიფათო გახლდათ. შეიარაღებული ან ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი პირები გოგონებს პირდაპირ ქუჩიდან იტაცებდნენ, აუპატიურებდნენ და მერე, ლამის გაქანებული მანქანებიდან ყრიდნენ. ეს არ იყო ერთეული შემთხვევა და არაერთი მათგანი დაორსულდა კიდეც. ვიღაცამ აბორტი გაიკეთა, ვიღაცამ შვილი გააჩინა, ვიღაცამ...

 

რუსთავის ერთ-ერთ კორპუსში, ქალმა მეზობლის ღია კარი შენიშნა, შევიდა და მეზობელი სამზარეულოს იატაკზე თაგახეთქილი ნახა. მაშინვე სასწრაფო გამოიძახა, მერე პოლიციაშიც დარეკა და შეეცადა, პირველადი დახმარება თავად აღმოეჩინა, თუმცა მხოლოდ ის მოახერხა, რომ ჭრილობაზე მარლა დაადო, მეტი ვერ გაბედა, ეგებ, განძრევა არ შეიძლებაო. ექიმები მალე მივიდნენ, პოლიციასაც კი დაასწრეს და ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მეზობელმა ძალოვნებს ბევრი ვერაფერი უთხრა, არც ხმაური გამიგონია, არც სხვა რამ, უბრალოდ, დილით კარზე ზარის ხმა იყო, საჭვრეტში გავიხედე და დავინახე, ვიღაც ქალი იდგა კართან, აღარ დავინტერესებულვარ, რადგან ჩემი მეზობელი მარტოხელაა, კაცი რომ ყოფილიყო, ეგებ, კარგად შემეთვალიერებინა, მაგრამ ქალმა ინტერესი დამიკარგაო. მერე... მერე, გარეთ ნაგვის გადასაყრელად გავიდა, კარი შეღებული დახვდა, მეზობელს დაუძახა, რომ არ გააგონა, შევიდა და ეს სურათი დახვდა. ერთადერთი მოწმე ამბობდა, გამიჭირდება, მაგრამ ძალიან დიდია იმის შანსი, რომ სტუმარი ქალი ვიცნოო.  სტატია სრულად იხილეთ აქ

ფლორენციაში სუნამოს ქურდობისთვის ქართველი დააკავეს

ფლორენციაში 41 წლის ქართველი კაცი დააკავეს. იტალიური მედიის ცნობით, დაკავებულს სუნამოს ქურდობას ედავებიან.

მედია წერს, რომ დაცვის თანამშრომელმა სააქქართველოს მოქალაქე შეაჩერა, მან კი თანამშრომელი დაკაწრა და დაზიანებები მიაყენა. 

აღმოჩნდა, რომ საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებოდა.

კახეთში, 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს

კახეთში, 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს. არსებული ინფორმაციით, 13 წლის გოგონაზე მამამ იძალადა, რომელმაც სასჯელაღსრულების დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა.

თელავის რაიონულ სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სხდომა მიმდინარეობს.

ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისთვის შსს-მ 6 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, სამეგრელო - ზემო სვანეთის, იმერეთისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 6 პირი, 1 კი მხილებულია.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წარსულში ნასამართლევი 1984 წელს დაბადებული გ.ნ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად სანადირო თოფი, ხელყუმბარა, ამფეთქი ფალია და ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა’’ ამოიღეს.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოსა და საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ა.პ. დააკავეს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, ხმის ჩამხშობი მაყუჩი და 35 ვაზნა.

გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთისა და ჩოხატაურის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2 პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.კ.-ს პირადი ჩხრეკისას, პისტოლეტი, მჭიდი და 7 ვაზნა ამოიღეს.

ხოლო, 1964 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ასევე ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით დაკავებული ი.ო.- სგან, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო და ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ზ.ს. დააკავეს, ხოლო 1971 წელს დაბადებული პირი ამხილეს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია: 2 პისტოლეტი, მჭიდი და 2 ვაზნა.

იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ლ.გ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას რევოლვერი და 4 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 11 პრიმა 151-ე და 273-ე (პრიმა) მუხლებით მიმდინარეობს.

დაკავებულია 18 პირი პირი, მათგან 8 "ნარკობარიგა" - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, სამეგრელო - ზემო სვანეთის, იმერეთის, აჭარის, ქვემო ქართლისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის 8 ნარკორეალიზატორია.
დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებული არიან: 1987 წელს დაბადებული ა.ო., 1990 წელს დაბადებული ნ.ჩ., 2001 წელს დაბადებული ლ.ს., 2002 წელს დაბადებული გ. მ., 2001 წელს დაბადებული ქ.ყ., 1989 წელს დაბადებული მ.ა., 1982 წელს დაბადებული მ.ე., და 1996 წელს დაბადებული რ.ო.
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე დაკავებული არიან: 1992 წელს დაბადებული მ.მ., 1967 წელს დაბადებული ა.მ., 1992 წელს დაბადებული გ.გ., 1991 წელს დაბადებული მ.ჭ., 2002 წელს დაბადებული დ.ა., 1996 წელს დაბადებული ბ.ხ., 1999 წელს დაბადებული ნ.დ., 1993 წელს დაბადებული ა.ო., 1971 წელს დაბადებული ა.ა. და 1999 წელს დაბადებული თ.ხ.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. პოლიციამ დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცების სახით ამოიღო, ასევე, ამოღებულია სავარაუდოდ ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული და ელექტროსასწორები.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ჰეროინი“, „ალფა პვპ“, „ბუპრენორფინი“, „მდმა“, „მეტადონი“, „სუბოქსინი“, "მარიხუანა" და ნარკოტიკულ საშუალების შემცველი მცენარე კანაფი.
ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 262-ე, 265 და 273 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

 

 

გარდაბანში, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის, სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

საუბარია ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის, ოთარ გელაშვილის მკვლელობის საქმეზე.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის აგვისტოში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიაში, ბრალდებულებმა, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით სიცოცხლისთვის სახიფათო, მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს.

მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა. პროკურატურამ ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით) წარუდგინა. სასამართლომ ორივე მათგანი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

ყოფილი ცოლის დაჭრასა და მისი ქმრის მკვლელობაში ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა შეეფარდა

პროკურატურის ცნობით, თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საქმე ეხება 2023 წელს, სოფელ ქეშალოში, ყოფილი ცოლისა და მისი ქმრის მისამართით სროლას. კაცი ადგილზე დაიღუპა.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული შეურაცხმყოფლად მიიჩნევდა მისი ყოფილი მეუღლის სხვა მამაკაცთან ქორწინებას, რის ნიადაგზეც, შეუწყნარებლობისა და შურისძიების მოტივით ორივე მათგანის მოკვლა განიზრახა. 2023 წლის 28 ნოემბერს, იგი შეიარაღებული მივიდა საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში, ყოფილი მეუღლისა და მისი ქმრის საცხოვრებელ სახლში, სადაც, მამაკაცის დედის თანდასწრებით, ცეცხლსასროლი იარაღით არაერთხელ ისროლა ცოლ-ქმრის მიმართულებით. მამაკაცი მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ბრალდებულის ყოფილი მეუღლის სიცოცხლის გადარჩენა კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად გახდა შესაძლებელი", - წერია განცხადებაში.

პროკურატურამ დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ და ,,მ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებაში, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას და განსაკუთრებული სისასტიკით), 111, 19, 109-ე მუხლის „ბ“ , „თ“ , „კ“ და ,,ლ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებაში, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ და ორი პირის მიმართ) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარუდგინა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, მოქალაქის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსი ინსპექტორი.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ ბათუმში, 2024 წლის 7 თებერვალს, ბრალდებული ჰ.ვ., თავისი მეუღლის სამსახურებრივი საკითხის მოსაგვარებლად, იმ კერძო კომპანიის მენეჯერს შეხვდა, სადაც მისი მეუღლე იყო დასაქმებული. ბრალდებულმა დაზარალებული ა/მანქანაში ჩაისვა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და გააფრთხილა, რომ მისი მეუღლისგან სამსახურებრივი გაფრთხილების დოკუმენტზე ხელისმოწერა აღარ მოეთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბათუმში საცხოვრებლად არ გააჩერებდა და პრობლემებს შეუქმნიდა. ასევე, ბრალდებულმა დაზარალებულს ა/მანქანიდან გადასვლის საშუალება არ მისცა და ძალის გამოყენებით ა/მანქანაში დაბრუნება მოსთხოვა.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, უწყებამ დაზარალებულის მომართვის შემდეგ, გამოძიება მყისიერად დაიწყო და პროკურატურასთან თანამშრომლობით, მოიპოვა სამართალდამცავის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები. კერძოდ, გამოკითხული იქნა დაზარალებული და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები, სასამართლო განჩინების საფუძველზე მოპოვებული იქნა გამოძიებისათვის საინტერესო პერიოდის კერძო ობიექტების სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერები და განხორციელდა მათი დათვალიერება. ასევე ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები.

სამართალდამცავს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება) წარედგინა.

დანაშაული 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს.