... ... hotnews.ge - კრიმინალი

ყოფილი ცოლის დაჭრასა და მისი ქმრის მკვლელობაში ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა შეეფარდა

პროკურატურის ცნობით, თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საქმე ეხება 2023 წელს, სოფელ ქეშალოში, ყოფილი ცოლისა და მისი ქმრის მისამართით სროლას. კაცი ადგილზე დაიღუპა.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული შეურაცხმყოფლად მიიჩნევდა მისი ყოფილი მეუღლის სხვა მამაკაცთან ქორწინებას, რის ნიადაგზეც, შეუწყნარებლობისა და შურისძიების მოტივით ორივე მათგანის მოკვლა განიზრახა. 2023 წლის 28 ნოემბერს, იგი შეიარაღებული მივიდა საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში, ყოფილი მეუღლისა და მისი ქმრის საცხოვრებელ სახლში, სადაც, მამაკაცის დედის თანდასწრებით, ცეცხლსასროლი იარაღით არაერთხელ ისროლა ცოლ-ქმრის მიმართულებით. მამაკაცი მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ბრალდებულის ყოფილი მეუღლის სიცოცხლის გადარჩენა კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად გახდა შესაძლებელი", - წერია განცხადებაში.

პროკურატურამ დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ და ,,მ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებაში, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას და განსაკუთრებული სისასტიკით), 111, 19, 109-ე მუხლის „ბ“ , „თ“ , „კ“ და ,,ლ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებაში, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ და ორი პირის მიმართ) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარუდგინა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, მოქალაქის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსი ინსპექტორი.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ ბათუმში, 2024 წლის 7 თებერვალს, ბრალდებული ჰ.ვ., თავისი მეუღლის სამსახურებრივი საკითხის მოსაგვარებლად, იმ კერძო კომპანიის მენეჯერს შეხვდა, სადაც მისი მეუღლე იყო დასაქმებული. ბრალდებულმა დაზარალებული ა/მანქანაში ჩაისვა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და გააფრთხილა, რომ მისი მეუღლისგან სამსახურებრივი გაფრთხილების დოკუმენტზე ხელისმოწერა აღარ მოეთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბათუმში საცხოვრებლად არ გააჩერებდა და პრობლემებს შეუქმნიდა. ასევე, ბრალდებულმა დაზარალებულს ა/მანქანიდან გადასვლის საშუალება არ მისცა და ძალის გამოყენებით ა/მანქანაში დაბრუნება მოსთხოვა.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, უწყებამ დაზარალებულის მომართვის შემდეგ, გამოძიება მყისიერად დაიწყო და პროკურატურასთან თანამშრომლობით, მოიპოვა სამართალდამცავის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები. კერძოდ, გამოკითხული იქნა დაზარალებული და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები, სასამართლო განჩინების საფუძველზე მოპოვებული იქნა გამოძიებისათვის საინტერესო პერიოდის კერძო ობიექტების სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერები და განხორციელდა მათი დათვალიერება. ასევე ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები.

სამართალდამცავს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება) წარედგინა.

დანაშაული 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს.

დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 აშშ დოლარისა და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქ. თბილისში, ჯამში გასაღებულ იქნა 21 400 აშშ დოლარის ოდენობის 100 დოლარიანი და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები. გამოძიების პროცესში აღნიშნული ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

როგორ იპარავდნენ ქართველები ევროპის ბიბლიოთეკებიდან ასობით ათასი ევროს უნიკალურ წიგნებს

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ფაქტებთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება ჩატარდა.

უწყების ცნობით, ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, შვეიცარიის, საფრანგეთის და ლიეტუვის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების, საქართველოს პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები ათეულობით ლოკაციაზე ჩაატარეს.

"ფართომასშტაბიან ღონისძიებაში, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა, ევროკავშირის ქვეყნების და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 100-ზე მეტი თანამშრომელი მონაწილეობდა. ღონისძიების ფარგლებში, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების და მათთან დაკავშირებული წიგნების სარეალიზაციო ადგილების ჩხრეკა განხორციელდა. ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა და ასეულობით წიგნი, მათ შორის, ერთ-ერთი დაკავებული პირის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია, სავარაუდოდ, პარიზის ეროვნული ბიბლიოთეკიდან მოპარული, მე-19 საუკუნეში გამოცემული, ფრანგულენოვანი წიგნი.

ამ ეტაპზე დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2022 წლის დასაწყისიდან საქართველოს მოქალაქეებმა შექმნეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი და განიზრახეს ევროპის მასშტაბით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით ფარულად დაუფლებოდნენ მე-19 საუკუნის სხვადასხვა ავტორების ძვირადღირებულ წიგნებს.

ამისათვის, ორგანიზებული ჯგუფის წევრები იყენებდნენ ყალბ პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს, გამოგონილ სახელებსა და გვარებს და ორიგინალის ჩასანაცვლებლად წინასწარ გამზადებულ, წიგნების ყალბ ნიმუშებს.

წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, ორგანიზებული ჯგუფის წევრებს საფრანგეთის, გერმანიის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, შვეიცარიის, პოლონეთის და ჩეხეთის ეროვნულ და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებში წასაკითხად უნდა აეღოთ მე-19 საუკუნის კლასიკოსი მწერლების წიგნები, რასაც ფარულად დაეუფლებოდნენ და მათ - ორიგინალი წიგნების მაღალი ხარისხის ასლებით ჩაანაცვლებდნენ.

ზემოხსენებული დანაშაულებრივი სქემის შესაბამისად, ორგანიზებული ჯგუფის წევრები 2022-23 წლებში, ევროპის სხვადასხვა ქალაქების ბიბლიოთეკებიდან ასეულობით ათასი ევროს ღირებულების წიგნებს ფარულად დაეუფლნენ.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ და ,, “ ქვეპუნქტებით (ქურდობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე გამოძიება საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფში ჩართული ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან აქტიური თანამშრომლობით გრძელდება ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობაში ჩართული სხვა პირების მხილების და გამოვლენის მიზნით", - წერია განცხადებაში.

ბათუმში 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, ის დაიღუპა

ბათუმში მანქანის დაჯახების შედეგად სამი წლის ბავშვი დაიღუპა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გარდაბანში კაცმა თანასოფლელი ცივი იარაღით მოკლა - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული დ.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თელეთში, ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელს 1988 წელს დაბადებულ დ.კ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დ.ა. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

სროლა წყალტუბოში - დაჭრილია ერთი პირი

სროლა წყალტუბოში - ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მოხდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ტერიტორია ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. 

იტალიაში მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით ქართველი დააკავეს

იტალიაში, სან დორლიგო დელა ვალეში დააკავეს ქართველი, რომელიც მიგრანტები უკანონოდ გადაყვანაშია ეჭვმიტანილი.

იტალიური მედიის ინფორმაციით, პოლიცია აედევნა ეჭვმიტანილს, რა დროსაც ქართველმა მანქანის მართვაზე კონტროლი დაკარგა და გზიდან გადავარდა. მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც ცნობილია, მიგრანტებმა გაქცევა შეძლეს და მათ პოლიცია ეძებს. 

ყალბი ცნობა, 2000 დოლარის სანაცვლოდ - დაკავებულია რუსთავის N1 პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. უწყება ამბობს, რომ "რუსთავის N1 პოლიკლინიკის" დირექტორმა და ამავე კლინიკის ექიმმა ეგვიპტის მოქალაქეს, რომელიც დეპორტაციას ექვემდებარებოდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობა დაუმზადეს - 2000 აშშ დოლარის სანაცვლოდ.

"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ კერძო სამკურნალო დაწესებულება შპს „ქ. რუსთავის N1 პოლიკლინიკის“ დირექტორმა ი.ნ-მ და ამავე პოლიკლინიკის ექიმმა მ.წ-მ, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქეს, რომელიც საქართველოში ბინადრობის უფლების ვადის გასვლის გამო დეპორტაციას ექვემდებარებოდა, 2000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, დაუმზადეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობა, ფორმა N100, რომელშიც დააფიქსირეს სხვადასხვა არარსებული დაავადება, რაც ხელს შეუშლიდა შესაბამის სამსახურებს განეხორციელებინათ პირის ქვეყნიდან გაძევება", - წერია განცხადებაში.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

უწყება ამბობს, რომ გამოძიების მიმდინარეობისას შესაძლოა გაფართოვდეს დამნაშავე პირთა წრე.

ქუთაისში, ადვოკატი ჟურნალისტის თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობის და ადევნების ბრალდებით დააკავეს

ქუთაისში, იურისტი ჟურნალისტის თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობის და ადევნების ბრალდებით დააკავეს

„რუსთავი2-ის“ ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ქუთაისში იურისტი ლევან ჭელიძე დააკავეს.

მას გამოცემა "ქუთაისი თუდეის" ხელმძღვანელის, ჟურნალისტ სერგი ჩივაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობისა და ადევნების ფაქტზე წარუდგინეს ბრალი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგვიდასტურეს, რომ გამოძიება 115-ე და 151-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

ბათუმში მანქანა არასრულწლოვანს დაეჯახა

ბათუმში, ხალვაშის გამზირზე, ავტომანქანა არასრულწლოვანს დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაშავებული არასრულწლოვანი კლინიკაში გადაიყვანეს. შსს-ს ცნობით, დაწყებულია გამოძიება.

ყოფილი პარტნიორი ქალის ინტიმური ფოტოების გავრცელების ბრალდებით 27 წლის კაცი დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების Telegram-ის ჯგუფში გავრცელების საქმეზე 27 წლის კაცი დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, თბილისში მცხოვრები 1996 წელს დაბადებული ბრალდებული სასიყვარულო/ინტიმურ ურთიერთობაში იმყოფებოდა 2001 წელს დაბადებულ დაზარალებულ ახალგაზრდა ქალთან. დაშორების შემდეგ კი ეჭვიანობის ნიადაგზე, როგორც განცხადებაში წერია, მან ქალს ინტიმური ფოტოები გაუვრცელა.

„დაზარალებული საკუთარი ნებით მამაკაცის ტელეფონით ინტიმურ ფოტოებს იღებდა. 2024 წლის მარტში, დაზარალებულმა ქალმა ბრალდებულთან დაშორების შემდეგ, სოციალურ ქსელ „Instagram”-ზე განათავსა მეგობართან ერთად გადაღებული ფოტო, რის გამოც ბრალდებულმა, ეჭვიანობის ნიადაგზე დაურეკა მას და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, იმავე დღეს დაზარალებული ქალისთვის ცნობილი გახდა რომ მისი ინტიმური ფოტოები, რომლის წაშლაც ბრალდებულს მოსთხოვა, სოციალურ ქსელ „Telegram”-ის ერთ-ერთ ჯგუფში იყო გავრცელებული. დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას მის მობილურ ტელეფონში, ნანახი და ამოღებული იქნა დაზარალებული ქალის ამსახველი ინტიმური შინაარსის მასალა, მათ შორის, ნანახი იქნა 2500 მომხმარებლისგან შემდგარი სოციალურ ქსელ „Telegram”-ის ის ჯგუფი, სადაც ბრალდებულმა ქალს პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური ფოტოები გაუვრცელა“, - ვკითხულობთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

კაცი დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით. დანაშაული ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.