... ... hotnews.ge - მსოფლიო

გაერო-ს უშიშროების საბჭო დღეს საგანგებო სხდომას გამართავს

ისრაელის მოთხოვნით, გაერო-ს უშიშროების საბჭო დღეს საგანგებო სხდომას გამართავს. ისრაელის მედიის ცნობით, სხდომა ადგილობრივი დროით 16:00 საათზე გაიმართება.

უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის ჩატარების მოთხონით, საბჭოს პრეზიდენტს წერილი გაერო-ში ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა გაუგზავნა.
წერილში ერდანმა სთხოვა საბჭოს, რომ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადოს.

ცნობისთვის, ისრაელის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. მოგვიანებით, გავრცელდა ცნობა ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების პირველი ტალღის გაშვების შესახებ. ამასთან, გაერო-ში ირანის მისიამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ლეგიტიმური თავდაცვის შესახებ გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის საფუძველზე, ირანის სამხედრო ქმედება იყო პასუხი სიონისტური რეჟიმის აგრესიაზე დამასკოში, დიპლომატიურ შენობებზე თავდასხმაზე და „საკითხი შეიძლება, დასრულებულად ჩაითვალოს“.

"მოვიგერიეთ, შევაკავეთ, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ" - ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ქვეყნის მოსახლეობას პირობას აძლევს, რომ გაიმარჯვებენ.

"მოვიგერიეთ, შევაკავეთ, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ," - წერს ნეთანიაჰუ X-ზე.

მანამდე ისრაელის პრემიერმინისტრმა ნეთანიაჰუმ მოსახლეობას მიმართა და სიმშვიდისკენ მოუწოდა. 

შეგახსენებთ, ირანმა ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა. ისრაელის თავდაცვის ძალები ამბობენ, რომ დრონებისა და რაკეტების უმრავლესობა მოიგერიეს. თავდასხმის დაშავდა, სულ მცირე, ერთი ადამიანი. დანიელ ჰაგარის თქმით, მცირე ზიანი მიადგა ისრაელის თავდაცვის ძალების ერთ-ერთ სამხედრო ბაზას.

“ჩვენ დავეხმარეთ ისრაელს, რომ ჩამოეგდო თითქმის ყველა დრონი და რაკეტა" - ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაგმო ირანის თავდასხმა ისრაელზე და განაცხადა, რომ ისრაელს მათი მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების ჩამოგდებაში ამერიკული ძალები დაეხმარნენ. მისი თქმით, აშშ-მა უპრეცედენტო თავდასხმამდე, რეგიონში დრონები და ხომალდები გადაიტანა.

"ვგმობ ამ თავდასხმებს მაქსიმალურად მკაცრად. ჩემი მითითებით, ისრაელის თავდაცვის მხარდასაჭერად, აშშ-ის სამხედროებმა, გასული კვირის განმავლობაში, რეგიონში საჰაერო ხომალდები და ბალისტიკური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი გამანადგურებლები გადაიტანეს. ამ განლაგებისა და ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების არაჩვეულებრივი ოსტატობის წყალობით, ჩვენ დავეხმარეთ ისრაელს ჩამოეგდო თითქმის ყველა დრონი და რაკეტა," - განაცხადა ბაიდენმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, სატელეფონო საუბრის დროს კიდევ ერთხელ დაადასტურა ისრაელის უსაფრთხოების მიმართ აშშ-ის მტკიცე ვალდებულება.

"კიდევ ერთხელ დავადასტურე ამერიკის რკინისებრი ვალდებულება ისრაელის უსაფრთხოების მიმართ. მე ვუთხარი მას, რომ ისრაელმა აჩვენა შესანიშნავი შესაძლებლობა, დაეცვა თავი და დაეძლია უპრეცედენტო თავდასხმები და მკაფიო გზავნილი გაუგზავნა თავის მტრებს, რომ არ შეუძლიათ ეფექტურად დაემუქრნენ ისრაელის უსაფრთხოებას," - თქვა ბაიდენმა.

ის თეთრ სახლში ეროვნული უსაფრთხოების გუნდს შეხვდა და ირანის მიერ ისრაელზე მიმდინარე თავდასხმა განიხილა.

შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს ირანმა ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა. ისრაელის თავდაცვის ძალები ამბობენ, რომ დრონებისა და რაკეტების უმრავლესობა მოიგერიეს. თავდასხმის დაშავდა, სულ მცირე, ერთი ადამიანი. დანიელ ჰაგარის თქმით, მცირე ზიანი მიადგა ისრაელის თავდაცვის ძალების ერთ-ერთ სამხედრო ბაზას.

სიდნეის სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა - არიან დაღუპულები და დაჭრილები

BBC-ის ინფორმაციით, სიდნეის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. დაჭრილია, სულ მცირე, 9 ადამიანი. მათ შორისაა, არასრულწლოვანიც.

შემთხვევა ადგილობრივი დროით 16:00 საათზე მოხდა. ავსტრალიის პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა და პოლიციამ უკვე გაანეიტრალა. თავდამსხმელი სავაჭრო ცენტრში მყოფმა პოლიციელმა მოკლა, რომელიც შემთხვევის დროს თავდასხმის ადგილას მარტო იმყოფებოდა. 

 

ჩინეთში 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

Reuters-ის ცნობით, ჩინეთში 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

გერმანიის გეომეცნიერების კვლევითი ცენტრის მიხედვით, მიწისძვრის ეპიცენტრი ტიბეტის ავტონომიურ რეგიონში, 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

 

იტალიელი მოდის დიზაინერი რობერტო კავალი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

იტალიელი მოდის დიზაინერი რობერტო კავალი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ მისი კომპანია ავრცელებს.

ცნობილი მოდის დიზაინერი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ფლორენციაში სახლში გარდაიცვალა.

კავალიმ ბრენდი საკუთარი სახელით 1970 წელს დააარსა.

 

აშშ-მა და ევროკავშირმა "ჰამასის" წინააღმდეგ სანქციები დააწესეს

Reuters-ის ცნობით, აშშ-მა ტერორისტულ ორგანიზაცია "ჰამასის" წინააღმდეგ სანქციები დააწესა, რომლებიც დაჯგუფების წარმომადგენელსა და დრონების ქვედანაყოფის ხელმძღვანელებს ეხება.

ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში მინისტრის მოადგილემ, ბრაიან ნელსონმა, თქვა, რომ ეს ნაბიჯი "აძლიერებს მუდმივ, ერთობლივ ყურადღებას, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ არ მისცეს "ჰამასს" შემდგომი თავდასხმების განხორციელების საშუალება. მათ შორის, კიბერომისა და [დრონების] წარმოების გზით."

დეპარტამენტის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ "ჰამასის" წინააღმდეგ სანქციები პარალელურად ევროკავშირცმაც გამოაცხადა.

პუტინს მხოლოდ სიტყვები ვერ შეაჩერებს, უკრაინისადმი სამხედრო მხარდაჭერა უნდა დავაჩქაროთ და გავაფართოოთ - ჯოზეფ ბორელი

პუტინს მხოლოდ სიტყვები ვერ შეაჩერებს, უნდა დავაჩქაროთ და გავაფართოოთ უკრაინისადმი ჩვენი სამხედრო მხარდაჭერა, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს:

„გუშინ რუსეთმა ისევ განახორციელა ბარბაროსული დარტყმა უკრაინაზე მისი ხალხისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. მხოლოდ სიტყვები პუტინს ვერ შეაჩერებს. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მეტი სამხედრო მხარდაჭერა. 22 აპრილის საბჭოს სხდომის წინ, დღეს მე მივწერე ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს. ჩვენ უნდა დავაჩქაროთ და გავაფართოოთ უკრაინისადმი სამხედრო მხარდაჭერა. ჩვენ უნდა მივაწოდოთ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები რუსეთის რაკეტების გასანადგურებლად, ქალაქებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად. დახმარებას სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, მნიშვნელობა ექნება“

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, მან უკრაინის მთავრობას მაისში უკრაინის თავდაცვითი მრეწველობის ფორუმის ერთობლივად გამართვა შესთავაზა.

რუსმა ჰაკერებმა წვდომა მოიპოვეს Microsoft-თან აშშ-ის ხელისუფლების მიმოწერაზე

აშშ-ის კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტო(CISA) იტყობინება, რომ რუსმა ჰაკერებმა წვდომა მოიპოვეს Microsoft-ისა და შეერთებული შტატების რამდენიმე ფედერალური სააგენტოს მიმოწერაზე.

ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, სააგენტომ დაავალა ფედერალურ სამთავრობო უწყებებს, "დაუყოვნებლივ შეამცირონ მნიშვნელოვანი რისკი, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ კიბერსაფრთხესთან."

საუბარია ჰაკერული ჯგუფის, Midnight Blizzard-ის მიერ იანვარში განხორციელებულ კიბერშეტევაზე, რომელიც რუსეთთან ასოცირდება. თავდასხმის შედეგად ჰაკერებმა მოახერხეს Microsoft-ის ელექტრონული ფოსტის ანგარიშების გატეხა.

სააგენტომ არ დაასახელა კონკრეტული დეპარტამენტები, რომელთა წერილებიც ჰაკერებმა გატეხეს, მაგრამ აღნიშნა, რომ მათ მიიღეს მიზნობრივი გაფრთხილება.

"ჩვენ მოვითხოვთ დაუყოვნებლივ მოქმედებას ჩვენი ფედერალური სისტემებისთვის რისკების შესამცირებლად, - თქვა CISA-ს დირექტორმა ჯენ ისტერლიმ, - რამდენიმე წელია, აშშ-ის მთავრობა რუსეთის მიერ ორგანიზებულ მავნებლურ კიბერაქტივობას დოკუმენტურად სწავლობს. ახლა ამ გრძელ სიას Microsoft-ი ემატება. ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას ფედერალურ მთავრობასთან და კერძო სექტორში ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობით, რათა დავიცვათ ჩვენი სისტემები ასეთი საფრთხისგან."

აშშ-სა და ევროპაში სამთავრობო უწყებების წინააღმდეგ ჰაკერული თავდასხმები ბოლო დროს გახშირდა. ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე დიდი ასეთი თავდასხმა იყო გერმანიის ბუნდესვერის ოფიცრების საუბრის გაჟონვა ინტერნეტში, რომელშიც ისინი მსჯელობენ ბალისტიკური რაკეტა „Taurus-ის" შესაძლო თავდასხმაზე ყირიმის ხიდზე.

ჩანაწერი რუსეთის Russia Today-ს ხელმძღვანელმა მარგარიტა სიმონიანმა გამოაქვეყნა 1 მარტს.
საუბრის მონაწილეები განიხილავენ კიევისთვის „ტაურუსის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდებას, რაც გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ჯერჯერობით უარყო.
კანცლერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ინფორმაციის შესაძლო გაჟონვა „ძალიან სერიოზულია“.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა 3 მარტს განაცხადა, რომ რუსეთს „საინფორმაციო ომი“ აქვს გაჩაღებული, რომლის მიზანი გერმანიის შიგნით უთანხმოების გაღვივებაა.
რუსეთი ჰაკერულ თავდასხმებში მონაწილეობას უარყოფს.

თურქეთმა უკრაინასა და რუსეთს სამშვიდობო შეთანხმების პროექტი წარუდგინა

თურქეთი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სამშვიდობო შეთანხმების პროექტს სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული დამოუკიდებელი გამოცემა “ნოვაია გაზეტა ევროპა” თავის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ცნობით, აღნიშნული პროექტი რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომის დასრულებას ისახავს მიზნად და მას მხარს უჭერს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

გამოცემის წყაროს ცნობით, ამ დროისთვის რუსეთიც და უკრაინაც განიხილავენ შემოთავაზებული შეთანხმების ტექსტს, რომელიც ეყრდნობა წინასწარ მოლაპარაკებებს, რომლებიც მხარეებს შორის 2022 წელს ომის დაწყების შემდეგ მიმდინარეობდა.

წყაროს ინფორმაციით, გეგმა სავარაუდოდ, რამდენიმე ევროპელი პოლიტიკოსის მხარდაჭერას მოიპოვებს და იგი წარედგინება “გლობალური სამხრეთის” ქვეყნებსაც.

წინასწარი ინფორმაციით, სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შემდეგ პუნქტებს მოიცავს:

აშშ-ისა და რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის არგამოყენების შესახებ ვალდებულებებს და სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შეთანხმების (Start III) გაგრძელებას, იმ პუნქტით, რომ არც ერთ მხარეს არ შეეძლება შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლა;

სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში არც ერთი ისეთი ფორმით არჩარევას, რომელიც მისი მთავრობის დესტაბილიზაციას მოახდენს;

ომის ფრონტის ხაზის გასწვრივ გაყინვას;

2040 წელს რეფერენდუმების ჩატარების ვალდებულებას: ეროვნული უკრაინული რეფერენდუმის ჩატარებას ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე, საერთაშორისო დაკვირვების ქვეშ რეფერენდუმების ჩატარებას რუსეთის მიერ ანექსირებულ ყველა უკრაინულ ტერიტორიაზე;

გარანტიას, რომ 2040 წლამდე უკრაინა ბლოკებთან არმიერთებული დარჩება;

ყველა ომის ტყვის გაცვლას;

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის რუსეთის მხრიდან არშეწინააღმდეგებას.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს უკვე მეცხრე მსგავსი პროექტია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ბოლო შემოთავაზება მიღებული იქნება.

ალექსეი ნავალნის მემუარები წიგნად გამოიცემა-იულია ნავალნაია

ალექსეი ნავალნის ქვრივმა იულიამ განაცხადა, რომ მიმდინარეობს მზადება მისი მეუღლის მემუარების გამოქვეყნებისთვის. წიგნი უკვე 11 ენაზეა თარგმნილი და ოქტომბერში გამოვა, - დაწერა იულია ნავალნაიამ სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილ ტვიტერში).

მისი თქმით, ალექსეი ნავალნიმ წიგნის წერა 2020 წელს მოწამვლის შემდეგ დაიწყო. ადრე მემუარების შესახებ არაფერი იყო ცნობილი.

წიგნი, რომლის სახელია „პატრიოტი“, გამომცემლობა Knopf-ი გამოსცემს და მისი საწყისი ტირაჟი 500 ათასი ეგზემპლარი იქნება, - იატყობინება New York Times-ი

გამომცემლის პრესრელიზში ნათქვამია, რომ მემუარები "გამოხატავს ნავალნის სრულ რწმენას, რომ ცვლილებებს წინააღმდეგობა არ შეიძლება და მათი დრო აუცილებლად მოვა."

ნავალნი 16 თებერვალს არქტიკაში მდებარე სპეციალური რეჟიმის კოლონიაში გარდაიცვალა. რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ის ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. მისი ოჯახი და თანამოაზრეები ამტკიცებენ, რომ პოლიტიკოსი მოკლეს. იულია ნავალნაიამ ამაში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაადანაშაულა. კრემლი ამას უარყოფს.

ო.ჯ. სიმპსონი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

ამერიკული ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავი, ო.ჯ. სიმპსონი, რომელიც ყოფილი ცოლისა და მისი მეგობარი მამაკაცის სასტიკ მკვლელობაში იყო ბრალდებული, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ოჯახის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას სიმსივნე ჰქონდა.

1994 წელს, ფეხბურთელი ეჭვმიტანილი იყო საკუთარი მეუღლის, ნიკოლ ბრაუნისა და მისი საყვარლის, რონალდ გოლდმანის მკვლელობაში.

სიმპსონს სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა, მაგრამ ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ სასამართლო პროცესზე სპორტსმენი უდანაშაულოდ ცნეს.