... ... hotnews.ge - მსოფლიო

აშშ-ის სენატი უკრაინის დახმარების პაკეტს 23 აპრილს კენჭს უყრის

აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერის, ჩაკ შუმერის განცხადებით, ამერიკელი სენატორები უკრაინის დახმარების პაკეტს სამშაბათს, 23 აპრილს კენჭს უყრიან.

”სენატი მზადაა გადადგას შემდეგი ნაბიჯი ეროვნული უსაფრთხოების შესახებ დამატებით კანონმდებლობასთან დაკავშირებით. პალატამ საბოლოოდ დაამტკიცა დაფინანსება უკრაინის, ისრაელისა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის და ჰუმანიტარული დახმარებისთვის. სენატი შეთანხმდა სამუშაოს დასრულებაზე პირველი კენჭისყრით სამშაბათს“, - წერს ჩაკ შუმერი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გუშინ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გადაცემას მხარი დაუჭირა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დასახმარებლად 61 მილიარდი დოლარის გამოყოფას დაუჭირა მხარი

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ რამდენიმეკვირიანი შეფერხების შემდეგ მხარი დაუჭირა კანონპროექტს უკრაინისთვის პირდაპირი თუ ირიბი დახმარების მიზნით 61 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კანონშემოქმედებითი პროცესის დასრულების შემდეგ ვაშინგტონი შეძლებს, კიევისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების განახლებას, რომელიც რამდენიმე თვით იყო შეწყვეტილი.

საბიუჯეტო მოთხოვნა ხელახლა უნდა დაამტკიცოს სენატმა, სადაც უკრაინისთვის დახმარებას კანონმდებელთა უმრავლესობა უჭერს მხარს. შემდეგ კი კანონს ხელი პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს, რომელმაც პირობა დადო, რომ ამას მაშინვე გააკეთებს, როგორც კი დოკუმენტი მასთან შევა.

“პუტინს ჩვენი ძალიან ეშინია, ამაში დარწმუნებული ვარ”-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრაზილიურ ტელევიზიასთან საუბრისას განაცხადა, რომ პუტინს უკრაინის "ძალიან ეშინია" და ატომური იარაღის მქონე სახელმწიფო დედამიწის არსებობას არ უნდა ემუქრებოდეს.

"დამიჯერეთ, პუტინს ძალიან ეშინია ჩვენი, მე ამაში დარწმუნებული ვარ. იმიტომ, რომ ის არასაიმედო ადამიანია. თავდაჯერებული სახელმწიფოები დიდი არმიით და დიდი ძალით, ამდენი ბუნებრივი მინერალური რესურსებით, მსოფლიოს და ყველა ცოცხალ არსებას ბირთბული იარაღით არ უნდა ემუქრებოდნენ.

უკრაინის რწმენა არ გამქრალა, არც ხალხის რწმენა შეიარაღებული ძალების და საკუთარი თავის მიმართ. რაც შეეხება დაღლილობას, არ ვიტყუები - ეს სახეზეა. მაგრამ ამას განსხვავებული პერსპექტივით უნდა შევხედოთ - ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ. მაშინაც კი, როცა სამსახურში მიდიხარ, რომელიც გიყვარს, საღამოს მაინც დაღლილი ბრუნდები სახლში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მეორე დილით სამსახურში აღარ წახვალ“, - თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელები არ იტყვიან უარს ევროკავშირში გაწევრიანების გეგმებზე და დაიცავენ თავიანთ ღირებულებებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ინფორმაცია, თითქოს, უკრაინაში ყველაფერი ცუდადაა და ინიციატივა რუსების ხელშია, სიმართლეს არ შეესაბამება. იგი აღიარებს, რომ რუსებს უკრაინელებზე მეტი იარაღი აქვთ, რაც პრობლემას წარმოადგენს. თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ რუსებისთვის ადამიანების სიცოცხლეს "მნიშვნელობა არ აქვს" - მათთვის მნიშვნელობანია გამარჯვებები არა რუსებითვის, არამედ პუტინისთვია, რომელსაც "საბჭოთა კავშირის აღდგენა სხვა ერების განადგურებით სურს"

ინდოეთის ერთ-ერთ მდინარეში გემი ჩაიძირა, დაღუპულია სულ მცირე 7 ადამიანი

ინდოეთში მდინარე მაჰანდიში გემი ჩაიძირა. დაღუპულია, სულ მცირე, 7 ადამიანი. გემი, რომელზეც 50 მგზავრი იმყოფებოდა ხარსიის რაიონიდან ჩატისგარში მიემგზავრებოდა. დაკარგულებს შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები.

ინდოეთის პოლიციის განცხადებით, მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.

მერილენდის შტატში მომხდარი სროლისას 5 მოზარდი დაიჭრა

მერილენდის შტატში მომხდარი სროლისას 5 მოზარდი დაიჭრა. ამის შესახებ ABC News-ი იტყობინება.

ინციდენტი ქალაქ გრინბელტის ერთ-ერთ პარკში მოხდა, სადაც სკოლიდან გამოპარული ასობით მოსწავლე იყო შეკრებილი.

კონფლიქტის მიზეზი უცნობია - ფაქტს პოლიცია იძიებს.

ნიუ-იორკში, სასამართლოს შენობასთან, სადაც დონალდ ტრამპის პროცესი მიმდინარეობს, მამაკაცმა თავი დაიწვა

ნიუ-იორკში, სასამართლოს შენობასთან, სადაც  შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პროცესი მიმდინარეობს, უცნობმა მამაკაცმა თავი დაიწვა.

თვითმხილველების თქმით, საწვავის გადასხმამდე მამაკაცმა ბროშურები გაფანტა.

უცხოური მედია წერს, რომ მამაკაცი მრავლობითი დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მამაკაცის ქმედების მოტივი უცნობია.

დემონსტრაციებმა სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად აქცია - ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოში ჩატარებულ მასშტაბურ აქციებზე გააკეთა კომენტარი:

"საქართველოში ყველა ამ დემონსტრაციამ სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად აქცია, თუმცა კანონი ურბილესია, თავად აშშ-ში, საფრანგეთში, პოლონეთში, ევროკავშირის სხვა მრავალ ქვეყანაში არსებობს კანონები ჯარიმებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით, თუ ფულს იღებ, ამაზე არ ლაპარაკობ და რაღაცას არასწორად აკეთებ. ქართველებთან, მთლიანობაში რომ ვთქვათ, უფრო მარტივია, თუ იღებ 20%-ზე მეტ დაფინანსებას უცხოეთიდან საკუთარი ორგანიზაციისთვის უბრალოდ დაადეკლარირე."

 

აშშ-მა ვეტო დაადო გაეროში პალესტინის სახელმწიფოს წევრობის შესახებ რეზოლუციას

აშშ-ის ვეტოს გამო, გაეროს უშიშროების საბჭომ ვერ მიიღო რეზოლუცია გაეროში პალესტინის სახელმწიფოს სრულუფლებიან წევრად მიღების შესახებ.

უშიშროების საბჭოს 15 მუდმივი და დროებითი წევრიდან რეზოლუციას მხარი დაუჭირა 12-მა სახელმწიფომ. თავი შეიკავეს შვეიცარიამ და ბრიტანეთმა.

რეზოლუციის პროექტი გაეროს გენერალურ ასამბლეას რეკომენდაციას აძლევდა, ეღიარებინა პალესტინის სახელმწიფო გაეროს 194-ე წევრად. ამისთვის საჭირო იყო უშიშროების საბჭოს თანხმობა.

გაეროს 139 წევრი ქვეყანა აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს.

აშშ-ის პოზიციით, პალესტინის სახელმწიფოს გაეროში წევრობა შეიძლება მოჰყვეს ორი სახელმწიფოს შესახებ ისრაელთან შეთანხმებას.

ევროპარლამენტარი კრემლთან დაახლოებული წყაროებიდან ფინანსდება

კრემლთან დაახლოებული წყაროებიდან დაფინანსებაში კიდევ ერთი ევროპარლამენტარია ეჭვმიტანილი.

გერმანული მედიის ცნობით, საუბარია გერმანელ პარლამენტარ მაქსიმილიან კრაზე, რომელიც ამერიკის ფედერალური ბიუროს საგამოძიებო სამსახურმა, ამერიკაში ვიზიტის დროს, კრემლის აგენტების მიერ შესაძლო დაფინანსების გამო დაკითხა.

ერთობლივი გამოძიება Spiegel-ის ZDF-ის ჟურნალისტებმა ჩაატარეს. მათთან საუბარში მაქსიმილიან კრა ადასტურებს, რომ აშშ-ში ნამდვილად დაკითხეს, თუმცა რუსეთისგან დაფინანსებას უარყოფს.

კრა, რომელიც ევროპარლამენტის მომავალ არჩევნებშიც გერმანიის ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ევროპარლამენტარობის მთავარი კანდიდატია, მოხსენებულია ჩეხეთის დაზვერვის მონაცემებშიც.

ჩეხეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსები ევროპელ პოლიტიკოსებზე ცდილობენ გავლენის მოხდენას.

ჩეხეთის კონტრდაზვერვის სამსახურში განაცხადეს, რომ კრემლმა „ევროპის ხმის“ ვებგვერდი გამოიყენა პრორუსული ნარატივების პოპულარიზაციისა და მოსკოვის მეგობარი პოლიტიკოსების დასაფინანსებლად.

ამასთან, Spiegel-ის მიერ ადრე ჩატარებული გამოძიების მიხედვით, კრას კოლეგა პეტრ ბისტრონი იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც თანხებს იღებდა რუსეთიდან. კრამ და ბაისტრონმა ასევე მისცეს ინტერვიუები „ევროპის ხმას“.

„შპიგელის“ გამომძიებელი ჟურნალისტების მოსაზრებით, ამერიკელ გამომძიებლებს წვდომა ჰქონდათ კრას და პრორუსი აქტივისტის, ოლეგ ვოლოშინის მიმოწერაზე, სადაც გერმანელ კანონმდებელს “ტექნიკური ხარჯების კომპენსაციას“ დაჰპირდნენ. კრამ უარყო ვოლოშინისგან ფულის მიღების ფაქტი და თქვა, რომ საქმე გვაქვს შეტყობინებების არასწორ ინტერპრეტაციასთან. ამის მიზეზად ის ვოლოშინის „ცუდ ინგლისურს“ ასახელებს.

რუსეთის შესაძლო გავლენაზე გამოძიება ბელგიაშიც მიმდინარეობს. ბელგიის პრემიერი ალექსანდრ დე კროო აცხადებს, რომ კრემლს იმედი აქვს, რომ პრორუს პოლიტიკოსებს შეიყვანს.

ევროპარლამენტის არჩევნები 6-9 ივნისს გაიმართება.

დონალდ ტრამპის საქმის განსახილველად 12 ნაფიცი მსაჯული შეარჩიეს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ისტორიული საქმისთვის 12 ნაფიცი მსაჯული შეარჩიეს. მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში ისინი პორნოვარსკვლავის დუმილისთვის ფულის გადახდის საქმეს განიხილავენ.

ამასთან, დაცვისა და ბრალდების მხარეებმა ისტორიული სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა ალტერნატიული წევრები ჯერ კიდევ უნდა აირჩიონ.

ამავე დღეს მოსამართლემ, რომელიც თვალს ადევნებდა პროცესს, გაათავისუფლა ნაფიცი მსაჯული, რომელმაც თქვა, რომ ეშინოდა, რომ ზოგიერთი პერსონალური ინფორმაცია საჯარო გახდებოდა. მოსამართლე ხუან მერჩანმა გაათავისუფლა კიდევ ერთი მსაჯული, მას შემდეგ რაც პროკურორებმა განაცხადეს, რომ შესაძლოა, მან წარსული კანონდარღვევები არ გაამჟღავნა.

მსაჯულების შერჩევა ორშაბათს დაიწყო. პირველი 196 მსაჯულიდან, რომელმაც შერჩევა გაიარა, თითქმის ნახევარი გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც განაცხადეს, რომ მიუკერძოებლად არ შეეძლოთ შეეფასებინათ რესპუბლიკელი პოლიტიკოსის დანაშაული ან უდანაშაულობა.

ტრამპის კრიტიკამ მოწმეების, პროკურორების, მოსამართლის და მათი ნათესავების მიმართ ამ საქმეში და სხვათა მიმართ, ასევე გამოიწვია შეშფოთება შევიწროებაზე, რამაც მერჩანს აიძულა, ინფორმაცია გაუმჟღავნებლობაზე ნაწილობრივი ბრძანება გამოეცა.

აშშ-ის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგა. 

დონალდ ტრამპს სისხლის სამართლის ოთხ საქმეზე აქვს ბრალი წარდგენილი, თუმცა ეს შეიძლება ერთადერთი იყოს, რომლის სასამართლო პროცესი ნოემბრის არჩევნებამდე დაიწყება. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ყველა ბრალს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულებს უწოდებს.

ნიუ-იორკის სასამართლო პროცესი 25 მარტს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ტრამპის ადვოკატებმა მოსამართლეს პროცესის გადადებით მიმართეს, რათა საქმეში ახლად აღმოჩენილი გარემოებები განეხილათ. 

სტორმის დენიელსის საქმის საქმის მასალების თანახმად, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ტრამპმა მისი ადვოკატის დახმარებით დენიელსს 130 ათასი დოლარი გადაუხადა, რათა მასთან სექსუალური კავშირის შესახებ არაფერი ეთქვა. თვითონ გადახდა უკანონო არ ყოფილა, მაგრამ პროკურორები ამბობენ, რომ ის გაფორმებული იყო, როგორც ადვოკატის ანაზღაურება იურიდიული სამსახურისთვის, რაც შტატში ანგარიშვალდებულების გაყალბებად მიიჩნევა და სისხლის სამართლებრივად ისჯება.

ადვოკატ მაიკლ კოენს აღნიშნულ საქმეზე 2018 წელს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა ტრამპს, რომელსაც მაშინ პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა, ოფიციალური ბრალი არ წაუყენეს.

გარდა ამისა ტრამპს სამ საქმეზე აქვს ბრალი წარდგენილი. საიდუმლო დოკუმენტების შენახვის საქმის პროცესი მაისშია ჩანიშნული, ხოლო ჯორჯიის შტატის ხელისუფლება ამ შტატში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე განხილვის დაწყებას აგვისტოში მოითხოვს.

კიდე ერთი პროცესი არჩევნების შედეგების გასაუქმებლად შეთქმულების მოწყობასა და კაპიტოლიუმზე შტურმში ტრამპის როლს გულისხმობს.

ვოლოდიმირ ზელენსკიზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით პოლონეთის მოქალაქე დააკავეს

უკრაინის სამართალდამცველებმა, პოლონელ კოლეგებთან თანამშრომლობით, დააკავეს პოლონეთის მოქალაქე, რომელიც ეჭვმიტანილია რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში პრეზიდენტ ზელენსკიზე თავდასხმის მოწყობის მოსამზადებლად. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

გამოძიების ცნობით, ეჭვმიტანილმა საკუთარი ინიციატივით დაამყარა კონტაქტი რუსეთის შეიარაღებული ძალების მეთაურობის წარმომადგენლებთან და შესთავაზა მათ რუსული სამხედრო დაზვერვის სასარგებლოდ მუშაობა.

უკრაინული მხარის ცნობით, მას ევალებოდა პოლონეთში მდებარე ჟეშუვ-იასეონკის აეროპორტის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და რუსული მხარისთვის მიწოდება. ეს უნდა დახმარებოდა რუსულ სპეცსამსახურებს უკრაინის პრეზიდენტზე შესაძლო თავდასხმის დაგეგმვაში პოლონეთში ვიზიტის დროს.

როგორც უკრაინული მედია წერს, შესაძლო დანაშაულის დაგეგმვის შესახებ უკრაინის პროკურატურამ და უსაფრთხოების სამსახურმა პოლონურ მხარეს აცნობეს და საქმის მტკიცებულებები გადასცეს. ორ ქვეყანას შორის ინფორმაციის გაცვლისა და წარმატებულად ჩატარებული ოპერატიული მოქმედებების შედეგად, რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ მუშაობაში ეჭვმიტანილი პოლონეთის ტერიტორიაზე დააკავეს. პროკურატურის ბრალდების საფუძველზე, ვარშავის სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

რუსეთში ბომბდამშენი ჩამოვარდა

რუსეთში, სევასტოპოლის მხარეში Ту-22М3 ტიპის ბომბდამშენი ჩამოვარდა. გუბერნატორი, ვლადიმერ ვლადიმროვი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ორი პილოტი კლინიკაში გადაიყვანეს, შემთხვევის ადგილიდან ეკიპაჟის კიდევ ერთი წევრის ევაკუაცია მოხდა, ხოლო მეოთხე პირს, ეძებენ.

მოგვიანებით, რუსულმა პროპაგანდისტულმა გამოცემამ RIA Novosti-მ, თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბომბდამშენი საბრძოლო დავალების შესრულების შემდეგ ჩამოვარდა აეროდრომზე დაბრუნებისას. 

"რია" წერს, რომ ბორტზე საბრძოლო მასალა არ იყო.