... ... hotnews.ge - საზოგადოება

პატრიარქის მიმართვა იყო მოწოდება ლოცვისკენ, მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებისთვის - საპატრიარქო

პატრიარქის მიმართვა მრევლისადმი იყო მოწოდება ლოცვისკენ, მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განმარტებაშია ნათქვამი.

როგორც საპატრიარქოში აღნიშნავენ, აღნიშნული მიმართვის პოლიტიკური ნიშნით ინტერპრეტაციის მცდელობა არის არასწორი და ლოცვის არსის დამახინჯება.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ა.წ. 12 მაისის მიმართვა მრევლისადმი იყო მოწოდება ლოცვისაკენ, მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებისათვის. ნებისმიერი პოლიტიკური ნიშნით მისი ინტერპრეტაციის მცდელობა კი არის არასწორი, სამწუხარო და ლოცვის არსის დამახინჯება. შევთხოვთ უფალს, მშვიდობით აკურთხოს საქართველო“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განმარტებაში.

დაგეგმილია მომდევნო 2 დღის განმავლობაში შეკრებამ მიიღოს ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - ვახტანგ გომელაური

როგორც საზოგადოებას მოეხსენება, საქართველოში მშვიდობიანი შეკრების უფლება მაღალი სტანდარტით არის უზრუნველყოფილი.

ამასთან, კანონმდებლობა სახელმწიფოს ანიჭებს უფლებას, მიიღოს სათანადო, პროპორციული ზომები ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო შეკრების წინააღმდეგ.

როგორც პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებებით, ისე ოპერატიული ინფორმაციით, ჩვენთვის ცნობილია, რომ დაგეგმილია, მომდევნო ორი დღის განმავლობაში შეკრებამ მიიღოს ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, მათ შორის შეკრების მონაწილეებმა სცადონ საქართველოს პარლამენტის ბლოკირება და ხელი შეუშალონ შენობაში საქართველოს პარლამენტის წევრებისა და თანამშრომლების შესვლას, რასთან დაკავშირებითაც გვსურს გავაკეთოთ გამაფრთხილებელი განცხადება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ ობიექტის ნორმალური მუშაობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4 წლამდე.

გასულ წლებში, ჩამოყალიბებული იყო არაპროპორციულად ლოიალური პრაქტიკა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზემოაღნიშნულ მუხლთან მიმართებით, რამაც, როგორც გამოცდილებამ აჩვენა, შესაბამისი დანაშაულის პრევენციაზე უარყოფითი გავლენა იქონია. შესაბამისად, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, ეს მუხლი კანონის დამრღვევების მიმართ პროპორციულად ავამოქმედოთ და დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ავამოქმედოთ.

მიუღებელია, როდესაც პოლიტიკოსები და სხვა შიდა და გარე სუბიექტები აქეზებენ ადამიანებს, ჩაიდინონ დანაშაული, რომლისთვისაც მკაცრი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული. ჩვენი სურვილი არაა, რამდენიმე ასეული ჩვენი თანამოქალაქე თუ უცხოელი გახდეს მკაცრი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ობიექტი. თუმცა, სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლისა და კანონის უზენაესობა და სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევას სათანადო ზომებით უპასუხოს.

გამოვთქვამთ იმედს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი ჩაერთვება პოლიტიკოსებისა და სხვა შიდა და გარე სუბიექტების მიერ დაგეგმილ პროვოკაციაში და შესაბამისად, თავიდან აიცილებს მკაცრ სასჯელს, რომელიც საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ ჩადენილი ზემოაღნიშნული დანაშაულისთვის არის გათვალისწინებული.

"მამა აფხაზეთის ომში დაიღუპა" - ბიჭი, რომელმაც გორგასლის ძეგლზე დროშა დაამაგრა დათუნა ხუციშვილის ვაჟია

"გუშინ არ დავწერე გურამის ნებართვის გარეშე. დღეს უკვე ვნახე, რომ სხვებმა დაწერეს და დავამატებ:
ეს კარგი ბიჭი ჩვენი დათუნა ხუციშვილის ვაჟია, გურამ ხუციშვილი. გახსოვთ, 9 აპრილის შესახებ ფილმში კუბოკრულპერანგიანი ლამაზი ბიჭი კისერზე შემოსმული შვილით. აი ის პატარაა ეს გურამი, ხოდა, მოდი და სიმბოლოებს ნუ დაუჯერებ: მამა აფხაზეთის ომში დაიღუპა, აფეთქებულ ვერტმფრენში იჯდა. ვაჟმა მისი "დანატოვარი" სიმბოლური დროშა ვახტანგ გორგასალს დააჭერინა ხელში!
...
მითხარით, რომ ეს სასწაული არ არის!" - წერს მარინე ბერიძე სოციალურ ქსელში კაცზე, რომელმაც გორგასლის ძეგლზე საქართველოს დროშა დაამაგრა

12 მაისი ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს. მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, მსახურება დილიდან აღევლინება.

2019 წელს მთავრობის მიმართვის საფუძველზე, პარლამენტმა 12 მაისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ, იმედის დღედ გამოაცხადა. ამ დღეს იკურთხა მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარიც.

ბათუმში ქარმა ხეები მოგლიჯა - დაშავდა რამდენიმე ადამიანი

სტიქია ბათუმში - ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა, დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსი. TV 25-ის ინფორმაციით, დაშავდა რამდენიმე ადამიანი. შემთხვევა 26 მაისის ქუჩაზე მოხდა.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, მოქალაქეებს სამედიცინო დახმარების გაწევა არ დასჭირვებიათ

ადგილზე იმყოფებოდნენ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. 

ქაშვეთის ტაძარი საპროტესტო აქციების დასრულებამდე ღია აღარ იქნება და ღამით, ჩვეულ დროს დაიკეტება

ქაშვეთის ტაძრის მღვდლების მიმართ მომხდარი მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტის გამო ტაძარი საპროტესტო აქციების დასრულებამდე ღია აღარ იქნება და ღამით, ჩვეულ დროს დაიკეტება.

„როგორც მოგეხსენებათ, 2024 წლის 10 მაისს ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მოხდა სამწუხარო ინციდენტი. აქედან გამომდინარე, შემდგომი შესაძლო ექსცესების თავიდან ასაცილებლად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რათა ტაძარი დაიკეტოს ჩვეულ დროს. აქვე აღვნიშნავთ, რომ ამ დრომდე ტაძარი ამა თუ იმ საპროტესტო აქციების დასრულებამდე (ხშირად დილის სამ, ოთხ საათამდე) ღია იყო“, - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქაშვეთის ტაძრის მღვდლების მიმართ მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი დაფიქსირდა.

17 მაისს სასულიერო პირები და მრევლი ლოცვით მსვლელობას აწყობს - საპატრიარქოს განცხადება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

მასში ნათქვამია, რომ წელსაც, 17 მაისს, ტრადიციულად, სასულიერო პირები და მრავალრიცხოვანი მრევლი ლოცვით მსვლელობას აწყობს. 

"ბოლო ათი წელია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით, ჩვენს ქვეყანაში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება.

ოჯახი და ტრადიციების პატივისცემა ის ფუნდამენტური ფასეულობებია, რომელთა დაცვასა და სიწმინდეზე დგას ღირსეული ქვეყნისა და თითოეული მოქალაქის სიმტკიცე. ნიშანდობლივია, რომ ოჯახის სიწმინდის დაცვა როგორც ქრისტიანების, ისე სხვა სარწმუნოების მიმდევართათვის მეტად მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ჯანსაღი ოჯახი არის ძლიერი და ტრადიციების ერთგული სახელმწიფოს სახე და საფუძველი.

წელსაც, ტრადიციულად, სასულიერო პირები და მრავალრიცხოვანი მრევლი აწყობენ ლოცვით მსვლელობას ამ დღესთან დაკავშირებით.

2024 წლის 17 მაისს, 12:00 საათზე სამღვდელოება და მრევლი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეიკრიბება, სადაც 13:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სამღვდელოებასთან ერთად, აღასრულებს მცირე პარაკლისს, რომლის დასრულების შემდეგ მოეწყობა საზეიმო ლოცვითი მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ, სადაც მსვლელობის ბოლოს შესრულდება სამადლობელი პარაკლისი.

გავერთიანდეთ და სადღესასწაულო სულისკვეთებით ვილოცოთ ჩვენი ოჯახების სიმტკიცის, სიწმინდის, ქვეყნის ძლიერებისა და მშვიდობისათვის!" - ნათქვამია განცხადებაში. 

როდემდე გაგრძელდება წვიმიანი ამინდები საქართველოში

14 მაისამდე საქართველოში დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 მაისიდან 14 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა, მაღალ მთაში ზოგან თოვლი.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, - აცხადებენ სააგენტოში.

მეცნიერებმა კანის დაავადება ეგზემას სრულიად მოულოდნელი გამომწვევი აღმოაჩინეს

აუტანელ ქავილს, რომელიც კანის ქრონიკულ ანთებით დაავადებას, ეგზემას ახლავს თან, ახალი დამნაშავე ჰყავს.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კარგად ცნობილი ბაქტერია, ოქროსფერი სტაფილოკოკი (Staphylococcus aureus) განაპირობებს მუდმივ ქავილს, რადგან პირდაპირ აღიზიანებს კანის მგრძნობელობით ნეირონებს; ეს აღმოჩენა მეცნიერებს შეიძლება ახალ სამკურნალო საშუალებათა შექმნაში დაეხმაროს.

ეგზემას ატოპიურ დერმატიტსაც უწოდებენ და საკმაოდ გავრცელებულია ბავშვებსა და მოზარდებში. გვხვდება ათიდან ერთ ზრდასრულშიც.

ამ დრომდე, ეგზემის აუტანელი ქავილის მთავარ გამომწვევად მიიჩნეოდა იმუნური უჯრედები და მათ მიერ გამოყოფილი ანთებითი მოლეკულები. ეს ქავილი ძალიან ხშირად იწვევს ნაკაწრებს, რაც კანს კიდევ უფრო აზიანებს და ის წითელი, შესივებული, დახეთქილი ხდება.

წლების წინ, მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ადამიანები, რომლებსაც კანის ცილა, სახელად ფილაგრინი აკლიათ, ეგზემისკენ უფრო მიდრეკილები არიან; თუმცა, მაინც გაურკვეველი რჩებოდა, კონკრეტულად რა იწვევდა ქავილს, რომელიც ეგზემას ახლავს თან.

ამჯერად, ამერიკელ მკვლევართა ჯგუფმა ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტთა სერიაში აჩვენა, რომ S. aureus-ი — ბაქტერია, რომელიც დაზიანებულ კანში აღწევს და ინფექციას იწვევს, ერთპიროვნულად განაპირობებს ქავილს, რადგან ააქტიურებს კანის ზედაპირზე არსებულ მგრძნობელობით ნერვულ უჯრედებს.

„გამოვავლინეთ ქავილის სრულიად ახალი მექანიზმი, ბაქტერია Staph aureus-ი, რომელიც ქრონიკული ატოპიური დერმატიტის მქონე თითქმის ყველა პაციენტში ვიპოვეთ. დავადგინეთ, რომ ქავილი შეიძლება გამოწვეული იყოს თავად მიკრობით“, — ამბობს ჰარვარდის სამედიცინო სკოლის იმუნოლოგი ისააკ ჩიუ.

ადამიანში ეგზემის მოდელირებისთვის, მკვლევრებმა თაგვებს S. aureus-ით გაჟღენთილი მარლა შემოახვიეს. ბაქტერიას თაგვების ნაკაწრებზე ზემოქმედება შეეძლო. დადგინდა, რომ ბაქტერიები კანის ზედა ფენის, ეპიდერმისის მგრძნობელობით ნერვულ დაბოლოებებთან შეჯგუფდნენ.

იმის გასარკვევად, როგორ შეიძლება ზემოქმედებდეს ბაქტერია ამ ნერვებზე, მკვლევრები სისტემატურად ტესტავდნენ S. aureus-ის ინჟინერიით გამოყვანილ სხვადასხვა შტამს, რომლებსაც მიკრობთა მოლეკულური არსენალის სპეციფიკური კომპონენტები აკლდათ.

ცხრა სხვადასხვა ფერმენტის გამორიცხვის შემდეგ, ჩიუმ და მისმა კოლეგებმა იპოვეს ერთი ფერმენტი, რომელსაც S. aureus-ი კანთან კონტაქტისას გამოყოფს — პროტეაზა V8. ის თაგვებში ქავილს იწვევდა, რადგან ააქტიურებდა კიდევ ერთ ცილას, სახელად PAR1-ს, რომელიც მგრძნობელობით ნეირონებს ააქტიურებს.

ფერმენტ V8-ს არმქონე S. aureus-ის ზემოქმედებისას, თაგვები თითქმის არ იფხანდნენ და მათი კანიც ნაკლებად აქერცლილი და გაღიზიანებული იყო. ასევე მსუბუქი იყო სიმპტომები, როცა თაგვები დაამუშავეს პრეპარატით, რომელიც ცილა PAR1-ს ბლოკავს.

შემდეგმა ექსპერიმენტებმა გამორიცხა იმუნური უჯრედები, როგორც ცხოველის ქავილის გამომწვევი მიზეზი. თაგვები, რომლებსაც პოხიერი უჯრედები (მასტოციტი) და ბაზოფილები არ ჰქონდა (იმუნურ უჯრედთა ტიპი, რომლებიც ქავილსა და ალერგიებში მონაწილეობენ), ბაქტერია S. aureus-ის ზემოქმედების შემდეგ ფხანას განაგრძობდნენ. 

„აუცილებელი არ არის, ყოველთვის ანთება გქონდეთ, რომ მიკრობებმა ქავილი გამოიწვიონ; პირიქით, ქავილი კანზე ანთებას აძლიერებს“, — განმარტავს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მიკრობიოლოგი ლივენ დენგი.

თუ ეს ადამიანებშიც დადასტურდა, აღმოჩენა შეიძლება წარმოადგენდეს აშკარა სამიზნეს ახალი პრეპარატებისთვის, რომლებიც ეგზემის თანმხლებ დაუსრულებელ ქავილს მრავალ პაციენტს შეუმსუბუქებს.

ეგზემის სამკურნალო ამჟამინდელ პრეპარატთა უმეტესობა კანის დაამებას და იმუნური სისტემის დამშვიდებას ცდილობს; ასევე კანის ბარიერის აღდგენას მდგომარეობის მთლიანად მოსუფთავების გარეშე.

ამ კვლევაში დატესტილი ცილა PAR1-ის მბლოკავი უკვე გამოიყენება ადამიანებში სისხლის შედედების წინააღმდეგ და შესაბამისად, ადვილი იქნება მისთვის მიზნის შეცვლა. ატოპიური დერმატიტის მქონე პაციენტთა ნიმუშებში თაგვების მსგავსად მაღალი იყო V8-ს დონე და უფრო მეტი იყო ბაქტერია S. aureus-ი, ვიდრე ჯანმრთელ კანში.

მიუხედავად მკაფიო შედეგებისა, მეცნიერები ამბობენ, რომ საჭიროა ამ საკითხის კიდევ უფრო მეტი კვლევა.

კვლევა Cell-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

ყველაზე ლამაზი დროშაა, რაც კი მინახავს - OneRepublic-ის სოლისტის, Ryan Tedder-ის რეაქცია საქართველოს დროშის დანახვაზე

Starring Georgia - ს მუსიკალურ სეზონი შეკვეთილში ამერიკულმა პოპ როკ ბენდმა OneRepublic-მა გახსნა. კონცერტმა შავი ზღვის სანაპიროს კურორტ შეკვეთილში, Black Sea Arena-ზე ანშლაგით ჩაიარა.

„სწორედ დღეს, ჩვენ პირველად დავდგით ფეხი ამ ულამაზეს ქვეყანაში, რომელიც საქართველოა. ძალიან დიდი დრო დაგვჭირდა, მაგრამ დღეს ჩამოვფრინდით და აღფრთოვანებულები ვართ ამ უზომოდ ლამაზი ქვეყნით, რომელიც ასევე ცოტათი კოლორადოსაც მახსენებს. ძალიან იღბლიანები ხართ აქ რომ ცხოვრობთ და მადლობა, რომ მოხვედით ამ საღამოს და ჩვენთან ატარებთ. თვითონ ვენიუც მაგარია, თან გარეთ ვართ, თან შიგნით რა ხდება არვიცი, მაგრამ გული მიგრძნობს უმაგრეს საღამოს გავატარებთ ერთად.

რადგან ეს ჩვენი პირველი კონცერტია საქართველოში, ჩვენ შევეცდებით წარგიდგინოთ რაც შეიძლება ბევრი სიმღერა, რომელიც იცით 2007 წლიდან 20024 წლების ჩათვლით.

ამიტომ, დღეს ჩვენ OneRepublic highlights დავარქმევთ და პატარა ქართული კარაოკე მოვაწყოთ ერთად“, - განაცხადა OneRepublic-ის სოლისტმა.

ნუცა ბუზალაძე დღეს ევროვიზიის ფინალში იმღერებს

საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზია 2024-ზე ნუცა ბუზალაძე დღეს ევროვიზიის ფინალში იმღერებს, სადაც, კონკურსის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ის 24-ე ნომრად წარდგება.

ევროვიზია 2024-ის ფინალი 11 მაისს 23:00 საათზე შვედეთის ქალაქ მალმეში გაიმართება. ნუცა ბუზალაძე თავის საკონკურსო სიმღერას, Firefighter-ს შეასრულებს.

საერთო ჯამში, ფინალში 26 ქვეყანა წარდგება: საქართველო, შვედეთი, უკრაინა, გერმანია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ისრაელი, ლიეტუვა, ესპანეთი, ესტონეთი,ირლანდია, ლატვია, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, იტალია, სერბეთი, ფინეთი, პორტუგალია, სომხეთი, კვიპროსი, შვეიცარია, სლოვენია, ხორვატია, საფრანგეთი და ავსტრია.

ევროვიზიის ფინალის ხმის მიცემაში მონაწილეობს როგორც ჟიური, ასევე მაყურებელი. ჟიურის ქულებს კონკურსის მონაწილე 37-ივე ქვეყანა გამოაცხადებს. ამავე ქვეყნებიდან შესაძლებელია საქართველოსთვის ხმის მიცემა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ქალაქი ტყიბული, გადმოღმა წყალწითელაა.

მიწისძვრის სიმძლავრემ 3,1 მაგნიტუდა შეადგინა.

დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.