... ... hotnews.ge - საზოგადოება

რატომ არის პასკა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო - გიორგი ღოღობერიძის განმარტება

ექიმი, გიორგი ღოღობერიძე განმარტავს, რატომ არის პასკა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო.

„ის ყურძნის მარცვლები, რომელიც პასკაშია, ცნობილია ბევრი სახელით – ზოგიერთი ქიშმიშს (თურქულად) უწოდებს, ეს ყურძნის მარცვლები საკმაოდ მდიდარია ბევრი სასარგებლო ნივთიერებით, მათ შორის, სამს გამოვყოფდი – საკმაოდ ბევრს შეიცავს ვიტამინ B2 – რიბოფლავინს, ასევე ვიტამინი B6, ბევრი კალიუმია მასში.

ვიტამინი B2 არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, რომელიც ჩვენს სხეულს სჭირდება, განსაკუთრებით, ჩვენს მიტოქონდრიებს. ამის ნაკლებობა ორგანიზმში ტუჩის კუთხეების სილურჯით, ნახეთქებით გამოიხატება.

რიბოფლავინის ნაკლებობის დროს პირის ღრუს ანთებაც ემართება, სტომატიტი, ასევე, დამახასიათებელია ელექტროციტების რაოდენობა, იმ წითელი ბურთულების რაოდენობა, რომელსაც ჟანგბადი გადააქვს. როცა ადამიანი იღებს ქიშმიშს, ფაქტობრივად, ის იღებს დღიურ ვიტამინ B2-ს დოზას.

ვიტამინი B6 გარდა მიტოქონდრიებისა, ასევე გამოიყენება თავის ტვინის მედიატორების სინთეზისთვისაც. თავის ტვინში ბევრი მედიატორია – ცელტონი, დოპამინი, აქედან ნაწილი ბედნიერების ჰორმონია. ამიტომ ქიშმიშიდან მიღებული ვიტამინი B6 ჩვენ ნამდვილად არ გვაწყენდა. ასევე, ის ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რომ ჩვენს ორგანიზმში ჰემოგლობინის სინთეზი დაიწყოს.

როცა ადამიანს ორგანიზმში ვიტამინი B6 აკლდება, ის ნიშნები ჩნდება, რაც ახლავს ვიტამინ B2-ს. ადამიანი ხდება მიდრეკილი ძილიანობისკენ.

როცა ადამიანი ხშირად იღებს ქიშმიშს, ორივე ვიტამინს მარტივად ივსებს. როგორც გითხარით, ქიშმიშში კალიუმის მაღალი ჩემცველობაა, ვისაც მაღალი წნევა აქვს, კალიუმით მდიდარი საკვები ძალიან მაგარი საშუალებაა წნევის დასაწევადაც“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

 

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი აცხადებს, რომ ამის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მანამდე აღნიშნულ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

შეგვაძლებინოს უფალმა, რომ სული არ ჩავაქროთ, რაშიც შეგვეწიოს წმინდა ძლევაშემოსილი, საკვირველმოქმედი გიორგი, რომელმაც დღეს ჩვენ შეგვკრიბა - მეუფე შიო

გავიდა დიდი მარხვა და დადგა აღდგომის ბრწყინვალე დღეები, აღდგომის შემდგომი პერიოდი და შეგვაძლებინოს უფალმა, სული არ ჩავაქროთ, რაშიც შეგვეწიოს ჩვენ წმინდა ძლევაშემოსილი, საკვირველმოქმედი, დიდი მოწამე გიორგი, რომელმაც დღეს ჩვენ აქ შეგვკრიბა, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს, გიორგობას განაცხადა.

ქაშვეთში საღმრთო ლიტურგია საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა ჩაატარა. ქადაგებისას მიტროპოლიტმა რწმენის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და მრევლს მოუწოდა, დიდმარხვის დასრულების შემდეგ, ისევ არ მიუბრუნდნენ იმ ცოდვებს, რომელიც უკვე მოინანიეს.

„როდესაც ვკითხულობთ ძველი თუ ახალი აღთქმის წიგნებში, რომ წმინდანებმა იხილეს ღმერთი, მათ ჰქონდათ ღმერთის გამოცხადება, ეს არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს მათ ღმერთის არსება იხილეს, არამედ ეს ადგილები ისე უნდა გვესმოდეს, რომ ღმერთმა აღირსა ამა თუ იმ წმინდანს ხილვა და გამოცხადება და მისი რწმენის მიხედვით გამოუცხადა ცოდნა ღმერთზე იმდენად, რამდენადაც შესაძლებელი იყო ამა თუ იმ წმინდანისთვის. ამიტომ, ჩვენ ვცხოვრობთ რწმენით, რომლითაც შესაძლებელია უხილავი ღმერთის დანახვა. ეს რწმენა ჩვენ მოგვცა განკაცებულმა ძე ღმერთმა, რომელმაც იხილა ღმერთი და რომელიც თვითონ ღმერთია. სწორედ მასზე ამბობს მამაზეციერი, რომ ,,ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ“ (მთ. 3, 17).

და აი, რაც დაფარული იყო მამაში, ეს გამოავლინა ძემ, გამოავლინა განცხადების სისავსე, ნება ღვთისა და ჩვენი გადარჩენის გზა. სწორედ ეს არის აღდგომის მადლი, ბრწყინვალება და ჭეშმარიტება.

დიდი მარხვის პერიოდში დედაეკლესია მოგვიწოდებდა სინანულისკენ. მრავალმა შეისმინა ეს მოწოდება, მოვიდა აღსარებაზე და განიწმინდა, მაგრამ ახლა ჩვენი საზრუნავი უნდა იყოს, ისევ არ მივუბრუნდეთ იმ ცოდვებს, რომლებზეც უარი ვთქვით, რომ ისევ არ დარჩეს ჩვენი სული მზრუნველობისა და სულიერი საზრდოს გარეშე. როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული: ,,სულს ნუ ჩააქრობთ!“.

ამგვარად, გავიდა დიდი მარხვა და დადგა აღდგომის ბრწყინვალე დღეები, აღდგომის შემდგომი პერიოდი და შეგვაძლებინოს უფალმა, სული არ ჩავაქროთ, რაშიც შეგვეწიოს ჩვენ წმინდა ძლევაშემოსილი, საკვირველმოქმედი, დიდი მოწამე გიორგი, რომელმაც დღეს ჩვენ აქ შეგვკრიბა“, - განაცხადა მეუფე შიომ.

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი გარდაიცვალა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, სოსო გუგუტაშვილი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ქვედანაყოფი "შავი არწივი" ავრცელებს.

"ავდეევკის მიმართულებაზე საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპა ქვედანაყოფი "შავი არწივის" მებრძოლი სოსო გუგუტაშვილი, ქვედანაყოფი შავი არწივი ოჯახს უსამძიმრებს ამ დიდი დანაკარგს." - "შავი არწივი".

მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს

ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს.

დღეს მორწმუნეები ოჯახის წევრებისა და ახლობლების საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. საფლავზე ჭირისუფალთ ტრადიციისამებრ, სააღდგომო პასქები და წითელი კვერცხები მიაქვთ, რაც აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოა. დაღუპულ გმირებს გაიხსენებენ ძმათა სასაფლაოებზეც.

მოქალაქეებს სასაფლაოების მიმართულებით გადაადგილება უფასოდ შეეძლებათ. თბილისის მერიამ ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი დანიშნა.

გურიაში ტრადიციული ლელობურთი გაიმართა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში ტრადიციული ლელობურთი გაიმართა.

ლელობურთი ტრადიციულად სოფელ შუხუთის ცენტრში, ისტორიულ ცაცხვებთან ტარდება, სადაც ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთელები შეეჯიბრნენ. ლელობურთი ზემო შუხუთის გამარჯვებით დასრულდა.

ამ თამაშს გურულები 1854 წლის „შუხუთფერდის“ ისტორიულ ბრძოლას უკავშირებენ, რომელიც ნიგოითის ბრძოლის სახელითაა ცნობილი და რუსეთ-თურქეთის ომის დროს, 1854 წელს გაიმართა. აღდგომის დღეს, შუხუთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მამა საბა ლელობურთს ჰაერში აგდებს და დიდი შერკინებაც იწყება. შეჯიბრების წესების მიხედვით, გამარჯვებული ის მხარეა, რომელიც ღელეზე ფუთიანი ბურთის გადატანას შეძლებს.

ლელობურთს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. იგი სოფელ შუხუთში გაზაფხულზე, ყოველ აღდგომის დღესასწაულზე, იმართება.

წვიმა და ქარი - დღევანდელი დღის ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყანაში დღესაც ნალექიანი ამინდი იქნება. მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ელჭექის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო

დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო. აღდგომის შემდეგი კვირა მსგეფსია და მორწმუნეებს ოთხშაბათსა და პარასკევს ყველანაირი პროდუქტის მიღება შეუძლიათ.

ბრწყინვალე შვიდეულის ყველა დღეს ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება და მორწმუნეებს ზიარების მიღების შესაძლებლობა აქვთ.

ამასთან, წელს ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს გიორგობის დღესასწაული დაემთხვა.

მართლმადიდებელი ეკლესია 6 მაისს გიორგობას აღნიშნავს

   მართლმადიდებელი ეკლესია 6 მაისს წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს.
   წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და იგი საქართველოში განსაკუთრებით უყვართ. 

   წმინდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, იგი, რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს, მხედართმთავარი გახდა.
   ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. მან მრავალი სატანჯველი მოითმინა, მათ შორის - ბორბალზე გაკვრა. წმინდანს 303 წელს, 30 წლის ასაკში, მოკვეთეს თავი. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი. 

   წმინდა გიორგი კაბადოკიელის კულტი მთელს მსოფლიოშია გავრცელებული. მას არამარტო მართლმადიდებლები, არამედ ყველა მიმართულების ქრისტიანული აღმსარებლობის მორწმუნეები კათოლიკეები, პროტესტანტები, გრიგორიანელები, მონოფიზიტები სცემენ თაყვანს. წმინდანის შესახებ ცნობები მაჰმადიანთა წმინდა წიგნში - ყურანშიც კი მოიპოვება.
   ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ, 6 მაისს - წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს, დღესასწაულობს. 

   წმიდა დიდმოწამე გიორგის მეოხებით ღმერთმა გაძლიეროს სრულიად საქართველო! 

როდის უნდა გავიდეთ საფლავზე - როგორია ეკლესიის პოზიცია

აღ­დგო­მის მე­ო­რე დღე, ორ­შა­ბა­თი, საფ­ლავ­თა კურ­თხე­ვის დღეა. ბრწყინვალე შვიდეულის პირველ დღეს შეღებილი კვერცხით, პასკებითა და სხვა სანოვაგით დატვირთული ადამიანები ოჯახის წევრების და ახლობლების საფლავზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, ლიტანიობის შემდეგ საფლავზე გასვლა ნებისმიერს შეუძლია, თუმცა სიხარულით და მიცვალებულისთვის აღდგომის მისალოცად. როგორც სასულიერო პირები გვეუბნებიან, მთავარია აღდგომის დღესასწაულზე საფლავზე გლოვით არ მივიდეთ.

ქრისტიანული მრწამსით, გარდაცვალების შემდეგ ადამიანის სული საიქიო სამყაროში გადაინაცვლებს, რაც მასთან კიდევ შეხვედრის შანსია. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული კი, მართლმადიდებლური რწმენის მიხედვით, საყოველთაო აღდგომას, მარადიულ სიცოცხლეს ეძღვნება.

აღდგომას საფლავზე გასვლის ტრადიცია საქართველოში ათწლეულებია დამკვიდრდა და მას საყოველთაო ხასიათი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი საფლავებზე აღდგომის მეორე დღეს, ორშაბათს გადის, ეკლესია გვეუბნება, რომ ამ ტრადიციას მართლმადიდებლობასთან არაფერი აკავშირებს.

თეოლოგთა აზრი სასულიერო პირებისას ემთხვევა. ორშაბათს საფლავზე გასვლის ტრადიცია ათწლეულების წინ ჩამოყალიბდა და მას თავიდანვე განსხვავებული დატვირთვა ჰქონდა.

საეკლესიო კანონიკის მიხედვით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, ლიტანიობის შემდეგ საფლავზე გასვლა შეგვიძლია, თუმცა მხოლოდ სიხარულით და მიცვალებულისთვის აღდგომის მისალოცად.

გმირთა მოედანზე დაკავებული სამი დემონსტრანტი გაათავისუფლეს

ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ 2 მაისს, საღამოს, გმირთა მოედანზე, „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებული სამი დემონსტრანტი - ირაკლი მილაძე, გივი თუთარიშვილი და გიორგი შუკაკიძე - გაათავისუფლეს.

ტყეშელაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები გმირთა მოედანზე დააკავეს მაშინ, როდესაც „კონსტიტუციის ფარგლებში გამოხატავდნენ თავის სურვილებს, რომ გადაკეტილიყო ტრანსპორტის მოძრაობა. აქ მთავარი ის არის, რომ ადამიანთა რაოდენობა იმდენად ბევრი იყო, რომ თავისთავად გადაიკეტა გზა და ეს ხელოვნური არ ყოფილა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაინც დაიწყო დაკავებები“.

ადვოკატი დაკავებულთა მიმართ ძალადობაზეც გვიყვება. „ერთ-ერთ დაკავებულს, როდესაც შევხვდი, მან აღნიშნა, რომ გოგა მემანიშვილმა [საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე] პირადად დააკავა, იძალადა და აგინა. ეს ადამიანი ძალიან შეურაცხყოფილად გრძნობს თავს. ეს ყველაფერი არის სისხლის სამართლის დანაშაული - არაადამიანური და არაჰუმანური მოპყრობა. ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩადის დანაშაულს მინდა ვუთხრა, რომ მათ დანაშაულს არც ერთი დღე აქვს ხანდაზმულობის ვადა და არც ორი დღე. ყველას მიაკითხავს სამართალი და კანონიერება“, - თქვა ადვოკატმა.

აქციის მონაწილეები სასამართლო პროცესის გამართვის გარეშე გაათავისუფლეს ზაჰესისა და დიღმის დროებითი დაკავების იზოლატორიდან. ლაშა ტყეშელაძე მიუთითებს დემონსტრანტების წინააღმდეგ ამოქმედებულ ახალ „სადამსჯელო მექანიზმზე“.

„[აქციის მონაწილეს] 48 საათის განმავლობაში ამყოფებენ იზოლატორში, მტკიცებულებებს არ მოიპოვებენ, დაკავების დროის (48 საათის) ამოწურვის შემდეგ, სასამართლოშიც კი არ გადაჰყავთ და იზოლატორიდან უშვებენ. ამ შემთხვევაშიც ასე იყო“, - გვითხრა ადვოკატმა.

რაც შეეხება შემთხვევებს, როდესაც სასამართლო პროცესები იმართება, ადვოკატი გვიყვება, რომ ბოლოს გაიმართა აქციაზე დაკავებულების, კახა ფირცხალავასა და კობა ავსაჯანიშვილის სასამართლო სხდომები. ტყეშელაძის თქმით, ისინი მოსამართლემ პოლიციელების ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებების საფუძველზე დააჯარიმა.

„პოლიციელები გამოცხადდნენ სასამართლო სხდომაზე, რომლებმაც ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები მისცეს. სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს არ უნდა ემყარებოდეს. მოსამართლე გადაწყვეტილებას უნდა იღებდეს სხვადასხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, მაგალითად, ვიდეოჩანაწერით, რომელშიც რაიმე სახის ადმინისტრაციული დარღვევა არის დაფიქსირებული. ამ კონკრეტულ პროცესზე სხვა არცერთი მტკიცებულება არ არსებობდა საქმეში. რეალურად, დადგმული სპექტაკლიც კი ვერ ითამაშეს სწორად. მიუხედავად ამისა, სასამართლომ მაინც ცნო აქციის მონაწილეები სამართალდამრღვევად“, - აღნიშნა მან. კახა ფირცხალავა 2000 ლარით, ხოლო, კობა ავსაჯანიშვილი 2300-ით დააჯარიმეს.

ზოგადად, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულ დემონსტრანტებზე საუბრისას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლაშა ტყეშელაძემ, რომელიც დროებითი დაკავების იზოლატორში არაერთ დაკავებულს შეხვდა, გაიხსენა ძალადობის შემთხვევები.

„სულ რამდენიმე ადამიანი ვნახე იზოლატორში, რომლებმაც თქვეს, რომ მათზე ნაკლებად იძალადეს. დანარჩენ შემთხვევებში, სრულ უმრავლესობაზე იძალადა პოლიციამ. ეს ძალადობა უტოლდება წამებას. ძალადობა ხდება ორ ეტაპად: ერთი, „რობოკოპები“ „კორდონს ჩაატარებენ“, მეორე, ხუთ ადამიანს მაინც მოუყოლია ჩემთვის რომ უღებენ და ურტყამენ, აყენებენ შეურაცხყოფას. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შევიტანე საჩივარი და დღემდე რეაგირება არ მომხდარა. პროკურატურასთან ჩავატარე ბრიფინგი, განცხადებაც წარვადგინე და ამ მომენტისთვის რეაგირება არც იქიდან ყოფილა“, - განაცხადა ადვოკატმა.

როგორც რადიო თავისუფლებას შსს-ს პრესცენტრში უთხრეს, 2 მაისის საღამოს და 3 მაისს გამთენიისას, პოლიციამ გმირთა მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, 23 მოქალაქე დააკავა.

ბოლო სამი დღის განმავლობაში პოლიციამ აქციებზე ასამდე ადამიანი დააკავა:

30 აპრილიდან 1 მაისის ღამეს - 63;
1-დან 2 მაისის ღამეს - 5;
2-დან 2 მაისის ღამეს - 23.
3 მაისს, დაახლოებით ღამის 01:00 საათისთვის, ინციდენტი მოხდა გმირთა მოედანზე. თვითმხილველები და მათ შორის დაშავებული ორი მამაკაცი ჰყვებოდნენ, რომ მათ თავს დაესხნენ „პროვოკატორები“, რომლებიც ავტომობილებით შეცვივდნენ გმირთა მოედანზე, გადმოვიდნენ მანქანებიდან და ფიზიკურად გაუსწორდნენ.ბოლო წლებში გამოკვეთილი პრაქტიკის თანახმად, როგორც წესი, საპროტესტო დემონსტრაციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულების წინააღმდეგ სასამართლოში მოწმეები მხოლოდ პოლიციელები არიან, რომლებსაც არ აქვთ სამხრე კამერების ჩანაწერები.

საქმეების მასალებში ჩნდება ხოლმე სამართალდარღვევის ოქმი, დაკავების ოქმი და პოლიციელის ჩვენება - თუმცა არა სამხრე კამერების ჩანაწერები.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ ეს პრაქტიკა პრობლემურია.

უფლებადამცველი ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ხშირად მიუთითებს, რომ „სამხრე კამერების ჩანაწერებს, როგორც ნეიტრალური მტკიცებულებებს, არსებითი მნიშვნელობა აქვს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების დასაცავად და სამართალდამცავთა თვითნებობის პრევენციისთვის“.

გარდა უფლებადამცველებისა, ამ პრობლემაზე საუბრობს სახელმწიფოც.

კერძოდ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის თანახმად, საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას სამართალდამცავების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე გამოწვევად რჩება სრულყოფილი გამოძიების ჩატარება.

გამოძიების ჩატარებას კი სწორედ „ნეიტრალური მტკიცებულებების“, - კერძოდ, სამხრე კამერების ჩანაწერების - არარსებობა ართულებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური რეკომენდაციითაც გამოვიდა, რომ „საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების მიერ უნდა გაიზარდოს სამხრე კამერების გამოყენების შემთხვევები, რათა მოქალაქის პრეტენზია/საჩივრებთან დაკავშირებით არსებობდეს ობიექტური ნეიტრალური მტკიცებულებები“.

ბოლო ასეთი შემთხვევა „რონდელის ფონდის“ უფროსი მკვლევრის, ბუკა პეტრიაშვილის დაკავება იყო 28 აპრილს.

პეტრიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „მოწმეები“ - ორი პატრულ-ინსპექტორი - მას შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებდნენ. „მონებს და იდიოტებს გვეძახდაო“, - აღნიშნა მან.

თუმცა, როგორც ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, არცერთ მათგანს უშუალოდ დაკავებაში მონაწილეობა არ მიუღია.1 მაისს საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი“ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღო.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებენ, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

კანონპროექტის მიღების პარალელურად, საქართველოს ურთიერთობა ტრადიციულ სტრატეგიულ პარტნიორებთან, შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან იძაბება.

საქართველოში ნალექიანი ამინდი 6 მაისამდე შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში უამინდობა 6 მაისამდე შენარჩუნდება. მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ელჭექის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.