... ... hotnews.ge - მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი ჩინეთს ეწვია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთს ეწვია. როგორც მედია აღნიშნავს, ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინ პინმა პუტინს გრანდიოზული დახვედრის ცერმონია მოუწყო, რის შემდეგაც ლიდერებმა შეხვედრა გამართეს.

ამ წუთებში სი ძინ პინისა და ვლადიმერ პუტინის პრესკონფერენცია იწყება.

პუტინი ჩინეთში ორ დღეს დარჩება, სადაც სი ძინ პინთან ერთად განიხილავს ორი ქვეყნის პარტნიორობას, სტრატეგიულ თანამშრომლობას და აქტუალურ საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებს. მედიის ინფორმაციით, ლიდერები ასევე ხელს მოაწერენ რამდენიმე ერთობლივ დოკუმენტს.

ჩინეთში ვიზიტამდე პუტინმა ჩინურ მედიასთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კრემლი მზად იყო უკრაინაში მიმდინარე ომზე მოლაპარაკებებისთვის.

„ჩვენ ღია ვართ უკრაინის შესახბ დიალოგისთვის, მაგრამ მსგავსი მოლაპარაკებები უნდა ითვალისწინებდეს კონფლიქტში ჩართული ყველა ქვეყნის ინტერესებს, მათ შორის, ჩვენსას“, – თქვა პუტინმა.

როგორც რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, მათ არასდროს უთქვამთ უარი მოლაპარაკებებზე და შეაქო ჩინეთის სამშვიდობო გეგმა, რომელიც მოსკოვს თავისი ტერიტორიული მიღწევების განტმკიცების საშუალებას მისცემს.

„ჩინეთი გვთავაზობს პრაქტიკულ და კონსტრუქციულ ნაბჯებს მშვიდობის მისაღწევად, სადაც თავს იკავებენ საკუთარი ინტერესებისა და დაძაბულობის ესკალაციისგან, ასევე მინიმუმამდე დაჰყავთ კონფლიქტის ნეგატიური გავლენა მსოფლიო ეკონომიკზე“, – განაცხადა პუტინმა.

რობერტ ფიცოს მდგომარეობა მძიმეა - სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი

სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა, რობერტ კალინაკმა განაცხადა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

„ამ დროისთვის სასიხარულო ამბავი არ გვაქვს და ჩვენი იმედი საავადმყოფოს ექიმების ხელშია“, - აღნიშნა რობერტ კალინაკმა.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს ცეცხლი გაუხსნეს, ის ჰოსპიტალში არის გადაყვანილი. ინციდენტი ბრატისლავიდან 180 კილომეტრში, ქალაქ ჰანდლოვაში, სამთავრობო შეხვედრის შემდეგ მოხდა. თავდამსხმელი დაკავებულია.

პირი, რომელმაც რობერტ ფიცოს ესროლა, მწერალი და ერთ-ერთი ლიბერალური პარტიის აქტივისტი, იურაი ჩინტულაა - სლოვაკური მედია

სლოვაკური მედია იუწყება, რომ პირი, რომელმაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს ესროლა, 71 წლის მწერალი და ერთ-ერთი ლიბერალური პარტიის აქტივისტი, იურაი ჩინტულაა.

ადგილობრივი მედია აღნიშნავს, რომ რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი ლიბერალური პარტია „პროგრესული სლოვაკეთის“ აქტივისტია, მას ჰქონდა ოფიციალურად რეგისტრირებული იარაღი.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს ცეცხლი გაუხსნეს, ის ჰოსპიტალში არის გადაყვანილი. ინციდენტი ბრატისლავიდან 180 კილომეტრში, ქალაქ ჰანდლოვაში, სამთავრობო შეხვედრის შემდეგ მოხდა. თავდამსხმელი დაკავებულია.

სალომე ზურაბიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა

როგორც საქართველოს პრეზიდენტი, X-ზე წერს, საუბარი ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან:

"მადლობა გადავუხადე პრეზიდენტს სოლიდარობისა და ქართველი ხალხის ურყევი მხარდაჭერისთვის.

ჩვენი ერთობლივი მომავალი ევროპაშია!" წერს სალომე ზურაბიშვილი. 

აშშ და უკრაინა უსაფრთხოების შეთანხმებას 10 წლის ვადით გააფორმებენ

შეერთებული შტატები უკრაინასთან უსაფრთხოების შეთანხმებას 10 წლის ვადით გააფორმებს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კიევის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გამოსვლისას განაცხადა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, შეთანხმება ითვალისწინებს შეერთებული შტატების მხარდაჭერას უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის რიგ სფეროებში - „ავიაციიდან დაწყებული საჰაერო თავდაცვით დამთავრებული და დრონებიდან დაწყებული ნაღმების გაწმენდით დამთავრებული“.

ბლინკენის განმარტებით, ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების შეთანხმება ხელს შეუწყობს უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარების დაჩქარებას და საშუალებას მისცემს უკრაინას მომავალში აწარმოოს საკუთარი საბრძოლო მასალა და არტილერია.

შეგახსენებთ, 2023 წლის ივლისში „დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა უკრაინასთან ერთად მიიღეს დეკლარაცია, რომელიც უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმებების გაფორმებისთვის საფუძველი გახდა. ამ შეთანხმებებმა უნდა უზრუნველყონ უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერა ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებამდე. უკრაინამ უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას ხელი უკვე ცხრა ქვეყანასთან მოაწერა, მათგან ბოლოს - ლატვიასთან.

ენტონი ბლინკენმა კიევის ერთ-ერთ მიწისქვეშა ბარში იმღერა

ენტონი ბლინკენმა კიევის ერთ-ერთ მიწისქვეშა ბარში იმღერა. „ბარმენ დიქტატში“ მან ცნობილი როკ-ჰიტი Rockin' In The Free World შეასრულა.

აღნიშნული სიმღერა კანადელი მუსიკოსის, ნილ იანგის პოლიტიკური ჰიტია, რომელიც მან პირველად სიეტლში 1989 წლის თებერვალში იმღერა. სიმღერის ტექსტში უფროსი ჯორჯ ბუში და მისი პოლიტიკაა გაკრიტიკებული.

"გაზპრომის" სუფთა წაგება ბოლო ერთ წელში 7 მილიარდია

პირველად, 1999 წლის შემდეგ, კრემლის მფლობელობაში მყოფი ენერგოკომპანია "გაზპრომი" სერიოზული წაგების წინაშე აღმოჩნდა. ექსპერტები არ გამორიცხავენ, ეს რუსეთის სამთავრობო კომპანიის ისტორიაში წარუმატებლობის ხანგრძლივი პერიოდის დასაწყისი იყოს.

თავად რუსული კომპანიის მიერ ახლახან გაკეთებული განცხადების მიხედვით, "გაზპრომის" სუფთა წაგებამ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 7 მილიარდი დოლარი შეადგინა. "გაზპრომმა" ძალზე იზარალა ევროპასთან ვაჭრობის მკვეთრი კლების გამო, რაც კრემლის მიერ უკრაინასთან ომის დაყწების და რუსეთზე დაწესებული სანქციების პირდაპირი შედეგი შეიძლება იყოს.

2022 წლამდე, ვიდრე რუსეთი მეზობელ სუვერენულ უკრაინაში კიდევ ერთხელ შეიჭრებოდა და იქ სრულმასშტაბიან ომს გააჩაღებდა, კომპანიის მოგების მთავარ წყაროს ევროპაში ექსპორტირებული გაზით მიღებული შემოსავალი შეადგენდა. ანალიტიკოსების აზრით, აშკარად იკვეთება, რომ ამ ეტაპზე ვერც რუსეთის შიდა ბაზარი და ვერც ჩინეთის თუ სხვა ქვეყნების ახალი ბაზრები, ევროპაში რუსული გაზის იმპორტირების შეზღუდვით მიყენებულ ზარალს ვერ აკომპენსირებს.

კომპანია "გაზპრომის" მონაცემებითა და საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" ექსპერტთა გათვლებით, 2022 წელს, რუსეთმა ევროპას სხვადასხვა მარშრუტებით, დაახლოებით 63.8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა. ამ უკვე შემცირებული მონაცემების ფონზე, გასულ წელს, ევროპაში ექსპორტის მოცულობამ 28.3 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, რაც ექსპორტის თითქმის განახევრებაზე, 55,6%-ით შემცირებაზე მიუთითებს.

"გაზპრომისთვის" 21-ე საუკუნის მეორე ათწლეული ერთგვარი "ოქროს ხანა" იყო. რუსული გაზის მოგებამ პიკს 2018 წელს მიაღწია, როცა "გაზპრომმა" ევროკავშირში და თურქეთში 200.8 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზი გაიტანა.

 

"ამერიკის ხმა"

ენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა.

„მე დავბრუნდი კიევში, რათა გამოვხატო ჩვენი ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რადგან ისინი იცავენ თავიანთ თავისუფლებას რუსული აგრესიისგან“, – წერს ბლინკენი სოციალურ ქსელში.

გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავს მოლაპარაკებებს.

 

ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურში მოქმედი პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა ლიდერობს, თუმცა ქვეყანაში არჩევნების მეორე ტური იქნება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ნაუსედამ ხმათა 44 პროცენტი მიიღო, მისმა კონკურენტმა, პრემიერ-მინისტრმა, ინგრიდა შიმონიტემ კი 19 პროცენტი. ცესკო-ს ცნობით, არჩევნებზე მოსახლეობის აქტიურობა 59.4 პროცენტი იყო.

„დიახ, პირველ ტურში მინდოდა გამარჯვება, მაგრამ, როგორც ჩანს, მეორე რაუნდი იქნება, მზად ვარ, მტკიცედ ვიბრძოლო გამარჯვებისთვის და ვფიქრობ, ამას შევძლებ“,- განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

თავის მხრივ, შიმონიტემ აღნიშნა, რომ მისი მთავარი მიზანი მეორე ტურში გადასვლა იყო.

„მივიჩნევ, რომ ეს მიზანი მიღწეულია“, – აცხადებს შიმონიტე.

ლიეტუვას საპრეზიდენტო არჩევნებში რვა კანდიდატი მონაწილეობდა.

აზერბაიჯანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

აზერბაიჯანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 5,2 მაგნიტუდა შეადგინა. აზერბაიჯანის სეისმოლოგიური სამსახურის ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი მთიანი პროვინცია იყო, ქალაქ ლანკარანიდან ჩრდილო-დასავლეთით 9 კილომეტრში.

სომხური მედია იუწყება, რომ მიწისძვრა სიუნიქის პროვინციაშიც იგრძნობოდა.

მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ისრაელის ქუჩებში ანტისამთავრობო აქციები გაიმართა

ისრაელის ქუჩებში ანტისამთავრობო აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეები „ჰამასის“ მიერ აყვანილი ისრაელელი მძევლების გათავისუფლებას, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომასა და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ.

თელ ავივსა და რამდენიმე ქალაქში გამართულ საპროტესტო აქციაზე მონაწილეობა მძევლების ოჯახის წევრებმაც მიიღეს.

იერუსალიმში კი, ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან შეკრებილი ხალხი პრემიერსა და მის კაბინეტს ღაზაში მძევლების მიტოვებაზე ადანაშაულებენ. რეზიდენციასთან ასევე ისმოდა შეძახილები მძევლებზე – „ჩვენ ისინი ცოცხლები გვინდა.”

საბავშო ევროვიზია 2024 მადრიდში გაიმართება

რიგით 22-ე საბავშვო ევროვიზია 2024 ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში 16 ნოემბერს გაიმართება.

საბავშვო ევროვიზია caja mágica-ს დარბაზში ჩატარდება.

ესპანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი Radiotelevisión Española (RTVE) ამ კონკურსს ისტორიაში პირველად უმასპინძლებს. გასულ წელს ნიცაში ესპანეთმა მეორე ადგილი დაიკავა, კონკურსი ფრანგმა კონკურსატმა მოიგო, თუმცა France Télévisions-მა კონკურსის ორგანიზება წელს RTVE-ს გადასცა.

ესპანეთმა საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2004 წელს მოიგო. თუმცა საბავშვო ევროვიზიის წესები არ ავალდებულებს გამარჯვებულ მაუწყებელს, უმასპინძლოს კონკურსს შემდეგ წელს, როგორც ეს ევროვიზიის სიმღერის კონკურსშია.