... ... hotnews.ge - მსოფლიო

ევროკავშირის ქვეყნები ირანის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებაზე შეთანხმდნენ-მიშელი

ევროკავშირის ქვეყნები ირანის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებაზე შეთანხმდნენ. ისრაელზე უპრეცედენტო თავდასხმის შემდეგ ევროკავშირმა გადაწყვიტა სანქციები დაუწესოს ირანელ დრონებისა და რაკეტების მწარმოებლებს. ინფორმაციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ავრცელებს.

"ძალიან მნიშვნელოვანია ირანის იზოლაციაში მოქცევისთვის ყველაფერი გაკეთდეს". - აღნიშნა მიშელმა.

ევროკავშირს ირანის წინააღმდეგ ამ დრომდეც არაერთი სანქცია ჰქონდა დაწესებული, მათ შორის, მოსკოვისთვის დრონების მიყიდვის გამო, რასაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნები ახალ სანქციებზე ბრიუსელში მიმდინარე ორდღიან სამიტზე შეთანხმდნენ. გაერთიანების 27 ქვეყნის ლიდერები ირანის მიერ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ პირველად შეხვდნენ.

"ჩვენ ვგმობთ ირანის მიერ ისრაელზე თავდასხმას. გადავწყვიტეთ ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება. ეს არის მკაფიო მესიჯი. ასევე გვინდა, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა დავიცვათ მოქალაქეები. თითოეული მოქალაქის სიცოცხლე მნიშვნელოვანია". - თქვა მიშელმა.

 

უკრაინა იმსახურებს უსაფრთხოების სფეროში იმავე დახმარებას, რომელიც ისრაელს მიეწოდება - ზელენსკი:

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით მიმართა ევროპული საბჭოს სამიტის მონაწილეებს და ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, სასწრაფოდ მიაწოდონ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები.

„დღევანდელი დილა უკრაინაში რუსეთის მორიგი ტერაქტით დაიწყო. ჯამში 60-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვები. სამწუხაროდ, 17 ადამიანი დაიღუპა. ეს ასახავს ჩვენს ამჟამინდელ მთავარ საჭიროებას: ჩვენ გვჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

„ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ევროპა უნდა დავიცვათ ბალისტიკური რაკეტებისა და [ირანული წარმოების] დრონებისგან, ფრთოსანი რაკეტებისა და ბომბებისგან, როგორც ეს მოხდა ისრაელისა და რეგიონის სხვა ქვეყნების საჰაერო სივრცეში. ჩვენი [უკრაინის] ცა და ჩვენი მეზობლების ცა უსაფრთხოების იგივე დონეს იმსახურებს. მადლობას ვუხდი ყველას, ვისაც ესმის უსაფრთხოების სფეროში ჩვენი საჭიროებები“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

"ამ კანონპროექტს რუსული არ უნდა ეწოდოს" - პესკოვი

"ამ კანონპროექტს რუსული არ უნდა ეწოდოს", - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი საუბრობს "ამ კანონპროექტს რუსული არ უნდა ეწოდოს. ფაქტია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იყო, ალბათ, პირველი, ვინც დაიწყო მისი შიდა პოლიტიკური ჰიგიენის მონიტორინგი. სწორედ მათ შემოიღეს ეს პრაქტიკა, ეს არანაირად არ არის რუსული, ახლა ეს ნორმალური პრაქტიკაა სახელმწიფოების დიდი ნაწილისთვის, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ დაიცვან თავი გარე გავლენისგან, საგარეო გავლენისგან შიდა პოლიტიკაზე", - ამბობს პესკოვი.

აქვე, მან აღნიშნა, რომ ყველა ქვეყანა ამა თუ იმ ფორმით მოქმედებს, თუმცა ყველა კანონპროექტს საერთო მიზანი აქვს:

"ისინი ცდილობენ, გამოიყენონ ეს შიდაპოლიტიკური პროცესი ანტირურული სენტიმენტების პროვოცირებისთვის. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს იმპულსები გარედან მოდიოდეს. ჩვენ კარგად გვესმის, რა ხდება", - ამბობს პესკოვი.

კანადა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 1.16 მილიონ დოლარს გამოყოფს

კანადა უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების ხარჯებს 1,6 კანადური დოლარით (1,16 აშშ დოლარი) გაზრდის. ინფორმაციას ამის შესახებ კანადური გამოცემა CP24 ავრცელებს.

უფრო კონკრეტულად, დახმარების ფარგლებში, კანადა კიევს, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, ლეტალური და არალეტალური იარაღით მოამარაგებს.

ცნობილია, რომ კანადის მთავრობა 2030 წლამდე სამხედრო ხარჯების გაზრდას მშპ-ს 1,76%-მდე გეგმავს.

საბერძნეთში ჟურნალისტები გაიფიცნენ

საბერძნეთში ჟურნალისტები დაბალი ანაზღაურების გასაპროტესტებლად 24 საათით გაიფიცნენ.

გაფიცვა დღეს დილით დაიწყო და ხვალ დილამდე გაგრძელდება. როგორც ათენის ყოველდღიური გაზეთების პროფკავშირში განაცხადეს, გაფიცვაში ყველა მედიასაშუალებაში მომუშავე ჟურნალისტები ჩაერთვებიან.

მათივე თქმით, საბერძნეთში ჟურნალისტების ანაზღაურება მიზერულია, ხოლო შრომის პირობები – გაუსაძლისი.

პროფკავშირებში განმარტავენ, რომ ხელფასის სიმცირე საბოლოო ჯამში გავლენას ახდენს ჟურნალისტურ საქმიანობაზე და სანდო ინფორმაციაზე, რაც დემოკრატიის ფუნქციონირებას ხელს უშლის.

ჟურნალისტების გაფიცვა ერთი დღით უსწრებს საბერძნეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლების მიერ დაგეგმილ მასშტაბურ გაფიცვას.

 

დონალდ ტრამპის სისხლის სამართლის საქმეზე ნიუ იორკში სასამართლო პროცესი დაიწყო

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სისხლის სამართლის საქმეზე ნიუ იორკში სასამართლო პროცესი დაიწყო, რომელიც პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის დუმილის სანაცვლოდ თანხის გადახდას შეეხება. სასამართლოს სხდომის დარბაზში შესვლამდე ყოფილმა პრეზიდენტმა პროცესს პოლიტიკური დევნა უწოდა.

„ეს არის თავდასხმა აშშ-ზე. სწორედ ამიტომ, ძალიან ამაყი ვარ აქ ყოფნით. ეს არის თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტზე“, – განაცხადა ტრამპმა.

ეს არის ისტორიული პროცესი, რადგან დონალდ ტრამპი აშშ-ის პირველი ყოფილი პრეზიდენტია, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

როგორც მოსალოდნელია, პროცესი, სულ მცირე, ექვსი კვირა გაგრძელდება. აღნიშნულ საქმეზე დონალდ ტრამპს ბრალი ერთი წლის წინ წაუყენეს. დონალდ ტრამპს 2016 წლის არჩევნების წინ პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის სექსუალური კავშირის შესახებ დუმილის სანაცვლოდ 130 ათასი დოლარის გადახდას და ამ თანხის სამართლებრივი მომსახურების ხარჯებად გაფორმებას ედავებიან. პროკურატურა მიიჩნევს, რომ ამგვარად მოხდა ფინანსური დოკუმენტების გაყალბება.

„დიდი შვიდეული“ ისრაელს მხარდაჭერას უდასტურებს და ირანს აფრთხილებს

„დიდი შვიდეულის“(G7) წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა ცალსახად და მტკიცედ დაგმეს ისრაელზე ირანის თავდასხმა და ისრაელს და მის ხალხს გამოუცხადეს სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა.

კანადის, იაპონიის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება 14 აპრილს გამართული ონლაინ შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნეს. „დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოების ლიდერთა თანახმად, ირანის ქმედებებმა შესაძლოა, გამოიწვიოს უკონტროლო რეგიონული ესკალაცია, რაც დაუშვებელია, ამიტომ გააგრძელებენ მუშაობას სიტუაციის სტაბილიზაციისა და შემდგომი ესკალაციის არდაშვებისთვის.

G7 მოითხოვს, რომ ირანმა და მისმა თანამოაზრეებმა თავდასხმები შეწყვიტონ. თუ დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები გაგრძელდება, „დიდი შვიდეული“ მზად არის, საპასუხო ზომები მიიღოს.

„დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა ასევე განაცხადეს, რომ განამტკიცებენ თანამშრომლობას ღაზის სექტორში ცეცხლის შესაწყვეტად, ჰამასის მიერ მძევლების გასათავისუფლებლად და პალესტინელებისთვის მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად. 

13-14 აპრილს, ირანმა ისრაელზე იერიში მიიტანა უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით. ისრაელის არმიის ინფორმაციით, ირანმა გამოიყენა 300-ზე მეტი დრონი და ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მოიგერიეს. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელს ირანული დრონების და რაკეტების ჩამოგდებაში აშშ დაეხმარა.

ირანი ისრაელზე თავდასხმას უწოდებს საპასუხო რეაქციას სირიის დედაქალაქში ირანის საკონსულოს დაბომბვაზე. 1 აპრილს ირანმა ისრაელი დაადანაშაულა დამასკში ირანის საკონსულოზე ავიადარტყმაში, რომლის შედეგად დაიღუპა 10-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ორი მაღალჩინოსანი მეთაური, გენერლები მოჰამად რეზა ზაჰედი და ჰაჯი რაჰიმი.

14 აპრილს ისრაელის სამხედრო კაბინეტი რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდა, როგორ უნდა უპასუხოს ისრაელის სახელმწიფომ ირანის შეტევას. ადგილობრივი და დასავლეთის მედიასაშუალებების ცნობით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღიათ.

ირანის ისლამური რესპუბლიკა მხარს უჭერს პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა ჰამასს, რომლის წინააღმდეგ ისრაელი ომს აწარმოებს.

ისრაელმა ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები დაიწყო მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს, მოძრაობის სამხედრო ფრთამ ისრაელზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის ტერიტორიაზე ხმელეთიდანაც შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი მოკლეს და გაიტაცეს.

ჰამასის მიერ მართული ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან დაღუპულია 33 ათასზე მეტი პალესტინელი. საომარი მოქმედებების და ისრაელის ბლოკადის გამო ღაზის სექტორში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია.

სროლა ნიუ იორკში - მოკლულია პოლიციის ოფიცერი და შერიფის მოადგილე

ნიუ იორკში სროლის შედეგად პოლიციის ოფიცერი და შერიფის მოადგილე მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ფოქს ნიუსი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც 911-ზე შევიდა შეტყობინება მოპარული მანქანის შესახებ. ადგილზე მისულ პოლიციას კი ცეცხლი გაუხსნეს.

როგორც ცნობილია, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ადგილზე დაიღუპა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

 

"G7-ის ლიდერებთან ერთად, ერთხმად ვგმობთ ირანის უპრეცედენტო თავდასხმას ისრაელის წინააღმდეგ" - მიშელი

"G7-ის ლიდერებთან ერთად, ერთხმად ვგმობთ ირანის უპრეცედენტო თავდასხმას ისრაელის წინააღმდეგ," - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა X-ზე დაწერა.

"G7-ის ლიდერებთან ერთად, ერთხმად ვგმობთ ირანის უპრეცედენტო თავდასხმას ისრაელის წინააღმდეგ. ყველა მხარემ უნდა გამოიჩინოს თავშეკავება. ჩვენ გავაგრძელებთ, ჩვენი ძალისხმევით დეესკალაციის მიმართულებით მუშაობას. ღაზაში კრიზისის რაც შეიძლება მალე დასრულება, განსაკუთრებით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, ცვლილებებს გამოიწვევს. ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის ლიბანში არსებული ვითარება მომავალ კვირას ევროპის საბჭოზე განიხილება," - წერს მიშელი.

ბაიდენი, ირანის თავდასხმაზე დიპლომატიური პასუხისთვის, G7-ის ლიდერებს ხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ირანის ისრაელზე თავდასხმაზე "გადაუდებელი დიპლომატიური პასუხისთვის", G7-ის ლიდერებს ხვდება. ინფორმაციას CNN- ი ავრცელებს და წერს, რომ ოფიციალური პირები თეთრ სახლში მოლაპარაკებების დაწყების წინ ჩავიდნენ.

გამოცემა აღნიშნავს, რომ დიპლომატიაზე აქცენტი ცხადყოფს, რომ ბაიდენი ეძებს არასამხედრო პასუხს ირანის მიერ განხორციელებულ უპილოტო და სარაკეტო თავდასხმებზე. ასევე, ეძებს გზებს უფრო ფართო ომის რისკის შესაკავებლად.

"უმკაცრესად ვგმობთ ირანის თავდასხმას, გავაგრძელებთ ისრაელის თავდაცვის მხარდაჭერას" - ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ისრაელზე ირანის თავდასხმის შემდეგ, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მომდევნო საათებისა და დღეების განმავლობაში კონსულტაციებს გამართავს.

მან ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმა დაგმო:

"აშშ უმკაცრესად გმობს ირანის თავდასხმას ისრაელზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვსურს ესკალაცია, გავაგრძელებთ ისრაელის თავდაცვის მხარდაჭერას და როგორც პრეზიდენტმა ცხადყო, დავიცავთ აშშ-ის პერსონალს," - თქვა ბლინკენმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს ირანმა ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა. ისრაელის თავდაცვის ძალები ამბობენ, რომ დრონებისა და რაკეტების უმრავლესობა მოიგერიეს. თავდასხმის დაშავდა, სულ მცირე, ერთი ადამიანი (ბავშვი). დანიელ ჰაგარის თქმით, მცირე ზიანი მიადგა ისრაელის თავდაცვის ძალების ერთ-ერთ სამხედრო ბაზას. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ისრაელს თავდასხმის მოგერიებაში ამერიკული ძალები დაეხმარნენ.

ვიეტნამელ მაგნატს $12-მილიარდიან თაღლითობის საქმეზე სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

უძრავი ქონების ვიეტნამელ მაგნატს, ქვეყნის ისტორიაში თაღლითობის ყველაზე დიდ საქმეში მონაწილეობისთვის, სიკვდილით დასჯა მიესაჯა. საქმე ეხება $12.46 მილიარდის ფინანსურ თაღლითობას, რომელიც ვიეტნამისთვის რეკორდულია.

ტრუონ მაი ლანი უძრავი ქონების დეველოპერ Van Thinh Phat Holdings Group-ის თავმჯდომარეა. ლანი სასამართლომ დამნაშავედ რამდენიმე ბრალდებაში ცნო, მათ შორის: ქრთამის აღება, სახელმწიფო მოხელეების მოსყიდვა, საბანკო წესების დარღვევა და თანხის გაფლანგვა.

67 წლის ლანი 2022 წელს დააკავეს. ვიეტნამელი მაგნატის წინააღმდეგ წაყენებული მთავარი ბრალდება 2018 წლის თებერვლიდან 2022 წლის ოქტომბრამდე, საიგონის კომერციული ბანკის თანხების გაფლანგვას შეეხებოდა.

ვიეტნამის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, ლანს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება 15 დღის განმავლობაში აქვს. თანხის გაფლანგვის ბრალდებისთვის სიკვდილით დასჯის განაჩენის გამოტანის მიუხედავადაც, ლანს ორ სხვა საქმეზე – საბანკო წესების დარღვევა და ქრთამის შეთავაზება – 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.