... ... hotnews.ge - მსოფლიო

სომხეთმა და აზერბაიჯანმა საზღვრის დემარკაცია დაიწყეს

სომხეთმა და აზერბაიჯანმა საზღვრის დემარკაციის პროცედურა დაიწყეს.

ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი შახინ მუსტაფაევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ავრცელებენ.

აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, სომხეთის საზღვართან პირველი ბოძი დამონტაჟდა. ამავე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ორი ქვეყნის ექსპერტთა ჯგუფები მუშაობას აგრძელებენ.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა კი „ფეისბუქის“ გვერდზე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დამონტაჟებული პირველი ბოძის ფოტო გაავრცელა და დაწერა: „სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის ტავუშისა და ყაზახის მონაკვეთზე პირველი სასაზღვრო ბოძი დამონტაჟდა“.

გასულ კვირას სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ორი ქვეყნის სასაზღვრო 8 სოფელთან დელიმიტაციაზე შეთანხმება მიღწეულია.

 

ათი ადამიანი დაიღუპა მალაიზიაში ორი შვეულმფრენის შეჯახების შედეგად

ეკიპაჟების ათი წევრი დაიღუპა მალაიზიაში სამხედრო-საზღვაო ძალების ორი ვერტმფრენის შეჯახების შედეგად. კატასტროფა მოხდა იმ დროს, როდესაც შვეულმფრენები აღლუმისთვის მზადების პროცესში ჰაერში გვერდიგვერდ მიფრინავდნენ. სააგენტო "როიტერსის" თანახმად, ინციდენტი ქვეყნის დასავლეთით, ლუმუტის საზღვაო ბაზაზე მოხდა.

სოციალურ ქსელში უკვე გამოქვეყნდა შვეულმფრენების შეჯახების ამსახველი ვიდეო. ჰაერში შეჯახების შემდეგ ორივე შვეულმფრენმა დაიწყო დაშლა და მიწაზე დაცემა. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ერთმანეთს შეეჯახნენ მრავალფუნქციური შვეულმფრენები AgustaWestland AW139 და Eurocopter Fennec-ი.

მალაიზიის საზღვაო ძალებმა განაცხადეს, რომ კატასტროფის მიზეზის დასადგენად გამოძიება ჩატარდება. შვეულმფრენებს, რომლებიც საწვრთნელი რეპეტიციის დროს შეეჯახნენ ერთმანეთს, მონაწილეობა უნდა მიეღოთ ქვეყნის სამეფო ფლოტის 90 წლის იუბილეში, რომელიც 27 აპრილს არის დაგეგმილი.

ევროკომისიამ „ტიკ-ტოკ ლაითის“ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

ევროკომისიამ „ტიკ-ტოკის“ წინააღმდეგ კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო, საქმე ეხება აპლიკაცია „ტიკ-ტოკ ლაითის“ დაჯილდოების სისტემას. როგორც ევროკომისარი ტიერი ბრეტონი ამბობს, ამ ფუნქციას შეუძლია, დამოკიდებულება გამოიწვიოს, განსაკუთრებით ბავშვებში.

„ტიკ-ტოკ ლაითის“ დაჯილდოების პროგრამა საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, სხვადასხვა დავალების შესრულების სანაცვლოდ, ქულები დააგროვონ. ამ დავალებებს შორის არის ვიდეოს ნახვა, სხვადასხვა გვერდის მოწონება და მეგობრების მოზიდვა.

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ეს სისტემა საფრთხეების დეტალური შეფასების გარეშე ამოქმედდა. კერძოდ, ასეთ საფრთხეებად დასახელებულია პლატფორმაზე დამოკიდებულების ზრდა.

ევროკომისიამ „ტიკ-ტოკ ლაითს“ აპლიკაციის რისკების შეფასების ანგარიშის წარდგენა 17 აპრილს მოსთხოვა, თუმცა კომპანიამ ის დადგენილ ვადაში არ წარადგინა. ახლა „ტიკ-ტოკს“ ამ დოკუმენტის წარდგენისთვის ვადა 3 მაისამდე აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკომისიას პლატფორმის დაჯარიმება ან „ტიკ-ტოკ ლაითის“ ევროკავშირის ტერიტორიაზე აკრძალვა შეუძლია.

„ტიკ-ტოკის“ ხელმძღვანელობაში აცხადებენ, რომ იმედგაცრუებულები არიან ევროკომისიის გადაწყვეტილების გამო და ამტკიცებენ, რომ დაჯილდოების სისტემა არ არის ხელმისაწვდომი 18 წლამდე პირებისთვის.

 

რუსეთში, ექსპერტული ცენტრი წიგნების "კანონებთან შესაბამისობას" ამოწმებს

რუსეთში შეიქმნა ექსპერტული საბჭო, რომელიც განსაზღვრავს, შეესაბამება თუ არა გამოცემული წიგნები კანონებს და "დარღვევის" აღმოჩენის შემთხვევაში მისი გაყიდვებიდან ამოღების რეკომენდაციას გასცემს. 

საბჭო რუსეთის წიგნების კავშირის ბაზაზე შეიქმნა და მის შემადგენლობაში შედიან როსკომნადზორი, რუსეთის ისტორიული საზოგადოება, რუსეთის სამხედრო-ისტორიული საზოგადოება, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, მუსლიმთა სულიერი ადმინისტრაცია, რუსეთის ებრაული თემების ფედერაცია, რუსეთის იურისტთა ასოციაცია, რუსეთის განათლების აკადემია, გორკის სახელობის ლიტერატურული ინსტიტუტი და სხვა დაწესებულებები.

საბჭო ასევე მონაწილეობს ლგბტ "პროპაგანდის" შესახებ კანონის დარღვევების გამოვლენაში - ყველა წიგნში, გარდა სასწავლო, ნორმატიული და ოფიციალური წიგნებისა. ამასთან, წიგნების კავშირის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ წიგნის გაყიდვებიდან ამოღების გადაწყვეტილებას საბოლოოდ გამომცემელი იღებს. თუმცაღა სწორედ საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე შეჩერდა ვლადმირი სოკორინის, მაიკლ კანინგემისა და ჯეიმს ბოლფუინის წიგნების გაყიდვა.

როგორც გამოცემა ვედომოსტი წერს, საბჭოს შექმნის საკითხს ჯერ კიდევ 2023 წლის იანვარში განიხილავდნენ. თუმცა უშუალოდ როდის დაიწყო საბჭომ ფუნქციონირება, უცნობია.

ვიმეორებ, შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან - ჯოზეფ ბორელი "გამჭირვალობის კანონზე"

საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად საქართველოში არსებული ვითარება განიხილა. ამის შესახებ მან საბჭოს დამთავრების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა:

„საგარეო მინისტრებმა შეშფოთება გამოხატეს „გამჭვირვალობისა და უცხოური გავლენის კანონთან“ დაკავშირებით. საქართველოს ხელისუფლებას პირობა ჰქონდა დადებული, რომ გაიწვევდა ამ კანონპროექტს, მაგრამ ეს დაპირება არ შესრულებულა.

მე და ევროკომისარმა ვარჰეიმ გამოვაქვეყნეთ განცხადება გასულ კვირას, რომელშიც ხაზი გავუსვით, რომ ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან. ევროკომისიამ უნდა წარადგინოს ყოველწლიური ანგარიში ამ მოვლენასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ იმ ფაქტით, რომ ეს კანონი კვლავ წარუდგინეს პარლამენტს

ვიმეორებ, ეს [კანონპროექტი] შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან“

"არა რუსულ კანონს" - სტუდენტების პროტესტი გრძელდება

სტუდენტები მსვლელობით სასტუმროსთან მსვლელობით მივიდნენ, სადაც გავრცელებული ინფორმაციით რუსული КГБ-ს  და ФСБ-ს მიერ შექმნილი ინსტიტუტის კონფერენცია ტარდება. სასტუმრო "ტიფლის პალასის" მიმდებარედ შეკრებილი ახალგაზრდები სკანდირებენ "არა რუსეთს", "არა რუსულ კანონს".

ამის შემდეგ სტუდენტები ისევ საკანონმდებლო ორგანოსკენ გაემართებიან მსვლელობით.

პუტინს არ უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ უკრაინის მხარდაჭერა შესუსტდება და ის შეძლებს აგრესიული ომის გაგრძელებას - ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინს არ უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ უკრაინის მხარდაჭერა შესუსტდება და ის შეძლებს აგრესიული ომის გაგრძელებას.

„ის ფაქტი, რომ [აშშ-ის] წარმომადგენელთა პალატამ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის შემდგომი ფინანსური მხარდაჭერის, განსაკუთრებით იარაღის მიწოდების შესახებ, არის ძალიან მკაფიო გზავნილი, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტისთვის, რომ მან არ უნდა ჩათვალოს, რომ მას შეუძლია ომის გაგრძელება, რადგან შემცირდება უკრაინის დახმარება აშშ-დან და ევროპიდან“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

გერმანიის კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, რომ პარტნიორების მხრიდან უკრაინის დახმარება არ შეწყდება და არ შემცირდება.

ნიდერლანდებში გარდაიცვალა პენსიონერი, რომელსაც კორონავირუსის 50 მუტაცია განუვითარდა

ამსტერდამში გარდაიცვალა 72 წლის კაცი, რომელსაც კორონავირუსი 613 დღის განმავლობაში ჰქონდა. ამის შესახებ Bild-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კაცი 2022 წლის თებერვალში ომიკრონით დაინფიცირდა და მკურნალობას ამსტერდამის ერთ-ერთ კლინიკაში გადიოდა. ამის შემდეგ მის ორგანიზმში კორონავირუსის 50 მუტაცია განვითარდა. ამასთან, მას სხვა დაავადებები და დასუსტებული იმუნური სისტემა ჰქონდა. პენსიონერს ასევე ჰქონდა თავის ტვინის დაავადება და ლეიკემია განუვითარდა.

აღსანიშნავია, რომ მას რამდენიმე ვაქცინა ჰქონდა გაკეთებული.

ჯანმომ Covid-19-ის პანდემიის დასრულების შესახებ 2023 წლის მაისში განაცხადა. იმ დროისთვის ვირუსს სულ მცირე 20 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა.

თურქეთის ხელისუფლებამ, დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 36 ადამიანი დააკავა

თურქეთის ხელისუფლებამ, დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 36 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, სპეცოპერაციები ქვეყნის ოთხ პროვინციაში ჩატარდა.

დაკავებულები ეჭვმიტანილები არიან „ისლამურ სახელმწიფოს“ დაფინანსებისა და მომარაგების ხელშეწყობაში. ამოღებულია დიდი რაოდენობით იარაღი.

თურქეთმა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 36 პირი დააკავა

თურქეთმა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 36 პირი დააკავა. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ალი იერლიკაია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, კოორდინირებული სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც ქვეყნის ოთხ პროვინციაში ერთდროულად ჩატარდა, პოლიციამ ეჭვმიტანილთა გარდა, ასევე ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, უცხოური და ეროვნული ვალუტა და წვდომა მოიპოვა ციფრულ მასალებზე.

ისრაელში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა

ისრაელში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა.

„როიტერის“ ინფორმაციით, მოქალაქეები პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომას და 133 მძევალის გათავისუფლებას მოითხოვენ, რომლებიც 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ „ჰამასის“ ტყვეობაში არიან.

საპროტესტო აქციები გაიმართა როგორც თელ ავივში, ასევე იერუსალიმში, ნეთანიაჰუს საცხოვრებელ სახლთან.

აშშ-ის სენატი უკრაინის დახმარების პაკეტს 23 აპრილს კენჭს უყრის

აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერის, ჩაკ შუმერის განცხადებით, ამერიკელი სენატორები უკრაინის დახმარების პაკეტს სამშაბათს, 23 აპრილს კენჭს უყრიან.

”სენატი მზადაა გადადგას შემდეგი ნაბიჯი ეროვნული უსაფრთხოების შესახებ დამატებით კანონმდებლობასთან დაკავშირებით. პალატამ საბოლოოდ დაამტკიცა დაფინანსება უკრაინის, ისრაელისა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის და ჰუმანიტარული დახმარებისთვის. სენატი შეთანხმდა სამუშაოს დასრულებაზე პირველი კენჭისყრით სამშაბათს“, - წერს ჩაკ შუმერი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გუშინ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გადაცემას მხარი დაუჭირა.