... ... hotnews.ge - მსოფლიო

პუტინის პოტენციური გამარჯვება გაცილებით ძვირი დაჯდება, ვიდრე უკრაინის მხარდაჭერა - სტოლტენბერგი

კიევში ვიზიტით მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პუტინის პოტენციური გამარჯვება გაცილებით ძვირი დაჯდება, ვიდრე უკრაინის მხარდაჭერა.

„ყველაზე დიდი რისკია, თუ [რუსეთის] პრეზიდენტი პუტინი გაიმარჯვებს. ყველაზე დიდი საფასური არის თუ რუსეთი გაიმარჯვებს უკრაინაში, რადგან მაშინ ჩვენ ვსაუბრობთ უაღრესად დიდ ფულზე, ბევრად უფრო დიდ თანხაზე, რომელიც ნატოს მოკავშირეებმა უნდა ჩადონ ჩვენს უსაფრთხოებაში. ასე რომ, უკრაინის მხარდაჭერა არის საუკეთესო გზა ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ეს არის გზავნილი ნატოს მოკავშირეებისთვის.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ თუ დახმარებას არ მივაწვდით [უკრაინას], თუ შეფერხება იქნება, ეს სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხია. ამას რეალური შედეგები აქვს. ომი არ არის რაღაც აბსტრაქტული, ის გრძელდება 24 საათის განმავლობაში. როცა რაღაცას ისე არ ვაწვდით, როგორც უნდა მიგვეწოდებინა, ამის საფასურს უკრაინელები იხდიან“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

 

ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთში იმყოფება. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ბლინკენი ერ-რიადში 5 არაბული ქვეყნის (კატარი, ეგვიპტე, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და იორდანია) ლიდერებთან ისრაელთან ურთიერთობებსა და ღაზის სექტორის მომავალზე იმსჯელებს. მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკიც.

საუდის არაბეთიდან ბლინკენი იორდანისა და ისრაელში გაემგზავრება. Reuters-ის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანს სურს დაარწმუნოს ისრაელის პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომ მან ღაზაში მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას.

აშშ-ში, ოკლაჰომას შტატში ტორნადოს შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში, ოკლაჰომას შტატში ტორნადოს შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ჩვილი, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, 20 000-ზე მეტი ადამიანი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. განადგურებულია შენობები, მანქანები,ავტობუსები.

ოკლაჰომას საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ცნობით, შტატის მასშტაბით საავადმყოფოებმა განაცხადეს დაახლოებით 100 დაშავებულის შესახებ, მათ შორის არიან ნამსხვრევებისგან დაშავებული ადამიანები.

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ესაუბრა ოკლაჰომას გუბერნატორს, კევინ სტიტს და ფედერალური მთავრობის სრული მხარდაჭერა შესთავაზა.

4 წლის ბავშვის ცხედარი სარეცხ მანქანაში იპოვეს - რა ვერსია აქვს გამოძიებას და რას ამბობს ოჯახი (რუსეთი)

ულან-უდეში პოლიციამ ოთხი წლის ბიჭის ცხედარი საკუთარ სახლში, სარეცხ მანქანაში იპოვა. ბავშვი წინა დღით გაუჩინარდა.

მცირეწლოვნის მკვლელობაში შესაძლოა ბავშვის ოჯახი იყოს ეჭვმიტანილი. ამის შესახებ  მედიას ბურიატიის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტში განუცხადეს.

გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრები მკვლელობასთან კავშირს გამორიცხავენ, მათი თქმით, ბავშვი სასეირნოდ წავიდა, მაგრამ არ დაბრუნებულა. ბავშვის ცხედარი სახლის საფუძვლიანი დათვალიერების შემდეგ იპოვეს და ახლა ექსპერტებმა მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უნდა გაარკვიონ. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

ავსტრალია უკრაინას 100 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

ავსტრალია უკრაინას 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოყოფს, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა ლვოვში, ავსტრალიის თავდაცვის მინისტრ რიჩარდ მარლსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ავსტრალია უკრაინისთვის 100 მილიონი დოლარის ახალ დახმარებას ამზადებს. ამ თანხის ნახევარი გადასატანი საზენიტო-სარაკეტო სისტემის დიდი პარტიისთვის გამოიყოფა, 30 მილიონ დოლარზე მეტია დრონებისთვის, „დრონების კოალიციის“ ფარგლებში, დანარჩენი კი სხვა სამხედრო საჭიროებებისთვის“, - აღნიშნა შმიგალმა.

გარდა ამისა, მისი თქმით, ავსტრალია უკრაინას ჰაერი-მიწის კლასის საბრძოლო მასალის გადასცემს.

უკრაინის პრემიერის განმარტებით, საერთო ჯამში, ავსტრალიამ უკრაინას დღემდე 655 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარება გამოუყო, საიდანაც 540 მილიონი სამხედრო დახმარებაა.

თავის მხრივ, ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ ახალი, 100 მილიონი დოლარის პაკეტიდან 50 მილიონი დოლარი მცირე მანძილზე მოქმედ საჰაერო თავდაცვის სისტემებზე დაიხარჯება, 30 მილიონი უკრაინელი სამხედროებისთვის დრონების შესაძენად და 15 მილიონი - აღჭურვილობისთვის, მათ შორის ჩაფხუტებისთვის, გასაბერი ნავებისთვის, ელექტრო გენერატორებისთვის.

შეგახსენებთ, რიჩარდ მარლსი უკრაინას გუშინ ეწვია.

სრულმასშტაბიანი ომი ჩრდილოეთ ისრაელის მოსახლეობის საკუთარ სახლებში დაბრუნებას არ გამოიწვევს - „ჰეზბოლას“ გენერალური მდივნის მოადგილე

სრულმასშტაბიანი ომი ჩრდილოეთ ისრაელის მოსახლეობის საკუთარ სახლებში დაბრუნებას არ გამოიწვევს, - ამის შესახებ განცხადებას „ჰეზბოლას“ გენერალური მდივნის მოადგილე, ნაიმ ყასემი ავრცელებს:

„გალანტი გვემუქრება, რომ თუ ჩვენ თავდასხმებს არ შევწყვეტთ, ის ლიბანს თავს დაესხმება, რათა ჩრდილოეთის მოსახლეობა თავიანთ სახლებში დააბრუნონ.

მე გალანტს ვეტყვი, რომ ეს ომი არა მხოლოდ ხელს შეუშლის სიონისტების თავიანთ სახლებში დაბრუნებას, არამედ, ჩრდილოეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მათ ყოფნას ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს“

"საქართველო ევროპულ იდეებს შორდება, ამაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ" - ლიეტუვის პრეზიდენტი

სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პულ იდე­ებს შორ­დე­ბა, ამა­ზე უნდა მო­ვახ­დი­ნოთ რე­ა­გი­რე­ბა. ამის შე­სა­ხებ ლი­ე­ტუ­ვის პრე­ზი­დენ­ტმა გი­ტა­ნას ნა­უ­სე­დამ პო­ლო­ნელ კო­ლე­გა, ან­ჯეი დუ­დას­თან გა­მარ­თულ ერ­თობ­ლივ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

"სამ­წუ­ხა­როდ, მოვ­ლე­ნე­ბი, და­გეგ­მი­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი, ნათ­ლად აჩ­ვე­ნე­ბენ, რომ ჩვე­ნი ახლო ქვე­ყა­ნა, სა­ქარ­თვე­ლო, კი არ უახ­ლოვ­დე­ბა, არა­მედ, პი­რი­ქით, შორ­დე­ბა ევ­რო­პულ იდე­ებს… ეს ნამ­დვი­ლად უქ­მნის წი­ნა­ღო­ბებს ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზის მშვი­დად გაგ­რძე­ლე­ბას. ამი­ტომ ამა­ზე უნდა მო­ვახ­დი­ნოთ რე­ა­გი­რე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ნა­უ­სე­დამ.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თეთრ სახლში ჯო ბაიდენთან დაგეგმილი შეხვედრა გადადო

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თეთრ სახლში ჯო ბაიდენთან დაგეგმილი შეხვედრა გადადო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, ვიზიტი 9 მაისს იგეგმებოდა, თუმცა თეთრი სახლი ამას არ ადასტურებს.

„ჩვენ მოუთმენლად ველოდებით თეთრ სახლში პრეზიდენტ ერდოღანის მასპინძლობას ორმხრივად ხელსაყრელ დროს, თუმცა ჯერ ვერ შევძელით განრიგების შეთანხმება და მოცემულ მომენტში გამოსაცხადებელი ვიზიტი არ გვაქვს“, – განაცხადეს თეთრ სახლში.

როგორც „როიტერს“ თურქმა მაღალჩინოსანმა ანონიმურად განუცხადა, მალე დაადგენენ ვიზიტის ახალ თარიღს. ამასთან, უცნობია, რა გახდა შეხვედრის გადადების მიზეზი.

ეს პრეზიდენტ ერდოღანის ვაშინგტონში პირველი ვიზიტი იქნება 2019 წლის შემდეგ.

რუსი სამხედროების სექსუალური ძალადობის მსხვერპლ უკრაინელებს კომპენსაციას გადაუხდიან

რუსი სამხედროების მიერ გაუპატიურებული უკრაინელი ქალები და კაცები მორალური და ფიზიკური ზიანისთვის კომპენსაციას მიიღებენ. ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ ისაუბრა. მისი თქმით, პირველი კომპენსაციები უახლოეს კვირებში გაიცემა.

კიევში საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლის დროს, რომელიც ომში სექსუალური ძალადობის პრობლემას ეხებოდა, ზელენსკამ კომპენსაციის გაცემას არა მხოლოდ მსხვერპლების ეკონომიკური მხარდაჭერა, არამედ სამართლიანობის აღდგენისკენ გადადგმული ნაბიჯი უწოდა. მან აღნიშნა, რომ ძალადობის მსხვერპლები ვერ დაელოდებიან, სანამ კონფლიქტი დასრულდება ან სანამ რუსეთი რეპარაციების გადახდას დაიწყებს - მათ დახმარება დღესვე სჭირდებათ.

"ვერ გავაქრობთ იმ ტკივილს, რომელიც აგრესორმა უკვე გამოიწვია, მაგრამ შეგვიძლია, გავხდეთ ტკივილგამაყუჩებელი. შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ მსოფლიოში ყველა არაა მოძალადე და მკვლელი, რომ არსებობს დახმარება, მხარდაჭერა და სამართლიანობა", - თქვა მან.

უკრაინის ვიცე-პრემიერმა ოლგა სტეფანიშინამ კომპენსაციის პროექტი წარადგინა. მისი თქმით, თითოეული დაზარალებულის საქმე ინდივიდუალურად შეფასდება. საპილოტე პროექტის ფარგლებში, ძალადობის 500-მდე მსხვერპლს ერთჯერადი კომპენსაციის მიღება მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლომდე შეუძლია.

უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, სერგეი კისლიცამ განაცხადა, რომ რუსული ჯარები ფართოდ და სისტემატურად იყენებენ სექსუალურ ძალადობას, როგორც ომისა და წამების იარაღს. ომის დროს ძალადობას განიცდიან ქალები, კაცები, ბავშვები და მოხუცები. კისლიცას თქმით, უკრაინის საგამოძიებო ორგანოების მიერ დაფიქსირებულია სექსუალური ძალადობის 290 შემთხვევა, რეალური რიცხვი კი შეიძლება გაცილებით დიდი იყოს.

 

 

 

ვენეციაში შესვლაზე საფასურის დაწესებას საპროტესტო აქციები მოჰყვა

=ვენეციაში ერთდღიანი ტურისტებისთვის გადასახადის შემოღების გადაწყვეტილებას მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ. საპროტესტო აქციაზე გამოსულ პირებს ხელში ეჭირათ ბანერები გადასახადის გაუქმების მოთხოვნით. საპროტესტო აქციებს მომიტინგეებსა და სპეცრაზმელებს შორის დაპირისპირებაც მოჰყვა.

ვენეციის მერი ლუიჯი ბრუნარო მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელ X-ის საშუალებით გამოეხმაურა.

„ოვერტურიზმი მხოლოდ ვენეციის პრობლემა არ არის. მიღებული ზომების მიზანი ქალაქში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა, რათა ის უფრო სუფთა და უსაფრთხო გავხადოთ, უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქეებისა და ვიზიტორების სიმშვიდე“, – წერს ბრუნარო სოციალურ ქსელში.

ქალაქის მცხოვრებლების განცხადებით, ვენეცია სუვენირების საგამოფენო პარკადაა ქცეული, ტურისტთა დიდი რაოდენობის გამო კი პროდუქტებსა და სერვისებზე ფასები მუდმივად იზრდება.

ვენეცია მსოფლიოში პირველი ქალაქი გახდა, რომელმაც ტურისტებისთვის ქალაქში შესვლაზე გადასახადი დააწესა. საპილოტე პროგრამის ფარგლებში ქალაქში შესვლის საფასური 5 ევრო იქნება. განკარგულება ძალაში დღეს, 25 აპრილს, იტალიის ეროვნულ დღესასწაულზე შევიდა.

ბაღდადში ერაყელი TikTok-ვარსკვლავი ომ ფაჰადი მოკლეს

ბაღდადში ერაყელი TikTok-ვარსკვლავი ომ ფაჰადი მოკლეს. ამის შესახებ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით BBC იტყობინება.

ერაყის შსს-ს ინფორმაციით, „სოციალურ მედიაში ცნობილი ადამიანი უცნობმა თავდამსხმელებმა მოკლეს“. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

არსებული ინფორმაციით, ომ ფაჰადი (რეალური სახეილ ღუფრან სავადი) საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელმა შემთხვევის ადგილი მოტოციკლით დატოვა.

ომ ფაჰადს TikTok-ზე პოპულარობა ცეკვის ვიდეოებმა მოუტანა. გასულ წელს მას „უზნეო ვიდეოების გამოქვეყნებისთვის“ ექვსთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს - ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს.

„მიმდინარე კვირაში ჩვენ გავაგზავნით იარაღსა და აღჭურვილობას უკრაინაში მაშინ, როდესაც ის იცავს თავს რუსული დაბომბვისგან“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა