... ... hotnews.ge - მსოფლიო

შვედეთი სქესის შეცვლას ამარტივებს

შვედეთში სქესის შეცვლა, 18 წლის ნაცვლად, უკვე 16 წლიდან იქნება შესაძლებელი. ქვეყნის პარლამენტმა შესაბამისი კანონი უკვე მიიღო, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ახალი კანონი 2025 წლიდან ამოქმედება. დოკუმენტის თანახმად, საკმარისი იქნება უფრო ხანმოკლე კონსულტაცია ექიმთან ან ფსიქოლოგთან და ასევე ნებართვის მიღება ჯანდაცვის ეროვნული ბორდისგან. ამასთან, ახალი კანონი განაცალკევებს კანონიერი სქესის შეცვლასა და სქესის შეცვლის სამედიცინო პროცედურას, რომელსაც კვლავ ხანგრძლივი შეფასება დასჭირდება.

შვედების 59% ამ წინადადებას ცუდს ან ძალიან ცუდს უწოდებს, ხოლო 22% მას დადებითად აფასებს.

შვედეთში სქესის შეცვლა 1972 წლიდან არის ნებადართული, თუმცა აქამდე საჭირო იყო გენდერული დისფორიის დიაგნოზის დასმა.

"ჩვენ ვიმუშავებთ აშშ-ის ნებისმიერ პრეზიდენტთან" - ზელენსკი ტრამპზე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიუხედავად, უკრაინა გააგრძელებს თანამშრომლობას შეერთებულ შტატებთან.

ზელენსკიმ ყურადღება გაამახვილა ჟურნალისტის კითხვის ფორმულირებაზე, რომ ყველაფერი, რასაც დონალდ ტრამპი ამბობდა, არ იყო უკრაინის წინააღმდეგ და მხოლოდ ზოგიერთ ასპექტს ეჭვქვეშ აყენებდა.

„ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ის უკრაინის წინააღმდეგ არ იქნება. იმედი მაქვს. რა თქმა უნდა, რაღაცაზე, რაღაც დეტალებზე განსხვავებული შეხედულებებია. მაგრამ თუ ჩვენ გვაქვს საერთო შეხედულებები და საერთო ღირებულებები, მაშინ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვიმუშაოთ ტრამპთან“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

„და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმუშავებთ შეერთებულ შტატებთან ნებისმიერ შემთხვევაში, რადგან ის არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ლიდერი მსოფლიოში“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.

ვენეციამ ერთი დღით ჩასული ტურისტებისთვის გადასახადი დააწესა

25 აპრილიდან ვენეციაში ერთი დღით ჩასულ ტურისტებს, რომელთა ასაკიც 14 წელს აღემატება, 5 ევროს გადახდა მოუწევთ. ამის შესახებ France24 წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 2024 წელს თანხის გადახდა ტურისტებს მხოლოდ 29 ყველაზე დატვირთული დღის განმავლობაში მოუწევთ - საუბარია უქმეებზე და მაისიდან ივლისის ჩათვლით დღესასწაულებზე. გადახდა ქალაქში შესვლისას უნდა განხორციელდეს. ბილეთის ყიდვა, რომელიც QR-კოდის სახით იქნება ხელმისაწვდომი, ადგილზე არის შესაძლებელი. ვენეციაში ბილეთის გარეშე შესვლისთვის ტურისტს ჯარიმის გადახდა მოუწევს, რომლის ოდენობაც 50-300 ევროა.

ვენეციის მთავრობა ამ ზომის შემოღებას ჯერ კიდევ სექტემბერში გეგმავდა. ასე მათ სურთ დაარწმუნონ ტურისტები, რომ ვენეციას ნაკლებად დატვირთულ დღეებში ესტუმრონ. ერთი წლის განმავლობაში ვენეციაში, რომლის მოსახლეობაც 50 ათასს შეადგენს, 3,2 მილიონი ტურისტი ჩადის.

 

დაკავებულია მოზარდი, რომელიც პარიზში ზაფხულის ოლიმპიადაზე, ტერაქტს ამზადებდა

საფრანგეთში დააკავეს 16 წლის მოზარდი, რომელიც პარიზში დაგეგმილ ზაფხულის ოლიმპიადაზე, სავარაუდოდ, ტერაქტს ამზადებდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მოზარდი მას შემდეგ დააკავეს, რაც მან სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ „შაჰიდის ქამრის“ დამზადებას აპირებს, რათა ოლიმპიადაზე „ისლამური სახალიფოსთვის მოწამეობრივი სიკვდილით მოკვდეს“.

ანონიმური წყაროს ცნობით, მოზარდი ტერაქტს „დეფანსის“ სტადიონზე გეგმავდა.

საქმის გამოძიებას საფრანგეთის ეროვნული ანტიტერორისტული პროკურტურა აწარმოებს.

ამჟამად დაკავებული მოზარდი პოლიციის განყოფილებაში იმყოფება, სადაც სამართალდამცველები არკვევენ, რეალური იყო თუ არა მისი მუქარა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოზარდი მშობლების სახლში აიყვანეს. ამოღებულია ჩანაწერები, სადაც ის „ისლამური სახელმწიფოს“ ერთგულების შესახებ წერს.

ცნობისთვის, მანამდე საფრანგეთის შიდა უსაფრთხოების მთავარ სამმართველოში განაცხადეს, რომ შეშფოთებული არიან პარიზში ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე ტერაქტების მოწყობის ალბათობის გამო.

კიევი უკრაინელი მამაკაცებისთვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ მდებარე დიპლომატიურ მისიებში პასპორტების გაცემას აჩერებს

კიევი უკრაინის მოქალაქე 18-დან 60 წლამდე მამაკაცებისთვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ მდებარე დიპლომატიურ მისიებში პასპორტების გაცემას აჩერებს. მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით, პასპორტების მიღებას ისინი მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე შეძლებენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ახალი რეგულაცია უკრაინის არმიის რიგების შევსებას ისახავს მიზნად. ცნობილი ხდება ისიც, რომ ვარშავამ კიევს უკვე შესთავაზა პოლონეთში მყოფი წვევამდელი ასაკის ახალგაზრდების იდენტიფიცირება და გადაცემა. ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ევროკავშირის ტერიტორიაზე ამჟამად 4,3 მილიონზე მეტი უკრაინელი, მათ შორის, 860 ათასი მამაკაცი იმყოფება.

ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთს შვეიცარიაში გლობალური სამშვიდობო სამიტის ჩაშლა სურს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთს შვეიცარიაში გლობალური სამშვიდობო სამიტის ჩაშლა სურს. ამის შესახებ ზელენსკიმ უკრაინელ და უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, მას აქვს კონკრეტული მტკიცებულებები, რომ რუსეთს არა მხოლოდ სამიტის ჩაშლა სურს, არამედ კონკრეტული გეგმა აქვს, როგორ შეამციროს ქვეყნების სამიტზე ჩართულობა, რათა მშვიდობა კიდევ უფრო დიდხანს არ დამყარდეს.

„და ჩვენ ერთად უნდა დავუპირისპირდეთ ამას – ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთიანად სამართლიანი სამყაროსთვის. სწორედ ეს სამიტი გვაძლევს ყველას რეალურ შანსს სამართლიანი მშვიდობისა და საერთაშორისო სამართლის მოქმედების აღდგენისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

რუსულმა მხარემ კი განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, სამიტზე შემუშავებულ სამშვიდობო გეგმას რუსეთს ზოგიერთი მონაწილე ქვეყანა გადასცემს.

შეგახსენებთ, ორდღიანი გლობალური სამშვიდობო სამიტი შვეიცარიაში 15 და 16 ივნისს გაიმართება.

ირანულმა სასამართლომ პოპულარულ რეპერ თუმაჯ სალეჰის სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა

ირანულმა სასამართლომ პოპულარულ ირანელ რეპერ თუმაჯ სალეჰის, რომელიც ანტისამთავრობო პროტესტებს უჭერდა მხარს, სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

33 წლის რეპერი 2022 წლის ოქტომბერში დააკავეს, როდესაც მან ანტისამთავრობო აქციების მონაწილეებს საჯაროდ დაუჭირა მხარი და პროტესტების შესახებ რამდენიმე კომპოზიციაც ჩაწერა.

ირანული სამართალდამცავი ორგანოები სალეჰის „დედამიწაზე კორუფციის გავრცელებაში“ ადანაშაულებდნენ, რისთვისაც ყველაზე მკაცრი სასჯელის სახით სიკვდილით დასჯა არის გათვალისწინებული.

2023 წელს რეპერს 6 წლიდა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სასიკვდილო განაჩენს მან ირანის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე აარიდა თავი. დღეს კი მისმა ადვოკატმა ირანულ მედიას განუცხადა, რომ ქალაქ ისპაჰანის სასამართლომ, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, რეპერს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა. ადვოკატის თქმით, ის განაჩენს აუცილებლად გაასაჩივრებს.

პენტაგონმა უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების დაწყება გამოაცხადა

პენტაგონმა უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების დაწყება გამოაცხადა - აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა 61 მილიარდიანი დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა.

დახმარება მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემებს, საარტილერიო ჭურვებს, ჯავშანტექნიკას, ტანკსაწინააღმდეგო იარაღსა და უკრაინისთვის კრიტიკულად საჭირო სხვა შეიარაღებას.

შეგახსენებთ, სენატმა დღეს საბოლოოდ დაამტკიცა 61 მილიარდიანი დახმარების პროექტი, რომელსაც ჯო ბაიდენმა ცოტა ხნის წინ ხელი მოაწერა.

ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 61-მილიარდიანი დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ კანონპროექტს ხელი მოაწერა. ამის შესახებ მან თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 24 აპრილს, აშშ-ს სენატმა საბოლოოდ დაამტკიცა გადაწყვეტილება უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის სამხედრო დახმარების ასიგნებების შესახებ. თვეების დაპირისპირების შემდეგ, კანონპროექტი სენატმა მიიღო 79-18 წინააღმდეგ, სამშაბათს, მას შემდეგ, რაც პალატამ ის შაბათს დაამტკიცა.

პაკეტის ჯამური მოცულობა 95 მილიარდი დოლარია, აქედან 61 მილიარდი უკრაინაზეა გათვლილი. გადაწყვეტილება ძალაში სწორედ პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ შედის. 

პაკეტი ასევე მოიცავს 26 მილიარდ დოლარს ისრაელისთვის და ღაზის მოქალაქეების ჰუმანიტარული დახმარებისთვის, 8 მილიარდ დოლარს ჩინეთის საფრთხეების დასაძლევად ტაივანსა და ინდო-წყნარ ოკეანეში.

მღვდელს, რომელმაც ნავალნის პანაშვიდი გადაიხადა, მსახურება აუკრძალეს

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა სამი წლით მსახურება აუკრძალა მღვდელ დიმიტრი საფრონოვს. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის გადაწყვეტილება მოსკოვის საქალაქო ეპარქიის ვებსაიტზე გამოქვეყნდა 23 აპრილს.

დოკუმენტში მითითებულია, რომ საფრონოვს ეკრძალება ანაფორისა და მღვდლის სამკერდე ჯვრის ტარება. გარდა ამისა, მღვდელი დააქვეითეს მეფსალმუნის დონეზე და გაგზავნეს მოსკოვის ნოვიე ვოროტნიკის წმინდა პიმენ დიდის ეკლესიაში მორჩილებისთვის სამი წლით.

დასჯის მიზეზები ახსნილი არ არის.

როგორც ტელეგრამის არხები "Сирена" და Sota წერენ, დიმიტრი საფრონოვმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის საფლავზე გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს პანაშვიდიც გადაიხადა. „მედუზა“ წერს, რომ საფრონოვის ხელმოწერა ფიგურირებდა მღვდელმსახურთა განცხადებაშიც, რომლითაც ნავალნის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას მოითხოვდნენ.

რუსი ოპოზიციონერი, რომელიც მანამდე ერთხელ მოწამლეს, არქტიკაში მდებარე ციხეში მძიმე პირობებში ჰყავდათ და იდუმალ ვითარებაში გარდაიცვალა 16 თებერვალს.

1 მარტს ნათესავებს და ახლობლებს საშუალება ჰქონდათ, ღვთისმშობლის ხატის ეკლესიაში მისულიყვნენ ხანმოკლე პანაშვიდზე, სანამ ნავალნის ცხედარს სასაფლაოზე გადაასვენებდნენ. ხალხი მასთან გამომშვიდობების შესაძლებლობას ითხოვდა, თუმცა ეკლესიაში მხოლოდ რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მოახერხა შესვლა.

აშშ-ის სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების პაკეტი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა 95 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარების პაკეტი მიიღო, რომელიც უკრაინისთვის, ისრაელისა და ტაივანისთვის მილიარდობით აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

პაკეტი აერთიანებს ოთხ კანონპროექტს, რომელსაც წარმომადგენელთა პალატამ შაბათს ცალ-ცალკე დაუჭირა მხარი და ის უზრუნველყოფს თითქმის 61 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას უკრაინისთვის, 26 მილიარდ დოლარზე მეტს - ისრაელისთვის და 8 მილიარდ დოლარზე მეტ ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებისთვის.

მეოთხე კანონპროექტი ზრდის სანქციებს რუსულ აქტივებზე და ჩინურ კომპანია ByteDance-ს დაახლოებით ცხრა თვეს აძლევს TikTok-ის გასაყიდად, წინააღმდეგ შემთხვევაში აპლიკაცია ამერიკულ app stores-ში აიკრძალება.

სენატის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო პაკეტი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გადაეგზავნება.

აშშ-ის სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების პაკეტი დაამტკიცა

აშშ-ს სენატმა საბოლოოდ დაამტკიცა გადაწყვეტილება უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის სამხედრო დახმარების ასიგნებების შესახებ. თვეების დაპირისპირების შემდეგ, კანონპროექტი სენატმა მიიღო 79-18 წინააღმდეგ, სამშაბათს, მას შემდეგ, რაც პალატამ დაამტკიცა ის შაბათს.

პაკეტის ჯამური მოცულობა 95 მილიარდი დოლარია, აქედან 61 მილიარდი უკრაინაზეა გათვლილი. ახლა, ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთვის საჭიროა მხოლოდ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ხელმოწერა. მედიის ცნობით, ბაიდენს გადაწყვეტილი აქვს დაუყოვნებლივ მოაწეროს მას ხელი, რის შემდეგაც უკრაინას დახმარების პირველი პარტია რამდენიმე დღეში მიეწოდება. 

პაკეტი ასევე მოიცავს 26 მილიარდ დოლარს ისრაელისთვის და ღაზის მოქალაქეების ჰუმანიტარული დახმარებისთვის, 8 მილიარდ დოლარს ჩინეთის საფრთხეების დასაძლევად ტაივანსა და ინდო-წყნარ ოკეანეში.

Associated Press-თან ინტერვიუში, კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე, სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა თქვა, თუ კონგრესი არ მიიღებს დახმარებას "ამერიკა გადაიხდის ფასს ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სამხედრო თვალსაზრისით". შუმერი და სენატის რესპუბლიკელი ლიდერი მიჩ მაკკონელი აცხადებდნენ, რომ შესაძლოა საშინელი შედეგები მოჰყვეს აშშ-სთვის და მის ბევრ მოკავშირისთვის, თუ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის აგრესია შეუმჩნეველი დარჩება.