... ... hotnews.ge - მსოფლიო

დონალდ ტრამპი მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში ამერიკაში ვიზიტით მყოფ ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა.

25 ივლისს, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს „ყველაფრისთვის, რაც მან ისრაელისთვის გააკეთა“.

„ასევე მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს ყველაფრისთვის, რაც მან გააკეთა ისრაელისთვის: გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტის აღიარება, ირანის აგრესიასთან დაპირისპირება, იერუსალიმის ჩვენს დედაქალაქად აღიარება და ამერიკის საელჩოს [იერუსალიმში] გადატანა“, - აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.

ტრამპი იმედოვნებს, რომ თუ მას ირანი მოკლავს, აშშ ამ ქვეყანას გაანადგურებს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თუ მას ირანი მოკლავს, ის იმედოვნებს, რომ ამერიკა ამ ქვეყანას გაანადგურებს.

„თუკი პრეზიდენტ ტრამპს მოკლავენ, რისი ალბათობაც ყოველთვის არსებობს, იმედი მაქვს ამერიკა ირანს გაანადგურებს და აღგვის პირისაგან მიწისა“- დაწერა ტრამპმა.

მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამერიკელი ლიდერები ლაჩრებად ჩაითვლებიან. ტრამპმა ამ პოსტს თან დაურთო ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ვიდეო, სადაც ის ირანის მიერ ტრამპის წინააღმდეგ დაგეგმილ შესაძლო თავდასხმაზე საუბრობს.

ამერიკულმა მედიამ გასულ კვირას გაავრცელა ცნობა, რომ საიდუმლო სამსახური ირანის მხრიდან ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის შესაძლო გეგმებზე იყო ინფორმირებული, თუმცა დაზვერვის ეს ინფორმაცია 13 ივლისს ტრამპზე მომხდარ თავდასხმასთან კავშირში არ ყოფილა.

ბარაკ და მიშელ ობამებმა არჩევნებში კამალა ჰარისის კანდიდატურას მხარდაჭერა გამოუცხადეს

ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და ყოფილმა პირველმა ლედიმ მიშელ ობამამ პარასკევს გამოქვეყნებულ ვიდეოში მხარი დაუჭირეს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის საპრეზიდენტო კანდიდატურას.

"ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ არჩევნებში გაიმარჯვოთ და ოვალურ კაბინეტში მოხვდეთ" - უთხრა ობამამ ჰარისს, რომელსაც ვიდეოს მიხედვით მეუღლეც შეუერთდა.

ჰარისმა მადლობა გადაუხადა ობამას მხარდაჭერისთვის და ათწლეულების მანძილზე მეგობრობისთვის.

ყოფილმა პირველმა ლედიმ თქვა, რომ ამაყობს ჰარისით და მოელის, რომ მომავალი არჩევნები ისტორიული იქნება.

როდესაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კვირას განაცხადა, რომ ხსნიდა კანდიდატურას, მან მხარდაჭერა აღუთქვა ჰარისს, როგორც დემოკრატების კანდიდატს საპარლამენტო არჩევნებში. ოთხშაბათს, ოვალური კაბინეტიდან მოქალაქეებისთვის მიმართვის დროს ბაიდენმა თქვა, რომ სჯერა "საუკეთესო გზა არის ჩირაღდნის ახალი თაობისთვის გადაცემა" და ახლა "ახალი" და "ახალგაზრდა" ხმების დროა.

ობამას მხარდაჭერამდე რამდენიმე დღით ადრე, დემოკრატმა ლიდერებმა, მათ შორის სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა და პალატის უმცირესობის ლიდერმა ჰაკიმ ჯეფრისმა, საჯაროდ დაუჭირეს მხარი ჰარისს.

ზელენსკის ვუთხარი, რომ ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი - ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და ამჟამად საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის განცხადებით ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა და უთხრა, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს. ამის შესახებ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში ისაუბრა. 

ტრამპის თქმით, რუსეთი ომის მანქანაა, რომელმაც ჰიტლერსა და ნაპოლეონს მოუგო. მან ისევ გაიმეორა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს ომი არ მომხდარა და რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ამას არასდროს გააკეთებდა.

"პრეზიდენტმა ზელენსკიმ დამირეკა და ჩვენ კარგი საუბარი გვქონდა. მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ ეს ომი უნდა დავასრულოთ. ეს ომის მანქანაა, თქვენ ომის მანქანას უპირისპირდებით. ეს არის ის რასაც ისინი აკეთებენ, მათ დაამარცხეს ჰიტლერი, დაამარცხეს ნაპოლეონი, ისინი ომს აწარმოებენ. გაზაფხულის კონტრშეტევა არ მოხდა და მე მას ვუთხარი, რომ ეს ომი უნდა დავასრულოთ. ბევრი რუსი იღუპება, მაგრამ ბევრი უკრაინელიც იღუპება. ეს სრული არეულობაა, ეს არასდროს არ უნდა მომხდარიყო. ბაიდენს ეს არ უნდა დაეშვა," - განაცხადა დონალდ ტრამპმა. 

უკრაინაში ყოფილი დეპუტატის, ირინა ფარიონის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 18 წლის ბიჭი დააკავეს

უკრაინის რადას ყოფილი დეპუტატის, ირინა ფარიონის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს - ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტი ავრცელებს. ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ინფორმაცია დამნაშავის დაკავების შესახებ, შს მინისტრმა, იგორ კლიმენკომ მიაწოდა. ეჭვმიტანილი დნიპროში დააკავეს. 

"დაკავების ოპერაცია ძალიან რთული იყო. ამ დღეების განმავლობაში უკრაინის ეროვნული პოლიციის, SBU-სა და სხვა სამსახურების ასობით სპეციალისტი მუშაობდა მკვლელობის გახსნაზე. მადლობა თითოეულ მათგანს " აღნიშნა ზელენსკიმ.

დაკავებული 18 წლისაა. მიმდინარეობს საჭირო საგამოძიებო მოქმედებები.

ირინა ფარიონს ლვოვში საკუთარ სახლთან, 20 ივლისს დაესხნენ თავს. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მას ჭრილობები თავის არეში მიაყენეს. ყოფილი დეპუტატი მძიმე მდგომარეობით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ის საავადმყოფოში შეყვანიდან მალევე დაიღუპა.
 მს

თუ კამალა ჰარისი პრეზიდენტის პოსტის დაკავებას შეძლებს ის ამერიკას გაანადგურებს - ტრამპი

თუ კამალა ჰარისი პრეზიდენტის პოსტის დაკავებას შეძლებს ის ამერიკას გაანადგურებს, - ეს განცხადება დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინაში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა პოტენციური კონკურენტის პოლიტიკა მკაცრად გააკრიტიკა. თეთრი სახლის ყოფილმა ლიდერმა ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდში კამალა ჰარისის მიერ განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა. დონალდ ტრამპის განცხადებით, ვიცე-პრეზიდენტი სამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში ცრუობდა, რომ ჯო ბაიდენს პირველი პირის მოვალეობების შესრულება შეეძლო.

„კამალა ჰარისი ამერიკის ისტორიაში ყველაზე არაკომპეტენტური და ულტრა მემარცხენე ვიცე-პრეზიდენტია. სხვათა შორის ცოტა ხნის წინ გამოკითხვა ჩატარდა, რომლის მიხედვითაც ის ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ცუდ ვიცე-პრეზიდენტად დასახელდა. სამ წლინახევრის განმავლობაში ბაიდენის ყველა კატასტროფის უკან ულტრალიბერალური მამოძრავებელი ძალა სწორედ კამალა ჰარისი იყო. ჰარისი მთელი ამ ხნის განმავლობაში ურცხვად ატყუებდა საზოგადოებას და ჯო ბაიდენის ფსიქიკურ შეუთავსებლობას ფარავდა. ის რადიკალური მემარცხენე შეშლილია, რომელიც ჩვენს ქვეყანას გაანადგურებს, თუკი ოდესმე თანამდებობის დაკავების შანსი მიეცემა. ჩვენ კი ამას არ დავუშვებთ“, - აღნიშნა ტრამპმა.

არსებობს მკაფიო სიგნალი, რომ ჩინეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს - ზელენსკი

არსებობს მკაფიო სიგნალი, რომ ჩინეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.

„ეს მრავალი წლის განმავლობაში უკრაინელი ოფიციალური პირის პირველი ვიზიტია ჩინეთში და ეს კარგია. არის მკაფიო სიგნალი, რომ ჩინეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კულებას ვიზიტის დროს ასევე დადასტურდა, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღს არ მიაწვდის.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის უკრაინაში დაბრუნების შემდეგ კულებასგან დეტალურ მოხსენებას ელოდება.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ჩინეთში მოლაპარაკება გამართა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვანგ ისთან. კულებას თქმით, ჩინეთისა და ბრაზილიის ექვსპუნქტიანი კონსენსუსის გულდასმით შესწავლის შემდეგ უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა რუსეთთან გონივრული და კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად.

"მინდა კამალა ჰარისთან დებატები" - დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი ამბობს, რომ მას სურს კამალა ჰარისთან დებატები. „დავთანხმდი ჯო ბაიდენთან დებატებზე, მაგრამ მსურს მასთან (კამალა ჰარისთან) კამათი. მათ აქვთ მსგავსი პოლიტიკა. ვფიქრობ, ეს დებატები მნიშვნელოვანია საპრეზიდენტო რბოლისთვის“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ არ მოეწონა ABC-ზე დებატების გამართვის იდეა და გამოთქვა მზადყოფნა მონაწილეობა მიიღოს ერთზე მეტ დებატში.

გაერთიანებულმა სამეფომ და გერმანიამ თავდაცვის პაქტს მოაწერეს ხელი

გაერთიანებულმა სამეფომ და გერმანიამ თავდაცვის პაქტს მოაწერეს ხელი.

შეთანხმება, რომელსაც გერმანიაში ხელი მოაწერეს ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილმა და გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა, მოიცავს ორ ქვეყანას შორის თავდაცვითი ინდუსტრიის გაძლიერებას, ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებას, ერთობლივი ოპერაციების გაუმჯობესებას და ასე შემდეგ.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, „გერმანიაში მისი ვიზიტი მკაფიო გზავნილია, რომ ევროპული უსაფრთხოება იქნება მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი საგარეო და თავდაცვის საკითხებში“.

აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული სამეფო და გერმანია არიან უკრაინის უმსხვილესი ევროპული კონტრიბუტორები, როდესაც საუბარია სამხედრო დახმარებაზე, ასევე ყველაზე მსხვილი დონორები ევროპიდან ნატო-ს სამხედრო ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, ევროპელი ლიდერები შიშობენ, რომ თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნება კატასტროფა იქნება ევროპული უსაფრთხოებისთვის. მიაჩნიათ, რომ ვაშინგტონი მკვეთრად შეამცირებს უკრაინის მხარდაჭერას მომდევნო წლიდან და ეს შეშფოთება კიდევ უფრო გაღრმავდა მას შემდეგ, რაც ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ჯეი დი ვენსი დასახელდა. ვენსმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ვაშინგტონის მიერ კიევისთვის გამოწერილი „ცარიელი ჩეკების“ წინააღმდეგია.

კენჭს კვლავ ვიყრი, რათა კანცლერი ისევ გავხდე - ოლაფ შოლცი

კენჭს კვლავ ვიყრი, რათა კანცლერი ისევ გავხდე, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრესკონფერენციის დასაწყისში ოლაფ შოლცს ჰკითხეს, ხომ არ აპირებს ჯო ბაიდენის მაგალითს მიჰყვეს და მომავალ არჩევნებზე კანცლერობის კანდიდატურაზე უარი თქვას.

„მადლობა ასეთი კარგი და მეგობრული შეკითხვისთვის. ჩვენ ყველას გადაწყვეტილი გვაქვს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ერთად მივიღოთ და გავიმარჯვოთ. კენჭს კვლავ ვიყრი, რათა კანცლერი ისევ გავხდე“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

ცნობისთვის, გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები 2025 წელს გაიმართება.

საფრანგეთში პარიზის ოლიმპიადის დროს დესტაბილიზაციის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი რუსი მამაკაცი დააკავეს

საფრანგეთში პარიზის ოლიმპიადის დროს დესტაბილიზაციის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი რუსი მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 40 წლის მამაკაცი კვირას დააპატიმრეს. მას 23 ივლისს ბრალი წაუყენეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

გამოძიება სწავლობს საფრანგეთში დესტაბილიზაციის გამოწვევის მიზნით უცხოური ძალისთვის სადაზვევრო მონაცემების შესაძლო გადაცემის საკითხს. გამოძიება მიიჩნევს, რომ სავარაუდო გეგმა არ ითვალისწინებდა ტერორისტული თავდასხმის მოწყობას. გამოძიებას კონტრდაზვერვის სპეციალისტები აწარმოებენ.

პროკურატურის ცნობით, დაკავებული მამაკაცის პარიზში მდებარე საცხოვრებელში ჩხრეკა ჩატარდა. გამოცემა Le Parisien-ი გამოძიებასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნდობით წერს, რომ სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს მტკიცებულებები, რომ მამაკაცი ამზადებდა „პრორუსულ ოპერაციებს“ ოლიმპიადის დროს საფრანგეთში დესტაბილიზაციისთვის. კიდევ ერთი წყარო კი აღნიშნავს, რომ სავარაუდო გეგმა იყო „ფართომასშტაბური პროექტი“, რომელსაც შესაძლოა, „სერიოზული შედეგები“ მოჰყოლოდა.

გასულ კვირას საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანინმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ოლიმპიადის დაწყებამდე შეამოწმა ერთ მილიონზე მეტი ადამიანი, მათ შორის სპორტსმენები, ჟურნალისტები, მოხალისეები, დაცვის თანამშრომლები და ღონისძიების ჩატარების ადგილების მახლობლად მცხოვრები მოქალაქეები. ფრანგული მედიის ცნობით, 4 360 ადამიანი ოლიმპიადაზე არ დაუშვეს, მათგან 880 უცხოური ჩარევის ეჭვების გამო.

„ჩვენ აქ ვართ, რათა უზრუნველვყოთ, რომ სპორტი არ გამოიყენება ჯაშუშობისთვის, კიბერთავდასხმებისთვის ან კრიტიკისთვის და ზოგჯერ ტყუილისთვის საფრანგეთისა და ფრანგების შესახებ“, – განაცხადა დარმანინმა.

ევროკავშირის ელჩები უკრაინისთვის 4,2 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა უკრაინისთვის Ukraine Facility-ს პროგრამის ფარგლებში ტრანშის სახით 4,2 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ ევროკავშირში უნგრეთის წარმომადგენლობა სოციალურ ქსელ X-ში წერს.

„დღეს ელჩებმა დაამტკიცეს პირველი ტრანში უკრაინის საკრედიტო ფონდისთვის და გზა გაუხსნეს თითქმის 4,2 მილიარდი ევროს გადარიცხვას უკრაინის აღდგენისთვის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საბოლოო გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს.

Ukraine Facility არის პროგრამა, რომელიც ევროკავშირის ლიდერებმა 2024 წლის თებერვალში ერთხმად დაამტკიცეს. მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ 2024 – 2027 წლებში უკრაინას მხარდასაჭერად საერთო ჯამში 50 მილიონი ევრო უნდა გადაეცეს.