... ... hotnews.ge - სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა იაპონიასთან შეხვედრაში გაიმარჯვა

საქართველო - იაპონიის მორაგბეთა ნაკრებების შეხვედრა ანგარიშით 25:23, საქართველოს გამარჯვებით დამთავრდა.

თამაში იაპონიაში, სენდაიში მიმდინარეობდა.

გიორგი მიქაუტაძე შესაძლოა უეფას „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდეს

„უეფამ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, თუ ევრო 2024-ის ფინალის შემდეგ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი არ გამოვლინდება, „ოქროს ბუცი“ ჯილდოს სახით ყველა იმ ფეხბურთელს გადაეცემა, რომლებსაც გატანილი გოლების თანაბარი რაოდენობა აქვთ. ამის შესახებ ბრიტანული ინტერნეტ-გამოცემა The Independent-ი იუწყება.

კერძოდ, დღეის მონაცემებით, ყველაზე მეტი, სამ-სამი გოლი გატანილი აქვთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს გიორგი მიქაუტაძეს, გერმანიის ნაკრების ფეხბურთელს ჯამალ მუსიალას, ინგლისელთა ფორვარდს ჰარი კეინს, ჰოლანდიელ ფეხბურთელს კოდი გაპკოს, ესპანეთის შემტევ ნახევარმცველს დანი ოლმოს და სლოვაკეთის ნაკრების თავდამსხმელ ივან შრანცს.

ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი 14 ივლისს გაიმართება. ერთმანეთს ინგლისისა და ესპანეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. თუ ფინალში ვერც ინგლისელი კეინი და ვერც ესპანელი ოლმო გოლს ვერ გაიტანენ, მაშინ „უეფა“ ექვსივე ფეხბურთელს ერთდროულად დააჯილდოებს და ოქროს ბუცს გადასცემს.

„დინამოელი“ ხარებაშვილი უეფა-ს რეკორდსმენია - მან ევროტურნირზე 15 წლის ასაკში ითამაშა

საბა ხარებაშვილი უეფა-ს საკლუბო ტურნირების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია – ინფორმაციას „დინამო თბილისი“ ავრცელებს.

კლუბის ცნობით, საბამ უეფას ეგიდით პირველი ოფიციალური საერთაშორისო მატჩი 15 წლის, 10 თვის და 8 დღის ასაკში ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისი“ კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე პოდგორიცაში 2:1 დამარცხდა „მორნართან“, რომელიც ევროთასებზე პირველად თამაშობდა.

„დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში, 15 წლის საბა ხარებაშვილის გარდა, ასევე ითამაშეს 16 წლის ვახტანგ სალიამ, 17 წლის საბა სამუშიამ და 18 წლის ნიკა ცეცხლაძემ, ხოლო რამდენიმე ფეხბურთელი 19-20 წლის იყო.

„დინამო თბილისისა“ და „მორნარის“ საპასუხო შეხვედრა 18 ივლისს თბილისში გაიმართება, მაგრამ, „დინამო არენის“ ნაცვლად, მატჩი „მიხეილ მესხზე“ ჩატარდება.

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ფინალი ხვალ გაიმართება

საფეხბურთო ზეიმი დასასრულს უახლოვდება. ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე, მხოლოდ ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი დარჩა, რომელიც 14 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე ინგლისისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის გაიმართება.

გადამწყვეტი მატჩი ბერლინში, ოლიმპიაშტედიუმზე ჩატარდება.

წელს ტურნირს მხოლოდ ერთი დებიუტანტი, საქართველოს ნაკრები ჰყავდა, რომელმაც პორტუგალიის ნაკრებთან მოგების გარდა, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპიც დაძლია, სადაც მთავარმა ფავორიტმა და უკვე ერთ-ერთმა ფინალისტმა, ესპანეთმა მოუგო.

გიორგი მიქაუტაძე „მონაკოს“ ფეხბურთელი გახდება

გავლენიანი იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, გიორგი მიქაუტაძე „მონაკოს“ ფეხბურთელი გახდება.

„მიღწეულია სიტყვიერი შეთანხმება და შაბათს დაგეგმილია ვიზიტი, დოკუმენტების ხელმოსაწერად. 20 მილიონი ევროს ღირებულების ფიქსირებული გადასახადი პლუს დანამატები [„მეცისთვის“], ასევე გრძელვადიანი გარიგება მოთამაშესთან უკვე შეთანხმებულია“, - წერს ფაბრიციო რომანო.

პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს მედროშეები ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე იქნებიან

პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტს“ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი სტუმრობდა.

ლერი ხაბელოვმა პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მედროშეები დაასახელა – ეს საპატიო მისია ნინო სალუქვაძესა და ლაშა ტალახაძეს ხვდათ წილად.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური თამაშებამდე სულ ცოტა დრო დარჩა – პარიზი 2024 26 ივნიის დაიწყება და 11 აგვისტოს დასრულდება.

ჩვენი ნაკრები პარიზის ოლიმპიადაზე 28 სპორტსმენით წარსდგება. ოლიმპიური თამაშების პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი და „პირველი არხი სპორტი“ შემოგთავაზებთ.

UEFA-მ ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის გამოვლენის წესი შეცვალა

EURO 2024-ის ფინალური მატჩამდე 2 დღით ადრე ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ UEFA-მ ბომბარდირის გამოვლენის წესი შეცვალა. აქამდე არსებული წესების მიხედვით თანაბარი რაოდენობით გოლების გატანის შემთხვევაში ოქროს ბუცი იმ ფეხბურთელს გადაეცემოდა, რომელსაც უფრო მეტი საგოლე გადაცემა ჰქონდა შესრულებული.

იგივე გასულ ევრო პირველობაზე ჩეხეთის პატრიკ შიკსა და პორტუგალიის კრიშტიანუ რონალდუს თანაბარი რაოდენობის 5-5 გოლი ჰქონდათ გატანილი, თუმცა საგოლე გადაცემებში არსებული უპირატესობის გამო ბომბარდირის წოდება რონალდუს მიენიჭა.

მიმდინარე EURO 2024-ზე ერთდროულად ექვსი ფეხბურთელია ისეთი, რომელსაც სამი გოლი აქვს გატანილი, აქედან ერთ-ერთი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელია. ჩემპიონატის განმავლობაში სამი გოლი გატანილი აქვთ დანი ოლმოს (ესპანეთი), კოდი გაკპოს (ნიდერლანდი), ჯამალ მუსიალას (გერმანია), ჰარი კეინის (ინგლისი), ივან შრანცის (სლოვაკეთი) და გიორგი მიქაუტაძეს (საქართველო).

შეცვლილი წესის მიხედვით, UEFA მზადაა ოქროს ბუცი გადასცეს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ფეხბურთელს, თუკი ტურნირი ისე დასრულდება, როგორც ამჟამინდელი მდგომარეობაა და უგულებელყოს ყველა დამატებითი მაჩვენებლები.

თუკი მხედველობაში არ მივიღებთ ორი ან მეტი გოლის გატანას, 3-გოლიანი ნიშნულის გაუმჯობესების შანსი ამ ეტაპზე ესპანეთის მხრიდან დანი ოლმოსა და ინგლისიდან ჰარი კეინს აქვთ, რომლებიც 14 ივლისს ფინალში ითამაშებენ.

ევროპის ჩემპიონატის ფინალი 14 ივლისს გაიმართება, სადაც ერთმანეთს ინგლისისა და ესპანეთის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან, თამაში კი ბერლინის “ოლიმპიაშტადიონზე” უნდა შედგეს.

 

პარიზი 2024 - ოლიმპიურ თამაშებზე 28 ქართველი იასპარეზებს

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშების ლიცენზია ოფიციალურად 28 ქართველმა სპორტსმენმა მოიპოვა. ამას გარდა, ისტორიაში პირველად ოლიმპიურ თამაშებზე საქართელოს  ძიუდოისტთა შერეული ნაკრები გუნდურ პირველობაშიც იასპარეზებს.

პარიზის ოლიმპიადის ლიცენზიანტთა სია:

1.​ ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა)

2.​ ლაშა გურული (კრივი)

3.​ გიორგი ყუშიტაშვილი (კრივი)

4.​ გოდერძი ძებისაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 65 კგ.)

5.​ ვლადიმერ გამყრელიძე (თავისუფალი ჭიდაობა, 86 კგ.)

6.​ გივი მაჭარაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 97 კგ.)

7.​ გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ.)

8. ​რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67 კგ.)

9.​ რობერტ კობლიაშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 97 კგ.)

10.​ ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 87 კგ.)

11.​ სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა)

12.​ ლუბა გოლოვინა (ბატუტზე ხტომა)

13. ​შოთა მიშველიძე (ძალოსნობა, 61 კგ.)

14.​ ირაკლი ჩხეიძე (ძალოსნობა, 102 კგ.)

15.​ ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა, + 109 კგ.)

16.​ გიორგი სარდალაშვილი (ძიუდო, -60კგ.)

17.​ ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო, -66 კგ.)

18.​ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო, -73 კგ.)

19.​ ტატო გრიგალაშვილი (ძიუდო, -81 კგ.)

20.​ ლაშა ბექაური (ძიუდო, -90 კგ.)

21.​ ილია სულამანიძე (ძიუდო, -100 კგ.)

22.​ გურამ თუშიშვილი (ძიუდო, +100 კგ.)

23.​ ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო, -57 კგ).

24. ​ეთერ ასკილაშვილი (ძიუდო, -63 კგ.)

25.​ სოფიო სომხიშვილი (ძიუდო, +73 კგ.)

26.​ ლიკა ხარჩილავა (მძლეოსნობა – რბენა, 100 მ.)

27.​ ანა ნიჟარაძე (ცურვა, ბატერფლაი, 100 მ)

28.​ ნოე ფანცხავა (გულაღმა ცურვა, 100 მ)

ძიუდოს ქალთა და კაცთა შერეული ნაკრები გუნდი.

ევრო 2024-ის მეორე ფინალისტი დღეს გამოვლინდება

ევროპის ჩემპიონატის მეორე ფინალისტს ინგლისი და ნიდერლანდები დღეს გამოავლენენ. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე, დორტმუნდში გაიმართება.

გუშინ კი პირველ ნახევარფინალში ესპანეთმა საფრანგეთი ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა 14 ივნისს, ბერლინში გაიმართება.

"სანიოლს უკვე ვესაუბრეთ, თანამშრომლობის გაგრძელება ორივე მხარის სურვილია" - ლევან კობიაშვილი

ვილი სანიოლი არსად არ მიდის და საქართველოს ნაკრებს შემოდგომაზე ისევ ფრანგი სპეციალისტი უხელმძღვანელებს, – ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა გადაცემაში „სპორტი იმედზე“ ისაუბრა.

„ვილი სანიოლს წლის ბოლომდე აქვს მოქმედი ხელშეკრულება და საქართველოს ნაკრებში მუშაობას აგრძელებს. მასთან სამომავლო გეგმებზე ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდეც ვისაუბრეთ. ჩვენი სურვილია, რომ ის საქართველოს ნაკრებში დარჩეს. მისი პოზიციაც ვიცით. ვილი საქართველოში თავს კომფორტულად გრძნობს და ჩვენთან ერთად სამომავლო გეგმები აქვს. ამას დეტალურად უახლოეს მომავალში ერთად განვიხილავთ. თანამშრომლობის გაგრძელება ორივე მხარის სურვილია“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

საფრანგეთის ნაკრების და მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილმა ფეხბურთელმა საქართველოს ნაკრები 2021 წლის დასაწყისში ჩაიბარა და „ჯვაროსნების“ ისტორიაში საუკეთესო შედეგს მიაღწია – გუნდმა მისი ხელმძღვანელობით ჯერ ერთა ლიგის „C“ დივიზიონი მოიგო, შემდეგ კი გუნდი ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა, სადაც ჩვენი ეროვნული ნაკრები კონტინენტის 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.

საქართველოს ნაკრები ფიჯისთან ტესტმატჩში, დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა წლის პირველი ტესტმატჩი ბათუმში ფიჯისთან გამართა და დაძაბულ ბრძოლაში 12:21 დამარცხდა.

  • „ბორჯღალოსნებმა“ ფიჯისთან ისტორიაში მეშვიდედ ითამაშეს. ჩვენი გუნდის ანგარიშზე ერთი მოგება და ამდენივე ფრეა. „მფრინავმა ფიჯელებმა“ მეხუთედ მოიგეს.
  • საქართველოს ნაკრებმა ბათუმში ისტორიაში მეორედ ითამაშა. პირველად ამ სტადიონზე ქართველი მორაგბეები 2022 წლის ზაფხულში იტალიას დაუპირისპირდნენ და ტიერ 1-ის გუნდთან პირველი ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს – 28:19.
  • მესამე მატჩია, ქართველებს ფიჯისთან ლელო არ გაუტანიათ.

საქართველოს ნაკრებმა ფიჯისთან ბოლოს 2023 წლის მსოფლიო თასზე ითამაშა და 12:17 დამარცხდა. ჩვენს გუნდს რევანშის შანსი საშინაო ტესტმატჩში ჰქონდა. „ბორჯღალოსნებს“ რამდენიმე წამყვანი მორაგბე აკლდათ, მათ შორის კაპიტანი მერაბ შარიქაძე. ფიჯისთან კაპიტანი ბექა გორგაძე იყო. საინტერესოა, რომ სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა მგეზავი თედო აბჟანდაძე. მას ბოლოს სასტარტოში 2023 წლის 23 სექტემბერს ჰქონდა ნათამაშები.

მატჩის წინ ფიჯის მწვრთნელმაც აღნიშნა, რომ გუნდი საქართველოში არასრული შემადგენლობით ჩამოვიდა. თუმცა კუნძულელებმა შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარეს. მატჩის საწყის წუთებზე საქართველო მატკავას ჯარიმით დაწინაურდა – 3:0. მანვე პირველ ტაიმში სამი საჯარიმო გამოიყენა, თუმცა ფიჯიმ მატას და დაკუვაქას ლელოებით ტაიმი 13:9 მოიგო.

დიდი მცდელობის მიუხედავად, მასპინძლებმა ლელოს გატანა ვერც მეორე ნახევარში მოახერხეს. საინტერესოა, რომ მესამე მატჩია, „ბორჯღალოსნებს“ ფიჯისთან ლელო არ დაუდიათ. ჩვენმა მეტოქემ კი მეორე ტაიმში დაცვაში უკეთ ითამაშა, ერთი ლელოც გაიტანა და საბოლოოდ სარკისებური ანგარიშით 21:12 მოიგო.

ევრო 2024 - ესპანეთის ნაკრებმა გერმანია დამატებით დროში დაამარცხა და ნახევარფინალში ითამაშებს

ევროპის ჩემპიონატის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში ტურნირის მასპინძელი გერმანიის ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა, დამატებით დროში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

ფაქტები

  • ესპანეთის ნაკრებმა დიდი საფეხბურთო ტურნირის პლეი ოფში მასპინძელი ქვეყნის ნაკრები პირველად დაამარცხა.
  • მანუელ ნოიერი გახდა მესამე ფეხბურთელი, ვისაც ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე 20 მატჩი აქვს ჩატარებული. მას მხოლოდ პორტუგალიელები – კრიშტიანო რონალდო (29) და პეპე (22) უსწრებენ. ამასთან, ნოიერმა ამ მაჩვენებლით თანაგუნდელებიდან ბასტიან შვაინშტაიგერსა (19) და ტონი კროოსს გადაასწრო (18).
  • ალვარო მორატამ ევროპის ჩემპიონატზე მე-15 მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით სერხიო რამოსსა და დავიდ სილვას გაუთანაბრდა. მათზე ერთი მატჩით მეტი ჩატარებული აქვთ ჟორდი ალბას, სესკ ფაბრეგასსა და ანდრეს ინიესტას (16).

51 წუთი’ – ესპანეთის ნაკრებმა ანგარიში გახსნა. ფლანგზე ბურთი ლამინ იამალმა მიიღო, საჯარიმოს სიახლოვესთან კარგად დაინახა დანი ოლმო, რომელმაც შეუჩერებლად დაარტყა და ნიერისგან შორეულ კუთხეში გაიტანა.

89′ წუთი – გერმანიის ნაკრებმა ხასიათი გამოავლინა, დიდი ძალებით შეუტია და მატჩის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე ანგარიშის გათანაბრება მოახერხა – კიმიხის პასის შემდეგ გოლი შეცვლაზე შესულმა ფლორიან ვირტცმა გაიტანა.

მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. დაინიშნა დამატებითი ტაიმები.

119 წუთი’ – ესპანეთის ნაკებმა მაინც მოახერხა გოის გატანა – დანი ოლმოს პასის შემდეგ გოლი მერინომ გაიტანა და ესპანეთის ნაკრებს ნახევარფინალის საგზური მოუტანა.

ნახევარფინალში ესპანეთის ნაკრები 9 ივლისს პორტუგალიასა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის გამარჯვებულს შეხვდება.