... ... hotnews.ge - პოლიტიკა

14 სენატორის მი მართვა საქართველოს პრემიერს

შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების კანონპროექტი კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ.

14 სენატორის მიერ ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილი შეშფოთების უპრეცედენტო ნოტა სენატის მიერ დაფიქსირებულ სხვა განცხადებებს შორის ყველაზე მკაცრია.

ორპარტიული წერილის გაგზავნას ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ შაჰინი და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყველაზე მაღალი რანგის რესპუბლიკელი წევრი, სენატორი ჯეიმს რიში ხელმძღვანელობდნენ.

ისინი საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ უკან გაიწვიოს კანონი, რომელიც საფრთხეს უქმნის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებს და ასევე აჩენს ინდივიდუალურ პირებზე სანქციების დაწესების, მთავრობის პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტის და სავიზო შეზღუდვების გაფართოების დიდ ალბათობას.

„ამერიკის ხმის“ მიერ მოპოვებული წერილის ასლის თანახმად, სენატორები ვაშინგტონის მხრიდან საქართველოს მიმართ პოლიტიკის შეცვლას წაახალისებენ, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში უცხოეთის გავლენის აგენტის ხელმეორედ ინიცირებული კანონი ამოქმედდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სენატორები წერენ, რომ ისინი როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობრები, „იძულებული“ გახდნენ, გამოეხატათ „უღრმესი შეშფოთება“ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, ხელახლა შემოეღო „რუსული სტილის უცხოეთის აგენტების კანონი“.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სენატორები აცხადებენ, რომ ისინი იძულებული გახდებიან საქართველოს მიმართ ამერიკის პოლიტიკის შეცვლა წაახალისონ. „ამ კანონმდებლობის ამოქმედებას შეუძლია მძლავრი მესიჯი გაუგზავნოს ქართველ ხალხს, რომ მისი მთავრობა აღარ ასახავს მათ სურვილებს, აქტიურად ძირს უთხრის ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგს და უარს ამბობს კონსტიტუციის დაცვაზე. შედეგად, ეს კანონმდებლობა საქართველოს უახლოეს პარტნიორებს, შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შერაცხავს, როგორც მავნე აქტორებს. ასეთი ცვლილება განაპირობებს შეიცვალოს ამერიკის პოლიტიკა საქართველოს მიმართ და ასახოს საქართველოს პოლიტიკის ახალი მდგომარეობა“, ნათქვამია პრემიერ კობახიძისთვის გაგზავნილ წერილში.

პოლიტიკის ცვლილებაში კი ისინი რამდენიმე ფაქტორს მოიაზრებენ, რომლებიც აქამდე საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში გაჟღერებული არ ყოფილა. მათ შორისაა ინდივიდუალური სანქციების დაწესება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა და სავიზო შეზღუდვების გაფართოება. ამ დრომდე სავიზო შეზღუდვები სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ოთხ მოსამართლეს დაუწესა.

ევროკავშირის არაერთი მაღალჩინოსნის მსგავსად, სენატორები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის სამიზნე სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედიაა, რომლებიც „ქართული დემოკრატიის სასიცოცხლო არტერიაა“. ამასთან, კანონპროექტი შეერთებული შტატებისა და ევროპის მხარდაჭერის წინააღმდეგაა მიმართული, საქართველოს იმ პარტნიორების წინააღმდეგ, რომლებმაც ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადეს საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიული გარდაქმნების მხარდასაჭერად 1991 წლის შემდეგ.

„ჩვენ, როგორც კონგრესის წევრები, რომელთაც ღრმა პატივისცემა გვაქვს ქართველი ხალხის მიმართ და ყოველთვის ვიყავით მძლავრი ორპარტიული და თქვენს ქვეყანასთან ორმხრივი კავშირების უპირველესი მხარდამჭერები, ძალიან იმედგაცრუებული დავრჩებით, თუ საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონს უცხოეთის აგენტების შესახებ, რომელიც ძირს გამოუთხრის საქართველოს ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან. თუ ეს კანონპროექტი მიღებული იქნება, ჩვენ იძულებული გავხდებით, წავახალისოთ შეერთებული შტატების პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოს დემოკრატიული განვითარების შეფერხებაზე ან მისი ევროატლანტიკური განვითარების ტრაექტორიის შეზღუდვაზე, შეერთებული შტატების პირდაპირი ფინანსური დახმარების გადახედვა და შეერთებულ შტატებში სავიზო აკრძალვების გაფართოება“,- აცხადებენ სენატორები.

როგორ მუშაობს „ფარა“ და ვინ არიან უცხოეთის აგენტები ამერიკაში?
სენატორები უარყოფენ „ქართული ოცნების“ ნარატივს, რომ გამჭვირვალობის კანონი ამერიკული უცხოური აგენტების გავლენის, ეგრეთწოდებული „ფარას“ მსგავსია. „ჩვენ ასევე უნდა განვაცხადოთ, რომ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების კანონი არ ასახავს შეერთებული შტატების არცერთ კანონს და ის გამოყენებული იქნება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გასაჩუმებლად, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში. მოგეხსენებათ, სიტყვის თავისუფლება შეიძლება არასასიამოვნო იყოს ნებისმიერი მმართველი პარტიისთვის, თუმცა უთანხმოების და აზრის საჯაროდ გამოხატვის შესაძლებლობა არის ის, რაც დემოკრატიას აძლიერებს და სიმტკიცეს მატებს“.

წერილის ბოლოს, სენატორები პირობას დებენ, რომ არასდროს მიატოვებენ „ქართველი ხალხის მისწრაფებას, რომელმაც საკუთარი ხმა დემოკრატიული და ევროპული მომავლის მხარდასაჭერად, ხმამაღლა და მკაფიოდ, ყველას გააგონა“. მათი თქმით, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ეფუძნება ორმხრივ ინტერესებსა და საერთო ღირებულებებს და თითოეული მათგანი ამ ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების მტკიცე მხარდამჭერია. თუმცა, ისინი ასევე ამბობენ, რომ ურთიერთობა ამ მიმართულებით ვერ „გაგრძელდება მანამდე, სანამ ეს კანონმდებლობა უკან არ იქნება გაწვეული“.

წერილში ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი წევრები ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს მისი მოქალაქეების უდიდესი ნაწილის სურვილი, ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ დაწინაურდეს, რადგან ამ კანონის მიღება, როგორც ევროკავშირმა არაერთხელ განაცხადა, უარყოფით გავლენას იქონიებს საქართველოს ევროპულ ბლოკში გაწევრიანების პერსპექტივაზე. ეს კი მთავრობის მიერ საკუთარი კონსტუტიციის უგულვებელყოფა იქნება.

სენატორები ასევე აცნობიერებენ საქართველოს წინაშე არსებულ რუსულ საფრთხეებს და ამბობენ, რომ ამერიკა როგორც წარსულში, ისე მომავალშიც მხარს დაუჭერს ქართველი ხალხის უფლებას, დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და თავი გაითავისუფლოს რუსეთისგან, რომელიც საქართველოში ჰიბრიდულ ომს აწარმოებს და ფართომასშტაბიანი მავნე გავლენა აქვს საზოგადოებაზე ოქტომბერში დადგეგმილი, მომავალი არჩევნების წინ.

წერილს ხელს აწერენ სენატორი ჯინ შაჰინი, სენატორი ჯეიმს რიში, სენატორი ბენ კარდინი, სენატორი ლინდსი გრემი, სენატორი კრის კუნსი, სენატორი პიტ რიკეტსი, სენატორი რიჩარდ დურბინი, სენატორი როჯერ უიკერი, რიჩარდ ბლუმენთალი, სენატორი ტომ ტილისი, სენატორი ტიმ კეინი, სენატორი დენ სალივანი, სენატორი შელდონ უაითჰაუსი და სენატორი მარტინ ჰაინრიხი.

სენატორების წერილამდე ერთი დღით ადრე, ჰელსინკის კომისიამ წარმომადგენელთა პალატის ლიდერების განცხადება გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ ამერიკელი კანონმდებლებისთვის „აღმაშფოთებელია იმის ხილვა, რომ საქართველოს მთავრობა, ასე თავხედურად უტევს თავისი ხალხის ნებას და მის ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან“. კონგრესმენები „ქართულ ოცნებას“ კანონის უკან გაწვევას და ამ „დესტრუქციული გზიდან გადახვევისკენ“ მოუწოდებენ.

 

”ამერიკის ხმა”

სასაზღვრო პოლიციის უფროსი ნიკოლოზ შარაძე სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ნიკოლოზ შარაძე, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
ნიკოლოზ შარაძე დელეგაციის წევრებთან ერთად სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების სამსახურის სასაზღვრო ჯარების ხელმძღვანელობას შეხვდა. სასაზღვრო ჯარებში გამართული ორმხრივი შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს საზღვრის დაცვის და სასაზღვრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები.
ვიზიტის ფარგლებში ქართულ დელეგაციას დაათვალიერებინეს და გააცნეს სასაზღვრო ჯარების სხვადასხვა დანაყოფის საქმიანობა.
სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტისას სასაზღვრო პოლიციის უფროსს, გენერალ-მაიორ ნიკოლოზ შარაძეს უწყებებს შორის თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მედალი თანამშრომლობისთვის გადაეცა.

ორჯერ სცადეს გაუმჭვირვალე ენჯეოებმა რევოლუციის მოწყობა ქვეყანაში - ირაკლი კობახიძე

ჩვენ დაგვჭირდება უახლოესი რამდენიმე წელი, რომ რაც შეიძლება მეტად დავუახლოვდეთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს,  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური განვითარების კუთხით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, გაუმჭვირვალობის პირობებში „ენჯეოების“ საქმიანობა აფერხებდა ქვეყნის წინსვლას რევოლუციების მოწყობის მცდელობებით.

„რეალურად, გაუმჭვირვალობის პირობებში ენჯეოების საქმიანობა სერიოზულად აფერხებდა ქვეყნის წინსვლას და შეგახსენებთ, რა იყო მათი საქმიანობის შედეგები - ეს იყო ორი რევოლუციის მცდელობა 2021 წელს და ასევე 2022 წელს, მათ ჰქონდათ რევოლუციის ორი მცდელობა, ასეთი მოვლენები რა თქმა უნდა, ხელს უშლის ეკონომიკის განვითარებას. 2020 წელს მათ გააყალბეს „პივიტი“, გააყალბეს მონაცემები იმაზე, თითქოს 8%-იანი ზედმეტობა იყო, თითქოს გვიან გამოაქვეყნა ცესკომ არჩევნების შედეგები, რაც შემდგომ გამოიყენა ოპოზიციამ, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი სცენარი იმისთვის, რომ მოეწყოთ რევოლუცია 2021 წელს, სცადეს, უნდოდათ რიგგარეშე არჩევნების მიღწევა, რაც ვერ მოახერხეს. ამის შემდეგ 2022 წელს, როცა არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, ეს ენჯეოები პირდაპირ ავიდნენ სცენაზე და მოითხოვეს მთავრობის გადადგომა, ანუ ეს იყო უკვე პირდაპირ, სცენაზე, მათი რევოლუციური სცენარის განხორციელების მცდელობა. ანუ ორჯერ სცადეს ამ ადამიანებმა, გაუმჭვირვალე ენჯეოებმა რევოლუციის მოწყობა ქვეყანაში. რომ ყოფილიყო მათი დაფინანსება გამჭვირვალე, ბევრად უფრო ნაკლები შანსი იქნებოდა იმისა, რომ ისინი ღიად ჩაერთვებოდნენ რევოლუციურ პროცესებში, რაც რა თქმა უნდა ყოველთვის უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკის  განვითარებაზე. გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი პირობა იმისა, რომ ჩვენ დავაჩქაროთ ეკონომიკური წინსვლა,“- აღნიშნა პრემიერმა.

„ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც საზღვრები საერთოდ არ იყო გახსნილი, იყო ორჯერ უარესი მაჩვენებელი მიგრაციის კუთხით - პრემიერი

„ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც საზღვრები საერთოდ არ იყო გახსნილი, იყო ორჯერ უარესი მაჩვენებელი მიგრაციის კუთხით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის მიერ მიგრაციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მიგრაციის კუთხით უარყოფით სტატისტიკას აქვს თავისი გამომწვევი მიზეზები და მათ შორისაა როგორც ეკონომიკური ჩამორჩენა, ისე გახსნილი საზღვრები ევროკავშირის ქვეყნებთან.

„ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან ბევრი გამოწვევა და მათ შორის დემოგრაფია არის უმთავრესი. ჩვენ გვაქვს უარყოფითი სტატისტიკა, როგორც შობადობის, ისე მიგრაციის კუთხით, რასაც აქვს თავისი მიზეზები.

მიგრაციას არსებითად აქვს ორი მიზეზი, პირველი არის ის, რომ ჯერ კიდევ დიდია ეკონომიკური ჩამორჩენა, ევროპის ქვეყნებთან და მეორე არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა. მაგალითად გერმანია რომ ავიღოთ, გერმანიასთან ჩვენი ჩამორჩენა ცხოვრების დონის კუთხით არის ჯერ კიდევ სამმაგი. 2012 წელს, ჩამორჩენა იყო ოთხნახევარმაგი ასე ვთქვათ, სწორედ ამიტომ წინა ხელისუფლების პირობებში მიგრაციის მაჩვენებლები იყო ბევრად უფრო მძიმე. ჩვენს პირობებშიც არის ცუდი დემოგრაფიული მონაცემები, მაგრამ კიდევ გავიმეორებ, ამას აქვს ორი მთავარი მიზეზი, ერთი არის ჯერ კიდევ არსებული ჩამორჩენა და მაგალითად მოვიყვანე გერმანია, რომელსაც სამჯერ ჩამოვრჩებით, საბერძნეთს ორჯერ და ა.შ. ასეთ დროს ცდუნება არსებობს რა თქმა უნდა, რომ ადამიანები გავიდნენ ქვეყნიდან და გადავიდნენ სხვა ქვეყანაში და მეორე - საზღვრები არის გახსნილი.

ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც საზღვრები საერთოდ არ იყო გახსნილი, იყო ორჯერ უარესი მაჩვენებელი მიგრაციის კუთხით. ჩვენ გვაქვს უარყოფითი მაჩვენებლები, მთავარი ამოცანა არის ეკონომიკის განვითარება, თუ ეკონომიკა წინ არ წაიწევს და თუ არ დავუახლოვდებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ეკონომიკური კუთხით, რა თქმა უნდა, უარყოფითი მაჩვენებლები შენარჩუნდება. ჩვენ დაგვჭირდება უახლოესი რამდენიმე წელი, რომ რაც შეიძლება მეტად დავუახლოვდეთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროპარლამენტარებმა ვერ მოიშალეს ზრუნვა სააკაშვილზე, რომელსაც ჩადენილი აქვს უამრავი დანაშაული...- ირაკლი კობახიძე

ევროპარლამენტარებმა ვერ მოიშალეს ზრუნვა მიხეილ სააკაშვილზე, რომელსაც ჩადენილი აქვს უამრავი დანაშაული, როდესაც ასეთ ადამიანს ვერ ელევიან, ქართული საზოგადოებისთვის ეს არის ინდიკატორი, სინამდვილეში რა ამოძრავებთ ამ ადამიანებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი და მათ შორის მოქმედებს სასჯელებიც. 

„ევროპარლამენტარებმა ვერ მოიშალეს ზრუნვა ამ მძიმე დამნაშავეზე, თქვენ იცით, რამდენი დანაშაული აქვს ჩადენილი მიხეილ სააკაშვილს მაშინ, როცა იმყოფებოდა ხელისუფლებაში, მერე რას აკეთებდა ცალკე თემაა, განსაკუთრებით როცა იყო ხელისუფლებაში. მას აქვს ჩადენილი უამრავი დანაშაული, მის მიმართ მოქმედებს სასჯელები რამდენიმე დანაშაულთან დაკავშირებით, როდესაც ასეთ პირობებში ვერ ელევიან სააკაშვილს, ეს არის ინდიკატორი ქართული საზოგადოებისთვის, ინდიკატორი იმისა, სინამდვილეში თუ რა ამოძრავებთ ამ ადამიანებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

აშშ უკრაინას დამატებით მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს - ლოიდ ოსტინი

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას დამატებით მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს, რომელიც მოიცავს HIMARS-ის რაკეტებს, საარტილერიო ჭურვებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და სხვა შეიარაღებას.

„დღეს, მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ აშშ უზრუნველყოფს დამატებით მილიარდი დოლარის [სამხედრო] დახმარებას [უკრაინისათვის], რომელიც მოიცავს საბრძოლო მასალას HIMARS-ისთვის, საარტილერიო ჭურვებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და ჯავშანტექნიკას“, - აღნიშნა პენტაგონის ხელმძღვანელმა.

ლოიდ ოსტინმა ასევე შეაქო უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის სხვა წევრების ძალისხმევა, რომლებიც განაგრძობენ უკრაინის თავდაცვის საჭიროებების უზრუნველყოფას.

კარგი, რაც უკავშირდება ამ აქციებს, არის ის, რომ ერთ ქვაბში იყრება ყველა ის სუბიექტი, რომელიც სინამდვილეში, ერთ ქვაბში ისედაც არის მოთავსებული - პრემიერი

კარგი, რაც უკავშირდება ამ აქციებს, არის ის, რომ ერთ ქვაბში იყრება ყველა ის სუბიექტი, რომელიც სინამდვილეში, ერთ ქვაბში ისედაც არის მოთავსებული, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ესენი არიან კოლექტიური ნაცმოძრაობის პარტიები.

„ერთი რაც არის ძალიან კარგი, რაც უკავშირდება ამ აქციებს, არის ის, რომ ერთ ქვაბში იყრება ყველა ის სუბიექტი, რომელიც სინამდვილეში, ერთ ქვაბში ისედაც არის მოთავსებული. ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობის პარტიები, „ნაცმოძრაობა“ ლელო, გახარიას პარტია და ა.შ. ესენი არიან მდიდარი ენჯეოები, სხვა სუბიექტები, რომლებიც მათთან არიან დაკავშირებულები, კეზერაშვილის მიერ დაფინანსებული ექსტრემისტული ახალგაზრდული დაჯგუფებები და ა.შ. ყველა ერთ ქვაბში ჩაიყარა და საზოგადოება ხედავს იმას, თუ სინამდვილეში, ვის და რას წარმოადგენს კოლექტიური ნაცმოძრაობა“, - განაცხადა პრემიერმა.

"დავიწყეთ თარგმნა და დასრულებისთანავე გამოქვეყნდება" - ანტიკორუფციული ბიურო GRECO-ს ანგარიშზე

ანტიკორუფციული ბიურო ეხმაურება "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც ნათქვამი იყო, რომ მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს და "სიცრუეს" უწოდებს.

ბიურო აცხადებს, რომ დაუყონებლივ დაიწყეს დამტკიცებული ანგარიშების თარგმნა და პროცესის დასრულებისთანავე გამოქვეყნდება როგორც ბიუროს, ისე GRECO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე.

"საქართველო, GRECO-ს მიერ შემუშავებული პროცედურებისა და გადაწყვეტილებების შესაბამისად, უზრუნველყოფს 96-ე პლენარულ სესიაზე დამტკიცებული საქართველოს მე-5 რაუნდის შეფასების ანგარიშისა და მე-4 რაუნდის მეორე შესაბამისობის ანგარიშზე მეორე დამატების საჯაროობას!

2024 წლის 22 მარტს 96-ე პლენარულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, რაც საჯაროდ ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული მხარისთვის, საქართველომ იკისრა ვალდებულება თარგმნოს ანგარიშები მშობლიურ ენაზე და უზრუნველყოს მათი საჯაროობა.

ანტიკორუფციულმა ბიურომ, შესაბამისი წესების დაცვით, დაუყონებლივ დაიწყო დამტკიცებული ანგარიშების თარგმნა და პროცესის დასრულებისთანავე ანგარიშები გამოქვეყნდება როგორც ბიუროს, ისე GRECO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე.

2024 წლის 18-22 მარტს, ქ. სტრასბურგში გაიმართა კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) 96-ე პლენარული სესია, რომლის ფარგლებშიც დამტკიცდა საქართველოს მე-5 რაუნდის შეფასების ანგარიში და მე-4 რაუნდის მეორე შესაბამისობის ანგარიშზე მეორე დამატება.

პლენარული სესიების ფარგლებში საქართველოს შეფასების ანგარიშებთან ერთად დამტკიცდა:

1. იტალიისა და სომხეთის მე-5 რაუნდის შეფასების ანგარიშები;

2. საბერძნეთის, ლიეტუვის, საფრანგეთის, ბელგიისა და ხორვატიის მე-5 რაუნდის პირველი ან მეორე შესაბამისობის ანგარიშები;

3. საქართველოს, იტალიის, ბელგიის და გერმანიის დამატება ან მეორე დამატება მე-4 რაუნდის მეორე შესაბამისობის ანგარიშზე;

4. ყაზახეთის შეფასების პირველი და მეორე რაუნდის შესაბამისობის გაერთიანებული ანგარიში;

5. შვეიცარიის შეფასების მესამე რაუნდის მეორე დამატება მეორე შესაბამისობის ანგარიშზე.

GRECO-ს შემფასებელი ჯგუფებისთვის დამტკიცებული სახელმძღვანელოს თანახმად, შეფასების პროცესის ყველა ეტაპი არის კონფიდენციალური, ვიდრე ქვეყანა არ უზრუნველყოფს მშობლიურ ენაზე ნათარგმნი დოკუმენტის საჯაროობას.

2024 წლის 22 მარტს 96-ე პლენარულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების თანახმად, რაც საჯაროდ ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული მხარისთვის, საქართველომ იკისრა ვალდებულება თარგმნოს ანგარიშები მშობლიურ ენაზე და უზრუნველყოს მათი საჯაროობა.

ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენელმა სხდომის მიმდინარეობისას ასევე დაადასტურა ქვეყნის მზაობა, გონივრულ ვადაში თარგმნოს და გამოაქვეყნოს მიღებული ანგარიშები, რაც ასახულია GRECO-ს 2024 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებაში.

უნდა აღინიშნოს, რომ ანგარიშების თარგმნა, მისი მოცულობის გათვალისწინებით, საჭიროებს გონივრულ ვადას, რის გამოც ზემოაღნიშნული ანგარიშების უმეტესობა კვლავ არ არის გამოქვეყნებული და რჩება კონფიდენციალური. 96-ე პლენარული სესიაზე დამტკიცებული 14 ანგარიშიდან ნათარგმნი და გამოქვეყნებულია მხოლოდ 3 ანგარიში. ანგარიშები არ გამოუქვეყნებიათ ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის გერმანია, ბელგია, იტალია, ხორვატია, შვეიცარია, საბერძნეთი, ლიეტუვა, ყაზახეთი. შესაბამისად, თარგმნის დასრულებამდე და გამოქვეყნებამდე, თითოეული ამ ანგარიშის სტატუსი რჩება „კონფიდენციალური“ GRECO-ს რეგლამენტის შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ, შესაბამისი წესების დაცვით, დაუყონებლივ დაიწყო დამტკიცებული ანგარიშების თარგმნა და პროცესის დასრულებისთანავე ანგარიშები გამოქვეყნდება როგორც ბიუროს, ისე GRECO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე," - ნათქვამია განცხადებაში.

დარწმუნებული ვართ, მოვახერხებთ სწორედ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას, ეს არის ჩვენი პრინციპული ამოცანა - პრემიერი

ჩვენ გვინდა, ჩვენი ღირებულებებით, პრინციპებით შევიდეთ ევროკავშირში და დარწმუნებული ვართ, რომ საბოლოო ჯამში მოვახერხებთ სწორედ ჩვენი ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას, ეს არის ჩვენი პრინციპული ამოცანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ევროპაში არის სერიოზული გამოწვევები პროპაგანდის კუთხით, რაც იწვევს მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს.

„7-წლიან მონაკვეთში გაზრდილია ლგბტ პირების რაოდენობა ევროპაში სამჯერ, გასამმაგებულია და 18-25 წლის მოსახლეობაში ეს რაოდენობა აღწევს 20 პროცენტს. რა თქმა უნდა, ეს არ არის ის ტენდენცია, რომელიც გვინდა, ვიხილოთ ჩვენს ქვეყანაში. არც ერთ ოჯახს არ უნდა, რომ საკუთარ ოჯახში იხილოს ამ ტენდენციების გამოვლინება, ყველას უფლებები არის დაცული, მაგრამ პროპაგანდა ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ეტყობა უკვე ევროპულ საზოგადოებებს, ეს აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის. ჩვენ გვინდა, ჩვენი ღირებულებებით, პრინციპებით შევიდეთ ევროკავშირში და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საბოლოო ჯამში მოვახერხებთ სწორედ ჩვენი ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას. ეს არის ჩვენი პრინციპული ამოცანა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

"ოდიოზურ ევროპარლამენტარებს აქვთ გათვლა იმაზე, რომ ოქტომბერში დაიწერება ევროკომისიის უარყოფითი დასკვნა..." - პრემიერი

ოდიოზურ ევროპარლამენტარებს აქვთ გათვლა იმაზე, რომ ოქტომბერში დაიწერება ევროკომისიის უარყოფითი დასკვნა მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ცდილობენ,  ჩაუფინონ ნეგატიური ფონი და დააშინონ ქართული საზოგადოება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ჩალის ფასი აქვს ამ რეზოლუციას, ყველა იმ ადამიანისთვის, რომლისთვისაც მთავარია სიმართლე.

 

 

„რაც შეეხება რეზოლუციას, ეს პროცესი არის იმ ყველაფრის გამეორება, რაც ხდებოდა 2022 წელს. მაშინ იცოდნენ კონკრეტულმა ძალებმა, მათ შორის, ამ ოდიოზურმა ევროპარლამენტარებმა, რომ 2022 წლის ივნისში ქვეყანა ვერ მიიღებდა კანდიდატის სტატუსს და ამისთვის ისინი ქმნიდნენ ნეგატიურ ფონს საზოგადოებაში, აშინებდნენ, აშანტაჟებდნენ ქართულ საზოგადოებას. მაშინ მიიღეს სამი სხვადასხვა რეზოლუცია, საქართველოსთან დაკავშირებით, სადაც საუბარი იყო მათ შორის, დამნაშავეების გათავისუფლებაზე, დამნაშავეებისთვის სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტაზე და საუბარი იყო იქაც ბიძინა ივანიშვილის დასჯაზე. ეს იყო ერთგვარი მოსამზადებელი ფონი იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიღების შემდეგ საქართველოში მომხდარიყო რევოლუცია. თუმცა, თქვენ გახსოვთ, რომ ფარატინა ქაღალდებად დარჩა ეს რეზოლუციები. ხალხზე მუქარამ არ გაჭრა მაშინ, ქვეყანამ საბოლოო ჯამში, მართალია არა იმ წლის ივნისში, მაგრამ მომდევნო წელს მიეღო კანდიდატის სტატუსი. ყველაფერი არის მარტივი დეჟა ვიუ, ამ ყველაფრის გამეორება. აქაც, როგორც ჩანს, ამ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს აქვთ გათვლა იმაზე, რომ ოქტომბერში დაიწერება მაგალითად კომისიის უარყოფითი დასკვნა მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ჩაუფინონ ნეგატიური ფონი დააშინონ ქართული საზოგადოება. როგორც მაშინ ჰქონდა ამ რეზოლუციას ჩალის ფასი, ახლაც აქვს ჩალის ფასი. უფრო მეტიც - ჩალის ფასიც არ აქვს, ჩალაძის ფასი აქვს ამ რეზოლუციას, ყველა იმ ადამიანისთვის, რომლისთვისაც მთავარია სიმართლე.

 

მთავარი მიზანია ისევ და ისევ იმ პროცესების ხელშეწყობა, რომელიც ჩაუვარდათ 2022 წელს. ამ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს, უფრო სწორად მათ უფროსებს ამოძრავებთ ერთადერთი მიზანი - რომ რამენაირად ხელოვნურად გამოიწვიონ მღელვარება ქართულ საზოგადოებაში, იმისათვის, რომ მოახერხონ ხელოვნურად ხელისუფლების შეცვლა. ამ ქვეყანაში არსებობს ხელისუფლება, რომელსაც აქვს სახალხო ლეგიტიმაცია.  გარდა იმისა, რომ ჩვენ მივიღეთ თავის დროზე არჩევნებში სახალხო ლეგიტიმაცია, დღეს 60%-ს აჭარბებს საზოგადოებაში ჩვენი ნდობა. შესაბამისად, ამას უნდა შეეგუოს ყველა. მათ შორის, ეს ოდიოზური ევროპარლამენტარები უნდა შეეგუონ ამას და როგორც 2022 წელს ვერ მოახერხეს ტყუილებით, მანიპულაციით საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევა, ასევე ვერ მოახერხებენ ამას ვერც ამ შემთხვევაში. როდესაც ევროპარლამენტარები მოგვიწოდებენ ჩვენ, რომ არ ვიზრუნოთ ღირებულებების დაცვაზე, არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვაზე, არ მივიღოთ კანონი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ, როდესაც მოგვიწოდებენ, რომ არ მივიღოთ კანონი ენჯეოების გამჭვირვალობის შესახებ, როდესაც ეს ყველაფერი ხდება, ამასთან ერთად, დამნაშავეებს გვიცხადებენ ისეთ ადამიანებად, რომლებზეც პირიქით, იქით უნდა ვიზრუნოთ და ჰუმანიტარული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, როდესაც გვეუბნებიან, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ქველმოქმედების მიღმა პოლიტიკური ნაბიჯები აქვს ისეთი გადადგმული, რომელმაც თვისებრივი გარდატეხა მოიტანა ამ ქვეყანას, ეს კაცი უნდა დაისაჯოს, ასეთ დროს ქართულ საზოგადოებას ისინი შეცდომაში ვერ შეიყვანენ. როგორც ვერ დააშანტაჟეს ამ ოდიოზურმა ევროპარლამენტარებმა ქართველი ხალხი 2022 წელს, ვერ გაჭრის ეს შანტაჟი ვერც წელს“, - განაცხადა პრემიერმა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობამ, იგივე „ნაციონალურმა ბუნდოვანებამ“, გამოაქვეყნა ტყუილი..." - პრემიერი

საერთაშორისო გამჭვირვალობამ, იგივე „ნაციონალურმა ბუნდოვანებამ“, ამ ენჯეომ გამოაქვეყნა ტყუილი, იმასთან დაკავშირებით, თითქოს ჩვენ დავმალეთ GRECO-ს ანგარიში, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, გაცემულია თანხმობა ევროსაბჭოსთვის, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ანგარიში გამოქვეყნდება.

 

„GRECO-ს ანგარიშზეა საუბარი. ეს ტყუილი გაავრცელა საერთაშორისო გამჭვირვალობამ, რომელსაც სინამდვილეში უნდა ერქვას ნაციონალური ბუნდოვანება, ანუ სრულიად იმის საპირისპიროა, რაც ჰქვია. ანუ „ნაციონალურმა ბუნდოვანებამ“, ამ ენჯეომ გამოაქვეყნა ტყუილი, იმასთან დაკავშირებით, თითქოს ჩვენ დავმალეთ GRECO-ს ანგარიში. სინამდვილეში, უკვე გვაქვს გაცემული თანხმობა, სტრასბურგისთვის, ევროსაბჭოსთვის, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ანგარიში გამოქვეყნდება, დღეების ამბავია. როგორც კი ითარგმნება, ეს ანგარიში იქნება გამოქვეყნებული. ასეთ ტყუილებს როცა ავრცელებს ეს კონკრეტული ენჯეომ გასაგებია, რა არის მათი მიზანი“, - განაცხადა პრემიერმა.

"300 კაცი საღამოობით კეტავს თბილისის ქუჩებს, რაც იწვევს საზოგადოების გაღიზიანებას" - ირაკლი კობახიძე

ყველამ უნდა მიხედოს საკუთარ აქციებს, ჩვენ მივხედავთ ჩვენს აქციას, მათ მიხედონ საკუთარს. 300 კაცზე მეტს ვერ კრებენ და 300 კაცი საღამოობით კეტავს თბილისის ქუჩებს, რითაც იწვევს საზოგადოების გაღიზიანებას, - ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც 29 აპრილს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოზიციის განცხადებას შეეხებოდა.

 

მისივე თქმით, შეკრებაზე მყოფი 300 კაციდან 2/3 არის დიმა ჩიქოვანის, ანუ კეზერაშვილის მიერ 1000 ლარად, ან უფრო ნაკლებად დაფინანსებული ადამიანების ერთობა.

 

პრემიერის განცხადებით, საქართველოში არის დემოკრატია, უზრუნველყოფილია შეკრების თავისუფლება და საკმარისი დრო აქვს რადიკალურ ოპოზიციას, რომ გამართონ საპროტესტო აქციები სამშაბათს, ოთხშაბათს, ან თუნდაც ხუთშაბათს, მაგრამ თავი დაანებონ ორშაბათს.

 

„თავის აქციებს მიხედონ, რომ ვერ კრებენ 300 კაცზე მეტს ყოველდღიურად და ვნახავთ ასევე როგორი იქნება ჩვენი აქციის შემადგენლობა. ძალიან ნერვიულობენ ჩვენს აქციაზე და ნერვიულობას უბრალოდ ვერ მალავენ მთელი ამ დღეების განმავლობაში. ნუ ნერვიულობენ, სანერვიულო აქვთ, მაგრამ მე მოვუწოდებ მშვიდად შეხედონ ამ ყველაფერს და საბოლოო ჯამში ეს მათ სიმშვიდეს მეტად წაადგება.

29 აპრილს, გაიმართება ჩვენს მიერ დაანონსებული აქცია და ამის შემდეგ, აქ ასევე იყო სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ორშაბათსაც უნდოდათ აქციის გამართვა, რადგან კომიტეტი იმართება და ა.შ. მე შეგახსენებთ, რომ მეორე მოსმენით ამ კანონპროექტის განხილვას, თუ ოპოზიცია მოინდომებს, შეიძლება დასჭირდეს 2-3 დღე. შესაბამისად, საკმარისი დრო აქვს რადიკალურ ოპოზიციას, რომ გამართონ საპროტესტო აქციები სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს. ამიტომ, თავი დაანებონ ორშაბათს და კეთილი ინებონ და აქციები ჩაატარონ იმ დღეებში, როცა ამის საშუალება აქვთ, ეს არის სამშაბათი, ოთხშაბათი, შეიძლება ხუთშაბათიც, ამის საშუალება მათ აქვთ. საქართველო არის დემოკრატია, აქ უზრუნველყოფილია შეკრების თავისუფლება, რამდენიც უნდათ იმდენი შეიკრიბონ,“- განაცხადა პრემიერმა.