... ... hotnews.ge - კახა კალაძის პირველი კომენტარი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

კახა კალაძის პირველი კომენტარი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს, რომელიც სავალდებულო ხასიათის არ არის, 425-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 25 წინააღმდეგი იყო, 30-მა კი თავი შეიკავა. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას, ვიდრე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვა ძალაში იქნება.

მსგავსი სამარცხვინო რეზოლუციები პირველ რიგში სწორედ ევროპულ ინსტიტუციებს აყენებს შეურაცხყოფას და აზიანებს მათ რეპუტაციას, - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.

„სამწუხაროდ, დღეს ევროპულ სტრუქტურებში ფეხი აქვს გადგმული ლობიზმს და მანკიერ ურთიერთობებს. მსგავსი სამარცხვინო რეზოლუციები პირველ რიგში სწორედ ევროპულ ინსტიტუციებს აყენებს შეურაცხყოფას და აზიანებს მათ რეპუტაციას. დიახ, ჩვენ გვჭირდება ევროპა, თუმცა არანაკლებ ვჭირდებით ევროპას, რამეთუ გვაქვს დიდი გამოცდილება აგენტოკრატიასთან ბრძოლაში. უახლოეს წარსულში ჩვენ გავათავისუფლეთ ქვეყანა გარე ძალებისგან მართული მარიონეტებისგან და ასევე დავეხმარებით ჩვენს ევროპელ კოლეგებს, რომ მათაც მოახერხონ და თავი დააღწიონ აგენტურის მმართველობას, რომლებიც აუფასურებენ ევროპულ სტრუქტურებს და ევროპულ იდეას. ჩვენი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი არის საქართველოს სუვერენიტეტი, მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში და ზრუნვა თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე! საქართველო უპირველეს ყოვილსა!“ - აღნიშნა კახა კალაძემ.

„სამარცხვინო რეზოლუციით ევროპარლამენტარები მოგვიწოდებენ, უკან გავიწვიოთ კანონი, რომელიც ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას ითვალისწინებს. ანუ, უფრო მარტივად რომ ვთქვათ - პირდაპირ გვითხრეს, საქართველოში ფართო ასპარეზი უნდა დავუთმოთ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდას, მის გავრცელებას და პოპულარიზაციას, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენ მომავალ თაობებს", - განაცხადა კახა კალაძემ.

მან ასევე, აღნიშნა, რომ საქართველოში ყველას უფლება არის დაცული.

„მე მინდა, ერთი რამ ვთქვა, ამ ქვეყანაში ყველა ადამიანის უფლებები არის დაცული, განურჩევლად სარწმუნოებისა, სქესის, ორიენტაციისა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენ არავის პირადი ცხოვრებით არ ვინტერესდებით, არავის განსჯას არ ვაპირებთ. ყველას აქვს თავისი პირადი ცხოვრება და ვისაც როგორ უნდა, ისე შეუძლია, იცხოვროს, მაგრამ პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია”, - განაცხადა კახა კალაძემ.

„სამარცხვინო რეზოლუციით ევროპარლამენტის დეპუტატები ასევე მოგვიწოდებენ, უარი ვთქვათ გამჭვირვალობის კანონზე. მათი სურვილია, ჩვენ ქვეყანაში ფარულად შემოედინებოდეს შავი ფული, რომელიც შემდეგ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დესტრუქციულ ქმედებებს ხმარდება. პარადოქსია, მაგრამ ამ ჩანაწერით რეზოლუციის მხარდამჭერი დეპუტატები დგანან გაუმჭვირვალობის, სიბნელის მხარეს. თან ეს იმ ფონზე, როდესაც უახლოეს პერიოდში თავად ევროკავშირი მიიღებს ბევრად უფრო მძიმე კანონს უცხოური დაფინანსების შესახებ. რეზოლუციაში ამ ჩანაწერით პირდაპირ გვითხრეს, რომ გვეკრძალება ჩვენ ის, რასაც თავად აკეთებენ“, - აღნიშნა კალაძემ.

YOU MAY LIKE