... ... hotnews.ge - ქართველმა მილიარდერმა ინგლისური საფეხბურთო გუნდი იყიდა

ქართველმა მილიარდერმა ინგლისური საფეხბურთო გუნდი იყიდა

ქართველმა მილიარდერმა ინგლისური საფეხბურთო კლუბი იყიდა

ქართველმა მილიარდერმა მიხეილ ლომთაძემ Wycombe Wanderers-ს აქციების 90% იყიდა. კერძოდ, Feliciana EFL Ltd-მა მის მფლობელობაში არსებული აქციები მიხეილ ლომთაძის საკუთრებაში არსებულ კომპანია Blue Ocean Partners II Limited-ს გადასცა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია კლუბი ვებგვერდზე თავად ავრცელებს. ამავე ინფორმაციის თანახმად, ლომთაძე, ედუარდ ვიშნიაკოვსა და დენ რაისთან ერთად კლუბის დირექტორთა საბჭოს შეუერთდა.

„დიდი პატივია, რომ მერგო შესაძლებლობა, კლუბი წინ წავიწიო და Wycombe Wanderers-ის წარმატებული მომავლის ნაწილი ვიყო. ჩვენი მიზანია მივაღწიოთ გრძელვადიან წარმატებებს როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ, ფინანსურად მდგრადი კლუბის აშენებით. საფეხბურთო სამყარო ძალიან სწრაფად ვითარდება და ჩვენი პრიორიტეტი იქნება მონაცემთა ანალიტიკისა და ტექნოლოგიების ინტეგრირება კლუბის მუშაობის ახალ დონეზე გადასაყვანად. მე ასევე მჯერა ახალგაზრდების განვითარების - ეს იქნება კლუბის ძირითადი ხედვა“, - განაცხადა მიხეილ ლომთაძემ.

Forbes-ის 2024 წლის მილიარდერების სიის მიხედვით, 48 წლის ქართველი ბიზნესმენი, მიხეილ ლომთაძე 581-ე ადგილს  იკავებს,  მისი ქონების ღირებულება 2023 წლის შემდეგ $3.7 მილიარდიდან $5.2 მილიარდამდე გაიზარდა.

ამავე სიაში ქართული ოცნების დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი 624-ე ადგილს იკავებს, ხოლო მისი ქონების ღირებულება $4.9 მილიარდია.

ლომთაძე ყაზახური საფინანსო ტექნოლოგიური [ფინტექ] კომპანიის, Kaspi-ს მმართველი საბჭოს ხელმძღვანელი და კომპანია Kaspi Bank-ის ერთ-ერთი მფლობელია. 

2020 წლის ოქტომბერში კომპანიის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმატებით განთავსდა [IPO] და ის 6.5 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. კომპანიის აქციების საწყისი ფასი 33.7 დოლარი იყო, თუმცა ამჟამად ერთი აქციის ღირებულება $120-ია, ხოლო მისი ბაზრის მოცულობა $23.3 მილიარდს აღემატება.

Kaspi ყაზახეთის უდიდესი საფინანსო სერვისების მიმწოდებელი კომპანიაა, რომელსაც 18.5-მილიონიანი მოსახლეობიდან 7 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. 

2020 წელს Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ლომთაძემ ყაზახეთის პრეზიდენტისგან "ხალხის მადლიერების" საპატიო მედალი მიიღო. 

მიხეილ ლომთაძე ბათუმში 1975 წლის 17 ოქტომბერს დაიბადა. ბაკალავრის ხარისხი თბილისში, საქართველოს მენეჯმენტის ევროპულ სკოლაში [ESM] მიიღო, შემდეგ კი სწავლა აშშ-ში, ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში განაგრძო და 2002 წელს სწავლა MBA აკადემიური ხარისხით დაასრულა. 

YOU MAY LIKE