... ... hotnews.ge - აბასთუმნის განვითარება 101.7 მლნ ლარზე მეტი გვიჯდება - როდის დასრულდება პროექტები

აბასთუმნის განვითარება 101.7 მლნ ლარზე მეტი გვიჯდება - როდის დასრულდება პროექტები

აბასთუმნის ტურისტული განვითარების პროგრამა რამდენიმე წელია მიმდინარეობს. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, 2025 წლის ზაფხულის სეზონზე აბასთუმანმა შიდა და საერთაშორისო დამსვენებლებს უნდა უმასპინძლოს.

ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, რომ 2025 წლისთვის აბასთუმნის კურორტს შეემატება 12 ახალი სასტუმრო 1 200 ნომრით. მათივე ცნობით, მოსალოდნელია, რომ აღნიშნულის შედეგად 2000-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა პროექტები განხორციელდა აბასთუმანში, რა პროექტები მიმდინარეობს და რა ღონისძიებების გატარება იგეგმება სამომავლოდ. ამასთანავე, საინტერესოა, რა გვიჯდება აბასთუმნის ტურისტული განვითარება.

როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, აბასთუმნის განვითარების ფარგლებში დაგეგმილი პროექტები 2024 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. განსახორციელებელი პროექტების ჯამური ღირებულება 101 716 954 ლარია, საიდანაც 69 556 893 ლარი უკვე გადახდილია.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ცნობით, აბასთუმანში ამ ეტაპზე მიმდინარეობს 18 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება.

„ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის ცენტრალური ნაწილის განახლების პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს როშა პარკის 18 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია“, - აღნიშნულია „ბიზნესპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილ პასუხში.

ამავე მონაცემების თანახმად, აბასთუმანში დასრულებული პროექტები და მათი ღირებულება ასე გამოიყურება:

  • 2018-2019 წლები აბასთუმანში ასტროფიზიკის ობსერვატორიის რეაბილიტაცია - ჯამური ღირებულება 4 527 341 ლარი;
  • 2018-2020 წლები აბასთუმნის ისტორიული ხის სახლების რეაბილიტაცია - 5 747 370 ლარი;
  • 2020-2021 წლები აბასთუმნის ობსერვატორიისთვის საოფისე და გარე სივრცის ავეჯის შესყიდვა - 89 160 ლარი;
  • 2020 წელი აბასთუმანში ასტროფიზიკური ობსერვატორიისთვის თოვლსაწმენდი სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვა - 189 900 ლარი;
  • 2020-2021 წლები აბასთუმნის ობსერვატორიისთვის კომპიუტერული ტექნიკის და ქსელური მოწყობილობების მიწოდება/მოწყობა - 104 228 ლარი;
  • 2020 წელი აბასთუმნის ობსერვატორიისთვის ვიდეო და აუდიო სისტემების მოწყობილობების მიწოდება/მოწყობა - 107 512 ლარი;
  • 2021-2022 წლები აბასთუმნის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიისათვის თოვლსაწმენდი მანქანისთვის დამატებითი აღჭურვილობის მიწოდება - 39 600 ლარი.

ამასთანავე, ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, აბასთუმანში ამჟამად მიმდინარეობს შემდეგ პროექტები:

  • ელექტრო ქვესადგურის აღჭურვილობის მიწოდება აბასთუმანში ახალი ელექტრო ქვესადგურის მოწყობის მიზნით: დაიწყო 2024 წლის თებერვალში, დასრულდება მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს - ჯამური ღირებულება 3 603 231 ლარი (გადახდილია 1 080 969 ლარი)
  • აბასთუმანში მწვანე და ლურჯი კორიდორის რეაბილიტაცია პროექტირება/მშენებლობა: დაიწყო 2021 წელს, დასრულდება მიმდინარე წლის მაისის ბოლოს - 45 539 288 ლარი (გადახდილია 38 815 952 ლარი);
  • აბასთუმნის ობსერვატორიის ტელესკოპის და გუმბათის მიწოდება/ინსტალაცია: დაიწყო 2022 წელს, უნდა დასრულდეს მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს - ღირებულება 8 080 687 ლარი (გადახდილია 2 367 489 ლარი).

რაც შეეხება დაგეგმილ ღონისძიებებს, მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, აბასთუმნის ობსერვატორიაში იგეგმება ასტრონომიული მულტიმედიის სივრცის მოწყობა. პროექტისთვის ჯამში განსაზღვრულია 1 მლნ ლარი.

 
ავტორი: მერი ტაბატაძე 
წყარო: ბიზნეს პრეს ნიუსი 

YOU MAY LIKE