... ... hotnews.ge - ყოფილი ცოლის დაჭრასა და მისი ქმრის მკვლელობაში ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა შეეფარდა

ყოფილი ცოლის დაჭრასა და მისი ქმრის მკვლელობაში ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა შეეფარდა

პროკურატურის ცნობით, თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საქმე ეხება 2023 წელს, სოფელ ქეშალოში, ყოფილი ცოლისა და მისი ქმრის მისამართით სროლას. კაცი ადგილზე დაიღუპა.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული შეურაცხმყოფლად მიიჩნევდა მისი ყოფილი მეუღლის სხვა მამაკაცთან ქორწინებას, რის ნიადაგზეც, შეუწყნარებლობისა და შურისძიების მოტივით ორივე მათგანის მოკვლა განიზრახა. 2023 წლის 28 ნოემბერს, იგი შეიარაღებული მივიდა საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში, ყოფილი მეუღლისა და მისი ქმრის საცხოვრებელ სახლში, სადაც, მამაკაცის დედის თანდასწრებით, ცეცხლსასროლი იარაღით არაერთხელ ისროლა ცოლ-ქმრის მიმართულებით. მამაკაცი მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ბრალდებულის ყოფილი მეუღლის სიცოცხლის გადარჩენა კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად გახდა შესაძლებელი", - წერია განცხადებაში.

პროკურატურამ დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ და ,,მ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებაში, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას და განსაკუთრებული სისასტიკით), 111, 19, 109-ე მუხლის „ბ“ , „თ“ , „კ“ და ,,ლ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებაში, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ და ორი პირის მიმართ) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარუდგინა.

YOU MAY LIKE