... ... hotnews.ge - ზელენსკის მკვლელობა აღკვეთეს, დაკავებულია სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ორი პოლკოვნიკი

ზელენსკის მკვლელობა აღკვეთეს, დაკავებულია სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ორი პოლკოვნიკი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ქვეყნის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის და ქვეყნის სხვა ხელმძღვანელების მკვლელობის გეგმა გახსნეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, უკრაინული მხარე თავდასხმის მომზადებაში რუსეთის ხელისუფლებას ადანაშაულებს. უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ზელენსკისთან ერთად უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის კირილ ბუდანოვისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ივან მალიუკის მკვლელობა იგეგმებოდა.

ოპერაციის ფარგლებში დაკავებულია უკრაინის სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ორი პოლკოვნიკი, რომლებიც პრეზიდენტის უსაფრთხოებაზე აგებდნენ პასუხს.

უსაფრთხოების სამსახურში განმარტავენ, რომ „ეფ ეს ბეს“ აგენტების ქსელის ერთ-ერთი დავალება პრეზიდენტის დაცვასთან მიახლოებულ სამხედროებს შორის ისეთი შემსრულებლების პოვნა იყო, ვისაც შეეძლო ზელენსკის ჯერ მძევლად აყვანა, შემდეგ კი მოკვლა. მათივე ცნობით, ბუდანოვის მკვლელობა აღდგომამდე იგეგმებოდა. არსებული ინფორმაციით, იგეგმებოდა სარაკეტო დარტყმა იმ შენობაზე, სადაც ბუდანოვი უნდა ყოფილიყო.

რუსეთის მთავრობას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

YOU MAY LIKE