... ... hotnews.ge - პუტინის არჩევნების მე-3 დღე - რუსეთში 50-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს

პუტინის არჩევნების მე-3 დღე - რუსეთში 50-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს

პუტინის საპრეზიდენტო არჩევნების მესამე დღე - გამოცემა "მედუზა" "OVD-Info"-ზე დაყრდნობით წერს, რომ დღეს სამართალდამცველებმა რუსეთის 14 ქალაქში 50-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. უფლებადამცველების თქმით, დაკავებების ყველაზე მეტი რაოდენობა ყაზანსა და მოსკოვში დაფიქსირდა. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების სამდღიანი ხმის მიცემის პროცესი 15 მარტს დაიწყო და დღეს დასრულდება. ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი მეხუთე ვადით ხდება. მის გარდა, არჩევნებში ფორმალურად 3 კანდიდატი მონაწილეობს. რუსეთი "არჩევნებს" მის მიერ ოკუპირებულ რეგიონებშიც ატარებს, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა გმობს.

მოსკოვსა და რუსეთის ზოგიერთ რაიონში დღეს საპროტესტო აქცია სახელწოდებით "შუადღე პუტინის წინააღმდეგ" მიმდინარეობს. ამ იდეის ავტორები კრიტიკულად განწყობილ ამომრჩეველს მოუწოდებდნენ, რომ გამოსულიყვნენ საარჩევნო უბნებზე, ერთდროულად (12:00 საათზე) შეკრებილიყვნენ პუტინის წინააღმდეგ ხმის მისაცემად ანდა კენჭისყრის ჩასაშლელად. პუტინის წინააღმდეგ დღეს აქცია გამართეს თბილისში მცხოვრებმა რუსებმაც.

YOU MAY LIKE